მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
29 ივნისი 2017  03:26 ქართული შრიფტი


გალაკტიონ ტაბიძე
ქარი ჰქრის...
"როგორც ქარწაღებულიხომალდი ქანაობს აქეთ-იქით ქარიშხლის ნებაზე, ასევე სულიც, რომელიც ღვთის მადლს მოკლებულია, მუდმივად ცოდვისაგან იმართება, რომელიც მას იქით კი არ მიაქანებს, საითაც თავად სურს, არამედ იქით - სადაც დემონს უნდა." -





Untitled Document

მართლმადიდებელი ეკლესიის საიდუმლოებები

მართლმადიდებელი ეკლესიის საიდუმლოება, რომელიც შეადგენს ქრისტიანული ღვთისმსახურების არსებით ნაწილს არის ისეთი წმიდა მოქმედება, რომლის საშუალებითაც, იესო ქრისტეს სიტყვების საფუძველზე, მორწმუნე ადამიანის სულს ხილული გრძნობითი ნიშნების სახით გადაეცემა უხილავი მადლი უფლისა. ადამიანს, როგორც სულიერ-გრძნობიერ არსებას შეუძლია შეიცნოს უხილავი ღმერთი მხოლოდ გრძნობად საფარველებში და სახეებში და მით უფრო ადვილად და მტკიცეთ დარწმუნდეს სულიერი საგნების სინამდვილეში, ვიდრე განსაზღვრული ნიშნები, რომელთა სახითაც მას ისინი წარმოდგენილი აქვს. ხილული ნიშნები ანუ საშუალებები მღვდელმოქმედებაში ან საიდუმლოებებში, აუცილებელია მხოლოდ ადამიანისათვის, ხოლო ღვთის მადლს ადამიანზე ზემოქმედებისათვის არ სჭირდება არავითარი საშუალება. წმიდა იოანე ოქროპირი წერს: "თუ ჩვენ ვიქნებოდით უსხეულონი, მაშინ ქრისტეც გვაცნობებდა სულიერ ძღვენს უსხეულოდ. მაგრამ რადგანაც ჩვენი სული შეერთებულია სხეულთან, მაშინ სულიერი გვეცნობება ჩვენ გრძნობითი სახეებით”. ამის მიხედვით ადამიანს სჭირდება ხილული საშუალებანი, რათა მათი საშულებით მიიღოს უხილავი ძალა უფლისა.

ღვთაებრივი მოქმედება ხილული ნიშნის გარეშე იქნებოდა მხოლოდ სულიერი და არა საიდუმლო. ხილულსა და უხილავში ე. ი. ღვთის მოქმედებებსა და გარეგან სახეებში, რომლებიც ღვთისაგან არის დაწესებული, ეკლესიის გაგებით არის საიდუმლოთა განმასხვავებელი თვისება, ამიტომაც ყველა საიდუმლო სრულდება ჯვრის გამოსახვით და ხელის დადებით, როგორც მადლის გადაცემის ნიშანი.

მართლმადიდებელი ეკლესიის საიდუმლოთა შესახებ თავისი სწორი სწავლების დასამტკიცებლად მოჰყავს: 1. ადგილები წმიდა წერილიდან (იოან.3,5; ეფ.5,26; I კორ.6,11; იოან.6,51-54; I ტიმ.4,14; I.იტიმ.1,6); 2. თვით საეკლესიო ტიპიკონები; 3. ეკლესიის მამათა წერილები: კირილე იერუსალიმელის, ათანასე დიდის, გრიგოლი ღვთისმეტყველის, იოანე ოქროპირის და სხვ.

ქრისტეს ეკლესია შეიცავს შვიდ საიდუმლოს. სვიმეონ თესალონიკელი (თავი 33) ამბობს: "შვიდია სული წმიდის ძღვენი: შიში ღვთისა, ღვთისმსახურება, ძლიერება, ზრახვა, მეცნიერება, გულისხმიერება, სიბრძნე, როგორც ამბობს ისაია წინასწარმეტყველი: დაივანებს მასზე სული უფლისა, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და სიმხნევისა, სული შეგნებისა და შიშისა...” და შვიდია ეკლესიის საიდუმლოც, რომელიც სრულდება სულიწმიდის მიერ. ესენია: ნათლობა, მირონცხება, ზიარება, სინანული, მღვდლობა, ქორწინება და ზეთისცხება.”

ყველა ამ საიდუმლოს მოქმედება და ნაყოფი მოკლედ ასე გამოიხატება: წმიდა ნათლისღება განსწმენდს სხეულს და განანათლებს სულს; მირონცხება განამტკიცებს რწმენაში; საღმრთო ზიარებით შემოდის ჩვენში ქრისტე; სინანული არის ზეცად ამაღლება და ცოდვათაგან განდგომა; მღვდლობა გვანიჭებს სულიერ ძალაუფლებას; ქორწინება უფალთან აკურთხებს მეუღლეობრივ კავშირს, ზეთისცხება გვამზადებს ზეციური სასუფევლისათვის.

საიდუმლოთა ცნობილი რიცხვის მიღება ან უარყოფა ნიშნავს სახარების ნაწილის, იესო ქრისტეს საქმეებისა და სწავლების მიღებასა და უარყოფას. სული წმიდის ნიჭთა შვიდი რიცხვი სახეა შვიდი ცეცხლოვანი ლამპრისა, რომელიც ანთია ღვთის ტახტის წინაშე: `და ტახტის წინ ენთო შვიდი ლამპარი ცეცხლისა, რომლებიც არიან ღმერთის შვიდი სული” (იოან. 4,5), და სახეა: `შვიდრქოვანი და შვიდთვალიანი კრავისა, რომელნიც არიან შვიდი სული ღმრთისა მთელს დედამიწაზე მოვლენილნი"(ისია 5,6).

ამ საიდუმლოებებით ჩვენ ვიბადებით, ვსუთქავთ, ვსაზრდოობთ, ვაგრძელებთ ჩვენს შთამომავლობას, ვიწმინდებით, ვმრავლდებით და ვიკურნებით.

სიტყვა - საიდუმლოს აქვს რამოდენიმე მნიშვნელობა. პირველ რიგში, წმიდა წერილი მას მიაწერს ღრმა, იდუმალ მნიშვნელობას ან მოქმედებას (I კორ. 13,2): `წინასწარმეტყველების მადლი რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ”. მეორედ, მისით წარმოდგენილია განსაკუთრებული მოქმედება ღვთისა მორწმუნეებზე, რომლის საშუალებითაც ღვთის მადლი გადადის ხილული საუალებით მათზე: `ამრიგად ჩვენ უნდა შეგვრაცხოს კაცმა, როგორც ქრისტეს მსახურნი და ღმრთის საიდუმლოთა მნენი” (I კორ. 4,1). ეს შეიძლება ითქვას ეკლესიის ყველა საიდუმლოს შესახებ.

მართლმადიდებელი ეკლესიის საიდუმლოთა შემსრულებელი შეიძლება იყოს მხოლოდ სასულიერო პირი, მღვდელი, რომელიც დადგენილია კანონიერი გზით კანონიერი მღვდელმთავრისაგან. ქრისტეს ეკლესიის მოძღვარი, რომელზედაც გარდამოვიდა მღვდლობის მადლი წარმოადგენს ეპისკოპოსისაგან მინდობილი მრევლის სულიერ მამას. ღვთისმსახურების დროს ის ყოველ თავის ასამაღლებელში ამოწმებს, რომ ქრისტე არის ძე ღვთისა და ყველაფერი, რაც აღესრულება ეკლესიის საიდუმლოებებში, აღესრულება უფლის ძალითა და ძალაუფლებით.

წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს: `დამოწმება შეუძლებელია, თუ სული წმიდის ძალა არ განამტკიცებს მოწმის სულს. მისი ზემოქმედების გარეშე შეუძლებელია იყო მოწმე. ჭეშმარიტების ყოველი მოამბე არის ღვთის მოწმე” (св. иоан златоуст. Творение. спб. 1898. т. З. 831).

წმიდა წერილის მიხედვით, სულიერი (I კორ. 14,37; შედ. I კორ. 14,1; 12,13-28) ნიშნავს სული წმიდით გაბრწყინებულს და ზნეობრივად გაცისკროვნებულს (I კორ. 2,13-15; გალ. 6,1-10). აქედან სულიერი მამა - არის მოძღვარი, ღვთაებრივი ჭეშმარიტების მატარებელი, რომლის შესახებაც ის მოწმობს თავისი მსახურებით.


ნათლისღების საიდუმლო
მირონცხების საიდუმლო
ზეთისცხების საიდუმლო
სინანულის საიდუმლო

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 10139266 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ