მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
22 აგვისტო 2017  10:25 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
ვარსკვლავი
შეუძლებელია, არ დაეცე; მაგრამ საჭიროა და ვალდებულიც ხარ, დაცემული ადგე. თუ სწრაფად მორბენალი რაიმეს დაეჯახა, მეყვსეულად ადგება და კვლავ მიზნისაკენ აგრძელებს გზას – მიბაძე მას. -





Untitled Document


წმიდა მოწამენი: მიტროპოლიტი ნაზარი;
დეკანოზები გერმანე, იეროთეოსი; მღვდელი სიმონი;
პროტოდიაკონი ბესარიონი (+1924) და ყოველნი ახალ მოწამენი

მიტროპოლიტი ნაზარი (ერისკაცობაში იოსებ ლეჟავა) დაიბადა 1872 წელს იმერეთის სოფელ დიდ ჯიხაიშში. მისი წინაპრები სასულიერო პირნი ყოფილან და მომავალი მიტროპოლიტი სიყრმიდანვე სარწმუნოებრივ-საეკლესიო გარემოში იზრდებოდა.

ნაზარიმ დაწყებითი განათლება ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო. 1892 წელს მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. იგი ჯერ დიაკვნად, შემდეგ კი, 1893 წლის 22 თებერვალს, მღვდლად აკურთხეს. პირად ცხოვრებაში დატრიალებული უბედურების შემდეგ (ჯერ მეუღლე გარდაეცვალა, შემდეგ - ორივე ასული), 1904 წელს იგი ბერად აღიკვეცა. 1905 წელს მღვდელ-მონაზონი ნაზარი დაინიშნა ველენსკის სასწავლებლის ჰომილეტიკის პედაგოგად; 1907 წელს კი კლევანსკის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად გადაიყვანეს.
1910 წელს მღვდელ-მონაზონი ნაზარი აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში. 1911 წელს იგი იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვარი გახდა. ამავე წლის 1 დეკემბერს არიქმადრიტი ნაზარი ეპისკოპოსის ხარისხში იქნა აღყვანილი და ქუთათელ მიტროპოლიტად დადგინდა.

ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ ნაზარის სასულიერო მოღვაწეობაში მეტად რთულ ვითარებაში მოუხდა: 1905 წელს ქართველმა სასულიერო მოღვაწეებმა წამოჭრეს საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი, რამაც რუსეთის მხრიდან მძაფრი რეაქცია გამოიწვია.
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიისათვის ბრძოლა გაგრძელდა 1906 წელსაც. რუსეთის უმაღლესი სინოდი იძულებული გახდა, საქართველოს ეკლესიის საკითხი რუსეთის საეკლესიო კრებაზე გაეტანა. ამ კრებაზე საკითხი უარყოფითად გადაწყდა.

1917 წლის რევოლუციის შემდეგ ქართველებმა ისევ დასვეს ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხი და 1917 წლის 12 მარტს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში საზეიმოდ გამოცხადდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია; 16 მარტს თბილისში შემდგარმა სასულიერო მოღვაწეთა კრებამ კი დაადგინა, რომ ამიერიდან სიონის ტაძარში ღვთისმსახურება ქართულ ენაზე უნდა აღსრულებულიყო. ყველა ამ მოვლენის ცენტრში ტრიალებდა მიტროპოლიტი ნაზარი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიისა და ეროვნული დამოუკიდებლობის ხანმოკლე პერიოდი რეპრესიების ახალი წლებით შეიცვალა. ახალმა რეჟიმმა ახალი წესები მოიტანა. 1921 წელს მიწაზე კერძო საკთრება გაუქმდა და ეკლესია-მონასტრებს თავიანთი კუთვნილი მიწები ჩემოერთვათ. მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა მიტროპოლიტი ნაზარის ეპარქიაში შემავალი გელათის მონასტერიც. საუკუნეებგამოვლილმა მონასტერმა, რომელიც „ახალ ათინად და მეორე იერუსალიმად“ იწოდებოდა, 1923 წლის  გაზაფხულზე არსებობა შეწყვიტა.
1922-23 წლები უმძიმესი პირიოდია საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. ბოლშევიკური მთავრობის ინიციატივით დაინგრა ათას ორასი ეკლესია, განადგურდა საეკლესიო განძეულობა, დაიწვა უამრავი უნიკალური ხელნაწერი, რეპრესირებულ იქნა მრავალი სასულიერო პირი და ეროვნული ორიენტაციის მქონე ადამიანი.

1921 წლის 23 თებერვალს წითელი არმიის შეტევის გამო მენშევიკური მთავრობის წინადადებით და საკათალიკოსო საბჭოს დადგენილების თანახმად სიონისა და სვეტიცხოვლის განძეულობა გადატანილ იქნა ქუთაისში. პატრიარქ ლეონიდეს მითითებით განძეულობის ოთხი ყუთი დამარხეს ბაგრატის ტაძრის ძირში მდებარე ნაზარის სამიტროპოლიტო სახლის აივნის ქვეშ.

ქვეყნის ოკუპაციის შემდეგ ბოლშევიკებმა მიაკვლიეს განძეულობას და დააპატიმრეს მიტროპოლიტი ნაზარი. მას ბრალად ედებოდა მონაწილეობა ხელისუფლების წინააღმდეგ აგიტაციასა და სიონისა და სვეტიცხოვლის ქონების გადამალვაში. კითხვაზე, თუ ვისთვის ინახებოდა განძეულობა, სასამართლო პროცესზე მიტროპოლიტმა უპასუხა: „ეკლესიისათვის და ქართველი ერისათვის“. სასამართლომ ნაზარის მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა. შემდგომში იგი შეიცვალა პატიმრობითა და პირადი ქონების კონფისკაციით.
1924 წლის აპრილში ამინისტიის საფუძველზე ორი წლის პატიმრობის შემდეგ მიტროპოლიტი ნაზარი გაათავისუფლეს. იგი დაუბრუნდა თავის ეპარქიას, სადაც ძალზე მძიმე მდგომარეობა დახვდა. მიტროპოლიტი არ შეუშვეს სარეზიდენციო სახლში, რომელიც საწყობად იყო გადაქცეული. იგი იძულებული გახდა, ძმის ოჯახისათვის შეეფარებინა თავი.

უდრტვინელად ატარებდა მიტროპოლიტი ნაზარი თავის ჯვარსს, რომელსაც სარწმუნოებისათვის თავდადების ღვაწლით უნდა გაებრწყინებინა მღვდელმთავარი. მეუფე ნაზარს გვერდით ედგნენ და მის სამღვდელმთავრო ღვაწლს უმსუბუქებდნენ ეპარქიის ღვთისმსახურები, რომლებიც  ასევე სასტიკად იდევნებოდნენ ხელისუფლებისაგან.


ართველი ხალხი ათეისტულ რეჟიმს ვერ შეურიგდა. 1924 წელს საქართველოში დაიწყო შეიარაღებული აჯანყებისათვის მზადება. 28 აგვისტოს, მარიამობას აჯანყებამ იფეთქა ქუთაისში და მალე იგი მთელ საქართველოს მოედო. საქართველოს საგანგებო კომისიის მუშაკებმა მიაგნეს აჯანყების შტაბს შიო-მღვიმის მონასტერში და დააპატიმრეს მისი ხელმძღვანელები. საბჭოთა ხელისუფლების ანგარიშსწორებამ შეუზღუდავი ხასიათი მიიღო, რასაც შედეგად უამრავი უდანაშაულო პირის დასჯა და დახვრეტა მოჰყვა.

1924 წლის აჯანყების წინა დღეს, 27 აგვისტოს, მიტროპოლიტ ნაზარის სოფელ როდინოულიდან ეწვია დელეგაცია და სოფლის ეკლესიის კურთხევა სთხოვა. დანიშნულ დროს მიტროპოლიტი ნაზარი სასულიერო პირებთან ერთად სოფელში მივიდა. მათ ეკლესია აკურთხეს. ღამით სიმონეთში ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად მყოფ მიტროპოლიტს და მის თანმხლებ სამღვდელოებას მოულოდნელად თავს დაესხნენ ჩეკისტები, ხელ-ფეხი შეუკრეს, თოფის კოდახებით სცემეს, შემდეგ ურემზე დააკრეს და სოფლის საბჭოში მიიყვანეს.

მეორე დღეს პატიმრები ქუთაისის შინსახკომში გადაიყვანეს და სხვა პატიმრებთან ერთად ბნელ საკანში გამოამწყვდიეს. ყოველგვარი გასამართლების გარეშე „განსაკუთრებულმა სამეულმა“ საფიჩხიას ტყეში დახვრიტა მიტროპოლიტი ნაზარი და მასთან ერთად ოთხი სასულიერო პირი: დეკანოზი გერმანე ჯაჯანიძე, დეკანოზი იეროთეოზ ნიკოლაძე, მღვდელი სიმონ მჭედლიძე და დიაკონი ბესარიონ კუხიანიძე.

1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ ბევრ სხვა საკითხთან ერთად განიხილა აღნიშნული მოვლენა და დაადგინა: მიტროპოლიტ ნაზართან ერთად მოკლულთა სახით კანონიზებულ იქნას საქართველოში, ეკლესიისა და ერისათვის ურწმუნოთაგან მოკლული ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი და ეწოდოთ მათ სახელად ახალმოწამენი.

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 11581333 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ