მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
22 აგვისტო 2017  10:33 ქართული შრიფტი


ლადო ასათიანი
პაპიჩემის ლექსებიდან
"რელიგია დედის წიაღია, საიდანაც გამოვიდა კაცობრიობის მთელი სულიერი ცხოვრება; კაცთა მოდგმის მთელი მაღალი კულტურა რელიგიის შვილია." -





 Untitled Document

ქართული პოეზია

შეხვედრა კონსტანტინეპოლთან



”მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხდეთ
და ვტიროდეთ, რაჟამს მოვიხსენეთ ჩუენ სიონი”
ფს. 136, მუხ. 1

ქართულ სიმღერას მონატრებული,
გულამღვრეული, მიმოფანტული,
მე შენთან ვსტუმრობ, მეფის ქალაქო,
რომ გიზიარო დარდი ქართული.

მაგრამ გიხილავ, და ჩემი სევდა
არარაობად მომეჩვენება,
გავხედავ ბოსფორს და მზესთან ერთად
ზღვაში იმედი ჩაესვენება.

რით გაგაკვირვო? უსამართლობით,
სილამაზით თუ ხალხის დაცემით,
სასჯელად მოსულ ბარბაროსებით,
თუ სიწმინდეთა მიმოტაცებით?

როგორ გიტირო? ექვს საუკუნეს
ვერ წაუშლია ხილვები შენზე,
მაგ მზე-ტაძრებზე, მაგ სპეტაკ ხალხზე
და არნახული სიმწარის ბედზე.

ადი-დავდივარ მწვანე ბორცვებზე,
ვეძებ სოფიის ცარიელ ტაძარს,
ის ყველგან მოსჩანს და მისი დარდი
არც ერთი ტაძრის ქვითინს არა ჰგავს.

ის ტირის თავის მაშენებელის
სიტყვის გატეხვას და უზნეობას
ჯერ მის უხილავ ცოდვით დაცემას
და მერე ხილულ მის უმწეობას.

ამბობენ, თურმე იმ ბოლო ღამეს,
ცას უტირია ბერძნებთან ერთად,
ღვთისმშობლის ხატი ძირს დავარდნიათ
და ვერ დაუძრავთ, რომ კვლავ დაედგათ.

წინათგრძნობისგან გულგადაგლეჯილ
ქრისტეს მეომრებს გალავნებიდან,
მოზღვავებული ოსმალოს მიღმა
ხილვა უნახავთ ლურჯ ველებიდან:

უცნაურ ციაგს აუტანია
იმ ბოლო ღამეს შორი ველები,
ვერ გაუგიათ, რა ანათებდა,
უნდოდათ ეცნოთ ევროპელები.

მაგრამ მანამდე სამასი წელი
გენუელები, ხარბი ფრანკები
შენს საგანძურებს ეზიდებოდნენ
დაუღალავად, თავის ტანკებით.

და მაგ ღამისთვის შენი იმედი
მიწაზეც ფუჭი იყო და ცაშიც,
მერეც უკითხავთ მემატიანეთ
თუ რა ნათება იხილეს მაშინ.

იქნებ, მე ვხვდები: შენს ალყის მიღმა
იდგნენ ჯარები ანგელოზების,
შენი შვილების და წმინდანების
და არა მაშველ ბარბაროსების.

ციაგი მათი ცრემლები იყო,
შენი სულები შენვე გტიროდნენ,
და შენს მეომრებს ეგებებოდნენ
და ვარსკვლავები ციდან ცვიოდნენ.

როცა დაირღვა პირველი დაცვა,
როცა წაგლეკეს იანიჩარებმა,
როცა ქუჩები წარღვნამ გადაწვა
და ბზარი უყო ტაძრის კარებმა,

ნეტა, როგორი საშინელება
იყო წირვაზე დამსწრეთა გულში,
და დემონების შემოვარდნაში,
გაგლეჯვაში და სისხლის ალმურში.

აღსავლის კართან, კანკელის მიღმა,
საკურთხეველში მდგომი მამები
მოახლოვებულ საშინელებას
უმზერდნენ, ვინ იცის, რა თვალებით.

მერე ოთხ მათგანს, ბარძიმ - ფეშხუმნი
მტკიცე ხელებით აუტაცნიათ
და პანტოკრატორს შეჰვედრებიან,
რათა კედელი მათთვის ასწიოს.

არავინ იცის, რა მოხდა მერე,
მამები დახშულ საკურთხეველში
გაუჩინარდნენ, როგორც სიზმარი,
სოფიის აღმოსავლეთ კედელში.

ახლა იქ ხშირად მდგომი ბრბოები
გიდებს უნდობლად ენაბებიან,
როცა ისმენენ, რომ ის მამები
საკურთხეველში დაბრუნდებიან.

სამი დღე ჰქონდათ სელჩუკებს ვადა
არ დანებების სასჯელის წესით,
როგორ დაიტევს გული ამ ხილვას
აღსავსეს უთქმელითა და კვნესით.

სამი დღის თავზე ხოცვით გამძღარი,
მეჰმეტი ტაძარში შემოსულა,
ონიქსის მჩიჩქნელ თურქს გასწყრომია,
”აქ - მეჩეთიო”, და კვლავ გასულა.

ქალაქი ისე გადაუბუგავთ,
რომ ვერ ივარგა სულთანის ტახტად,
მისი ზღაპრები და ნამსხვრევები
მეზობელ ვაჭრებს სათრევად დარჩათ.

და თხელ ჰაერში დასალანდავი
შორი ხილვები კაცის მცდელობის
დედამიწაზე სამოთხის შექმნის
და ფუფუნების უცოდველობის,

მინათებს ღამეს, აწუხებს გრძნობას,
მადინებს ცრემლებს, მილულავს თვალებს,
ხიბლში ჩახრჩობის საფრთხეს მიჩვენებს
და სამშობლოზე ფიქრში მაწვალებს.

ღვთისმშობლის სახლში მტანჯველად მოსულს
მაღალი ღმრთისგან სასჯელი ელის,
ჩვენ კი სიმდიდრეს დავეძებთ ისევ
და იმედი გვაქვს კვლავ ევროპელის.

სულ ყველაფერი ყირაზე დადგა
შედეგად ჩვენი უნიათობის,
გამთლიანების იმედს გვაძლევენ
სანაცვლოდ ერის უნიატობის.

შენ ეს ხომ ნახე, მეფის ქალაქო,
ჯვაროსნებისგან დასუსტებული,
მათგან ელოდი შენ დახმარებას
პაპთან ვაჭრობას შეგუებული.

და შენც აღარ ხარ, სამყაროც სხვაა,
უმრავლესობა სულ მართალია,
ვინც ქებით იხვეჭს - ის მაგარია,
ვინც სულზე ფიქრობს - ის საწყალია.

ჩვენც ამ ფერხულში გვაბამენ ახლა,
ამაშიც ისევ ბევრსაც ვაჯობებთ,
ახლა, რომ სხვაგან გავარდნა გვინდა,
ჩვენთან გადმოსვლას ბევრს მოვანდომებთ.

და ამ ერების გადაზელვაში,
დაგვემუქრება ახალი მტერი:
მენივთეობა, მიმღწეველობა,
და წარმატების ყალბი იერი.

ვინღა გვიშველის გალაღებულებს,
ვინღა აგვიხსნის სანუკვარ მიზანს,
სიღარიბესთან ბრძოლის სანაცვლოდ
გასაკეთებელ საქმეს ვინ იზამს?

ვინ გადაგვარჩენს ღვთისმშობლის გარდა,
ვინ გაგვახსენებს ჩვენს მატიანეს,
და ნუთუ ტაოს, ან ამ ქალაქის
ამბავი ისევ დაიგვიანებს?

და უხილავის დანახვის ნაცვლად
ნუთუ ხილულის თვლაში ვიქნებით,
და რატომ ხდება ჩვენს თავს ომები
არ მოვუსმენთ და არ დავფიქრდებით?

ამდენ შიშებში, მეფის ქალაქო,
მაინც არ მტოვებს იმედის განცდა,
და გულს მიმაგრებს შენი აჩრდილიც,
ოშკიც, ხახულიც, იშხანიც, ხანძთაც.

და ვხედავ, ფუჭად არა ჩაივლის
ბარათაშვილის სულისკვეთება,
გალაქტიონის ლურჯა ცხენებად
მისი მერანი მტერს ეკვეთება.

და ჩვენი ერის ძარღვში ჩასხმული
რუსთველის ალმას-ზურმუხტ-ლალები,
ილია მართლის ლოცვა-ლექსები
და ვაჟას უდრტვინველი თვალები

გაგვინათებენ წინადაგებულს,
უპატიებელს გვაპატიებენ,
ულმობელს ჩვენს თავს არ შეარჩენენ
და ბოლო დღემდე მიგვაცილებენ.

იქ სადაც მშვიდად გველოდებიან
მათ, ვისაც გული გვიწევს საბრძოლოდ,
და ზეციური და მიწიერი
გამთლიანდება ჩვენი სამშობლო.

ამ ხილვას ვხედავ მე შენს კალთებზე,
ბოსფორის პირას ნაცემი, მწირი,
ვით ბაბილონის მდინარეებზე
მე საქართველოს იმედით ვტირი.



ლევან ვასაძე

« უკან

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 11581459 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ