მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
29 ივნისი 2017  03:25 ქართული შრიფტი


ნიკოლოზ ბარათაშვილი
სულო ბოროტო
"თუ უფალთან იქნები, ჯოჯოხეთიც სამოთხედ გექცევა, ღვთის გარეშე კი- ზეცაში ყოფნაც წამებაა." -
წმიდა ტიხონ ზადონელი





 Untitled Document

,,უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანაი’’
(ფსალმუნი 95,1)

გალობა, პოეზიისა და ფერწერის მსგავსად, საღმრთო ლიტურღიის ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილია. საგალობელს მუსიკალური ბგერებით შემკულ ხატსაც უწოდებენ. სახარების მიხედვით, პირველი ქრისტიანული საგალობელი დედამიწაზე ანგელოსებმა შობის ღამეს ჩამოიტანეს: ,,და მეყუსეულად იყო ანგელოსისა მის თანა სიმრავლე ერთა ცისათა, აქებდეს ღმერთსა და იტყოდეს: დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა, და კაცთა შორის სათნოება” (ლუკა 2, 12-13). ამ სიტყვებით შემთხვევით არ იწყება ცისკრის მსახურება. მაცხოვრის შობა მართლაც სულიერი ცისკრის დასაწყისი იყო ცოდვებით დამძიმებული კაცობრიობისათვის. წმ. იოანე ოქროპირი ასე წერდა ამ საგალობლის შესახებ: ,,ადრე ეს ჰიმნი მხოლოდ ზეცაში სრულდებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მეუფემ მიწაზე დაშვება კეთილ ინება, ეს ჰიმნიც მასთან ერთად ცამოვიდა. ამ საგალობლის მიწიერი ხმოვანება ზეციური მუსიკის მხოლოდ მიბაძვაა. ზევით—უზენაესს ანგელოსთა მხედრობა ადიდებს, ქვევით კი ხალხი. ისინი აღასრულებენ მსახურებას ეკლესიაში და ბაძავენ ანგელოსებსა. ასე იქმნება ზეცისა დამ იწის ბინადართა ერთიანი დღესასწაული’’.

ქრისტიანულ ლიტურღიაში გალობის გამოყენება თავად მაცხოვრის კურთხევით დადგინდა. გავიხსენოთ საიდუმლო სერობა, რის შემდეგაც იესომ და მისმა მოწაფეებმა ,,გალობა წარსთქუეს და განვიდეს მთასა მას ზეთისხილისასა” (მათე 26,30).

გალობასა და საზოგადოდ მუსიკას განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ახალ აღთქმამდელ მსახურებაშიც. ძველი აღთქმის ყველა მნიშვნელოვანიმოვლენა მუსიკალური საკრავების (ბუკი, საყვირი, ბობღანი, წინწილი და ა.შ.), როკვის და გალობის თანხლებით მიმდინარეობდა (მაგ: დაბადება 31,37; გამოსვლათა 15, 20; I მეფეთა 16,23; III მეფეთა 1, 39; ისუ ნავე 64,5 და ა.შ.). ქრისტიანული ღვთისმსახურების ჩამოყალობების პირველივე ეტაპზე კანონიკური თვალსაზრისით გაიმიჯნა ინსტრუმენტული და ვოკალური მუსიკა. მუსიკალური ინსტრუმენტები, როგორც წარმართული კულტის გადმონაშთი, თანდათან განიდევნა ღვთისმსახურებიდან. ,,მართლმადიდებლობითა მიერ ღმრთის მეტყველებად” (სულხან-საბა) მიჩნეული გალობა კი მტკიცედ დამკვიდრდა საეკლესიო მსახურებაში. წმ. ბასილი დიდის  მიხედვით, წმიდა სულმა იცოდა, რაოდენ ძნელია ადამიანის მოდგმის სათნოებასთან ზიარება და ამიტომ დოგმატურ სწავლებას მელოდიით ტკბობა  შეუერთა, რათა ადამიანებს უფრო მსუბუქად, ყურისათვის სასიამოვნოდ, ლამის შეუმჩნევლად  აღექვათ სიტყვების არსი. ,,ამგვარ ხერხს მიმართავენ ექიმებიც, როცა ავადმყოფს თაფლწასმული თასით ასმევდნენ მწარე, მაგრამ ჯანმრთელობისათვის აუცილებელ წამალს’’-წერს წმ. ბასილი დიდი.

გალობა რწმენის განმტკიცების აუცილებელ პირობად მიაჩნდა წმ. პავლე მოციქულს. ამიტომაც მოუწოდებდა ადამიანებს საკუთარი თავისთვის ღვთის სიბრძნე ფსალმუნებით, ჰიმნებით და სასულიერო ჰანგებიტ ჩაეგონებინათ. სასულიერო მუსიკასთან პავლე მოციქულის დამოკიდებულებას შემდეგნაირად განმარტავს წმ. იოანე ოქროპირი: ,,რადგან კითხვა დამღლელი და უსიამოვნოა, ის (პავლე მოციქული) ჭეშმარიტებას არა მონათხრობით, არამედ ფსალმოდირებით აზაიარებდა, რათა გალობის დროს მორწმუნეებს დაეტკბოთ სული და შეემკოთ დაღლილობა”.

ცნობილია, რომ მუსიკას, ხელოვნების სხვა დარგებისაგან განსხვავებით, შეუზღუდავი ემოციური შესაძლებლობები ახასიათებს, რის გამოც, იმ დროშიც ,,მრავალი მიეჩვია ჰანგების მოსმენას არა სულის სასარგებლოდ, არამედ სიამოვნებისათვის’’ (წმ. იოანე ოქროპირი). ამ შემთხვევაში ეკლესიის მესვეურებმა ადამიანის მოდგმის ხიბლისაკენ მიდრეკილება ღვთის სამსახურში ჩასაყენებლად  და მათივე სულის განსაკურნებლად გამოიყენეს, რადგან მუსიკამ ახალი აღთქმის ეპოქაში სწორედ ,,სულის სასარგებლო’’ დანიშნულება შეიძინა. იგი სარწმუნოების განმტკიცების და გაღრმავების სიმბოლოდ იქცა.

ქრისტიანული საგალობელი ქრისტეშობიდან  პირველ საუკუნეებში იმპროვიზაციულად ვითარდებოდა. ამ პერიოდში ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალობებული კანონიკური სისტემა, რომელიც  საგალობლის, როგორც საეკლესიო_დოგმატური მოვლენის კომპოზიციური განვითარების საკითხებს განსაზღვრავდა. თუმცა I_II საუკუნეებში უკვე იქმნებოდა ჰიმნების, ფსალმუნების, სამადლობელი ლოცვების მუსიკალური ვარიანტები. ამ ნიმუშებს თავიდან ებრაული, შემდგომ კი ელინისტური წარმართული პოეზიისა და მუსიკის კვალი გასდევდა. ამიტომ უკვე III საუკუნეში ეკლესიის მამათა მოწადინებით ჩამოყალიბდა საეკლესიო მუსიკის შექმნის და შესრულების თავისებურებები. პირველად ამ საკითხს პრესვიტერი კლიმენტი ალექსანდრიელი (217) შეეხო. მისი განმარტებით, მუსიკა, პირველ რიგში, ღვთისმსახურების შემამკობელი და ზნეობის განმამტკიცებელი საშუალებაა. ასეთი დანიშნულებისათვის კი შეუძლებელია გამოვიყენოთ სულის ამაფორიაქებელი, მრავალფეროვანი ჰანგები. საეკლეიო მელოდია, კლიმენტი ალექსანდრიელის თქმით, ნაკლებ ემოციური უნდა იყოს.

საუკუნეების მანძილზე ერეტიკულ მიმდინარეობათა წარმომადგენლები ცდილობდნენ ეკლესიის წიაღში შეღწევას. მათი მიზანი საეკლესიო ჰანგების  გაუკუღმართებაც გახლადთ. სწორედ ამ საკითხს ეხება VI მსოფლიო კრების (680-681 წ.წ.) 75-ე კანონი: ,,რომლებიც ეკლესიაში ლოცვისა და გალობისთვის იკრიბებიან, ნუ ხმაურობენ უწესოდ და თავს ნუ აიძულებენ, რომ იყვირონ. ნურც იტყვიან რაიმეს ისეთს, რაც არ შეეფერება და შეესაბამება ეკლესიას, არამედ იდგნენ მოკრძალებით და ლმობიერებით. ლოცვას ფარული საქმეების ზედამხედველს, ღმერთს უნდა შესწირავდნენ, რადგან ,,განკრძალულნი იყვენითო’’ (ლევიტელთა 15,31) ისრაელის ძეთ ასქავლიდა საღვთო სიტყვა.

როგორც ვხედავტ, საგალობლის მუსიკალურ-პოეტური შინაარსი ქრისტიანობის იმ უმთავრეს იდეას უნდა ასახავდეს, ,,რომლითა ჰსძლევს სოფელსა სარწმუნოება ჩუენი’’ (იოანე 5,19). ამიტომ უძველესი დროიდან დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ გალობის შექმნას, ქრისტიანული საგალობელი სუბიექტური განცდის გარეშე იწერებოდა. საეკლესიო მუსიკას ის  დიდი მამები წერდნენ, რომლებმაც ეკლესიის წიაღში იღვაწეს და მუდმივი მარხვითა და ლოცვით შესძლეს ,,ყოველივე ამაო სოფლის საზრუნევი’’ დაეტევებინათ. ასეთები იყვნენ წმ. იოანე ოქროპირი, წმ. ბასილი დიდი, წმ. იოანე დამასკელი, წმ. ანდრია კრიტელი და სხვები. მათი ღვაწლით შეიქმნა სასულიერო მუსიკის ისეთი ნიმუშები, რომლებშიც ერთმანეთს ერწყმის საღმრთო მოქმედება, სიტყვა და მუსიკა.

IV საუკუნიდან, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, იწყება ქართული საგალობლის ისტორია. არ არსებობს ზუსტი ცნობა იმის შესახებ, თუ რომელი საუკუნეში შეიქმნა ქართული გალობის პირველი ნიმუში. VI საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწის საბა განწმედილის ანდერძი გვამცნობს, რომ ,,ივერიელებს დაასურელებს ნება არა აქვთ ჟამისწირვა შეასრულონ თავიანთ ეკლესიაში. აქ მათ შეუძლიათ წარმოთქვან ჟამნობა, შეასრულონ სამხრობა, წაიკითხონ თავიანთ ენაზე სამოციქულო და სახარება”. IV საუკუნეში ქართული ღვთისმსახურება ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო. შესაბამისად ნაადრევია საუბარი ამ ეპოქაში ორიგინალური ქართული გალობის არსებობაზე. სულ სხვა სურათს აღწერს X საუკუნის მოღვაწე გიორგი მერჩულე ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში”: ,,ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულისა ენისათა ჟამი შეიწირვის და  ლოცვა ყოველი აღესრულების, ხოლო კვირიე ელისონი ბერძნულად ითქუმის, რომელ ამას ქართულად ,,უფალო წყალობა ყავ”, გინა თუ ,,უფალო შეგვიწყალენ’’. რამდენადაც გრიგოლ ხანძთელის პერიოდში სრული ღვთისმსახურება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა, ბუნებრივია, მისი შემადგენელი მუსიკალური ნაწილიც ეროვნულ საწყისებზე იქნებოდა დაფუძნებული. მართლაც, ქართული საგალობლის აყვავების ხანა IX_XII საუკუნეებია. ცნობილია ისიც, რომ ამ პერიოდის ქართულ ეკლესია_მონასტრებთან (როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ) არსებულ სასულიერო სემინარიებსა და აკადემიებში დიდი ადგილი ეთმობოდა საეკლესიო გალობის სწავლებას. XII საუკუნის საქართველოს უკვე თავისი კომპოზიტორებიც ჰყავდათ. ცნობილი ქართველი მეცნიერი ივანე ჯავახიშვილი წერს: ,,საგალობლის სიტყვების თარგმნა თუ შეთხზვა და მისთვის საგანგებო ჰანგების დაწერა, თუ ამაზე უწინარეს არა, მაინც და მაინც XII საუკუნის დამდეგს უკვე სხვადასხვა სპეციალობად ყოფილა ქცეული. ამ დროს საქართველოს უკვა ჰყოლია ისეთი პირები, რომლებიც მხოლოდ ჰანგსა თხზავდნენ. სიტყვიერი შემოქმედების ნაწარმოებისთვის ჰანგის ამნაირს შეთხზვას მაშინ ხმისა დადებაი და ასეთი სამუშაოს დაწყებას ხმისა დადების ხელყოფაი ჰრქმევია”. ქართული საგალობლის განვითარება დაკავშირებულია ისეთი დიდი მოღვაწე მამების სახელებთან, როგორებიც არიან არსენ იყალთოელი, იოანე ზოსიმე, იოანე მინჩხი, მიქაელ მოდრეკილი, იოანე მტბევარი, ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელები.

ქართული საგალობლის გამორჩეული თვისება სამხმიანობაა. ქართველები გალობის ფორმით ვამბობთ: ღმერთი ერთია, მაგრამ სამპიროვანი, სამი ჰიპოსტასისაგან შემდგარი. ქართულ მრავალხმიან გალობაში სამი პირი ერთ სათქმელს ამბობს სხვადასხვანაირად, მაგრამ ერთ ნებას და სურვილს გამოხატავს და ამავე დროს თითოეულს თავისი ინდივიდუალური თვისებები არ ეკარგება.

ქართულმა საგალობელმა განვითარების რთული გზა განვლო. XII საუკუნის შემდგომ ომებით იავარქმნილ საქართველოში საეკლესიო მუსიკაზე ზრუნვამ ლოკალურ გარემოში გადაინაცვლა. ქართული საგალობლის ფენომენი ცალკეული მგალობლების და დაინტერესებული პირების წყალობით შემორჩა ისტორიას. XIX საუკუნეში სამოციანელთა მოძრაობის პარალელურად ქართული გალობის აღდგენა_ჩაწერაზე დაიწყეს ზრუნვა. ქართული გალობის მოამაგეების მღვდელ-მონაზონ ექვთიმე კერესელიძის, დეკანოზ ბასილი კარბელაშვილის და მისი ძმის პოლიევქტოსის, ფილიმონ ქორიძის და სხვების ძალისხმევით ქართული გალობა მივიწყებას გადაურჩა.

ქრისტიანული გალობის დანიშნულება ღმერთის  ჭეშმარიტი შეცნობა და თაყვანისცემა უნდა იყოს,  რადგან როგორც წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებდა: ,,არაფერი ისე არ ამტკიცებს მეხსიერებას, როგორც მელოდია-. წინასწარმეტყველმა შექმნა ეს ჰანგები იმისათვის, რომ მელოსითა და სატნოებით აღვსილმა ადამიანებმა  მუდმივად იგალობონ ისინი, როგორც ხანგრძლივი სწავლება სინანულის შესახებ”.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 10139194 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ