მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
22 აგვისტო 2017  21:52 ქართული შრიფტი


ალექსანდრე ჭავჭავაძე
ვაჰ, დრონი, დრონი
"ურწმუნოება - ცრურწმენის ტყუპისცალია" -





Untitled Document

აბიბოს ნეკრესელი

ნეკრეს-ქალაქის ეპისკოპოსი აბიბოსი, წმ. სვიმეონ მესვეტის მეგობარი იყო. მათ ,,არათუ ხილვით ეხილვა სადმე ერთმანეთი, არამედ სულიერითა მით სიყვარულითა.”

ნეტარი მამა აბიბოსი, არსებულ მამათა იმ სამეულშია, რომელნიც თავიანთი ნების წინააღმდეგ დამორჩილდნენ კათალიკოსის თხოვნას და მოძღვრის კურთხევას. აბიბოსი, იოსები და ისე, უფლის ნებით და პატრიარქის ხელდასხმით საეპისკოპოსო ღვაწლით შეიმოსნენ.

ფასდაუდებლად დიდია ნეკრესის ეპისკოპოსის მოღვაწეობა. მან წარმართობისაკენ მიქცეული მთიელები ჭეშმარიტებისაკენ შემოაბრუნა. ოდეს სპარსელები კერპთმსახურებისას მრავალთ აცდუნებდნენ, ნეტარი აბიბოსი ,,აღიძრა შურითა საღმრთოითა.” მან ვერ აიტანა უსჯულოთა ქმედება და წყლით დაშრიტა ცეცხლი. შეიტყვეს რა ეს მაზდეანებმა, ნეტარი მამა საპყრობილეში შეაგდეს და სასტიკად აწამეს. განრისხებულმა მარზაპანმა, წმ. აბიბოსის მოგვრა ბრძანა. დატყვევებულ ეპისკოპოსს გზაზე მოციქული მიეახლა და წმ. სვიმეონ მესვეტის მიერ ანტიოქიიდან გამოგზავნილი ,,წიგნი, ევლოგია და კვერთხი” მიართვა.

ნეტარი მამა მტარვალებს შეევედრა, მისთვის წმ. შიოს ხილვის ნება მიეცათ. ისინი დათანხმდენ. ეპისკოპოსი მივიდა ,,უდაბნოდ და იხილა ნეტარი იგი ბერი.” ურთიერთმოკითხვის შემდგომ, აბიბოსმა სთხოვა ბერს მისთვის ელოცა. წმ. შიომ აღუთქვა და შემდეგი სიტყვებით განამტკიცა ტყვე, ,,არა უმეცარ არს სიწმიდე შენი, რამეთუ მრავლითა ჭირითა გვიღირს შესვლად სასუფეველსა ღუთისასა.”

წმ. აბიბოსი მარზაპანს მიჰგვარეს. ამ უკანასკნელის შეკითხვაზე, თუ რად მოკლა ეპისკოპოსმა მათი ღმერთი, ანუ ცეცხლი, ნეტარმა მიუგო ,,მე არავინ ვიცი მეფედ მეფე, გარნა უფალი ჩვენი იესო ქრისტე.” მშვიდად და გულწრფელად შეევედრა მტარვალებს განრიდებოდნენ ბოროტსა და ჭეშმარიტი ღმერთი ეწამებიათ.

განრისხებული მარზაპანის ბრძანებით, ნატანჯი მამა ჩაქოლეს. ესეც არ აკმარეს და ,,განათრიეს გარეშე ქალაქსა და მცველნი განაწესეს მის ზედა, რათა მხეცთა და მფრინველთა შეჭამნეს ხორცნი მისნი.” მცველების დაყენების მიზეზი შიში იყო, უსჯულოთა შიში, ქრისტიანებს ეპისკოპოსი წესისამებრ არ დაეკრძალათ.

მოხდა საოცრება, ,,სანატრელსა მას ხორცთა მისთა არა რა შეეხო ყოვლადვე მხეცთა და მფრინველთაგან.” თვით მძვინვარე ნადირმაც კი არ იკადრა შეხებოდა წმიდა სხეულს.

მამებმა მისი ცხედარი გადმოაბრძანეს მცხეთაში და ,,დაფლეს მუნ მონასტერისა შინა ადგილსა მას დიდითა დიდებითა.”

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 11587314 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ