მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
22 აგვისტო 2017  10:34 ქართული შრიფტი


საიათნოვა
მტკვარო ამღვრეულო, არაზიანო
”ნუ ეცდები ღვთის ღრმად გამოკვლევას, უფრო მეტად ეცადე, მიემსგავსო მას.” -
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი





 Untitled Document

ქართული პოეზია

გულო, რას დაჰღონებულხარ

გულო, რას დაჰღონებულხარ,
რას იბურები ნისლითა?
განა სულ ესრე ვიქნებით
დაკრუნჩხვილები ყინვითა!
ჩქარა ზაფხული მოალის,
აყოვდებიან იანი,
გაიბანება წვიმითა
მთა და მინდორი მტვრიანი,
საფლავის ქვაზედ მოჯდება
ოფოფა სავარცხლიანი.

წერონიც გამოჩნდებიან,
დამამშვენებნი ცისანი,
გუგული-დ' მერცხალიც მოვლენ,
ფრინველნი შორის გზისანი.
დასადნობია, დადნება
მთას თოვლი, ხევში ზვავია.
გამაიმტვრევა არაგვი,
გაზაფხულობით შავია,
მუქარით ანგრევს მიდამოს
გაბეზრებული ავია.
მტკვარსაც ჩასძახებს მრისხანედ:
„შენაც გაშალე მკლავია!“

ცაც ხომ ხმას მოსცემს მაღლითა
მიწის სიცოცხლით ფუილსა,
მოსქდება წვიმა ხშირადა,
დაბლა მაიღებს შხუილსა;
ზედ დაეხვევა ელვაცა
შავის ღრუბლების ხუილსა.
გულო, ჩვენც სიცოცხლეს ვიგრძნობთ,
ლაღს მოვისურვებთ მღერასა,
ჩვენც შევუფერებთ კიჟინით
ყოვლგნივ ბუნების ლხენასა,
იმედი ბევრად სჯობია
უაზრო ბედისწერასა!

1887 წ.

ვაჟა-ფშაველა

« უკან

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 11581463 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ