მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
26 ივნისი 2017  03:07 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
მუდარა
"თუ გსურს,მწუხარების გარეშე იცხოვრო, ეცადე, უფალს აამო." -
ამბა ევაგრე





Untitled Document

ისე წილკნელი

"ესე სამგზის სანატრელი მღვდელთმოძღვარი იყო ნათესავით ასური, შუა მდინარით, ვინა იგი სხუანიცა ათორმეტნი მამანი მნათობნი ქვეყანისა ჩუენისანი".

ნეტარმა ისემ დატოვა მშობლები, სახლი, სიმდიდრე. იგი "შედგომილ იყო კუალსა მწყემსისა მის კეთილისასა," იოანე ზედაზნელისას, ვისი წინამძღვრობითაც ქართლში მობრძანებულმა ასურელმა მამებმა ფასდაუდებელი ღვაწლით განამტკიცეს ქრისტიანობა. შესანიშნავი აგიოგრაფის, ბესარიონ ორბელიშვილის განმარტებით, "კაცნი ესე წმიდანი არარა დაკლებულ იქმნეს მსგავსებას წმიდათა მოციქულთასა." მცხეთაში მათი მოსვლისას "გარდამოხდა სული იგი ჭეშმარიტებისა" და წმიდა მამები "მეტყველებდეს სიტყუათა უცხოთა იგინი ჩუენთა."

ბერები ზედაზენის მთაზე დამკვიდრდნენ და რამოდენიმე წელიწადი იქ გაატარეს ღვაწლში. მათი ერთად მოღვაწეობის პერიოდში ნეკრესისა და წილკნის ეპისკოპოსები აღესრულნენ. სწორედ ამ დროს, ქართლის კათალიკოსი ევლავიოზი, მამათა სავანეს ეწვია. იოანეს ბრძანებით, ისემ და აბიბოსმა წირვა აღასრულეს. ზიარების შემდეგ "უპყრა ხელი კათალიკოზმან ავლავიოს სანატრელსა ისეს და ჰრქუა "გიხაროდენ, ეპისკოპოსო წილკნისაო." წმ. მამა თავს ამ პატივის ღირსად არ თვლიდა და განტევებას ითხოვდა. საბოლოოდ, მოძღვრისა და კათალიკოსის ნებას დამორჩილებული, პატრიარქმა "წარავლინა იგი საყდარსა წილკნისასა."

ერთხელ ისე წილკნელი და შიო მღვიმელი ნეტარმა იოანემ იხმო თავისთან, ზედაზნის სავანეში. ამ მოწოდების მიზანი მამათა სასწაულმოქმედების გამოცდა იყო, "რათა ეჩუენოს კაცთა ძლიერება ქრისტესი."

მოძღვარმა სასმელით სავსე სასმისი ითხოვა. ელია დიაკონმა მიართვა და წმიდა ბერის ლოცვით სასწაული აღსრულდა, ხელი გაუშვა რა იოანემ, "ჰაერთა შინა დადგა ჭიქა იგი, ვითარცა მყარსა რასმე ზედა." შემდეგ ნეტაერ შიოს მიეცა კურთხევა. მან ნაკვერცხალი შიშველ ხელისგულზე დაიყარა და საკმეველი დააფრქვია. ბერმა კმევით მოიარა წმიდა სავანე, ნაკვერცხალი კი ღვიოდა და მას არას ვნებდა.

ახლა ისეს მიუბრუნდა ნეტარი იოანე და ჰქუა "გუნებავს, რათა შენგან კურთხევა მოვიღოთ, რომელი გუაქუნდეს სახსენებლად შენდა. ,,წილკნის ეპისკოპოსი წმიდა მამათა და მრავალ მორწმუნეთა თანხლებით მდინარე ქსანს მიადგა. წყალუხვ მდინარეს ნეტარმა ისემ კვერთხი დაჰკრა და უბრძანა: " მდინარეო, სახელითა უფლისა ჩვუენისა იესო ქრისტესაითა. . . შემომიდეგ, ვიდრეცა ვიდოდე." მოხდა დიდი სასწაული, რაც ერმა იხილა და რის აღმსრულებელი წმ. მამა ისე ემსგავსა "დიდსა მას ღმრთისმხილველსა მოსეს, წყალსა ზედა რაინდს." ქსნის წყალი მორჩილად შეუდგა წმიდანის კვერთხს, მოვიდა წილკნის საყდართან და "მარად მის ადგილსა" დარჩა.

ეს დიდებული საკვირველება იყო. წმიდა მამებმა მადლითა და ნებით, ჰაერი, ცეცხლი და წყალი დაიმორჩილეს.

"არა იყო საზომი" ნეტარ ისეს მოთმინებისა, სათნოებისა, მოძღვრებისა და მარხვისა." იგი მოწყალე, კაცთმოყვარე, ავდმყოფთა მეოხი და გლახაკთა მფარველი იყო. ბოროტს მოაქცევდა და კერპებს მუსრავდა, თავისი სამწყსო "სულიერად გამოზარდნა და წარუძღუა ზეცისა სუფევისა მიმართ."

მრავალმოღვაწე ეპისკოპოსი ისე, აღსრულების შემდეგ "შეისუენა თვისსა საყდარსა მშიდობით."

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 10117091 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ