მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
23 ნოემბერი 2017  17:42 ქართული შრიფტი


აკაკი წერეთელი
წმინდა ნინო
"რა გავაკეთო, რომ უფალს ვაამოთ? - ჰკითხეს წმინდა ანტონი დიდს. მან უპასუხა: "სადაც არ უნდა იყო, ყოველთვის თვალწინ გყავდეს მამაზეციერი; რა საქმითაც არ უნდა დაკავდე, ნახე, იწონებს თუ არა ამას წმიდა წერილი." -





Untitled Document

ბერმონაზვნობა საქართველოში

წმინდა 13 ასურელი მამა

ქრისტიანობის შემოსვლა საქრთველოში მოციქულთა პერიოდს ემთხვევა. საქადაგებლად ქვეყნების დაყოფისას, ღმრთისმშობლის წილხვედრი ივერია, ანდრია პირველწოდებულის მადლმოსილების ქვეშ აღმოჩნდა. წმიდა მოციქული, სვიმონ კანანელთან ერთად, კაბადოკიისა და ტრაპეზუნის გავლით შემოვიდა დასავლეთ საქართველოში და ქრისტეს რჯული იქადაგა კლარჯეთსა და აწყურში, ცხუმში, სამეგრელოსა და აფხაზეთში. უფლის ნებითა და წმ. მოციქულთა ღვაწლით, ჯერ კიდევ I საუკუნეში მართლმადიდებლობის პირველი თესლი ჩაითესა საქართველოში.

IV ს-ის დასაწყისში კი ციური ხილვით განმტკიცებული და ღმრთისმშობლის ნების აღმსრულებელი წმ. ნინო შემობრძანდა ივერიაში. მან უფლის კვართის მფლობელი ქვეყანა ქრისტეს რჯულს აზიარა.

318 წ. ქრისტესშობიდან, მეფე მირიანი და მეუღლე მისი ნანა დედოფალი, დასცილდნენ კერპთაყვანისმცემლობას და გაქრისტიანდნენ. სწორედ წმ. ნინოს ლოცვითა და მეფე მირიანის შემწეობით ძველ დედაქალაქ მცხეთაში აიგო ივერიაში პირველი ეკლესია-სვეტიცხოველი.

326 წ. აღმოსავლეთმა საქართველომ ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად აღიარა.

VI ს-ის დასაწყისი მძიმე პერიოდი იყო ახალმოქცეული სამეფოსათვის, სპარსეთის შემოსევებმა, რომელთა მიზანი ქვეყანაში ქრისტიანობის აღმოფხვრა და ზოროასტრიზმის აღორძინება გახდათ, სერიოზული საფრთხე შეუქმნა ივერიელთა ჭეშმარიტ აღმსარებლობას.

ღვთისმოშიში და კეთილმორწმუნე მეფე ფარსმან VI (542-557), ეკლესიის განმტკიცებას შეეცადა. სწორედ მისი ქრისტიანული ღვაწლის ნაყოფია ანტიოქიის საპატრიარქოსაგან ივერიის ეკლესიის გამოყოფა. ამიერიდან, აღმოსავლეთ საქართველოში, პატრიარქები ქართველ ეპისკოპოსთაგან ირჩეოდნენ. ივერიის კათალიკოსი დამოუკიდებლად მართავდა ქართულ ეკლესიას.

552 წ. მცხეთის სასულიერო მოღვაწეთა კრებამ, კათალიკოსის ტახტი მიაკუთვნა ევლავიოზს (552-560 წწ.), რომლის მწყემსმთავრობის წლები აღსანიშნავია ქართული მართლმადიდებლობისათვის უმნიშვნელოვანესი მოვლენით-ცამეტი ასურელი მამის მობრძანებით.

ასურელ მამებს წინამძღოლობდა ანტიოქიელი ბერი, ბრძენი და განსწავლული  ნეტარი იოანე. ეუწყა რა ღმრთისმშობლის ბრძანება, 12 მოყვასითურთ ,,ქართლად და კახეთად” წასვლისა, წმ. მამამ ვერ იკადრა თავისი ნებით აერჩია მრავალთაგან თორმეტი. თავმდაბლობით აღვსილმა ასე მიმართა მოწაფეებს: ,,დავსწერენ თქვენნი სახელები ქარტათა და დავსხენ წმიდასა ტრაპეზსა ზედა და თქვენ განეკრძალენით ლოცვასა და მარხვასა ამათ ათთა დღეთა ვედრებასა შინა ღმერთისა და იხილოთ, თუ რა არს აღსასრული გამოცხადებისა”. მე-10 დღეს ნაზიარები და ხელაპყრობილი მოწაფენი საოცრების მხილველნი შეიქნენ ,,აღიღო ანგელოზმან სახელები ათორმეტთა მათ და მოსცა ხელთა თვისთსა თვითო.”

ასე აირჩია 12 მამა თვით უფლის ანგელოზმა. ასე გადარჩა ივერია მართლმადიდებლობის შემუსვრას. უფლის რჩეული 12 ქარტიის მფლობელნი კი იყვნენ: დავით გარეჯელი, შიო მღვიმელი, ანტონ მარტყოფელი, ისე წილკნელი, აბიბოს ნეკრესელი, იოსებ ალავერდელი, თადეოს სტეფანწმიდელი, ზენონ იყალთოელი, პიროს ბრეთელი, მიქაელ ულუმბოელი, სტეფანე ხირსნელი და ისიდორე სამთავნელი.

ქართლის საზღვრებს მოახლოებულია წმ. მამებმა ფეხდაულტობლად გადალახეს მდინარე და მცხეთაში შევიდნენ. კათალიკოს ევლავიოზს უფლის ანგელოზის ბაგით ეუწყა მათი მობრძანება. პატივითა და მოწიწებით მიგეგებულ ერს, მეფესა და პატრიარქს, ნეტარი იოანე ქართულად მიესალმა, რამეთუ ,,წამსა შინა ისწავა ენა ქართველთა სულისა მიერ წმიდისა”.

ასურელი მამები, მოციქულთა მსგავსად, ქართული ეკლესიის ძლიერ, ურყევ სვეტად იქცნენ. მათ თავიანთი დიადი მოღვაწეობით აღმოფხვრეს ბოროტება და ცრურწმენა, ჩააქრეს ზოროასტრის ცეცხლი, განავრცეს და განამტკიცეს ქრისტიანობა ივერიის სახელმწიფოს მიუვალ ადგილებში.

მათ დაარსებულ მონასტერში მოღვაწეობდნენ განსწავლული, ღვთიური სიბრძნით განმტკიცებული ადამიანები. აქ პოულობდნენ ნეტარ სიმშვიდეს გვირგვინგანმოსილი ქართველი მეფეები.

ამ წმიდა კელიებში შექმნილი ბიბლიოთეკები წარმოადგენდნენ უმთავრეს საგანძურს ქართველი ერისა და ეკლესიისა. დარბეულ სავანეთაგან გატაცებული და ევროპა-აზიის სხვადასხვა ქალაქების ბიბლიოთეკებში მოხვედრილი მანუსკრიპტები, გასაოცარია მდიდარი შინაარსითა და ხელწერის დიდებულებით.

უდიდესი დანაკლისია იმ ისტორიულ ნარკვევთა გადაკარგვა, რომელნიც შეიცავდნენ მასალებს ამ სავანეთა დამაარსებლების ცხოვრების შესახებ. ეს სამწუხაროდ, იდუმალებითაა მოცული. უზარმაზარი ტაძრები, გალავნები ბასტიონებით, კედლები კელიებით მოწმობენ მეუდაბნოეთა ერთ დროს აყვავებულ მდგომარეობაზე.

წმ. ასურელმა მამებმა, ფაქტიურად იხსნეს მართლმადიდებლობა უსჯულოთა ხელყოფისაგან, მხსნელი ქადაგებებით გადაარჩინეს მრავალი სული საუკუნო განსაცდელისაგან. მათი მოწამეობრივი ღვაწლი საუკუნეთა მანძილზე მაგალითი იყო მრავალთათვის.

 

† იოანე ზედაზნელი

დავით გარეჯელი პიროს ბრეთელი
შიო მღვიმელი თადეოზ სტეფანწმიდელი
† ანტონ მარტყოფელი ზენონ იყალთოელი
აბიბოს ნეკრესელი მიქაელ ულუმბოელი
ისე წილკნელი სტეფანე ხირსელი
იოსებ ალავერდელი ისიდორე სამთავნელი
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12372410 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ