მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
18 დეკემბერი 2017  11:37 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
სიცოცხლემ შხამი მასმია
მთვარი, დაუსრულებელი სათნოება არის სიყვარული. არსებობს რწმენა, სასოება და სიყვარული. სიყვარული მარადიულია. და აი, ამ მარადისობის დღესასწაულია დღეს - მარადიული სიყვარულის დღესასწაული. -
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II





 Untitled Document

საკვირაო ქადაგება

"ჩვენ ვხედავთ, რომ საქმენი უფლისანი მომართულია იმისკენ, რომ მოიქცეს ქართველი ერი"

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა ჩვენთან არს ღმერთი!

ფსალმუნში ვკითხულობთ: "დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი". მართლაც, საკვირველ არიან საქმენი უფლისანი. ჩვენ ვხედავთ, რომ საქმენი უფლისანი მომართულია იმისკენ, რომ მოიქცეს ქართველი ერი. ჩვენ ვხედავთ დიდ წყალობას, დიდ მფარველობას ღვთისას ქართველსა ერსა ზედა. დღეს სასულიერო აკადემიაში განვიხილავდით ისეთ ურთულეს საკითხს, როგორიცაა ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი, თუ ვინ ვიყავით ჩვენ, დღეს ვინ ვართ და ხვალ ვინ ვიქნებით; რა არის ის ძალა, რომელმაც გადაარჩინა საქართველო და რომელმაც მოგვიყვანა დღემდე; რა უნდა იყოს ის ძალა, რომელიც გადაარჩენს საქართველოს მომავალში. ჩვენ ძალიან მძიმე დროში ვცხოვრობთ, რომელსაც გლობალიზაციის პერიოდი ეწოდება. ჩვენში შემოდის უცხო წესები, უცხო რწმენა, შემოდის უცხო კულტურა, ამასთან, ფსევდოკულტურაც. ქართველმა ხალხმა უნდა გაარჩიოს, სად არის კულტურა და სად _ ფსევდოკულტურა, სად არის ის, რაც უნდა ვისწავლოთ და მივიღოთ და სად არის ის, რაც ავნებს საქართველოს და არ არის მისაღები. აი, ამისათვის საჭიროა, გვქონდეს სულიერი ხედვა. უპირველეს ყოვლისა, ამისათვის საჭიროა რწმენა. ჩვენი შვილები რწმენით, სიყვარულით უნდა გავზარდოთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავაგრძელოთ ის გზა, რომლითაც დღემდე მოგვიყვანა უფალმა. ჩვენი წინაპრები უპირველეს ყოვლისა, იცავდნენ სარწმუნოებას, ჩვენს წესებს, ჩვენს ტრადიციებს და ამან განაპირობა სწორედ, რომ ქართველი ხალხი გადარჩა. ჩვენში, ღვთის მადლით, არის ძლიერი გენი, ისეთი გენი, რომელიც იყო წმიდა მეფე დავით აღმაშენებელში, წმიდა თამარ მეფეში, ჩვენში არის სისხლი და ხორცი ჩვენი წინაპრებისა და ამიტომ იმედი მაქვს, რომ, მიუხედავად ამ სირთულეებისა, რომელიც დღეს გვხვდება, ჩვენ გვექნება ერთსულოვნება. რამდენიმე წლის წინ გამოითქვა ასეთი სიტყვები: "ქართველნო, ერთად ღვთისაკენ". აი, ეს ერთობა არ მოგვიშალოს ღმერთმა. ერთობაშია ჩვენი ძალა, ერთსულოვნებაშია ჩვენი გამარჯვება. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ ხელისუფლება, ეკლესია, ოჯახი და მთელი ქართველი ხალხი ვიყოთ ერთად და ვაკეთოთ ღვთისა და ერის საქმე. ჩვენ გვქონდა შეცდომები, და მადლობა ღმერთს, რომ ვცდილობთ მათ გამოსწორებას.

მე გამომივლია ისეთი პერიოდი, როცა ჩვენი ეკლესიები ცარიელი იყო; უფრო მეტიც, მე მინახავს ისეთი დრო, როცა ქართველი კაცი თავისი ხელით ანგრევდა ქართულ მონასტრებსა და ტაძრებს. ღმერთმა გვაპატიოს და შეგვინდოს ეს დანაშაული. ნუ იფიქრებთ იმას, რომ ეს არის მხოლოდ იმათი დანაშაული, ვინც ეს ჩაიდინა. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, მათი დანაშაულია, მათი ცოდვაა,მაგრამ ეს ცოდვა აწევს მთელ ერს და ჩვენ უნდა მოვინანიოთ, შენდობა ვთხოვოთ უფალს ამ ბოროტებისათვის.

დადგა დრო და ჟამი შენებისა; ვმადლობთ უფალს, რომ მოვესწარით ამ ჟამსა შენებისასა. აი, აშენდა ასეთი ბრწყინვალე ტაძარი წმიდა კვირიკესა და ივლიტას სახელობისა. ასეთი სიმრავლე მრევლისა დიდად გასახარია ჩვენთვის და სათნოა უფლისათვის. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, უფალმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო.

ღმერთმა ინებოს თქვენი და საქართველოს მშვიდობა და სიცოცხლე. კიდევ ერთხელ მოგილოცავთ დღევანდელ დღეს. ეს არის სიხარული მთელი საქართველოსი, ეს არის ნიშანი იმისა, რომ საქართველო ძლიერია, ქართველი ადამიანი შინაგანად ძლიერია. ქართველმა კაცმა შეიძლება დაუშვას შეცდომა, მაგრამ იგი ისევ ადგება, ისევ სინანულშია, ისევ აშენებს; აშენებს ტაძარს, სადაც უფალი სუფევს. მე მინდა, დღეს დავლოცო ამ ტაძრის ამშენებელი, ბატონი მურთაზ გულედანი, დავლოცო ყველა ის ადამიანი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ ტაძრისა და კომპლექსის მშენებლობაში. მე მინდა, დავლოცო ეკლესიის წინამძღვარი მამა გიორგი ყიფშიძე, დავლოცო მისი მეუღლე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ ტაძრის მოხატვაში; დღევანდელი დღის აღსანიშნავად, მამა გიორგი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აყვანილია დეკანოზის ხარისხში. მამა გიორგის, ბატონ მურთაზს, ყველას ვულოცავ ამ ბედნიერ დღეს. დალოცვილნი და გახარებულნი იყავით თქვენ და სრულიად საქართველო. ამინ!

წმიდა კვირიკე და ივლიტას სახელობის ტაძარი,
26 ოქტომბერი, 2005 წ.

« უკან

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12597820 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ