მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
22 აგვისტო 2017  21:54 ქართული შრიფტი


გალაკტიონ ტაბიძე
ჰე, მამულო!
ცხონების გზაზე სიკვდილამდე არ უნდა შევყოვნდეთ და გავჩერდეთ. ზნეობრივი სრულყოფილების რა ხარისხსაც არ უნდა მიაღწიო, მაინც სულ წინ უნდა ისწრაფოდე -





 Untitled Document

საკვირაო ქადაგება

ნარკომანია თვითმკვლელობაა

უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვასწავლის: - “თქვენ ხართ ნათელი სოფლისა”. ეს სიტყვები კი ნიშნავს იმას, რომ ადამიანი შექმნილია მხოლოდ სინათლისათვის და არა სიბნელისათვის, სიკეთისათვის და არა ბოროტებისათვის; იაკობ მოციქული გვმოძღვრავს: “რამეთუ ვითარცა ხორცნი თვინიერ სულისა მკვდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოებაი თვინიერ საქმეთასა მკვდარ არს” (იაკობი 2,26).

აქედან გამომდინარე თითოეულ ჩვენთაგანს უნდა გვტკიოდეს სხვათა სიხარულით, ე.ი. შეგვწევდეს უნარი სხვათა მოსალბუნებისა. მოწყალებასა და თანაგრძნობას უნდა ვიჩენდეთ ტანჯულთა და განსაცდელში მყოფთა მიმართ. დღეს საქართველოში ყველაზე დიდ პრობლემად ნარკომანია ითვლება.

ეს არის სენი, რომელიც სპობს ჩვენს ახალგაზრდობას, ანადგურებს ჩვენი ერის საუკეთესო ნაწილს, გადაუჭარბებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი გენოფონდი კატასტროფის წინაშეა!

დედა ეკლესიამ როგორც ყოველთვის უნდა შემოჰკრას განგაშის ზარი, შერისხოს შესარისხი და მოკვეთოს მოსაკვეთი. საღვთო წერილი ხომ გვასწავლის “ყოველმან ხემან რომელმან არა ყოს ნაყოფი კეთილი, მოეკვეთოს და ცეცხლსა დაედვას,”(მათე 7,19) ასეთი სიმკაცრის გამოჩენა კი ეკლესიას მართებს მხოლოდ იმიტომ, რომ გადავარჩინოთ ჯერ კიდევ შეურყვნელი ჩვენი მომავალი თაობა, რამეთუ ჩვენი შვილების სულიერი თუ ფიზიკური სიჯანსაღე განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის კეთილ მომავალს.
თუ გავიხსენებთ, რომ მიზეზი ყოველგვარი ხირციელი უკეთურებისა ცოდვაა, მაშინ ნარკომანობა უპირველესად სულიერ ასპექტში უნდა განიხილებოდეს.

ნარკომანია წარმოადგენს კომპლექსურ პრობლემას: სულიერს, ზნეობრივს, სამედიცინოს, სახელმწიფოებრივს, იურიდიულს, სოციალურს და პოლიტიკურსაც კი.

ვინ ებრძვის ნარკომანებს?!

საქართველოში შეიძლება ითქვას, ნარკომანებს არავინ ებრძვის, ებრძვიან მხოლოდ ნარკოტიკული ნივთიერების გამავრცელებლებს და ისიც არა ყოველთვის. მათ სრულიად სამათლიანად საზოგადოება ყველა ბოროტების სათავედ, ჩვენი ერის მოსისხლე მტრებად მიიჩნევს.

ნარკომანებისადმი დამოკიდებულება კი სხვაგვარია. ჩვენმა მეცნიერ-ნარკოლოგებმა, რომელთაც სამართალდამცავი ორგანოებიც უმაგრებენ ზურგს, ნარკომანებს პირდაპირ გულისამაჩუყებელი სტატუსი უბოძეს – ავადმყოფი. დასნებოვნებული ადამიანები კი საზოგადოების ზრუნვას, მოფერებას, გულისხმიერებას მოითხოვენ. ისე გამოდის, რომ ნარკომანია მხოლოდ ავადმყოფობაა და მეტი არაფერი, არადა ნარკომანი საზოგადოებისათვის მეტად საშიში ადამიანია, რომელსაც მორალი არ გააჩნია. ნარკომანი საკუთარ დას და დედასაც კი გაწირავს, ოღონდ ნარკოტიკები ჩაიგდოს ხელში, რომლის არაერთ მაგალითს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით.

დღეს კრიმინალური სამყარო უმეტესად ნარკომანებს ემყარება და მთელი პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ყველა სახის ბოროტებაში, რაც ჩვენს საზოგადოებას თავს დატეხია, ნარკომანებს ლომის წილი მიუძღვით. უძველეს დროში საზოგადოება შეწუხებული იყო კეთროვანების არსებობით. კეთრი ადვილად გადამდები იყო. ამიტომ დაარსდა ლეპროზორიები, სადაც კეთროვანებს იძულებითი წესით აგზავნიდნენ სამკურნალოდ. ეს ფრიად ნორმალური აქცია იყო, რომელიც ერის ინტერესებს ემსახურებოდა, ერის ჯანმრთელობას იცავდა.

არის თუ არა გადამდები ნარკომანია?!
რასაკვირველია არის.

ამ სენს კეთროვანებიდან განსხვავებით ძალად ავრცელებენ თავად ნარკომანები. ისინი ყოველგვარ ღონეს ხმარობენ ნარკოტიკების შოვნის გაადვილების მიზნით ახალგაზრდობის ჩასათრევად ამ საშინელებაში. ჩნდება კითხვა, თუკი უბედურ კეთროვანებს აგზავნიდნენ ლეპროზორიებში სამკურნალოდ, რატომ არ შეიძლება მოხდეს ნარკომანების იზოლაცია საზოგადოებისაგან.

სხვადასხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებში, მათ შორის ჩვენთან საქართველოში (შავნაბადას მონასტერში), ძალზედ ეფექტურ შედეგს იძლევა მონასტერში გარკვეული პერიოდით მათი ცხოვრება, სადაც ლოცვა და შრომაა შერწყმული ერთმანეთთან. არაერთი ახალგაზრდა დაუბრუნდა თავის პირვანდელ ჯანსაღ ცხოვრებას. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, დედა-ეკლესიამ ეს საშუალება უფრო ეფექტურად გამოიყენოს, რადგან ამ ეტაპზე ეს არს ერთადერთი ნათელი წერტილი, ამ უბედურებიდან თავის დასაღწევად.

რამდენი ნარკომანია საქართველოში?
არავინ იცის.

ასახელებენ რამდენიმე ათეულ ათას კაცს და იქვე დასძენენ, რომ მათი რიცხვი გაცილებით მეტია. Nნარკომანების უმრავლესობა შეძლებული და გავლენიანი ოჯახის წევრები არიან. სწორედ ასეთი ოჯახების ზეგავლენით ნარკომანები მხოლოდ ავადმყოფებად არიან გამოცხადებული. სწორედ ასეთი ოჯახებია წინააღმდეგი საზოგადოებიდან მათი იზოლირებისა. როგორც ჩანს, აუცილებელი გამხდარა მოსახლეობის გარკვეული ფენების შემოწმება. უპირველესად უნდა შემოწმდეს საშუალო სკოლის დამამთავრებელი კლასები. უმაღლეს სასწავლებლებში შემსვლელთათვის ითხოვენ საერთო ჯანმრთელობის ცნობას, მაგრამ აუცილებელია მასში აღინიშნოს აბიტურიენტების სიჯანსაღე ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების თვალსაზრისით. Qქორწინების რეგისტრაციისას უნდა დაწესდეს აუცილებელი შემოწმება. დაუშვებელია ნარკომანმა ოჯახი შექმნას და მომავალი გააუბედუროს. იწვევენ თუ არა ნარკომანებს სავალდებულო სამხედრო სამსახურში? თუ იწვევენ, ისინი არმიას გახრწნიან. თუ არ იწვევენ ნარკომანებს – მათთვის დიდი შეღავათი დაუწესებიათ. საგულისხმოა, რომ აფხაზეთის ომის მარცხში დიდი როლი ითამაშა, თუ გადამწყვეტი არა, ნარკომანიამ და სექტანტობამ. ეს ორი ავადმყოფობა, რომელიც კეთრივით შეჰყრია ჩვენს ქვეყანას, არსებითად ჰგავს ერთმანეთს, რაზედაც ჩვენი ქვეყნის მტრები არანაირ სახსრებს არ იშურებენ, ეფექტურად იყენებენ ჩვენი ერის დაკნინების, დამცირებისა და გაპარტახებისათვის და თუ გონს არ მოვეგებით, საბოლოო განადგურებისათვის.

როგორია ეკლესიის დამოკიდებულება ნარკომანიისადმი?!
ნარკომანია არის უმძიმესი ცოდვა. სულისა და ხორცის ავადმყოფობა, რომელიც ადამიანის სულს მარადიულ სატანჯველს უქადის. ასეთი ადამიანი, თუ დროზე არ იზრუნებს ამ საშინელებისაგან თავის დასაღწევად, გარდაცვალების შემთხვევაში თვითმკვლელად ჩაითვლება. არანაერი საეკლესიო წესი არ შეუსრულდება და უფრო მეტიც, მისთვის არა საზოგადოებრივად (ტაძარში), არც ინდივიდუალურად (სახლში) ლოცვა არ შეიძლება. “სულამდე მიწია წყალმა, უფსკრულმან მომიცვა, თავზე ლელი შემომეწნა, მთების ფესვებამდე ჩავედი, მიწა სამუდამოდ ჩაირაზა ჩემს უკან, მაგრამ შენ ქვესკნელს გამოსტაცე ჩემი სიცოცხლე, უფალო ღმერთო ჩემო!” (იონა 2.6-7).

ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადოს ნარკომანიას. სამწუხაროდ და საუბედუროდ ზოგიერთი სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლები, კერძოდ სამართალდამცავი ორგანოები ზოგჯერ ამ კაცისმკვლელთა (ნარკოტიკებით მოვაჭრეთა) მფარველობით არიან დაკავებულნი. ზოგიერთ შემთხვევაში, თვითონაც კი გვევლინებიან გადამყიდველებად.

საზოგადოებისთვის ეს ფაქტები ცნობილია, რაც მის სამართლიან აღშფოთებას იწვევს. სახარების სიტყვებით მოვუწოდებთ, ყველა ამ საზიზღრობის მომქმედთ “ყოველთა რომელთა აღიღონ მახვილი, მახვილითა წარსწყმდენ...” (მათე 26,52) ე.ი. თუ ისინი ხელს არ აიღებენ სხვათა შვილების მკვლელობაზე, მაშინ სიკვდილი თავის მსახვრალ ხელს მათ ოჯახებსაც დაატყობს.
და ბოლოს, ნარკომოვაჭრეთა და მათ მფარველთა საყურადღებოდ! ძრწოდეთ და გეშინოდეთ, რამეთუ არ დაახანებს ღვთის რისხვა და სასჯელი თქვენზე და თქვენს შთამომავლობაზე. თუ გონს არ მოეგებით, მოგწვდებათ გლოვა და ტირილი იმ ტრაგიკული ოჯახებიდან, რომლებიც თქვენის წყალობით გაუბედურდნენ. ამ ქვეყნად თქვენი შვილები ბედნიერებამოკლებულნი დაშთებიან, იმ ქვეყნად კი მარადიულ სატანჯველს მიეცემით. ერთადერთი გზა ხსნისა, თქვენთვის, სინანულით ქრისტეშია, რომელიც ამბობს: “მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე”, ხოლო თქვენი გადარჩენა ეკლესიაში “რამეთუ თვინიერ ეკლესიისა შეუძლებელია ცხონება”(წმ. კიპრიანე კართაგენელი).

ბათუმისა და სხალთის მთავარეპისკოპოსი დიმიტრი

« უკან

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 11587325 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ