მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
23 ნოემბერი 2017  17:48 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
გულო, არ გასტყდე!
"თუ უფალთან იქნები, ჯოჯოხეთიც სამოთხედ გექცევა, ღვთის გარეშე კი- ზეცაში ყოფნაც წამებაა." -
წმიდა ტიხონ ზადონელი





 Untitled Document

ქართული პოეზია

ბაზალეთის ტბა

ბაზალეთისა ტბის ძირას
ოქროს აკვანი არისო,
და მის გარშემო წყლის ქვეშე
უცხო წალკოტი ყვავისო.

მწვანეა მუდამ წალკოტი,
არასდროს თურმე არ სჭკნება,
ქვეყნისა დროსა ტრიალსა
იგი არ ემორჩილება.

ვერ ერჩის თურმე მის მწვანეს
ვერც სიცხე, ვერცა ზამთარი,
და იმის მზიან ჩრდილებში
მუდამ გაზაფხული არი.

წალკოტის შუაგულშია
ის აკვანი ასვენია,
და ჯერ კაცთაგან იქ ჩასვლა
არავის გაუბედნია.

მარტო ერთნი – სირინოზნი
იმ აკვანს გარს ეხვევიან,
მარტო იგინი, გრძნეულნი,
დასტრფიან და დამღერიან...

ამბობენ, - თამარ დედოფალს
ის აკვანი იქ ჩაუდგამს,
და ერს თვისთა ცრემლთ ნადენით
ტბა კარვად ზედ გადუხურავს.

ამას კი აღარ ამბობენ, -
აკვანში ვინ ჩააწვინა,
ან თვით ერმა თვისი ცრემლი
ზედ ტბად რისთვის დაადინა...

იქნებ აკვანში ის ყრმა წევს,
ვისიც არ ითქმის სახელი,
ვისაც დღედაღამ ჰნატრულობს
ჩუმის ნატვრითა ქართველი?

თუ ესე არის, ნეტა მას
ვაჟკაცსა სახელოვანსა,
ვისიცა ხელი პირველად
დასწვდება იმა აკვანსა!

თუ ესე არის, ნეტა მას,
დედასა სახელდებულსა,
ვინც იმ ყრმას პირველ მიაწვდის
თვის ძუძუს, მადლით ცხებულსა!

1883


ილია ჭავჭავაძე

« უკან

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12372416 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ