მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
18 დეკემბერი 2017  11:55 ქართული შრიფტი


გალაკტიონ ტაბიძე
ლურჯა ცხენები
"რა გავაკეთო, რომ უფალს ვაამოთ? - ჰკითხეს წმინდა ანტონი დიდს. მან უპასუხა: "სადაც არ უნდა იყო, ყოველთვის თვალწინ გყავდეს მამაზეციერი; რა საქმითაც არ უნდა დაკავდე, ნახე, იწონებს თუ არა ამას წმიდა წერილი." -





Untitled Document

დავით გარეჯელი

იოანე ზედაზნელის ერთ-ერთი მოწაფე, ნეტარი მამა დავითი, ზედაზნის სავანეში ოთხწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, თბილისის დასავლეთით, აწ მთაწმინდად წოდებულ მთაზე დამკვიდრდა. იგი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად, კვირაობით საქადაგებლად თბილისში ჩამოდიოდა. თავისი ჭეშმარიტი სწავლებით წმ. დავითმა დედაქალაქში მაზდიანობა საგრძნობლად შეარყია. ამით განრისხებულმა ცეცხლმსახურებმა ბერის ცილის საწამებლად მეძავი დედაკაცი მოისყიდეს.

ერთ კვირა დღეს, უსჯულოთა წაქეზებით, ხალხის წინაშე, მეძავმა ბერს ცილი დასწამა. ქალი მუცლადღებული ჩვილის მამობას აბრალებდა წმ. მამას. დავითმა ჯვრის გამოსახულებიანი რკინის კვერთხი დედაკაცის მუცელს შეახო და ხმამაღლა თქვა: ,,შენ ჩვილო გიბრძანებ, სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რათა გვაუწყო ჩვენ, თუ მე ვარ მამა შენი.” ჩვილმა უარყო. ამ საოცრებამ ერიც აღაშფოთა და მოგვებიც. ამ უკანასკნელთა, რაკი ვერა გააწყვეს, ,,ჩააქვავეს უკეთური იგი ცრუმწამელი.” ეს ამბავი იმ ადგილას მოხდა, სადაც ამჟამად წმ. გიორგის სახელობის ქაშვეთის ტაძარი დგას.

,,დაუტევა ყოვლად სანატრელმან” დედაქალაქი, ლუკიანესთან ერთად წმ. ბერი გარეჯის უწყალო უდაბნოს მიადგა. ეს იყო ქვეყნიური შფოთისაგან თავისუფალი ადგილი და წმ. მოწამემ აქ დამკვიდრება გადაწყვიტა. ლუკიანეს წუხილზე, თუ ვით გაძლებდნენ ამ უკაცრიელ ხრიოკში, დავითმა მშვიდად მიუგო, რომ არ მიატოვებდა მათ ღმერთი, რომელმაც ისრაელი მანანით გამოზარდა და მწყურვალთ წყალი გამოუდინა.

ბერს საუბარი არ დაესრულებინა, რომ სამი ირემი მოადგათ ნუკრით. ეს ღვთისაგან ბოძებული სარჩო იყო. ირმები ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა მეუდაბნოებთან ყოველდღე მოდიოდნენ.

ბერების ქვაბულის ქვეშ, საშინელი გველეშაპი ბინადრობდა. ერთ დღეს მან ირემებს ნუკრი მოსტაცა. დამფრთხალი ცხოველები ბერთა სამკვიდრებელს მიადგნენ. ნეტარი დავითი ირმების კვალს გაჰყვა. იხილა რა საზარელი ურჩხული, წმიდა მამამ მრისხანედ უბრძანა გადახვეწილიყო. გველეშაპი არ დაემორჩილა, მაშინ ზეციდან გადმოფრქვეულმა ცეცხლმა დემონი შეუსრა.

გამოხდა ხანი. ერთხელ, მონადირეებმა კლდის ქვაბულში შემავალი ირმები იხილეს. მიყვნენ რა კვალს, მომხდურები გაოცდნენ, მათ ველური ცხოველები ბერის წინ მორჩილებით მდგომარენი იხილეს.

გაოგნებულმა მონადირეებმა მუხლი მოიყარეს და წმიდა მამებს დარჩენის ნება სთხოვეს. დავითმა, უდაბნოს გაუსაძლისი ცხოვრება ამცნო და ,,გარე უკუნ აქცივნა კაცნი”. მონადირეებმა ხალხს აუწყეს და წმინდანთა ნახვის მსურველი, მრავალი მიდიოდა მამათა სავანეში. დავითი მომსვლელთ უდაბნოს მძიმე პირობების შესახებ აფრთხილებდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა მრავალთა ,,კუეთნეს ქუაბნი და დაადგრებოდეს მის თანა.” ასე მოვიდა გარეჯის უდაბნოში წმ. დიდო. მან და მისმა თანმხლებმა მონაზვნებმა ნეტარი დავითის კურთხევით ,,გამოკაფეს პირისპირ სხუა მონასტერი” და იქ დამკვიდრდნენ.

იყო ,,სიმრავლე ერისა, დამტევებელი ამის სოფლისა და განმრავლდებოდა უდაბნოსა ქალაქი იგი”.

ნეტარი მამა დავითი კი, ნაპრალში დაყუდებული მარტოობდა და მარტვილობდა.

ერთ დღეს კლდის ძირას მდგომმა ბერმა, ქორისაგან დამფრთხალი კაკაბი იხილა. შეშინებული იყო მფრინველი, ,,შევრდომილი ფერხთა მისთა.” ვინმე ბარბაროსი ნადირობდა. მან ნეტარ დავითს ვინაობა ჰკითხა. ,,მე მონა ვარ იესო ქრისტესი” _ მიუგო ბერმა და სთხოვა უცნობს სხვა ფრინველი მოენადირებინა. ბარბაროსმა კადნიერად მიუგო, რომ ფრინველთან ერთად მას თვით ბერის მოკვლაც სურდა. წმინდანმა უპასუხა, რომ მას ღმერთი იცავდა. განრისხებულ მონადირეს მახვილიანი ხელი გაუშეშდა. სასოწარკვეთილი ,,მონურად შეუვარდა ფერხთა ბერისათა”. იგი გოდებით სთხოვდა მიტევებას და ,,აღუთქმიდა ქრისტეს აღსარებასა.” დავითს შეებრალა იგი და განკურნა. განცვიფრებულმა ბარბაროსმა საპყარი შვილის შველაც სთხოვა. ბერმა აღუთქვა. შინ დაბრუნებულ ბარბაროსს, რომლის სახელი ბუბაქარი იყო, ჯანმრთელი ძე მიეგება. მეორე დგეს ბუბაქარმა და მისმა ოჯახმა, წმ. დავითის ნებით, ,,ნათელ იღეს სახელითა მამისათა, ძისათა და სულისა წმიდისათა.”

მოქცეულმა ბარბაროსმა, გარეჯის სავანეში, ოსტატებს ეკლესია გამოაკვეთინა.

,,მას ჟამსა შინა” მამა დავითმა იერუსალიმის მოლოცვა ინება. მონასტრის წინამძღვრად ლუკიანე დაადგინა და რამოდენიმე ბერის თანხლებით გაემგზავრა. მიადგა რა ქალაქს ,,არა იკადრა შთასვლა იერუსალიმად” და ცრემლით ლოცულობდა ქედზე. ძმათა ვედრებას, შესულიყო წმინდა ქალაქში, ნეტარმა მამამ ასე უპასუხა, ,,არა ღირს ვარ, რათამცა მწიკულევანნი ფერხნი ჩემნი, სადა უფალსა ჩემსა იესო ქრისტესა უვლიეს, გამომხსნელსა ჩუენისა, ფერხითა თვისითა, ოფლნი და სისხლნი მისნი დაწუეთულ არიან ადგილსა მას, რათა დავტკეპნო იგი მე ცოდვილმან.” მოწაფეებს ქალაქში შესვლის ნება მისცა. თავად კი აიღო სამი ქვა, ,,შთაიდვა ჩოხასა და წარმოვიდა გარესჯადვე მოხარული.”

იმავე დღეს, იერუსალიმის პატრიარქს, უფლის ანგელოზმა აუწყა, რომ ღმრთის სათნო მამამ, დავითმა, ,,სარწმუნოებითა თვისითა წარიღო მადლი იერუსალიმისა.” უფლის ბრძანებით, დავითს ორი ქვა ქალაქისათვის უნდა დაებრუნებინა. აღელვებულმა პატრიარქმა მალემსრბოლებს სთხოვა ბერისათვის ღვთის ნება გადაეცათ და შეხვედროდნენ მის იერუსალიმში შემობრძანებას. წმ. მამამ უკუქცევა არ ინება, უფლის ნებისამებრ, მსრბოლთ ორი ქვა გაატანა და მუხლმოყრილმა ღმერთი ადიდა.

ნეტარი ბერი, მადლით სავსე, გარეჯის სავანეს დაუბრუნდა. მამები სიხარულით შეეგებნენ. დაბრუნდნენ დავითის თანამგზავრი ძმებიც, რომლებმაც გარეჯელ მამებს, პატრიარქთან უფლის ანგელოზის გამოცხადებისა და სამი ქვის შესახებ ამცნეს. მათი უწყებით, ,,განითქვა ამბავი ესე საკვირველი ქვეყანასა პალესტინისასა.”

უფლის ნაბოძები სასწაულმოქმედი ქვის შეხებით ,,აღესრულებოდეს ფრიად მრავალნი კურნებანი.” მადლის ქვა, როგორც მას უწოდეს, იზიდავდა აურაცხელ მორწმუნეს.

გადიოდა ჟამი და გარეჯის უდაბნოში მამათა რიცხვი იზრდებოდა. წმიდა მოძღვარი ,,მოვლიდა. . . კრებულითა და მოიხილავდა მარტომყოფთა, ნუგეშინის სცემდა და განაძლიერებდა ყოველთა.” ასეთი მონახულებისას, ერთხელ ერთმა მეუდაბნოემ დავითს შესჩივლა, რომ წყალი, რომელიც მის სამყოფელში კლდიდან ჟონავდა, მწარე იყო. მისი წვეთებით გაჟღენთილი, მხალიც მწარდებიდა. მოძღვარმა ბერი ანუგეშა, ილოცა, წყალი პეშვით აიღო, აკურთხა, ჯვარი გამოსახა და ,,ამიერიდან დატკბა წყალი იგი და მხალიცა.”

ოდეს ,,სცნა ამიერ სოფლით განსვლა,” ღმერთშემოსილმა ნეტარმა მამამ მოუწოდა უდაბნოს კრებულს, ,,ასწავა სულიერნი გზანი და მოღვაწებისა საქმენი.” აკურთხა ისინი; შემდგომ ხელაპყრობილმა სული ღმერთს შეავედრა და მშვიდად აღესრულა.

მეუდაბნოეთა შორის ერთ-ერთი ბრმა იყო. ამბორსმყოფად შეეხო რა იგი დავითის ცხედარს, თვალნი აეხილა. ბერები ღმერთს ადიდებდნენ, ,,რამეთუ მკვდარმანცა სასწაულ ქმნა.”

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12597956 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ