მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
17 ოქტომბერი 2017  10:37 ქართული შრიფტი


ნიკოლოზ ბარათაშვილი
შემოღამება მთაწმინდაზედ
"მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს" -





Untitled Document

ანტონ მარტყოფელი

ასურელი ბერი, ნეტარი ანტონი, ქართლში მოვლინებულ 13 მამათაგან ერთ-ერთი იყო. მას მატიანე სათნოდ, წმიდად და წარჩინებულად მოიხსენიებს.

ჯერ სამშობლოში ყოფნისას, წმ. ბერმა ხატი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ,,სახედ პირსა თვისსა ტილოსა ზედან გამოსახა,” ხოლო მეფე ავგაროზმა ჩამოგდებული კერპის ადგილას აღმართა იგი ,,ბჭეთა ზედა ქალაქისათა”. მაშინ მეფის ურწმუნო და ბილწმა შვილიშვილმა, უარყო წმ. უფლის ხატი და მისი წარწყმედა გადაწყვიტა.

მიხვდა რა ურჯულოს ბოროტ განზრახვას, ქალაქის ეპისკოპოსმა ანთებული კანდელი დადგა და წმ. ხატი დამალა ,,აღმართა კაცი პირსა ხატისასა.”
მოადგა რა ქალაქს, სპარსთა მეფე ხოსრომ გადაწყვიტა, ზღუდის ქვეშ გაეთხარა და ამ გზით შეჭრილიყო შით. სწორედ ამ დროს დედა ღმრთისა გამოეცხადა ქალაქის ეპისკოპოსს და აუწყა ,,მას რომელსამე ბჭესა ზედა არის ხატი იგი ხელითუქმნელი და დაფარული.” ეპისკოპოსი მიეახლა მითითებულ ადგილს და წმიდა ხატი შეურყვნელად იპოვა. დროის ხანგრძლივობის მიუხედავად, მის წინ კანდელი კვლავ ენთო. სწორედ მისი ზეთი ექცა მხსნელად ქალაქ ედესიას. კანდელის ზეთი დაასხეს და ,,მტერნი განიბნივნეს და უჩინო იქმნეს.

"წმ. ანტონმა მალულად წამოაბრძანა წმინდა ხატი და სხვებთან ერთად ივერიის გრძელ გზას დაადგა. ზედაზნიდან იოანეს მიერ მოწაფეთა წარგზავნის შემდგომ, ნეტარი ბერი უდაბურ, ადამიანთაგან მიუვალ ადგილას დაემკვიდრა,. ქვეწარმავალთა სიმრავლისგან იქაურობა მიუსაფარი იყო საცხოვრებლად. მის სავანეს მოგვიანებით მარტყოფი უწოდეს _ გამომდინარე წმ. მამის მარტოდ მარტვილობისაგან. ანტონის სამყოფელი ვრცელი მანძილით იყო დაცილებული ზედაზენსა და დანარჩენ მამათა სავანეებს.

ნეტარ ანტონს საკვებს ორი ირემი აძლევდა. ეს ღვთისაგან ბოძებული საზრდო იყო. ირემი ალიონზე მოდიოდნენ და მწუხრზე უკან ბრუნდებოდნენ. ერთხელ ,,უჟამოდ” დაბრუნებულებს, დაჭრილი ნუკრი მოჰყვათ. იცოდა რა ამ ადგილის უკაცრიელობა, წმ. მამა ნანახმა განაცვიფრა. ირმებმა, ,,ვითარცა პირმეტყველთა თავმიზიდვით ჰრქუეს ,,შემომიდეგ და გიჩუენოთ.” ნეტარი ბერი მიჰყვა და სანადიროდ გამოსული ,,მთავარი მის დაბისა” იხილა. ამ უკანასკნელის შეკითხვაზე, წმ. ანტონი ,,ხელითა უჩვენებდა”, ვინ იყო და სად მოღვაწეობდა. მთავარი განრისხდა და ბრძანა ხელი მოეკვეთათ მისთვის.

ბერი მჭედელს მიჰგვარეს. მან გახურებული შანთებით დააპირა ხელის მოკვეთა, მაგრამ ყველას გასაოცრად, ჯალათი ,,დავარდა ქუე და ხელნი, ვითარცა შეშანი შეექმნეს.”

ეუწყა რა ყოველი, მთავარმა სასწაულმოქმედი იწვია და დახმარება შესთავაზა. წმ. მამამ მცირე ქვა აჩვენა ,,და ლოკდა და ცნეს, რამეთუ მარილი უნდა და მოართვეს ორი ქუა ოდენ მარილისა განუტეხელი.” ბერმა აიღო ერთი ლიტრა, წავიდა და ,,ალოკა ფურთა თვისთა.”

ქრისტესმიერი ღვაწლით მოსილი მამა ანტონი ლოცვითა და მარხვით ადიდებდა უფალს: იგი განუშორებლად ,,იმყოფებოდა წმიდისა მას ხატსა თანა.” მრავალი წლის მერე, ღრმად მოხუცი მიიცვალა და ,,ჩვენ დაგვიტევა ხატი იგი საუფლო” და ბევრად ადვილია ,,აღრიცხვა ზღვითა ქვიშათა, ვიდრე საკვირველებათა საუფლოისა მის ხატისათა.”

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12120175 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ