მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
21 ოქტომბერი 2017  05:57 ქართული შრიფტი


ალექსანდრე ჭავჭავაძე
ვაჰ, სოფელსა ამას
"როგორც სულს გაყრილი სხეული კვდება, ასევე სული კვდება ღმერთთან ერთობის გარეშე" -
ნეტარი ავგუსტინე





Untitled Document

ღირსი არსენ იყალთოელი (+1127)

ხსენება 6 (19) თებერვალი

ღირსი  არსენ იყალთოელი  ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მოღვაწე, მთარგმნელი, ენციკლოპედისტი, ჰიმნოგრაფი და ფილოსოფოსი დაიბადა 1050 წლის ახლო ხანებში. წერილობითი წყაროები მას ვაჩესძედ იხსენიებს. როგორც დავით რექტორი (1745-1824) წერს: "ესე არსენ იყო გვარად ვაჩნაძე, იბადის ძე, კაცი ბრძენი და მეცნიერი და ელინურისა ენისა ზედმიწევნილი. აქუნდა შკოლა იყალთოს მონასტერსა და იყო მოძღვარი სამეცნიერო დავით აღმაშენებელისა მეფისა".

ღირსი მამის ცხოვრება დაწვრილებით არ შემონახულა, ვიცით მხოლოდ, რომ ის იყო უმცროსი თანამედროვე ღირსი ეფრემ მცირისა. მას საფუძვლიანი და ღრმა განათლება კონსტანტინე მონომახის მიერ დაარსებულ მანგანის აკადემიაში მიუღია, სადაც უთარგმნია თავისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თხზულება, გიორგი ჰამარტოლის "ხრონოგრაფი", რომელიც ცხრა წიგნისაგან შედგება და მოგვითხრობს ისტორიას ადამიდან თეოდოსი დიდის (379-395) მეფობამდე. აქვე, მანგანის მონასტერში დაიწყო თარგმნა არსენმა დოგმატურ-პოლემიკური ხასიათის კრებულისა, რომელსაც ქართულ მწერლობაში "დოგმატიკონი" ეწოდება. იგი შემდგომ შიომღვიმის მონასტერში განასრულა და თანდათან შეივსო სხვადასხვა პირთა მიერ ნათარგმნი თხზულებებით. როგორც თვითონ არსენი ამბობს ეს წიგნი "ნამდვილი წინამძღვარი არს წმიდისა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისა და თუალი, რომლითა ხედავს, და პირი, რომლითა ზრახავს, და სასმენელი რომლითა ესმინ ღმერთშემოსილთა მამათა უცთომელნი მოძღურებანი, და საყნოსელი, რომლითა იყნოსს სულნელებასა ღმრთივსულიერთა წერილთა ყუავილისასა..." შემდეგ არსენი ანტიოქიაში წავიდა შავ მთაზე და მოღვაწეობა ღირსი ეფრემ მცირის ხელმძღვანელობით დაიწყო. ეფრემის გარდაცვალების შემდეგ არსენმა დატოვა შავი მთა, ისევ მანგანის მონასტერში დაბრუნდა და გააგრძელა მთარგმნელობითი მოღვაწეობა.

1114 წელს არსენი, მეფე დავით აღმაშენებლის მოწვევით, საქართველოში ჩამოვიდა შიო მღვიმის მონასტერში დაემკვიდრა, არსენმა როგორც უდიდესმა ღმრთისმეტყველმა და მეცნიერმა მოღვაწეობა დაიწყო გელათის აკადემიაში. აქ ყოფნისას თარგმნა მან "დიდი სჯულისკანონი". გელათის მონასტრის ერთ-ერთ ნუსხის გადამწერი ვინმე გრიგოლ ჩახრუხაისძე ამბობს: "გულმოდგინებითა გადავწერე თუისითა ხელითა ქრისტიანეთა წინამძღუარი, დიდი ესე სჯულის კანონი, საუკუნოდ მოხსენებულისა და ჩუენ ქართველთათუის ფრიად ჭირთა თავსმდებელისა არსენი იყალთოელის თარგმნილი". შემდეგ არსენი კახეთში გადავიდა და იყალთოს მონასტერთან დააარსა უმაღლესი სკოლა-აკადემია. არსენი ესწრებოდა დავით აღმაშენებლის თაოსნობით მოწვეულ კრებას. დავითის ისტორიკოსი წერს, რომ მეფემ მოუწოდა "არსენ იყალთოელსა, თარგმანსა და მეცნიერსა ბერძენთა და ქართველთა ენისასა და განმანათლებელსა ყოველთა ეკლესიათასა".

არსენი შეესწრო დავით აღმაშენებლის გარდაცვალებას. "ხელმწიფის კარის გარიგებით" ცნობილია, რომ მას დაუწერია ეპიტაფია წმიდა კეთილმსახური მეფისა.

მეფე დავით აღმაშენებლის მოძღუარი სამეცნიერო და მთელ ქრისტიანულ სამყაროში  ღმრთისმეტყველებითა და სიწმიდით ცნობილი არსენი, თარგმანების თუ ორიგინალური თხზულებების ანდერძ-მინაწერებში თავს "უღირსს და მდაბალ მონაზონად და უუნდოეს ყოველთა დაბადებელად" მოიხსენიებს და შენდობას ითხოვს თუ რაიმე ნებსითი ან უნებლიე შეცდომა იპოვებოდა მის ნაშრომში.

"ღვთისმეტყუელი, ფილოსოფოსი, ფიზიკოსი, ანატომოსი, ალიღორიულთა შეთხზვათა შინა ქებული, უცხო და მაღალი მესტიხე და საეკლესიო ტიპიკონთა მეტყუელი" არსენ იყალთოელი გარდაიცვალა დაახ. 1127 წელს, დაკრძალულია იყალთოში, მონასტრის დამაარსებლის, წმიდა ზენონის გვერდით.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12153077 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ