მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
20 ოქტომბერი 2017  11:35 ქართული შრიფტი


ნიკოლოზ ბარათაშვილი
*** ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი
"ღმერთი წრეა, რომლის ცენტრიც ყველგანაა, გარესაზღვარიკი - არსად." -
წმიდა იოანე დამასკელი





Untitled Document

მოციქულთასწორი  ნინო, ქართველთა განმანათლებელი (IV ს.)

ხსენება 14 (27) იანვარი

წმიდა ნინო დაიბადა, კაბადოკიის ქალაქ კოლასტრეში 308 წელს.  ნინო სახელგანთქმული  მშობლების, რომის მხედართმთავრის ზაბულონის და იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის დის, სოსანას (მათი ცხოვრება იხ. 20 (2. VI) მაისს) ერთადერთი ასული იყო. როდესაც ნინოს თორმეტი წელი შეუსრულდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში გადასახლდნენ. წმიდა ქალაქში მისვლის შემდეგ ნინოს მამამ, ზაბულონმა მონაზვნად აღკვეცა გადაწყვიტა, გამოემშვიდობა ოჯახს და იორდანის უდაბნოს მიაშურა სამოღვაწეოდ. ქმრის წასვლის შემდეგ სოსანა იერუსალიმის პატრიარქმა იუბენალმა დიაკონისად აკურთხა, ნინო კი აღსაზრდელად მისცა მოხუც ქალს, სარა ნიაფორს. აღმზრდელი ქრისტიანულად ზრდიდა ნინოს, უამბობდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებისა და წამების ამბავს. უამბო ცხოველმყოფელი ჯვრის შესახებ, რომელიც იერუსალიმში იყო დამარხული და რომლის ადგილსამყოფელიც იმ დროისათვის არავინ იცოდა. უამბო იესუ ქრისტეს კვართის შესახებ, რომელიც "ხუდა წილითა მით ჩრდილოელთა მცხეთელთა მოქალაქეთა".

ეფესოდან იერუსალიმში ჩამოსული ელენე დედოფლის მსახური ქალისგან შეიტყო წმიდა ნინომ რომ დედოფალს "აქუს დიდი წადიერება ქრისტეს სჯულისა და ნათლობისათვის" და გადაწყვიტა დედოფლათან წასულიყო რომში და შემდგომ ქართლის ქვეყანაშიც განემტკიცებინა ქრისტეს სარწმუნოება.

პატრიარქმა იუბენალმა აღსავლის კარებთან დააყენა დისწული, ხელი დაადო თავზე და უფალს შეჰღაღადა:  "უფალო, ღმერთო მარადისობისაო, შეგავედრებ ობოლსა შვილსა დისა ჩემისასა და წარვავლინებ მას ქადაგებად ღვთაებისა შენისათა, რათა ახაროს აღდგომა შენი და სადაც სასურველი იყოს შენთვის მიმოსვლა და ქადაგება მისი, ექმენ, ქრისტე ღმერთო, მას მეგზურად, ნავთსადგურად, მოძღვრად და ენის შემაცნებელად ისე, ვითარცა იქმოდი ამას წინამორბედთა, მოშიშთა სახელისა შენისათა მიმართ".

რომში ჩასული ნინო შეხვდა მეფის ნათესავს რიფსიმეს და მის დედამძუძე გაიანეს, რომლებიც ქრისტეს სჯულზე მოაქცია. ამ დროს რომის იმპერატორი იყო ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი დიოკლეტიანე. მას  მოეწონა რიფსიმე და გადაწყვიტა, ცოლად შეერთო იგი. ქალწულები მიხვდნენ, რომ ეს მტრის ფარული ხრიკები იყო, კერპთა თაყვანისმცემელი მეფე ვერ იქნებოდა შესაფერი მეუღლე ქრისტიანი ქალისა.

წმიდა ნინო, რიფსიმე, გაიანე და მათთან ერთად ორმოცდაათი ქალწული სომხეთში გაიქცნენ. დიოკლეტიანემ მალემსრბოლები აფრინა ლტოლვილთა მოსაძიებლად, შემდეგ თრდატ სომეხთა მეფეს გაუგზავნა ეპისტოლე და უბრძანა: "მოიძიე იგი და რა იპოვნო, მხლებელნი მისნი სიკვდილით მოაკვდინე, ხოლო თვით ის, სახელად რიფსიმე,  მე გამომიგზავნე. და თუ შენ გთნდეს, შენთვის დაიგულე, რამეთუ არავინ იპოვება სხვა მსგავსი იონთა ქვეყანაში”.

თრდატ მეფემ იპოვა ქალები, მოიხიბლა რიფსიმეს სილამაზით და მისი ცოლად შერთვა განიზრახა. წმიდანი არ დაემორჩილა მეფის სურვილს, რისთვისაც თრდატმა აწამა იგი დედამძუძე გაიანესა და სხვა ორმოცდაათ ქალწულთან ერთად. წმიდა ნინო ვარდის ბუჩქებში დაიმალა. უფალი სხვა ღვაწლისთვის ამზადებდა მისი სიყვარულით ანთებულ ქალწულს.

წმიდა ნინო მცხეთისაკენ გამოემართა, ივნისის თვე იყო როცა წმიდანი ფარვანის ტბას მიადგა. "ხოლო მოხედნა რა მუნით და იხილა მთანი ჩრდილოსანი: რამეთუ დღეთა მათ ზაფხულისათა იყვნეს სავსენი თოვლით და ჰაერითა სასტიკითა". ნინომ მეთევზურთაგან ითხოვა საზრდელი და გაიცნო მწყემსები, რომლებიც არმაზისა და ზადენის კერპებს აღუთქუმიდეს შესაწირავთა: "ოდენ მოვიდეთ მშვიდობით", "რომლისა სოფლისანი ხარ"? ჰკითხა მათ ნინომ, მწყემსებმა ახლო სოფლები დაუსახელეს დილისა ქალაქისა მცხეთისანი, სადა ღმერთები ღმერთობენ და მეფენი მეფობენ... ერთმა მათგანმა "ესრეთ-ოდენ აუწყა, რომელ მდინარე გასდის ტბასა ამას მცხეთის მისვლად".

წმიდა ნინომ მდინარის სათავესთან "დაიდო ლოდი სასთუმალად დაწვა და დაიძინა". ჩვენებაში წმიდანმა იხილა კაცი რომელმაც მას წიგნი მიაწოდა და ჰრქუა: "მიართუ ესე მცხეთის მეფეს მას წარმართთასა" შეშინებულმა ნინომ უარი შეჰკადრა, მაგრამ დარწმუნდა რა რომ "ზეცით იყო ჩუენებით იგი, და აღიხილა ზეცად და ხვალისაგან ითხოვა შეწევნაი მისი".

წმიდა ნინო მდინარეს გამოჰყვა _ "მიუდგა გზათა ძნელთა და ფიცხელთა, ნახნა ჭირნი დიდნი გზათაგან და შიში დიდი მხეცთაგან", ნინომ ურბისამდე მოაღწია "სადა-იგი იხილა ერი უცხოთა თესლთა ღმერთთა მსახური; რამეთუ ცეცხლსა, ქვათა, და ძელთა ღმერთად თაყუანის-ცემდეს". ნინო იქ მცხოვრებ ებრაელებთან დარჩა მთელი თვე. შემდეგ ნინო თან გაჰყვა მცხეთაში სავაჭროდ და "ზორვად წინაშე არმაზ ღმრთისა მათისა" წასულ ხალხს.

მცხეთაში ნინომ იხილა მოგვთა სიმრავლე და ხალხის ცთომა "და ტიროდა ნინო წარწყმედასა მას ზედა მათსა".

საშინელი სანახაობა დახვდა იქ წმიდანს: მეფე, მთავარნი და ყოველი ერი შიშით ძრწოდა კერპთა წინაშე. შეწუხდა ქალწული: "უფალო, მოხედენ წყალობით ამათ ზედა ნათესავთა…,  რათა ყოველმან ერმან მხოლოსა ღმერთსა თაყვანის გცენ იესოს მიერ ძისა შენისა",_ შეჰღაღადა მან ღმერთს. დაბერა საშინელმა ქარმა, წამოვიდა სეტყვა და შეიმუსრა კერპები. შეშინებული ხალხი სხვადასხვა მხარეს გაიფანტა.

წმიდა ნინო სამეფო ბაღში დასახლდა, ბაღის მცველის უშვილო ოჯახს წმიდა ნინოს ლოცვით ღმერთმა შვილი მიჰმადლა. გახარებულმა ცოლ-ქმარმა აღიარა ქრისტე და დაემოწაფა წმიდანს. ქალაქის ზღუდის გარეთ, სადაც დღეს მცხეთის სამთავროს დედთა მონასტერია ნინომ იპოვა მაყლოვანის დიდი ბუჩქიდა იქ დასახლდა.

ნინო ხშირად დადიოდა ებრაელთა უბანში "რათამცა ცნა საქმე კუართისა მის" აქ მან გაიცნო ებრალეთა მღდელი აბიათარი და მისი და სიდონია, რომლებმაც სხვა ექვს ებრაელ დედებთან ერთად აღიარეს ქრისტე, მაგრამ რაკი ქალაქში ქრისტიანი მღდელი არ იპოვებოდა მათ ნათლისღება არ მიუღიათ.

ურიებმა აბიათარის ქვით ჩაქოლვა განიზრახეს, მაგრამ მეფე მირიანმა დაიცვა აბიათარი. ნინო კვლავინდებურად "ილოცვიდა დაუცხრომელად საყუდელსა მას თვისსა მაყუალთა მათ ქუეშე. და დაკვირვებულ იყვნენ წარმართნი იგი ლოცვასა მისსა და მღვიძარებასა". სამი წლის განმავლობაში ნინომ მრავალი მოწაფე გაიჩინა, ურიები და მოგვები ვერ ბედავდნენ ქრისტეს მოსავთა დევნას, რადგან მირიან მეფე უთანაგრძნობდა ქრისტიანებს. "ხოლო ნანა დედოფალი გულფიცხელ იყო უმეტეს და შეურაცხჰყოფდა ქადაგებასა მას".

ერთხელ ნანა დედოფალი სასიკვდილოდ  დასნეულდა, სასოწარკვეთილი დედოფლის მსახურნი წმიდა ნინოსთან მივიდნენ, აუწყეს ყოველივე და სახლში გაყოლა ìთხოვეს. "არა ბრძანებულ არს ჩემდა, რათა განვიდე, სადა შვება ჩვენი არა არს, არამედ დედოფალი მოვედინ საყოფელსა ამას ჩემსა და ჭეშმარიტად განიკურნოს ძალითა ქრისტესითა" - უპასუხა წმიდანმა. ნანა დედოფალი დამორჩილდა მოციქულთასწორის ბრძანებას. წმიდა ნინომ ილოცა, ჯვარი გადასახა და განკურნა დედოფალი. ამის შემდეგ ნანამ აღიარა ქრისტე. უამრავი სასწაულებრივი კურნებები აღესრულებოდა ნინოს ლოცვით, მცხეთაში იმდენად გამრავლდნენ ნინოს მოწაფეები რომ მოგვები და ურიები ყოველნაირად ცდილობდნენ მეფის წინაშე სახელი გაეტეხათ ქრისტეს მიმდევრებისთვის.

ერთხელ მეფე მირიანი სანადიროდ წავიდა, მას გადაწყვეტილი ჰქონდა, მცხეთაში დაბრუნებისთანავე ამოეწყვიტა ჯვარცმული ქრისტეს მოსავნი, მათ შორის თავად ნანა დედოფალიც, თუ ის არ დატოვებდა ქრისტეს სჯულს. ნადირობისას მოულოდნელად  მზე დაბნელდა. მარტო დარჩენილი მირიან მეფე დიდხანს ამაოდ უხმობდა შემწედ კერპებს. როცა იმედი გადაუწყდა, ქრისტეს შეევედრა: "ღმერთო ნინოსაო, განმინათლე ღამე ესე და მაჩვენე საყოფელი ჩემი და აღვიარო სახელი შენი, აღვმართო ძელი ჯუარისა  და თაყვანის-ვსცე მას, აღვაშენო სახლი სალოცველად ჩემდა და ვიყო მორჩილ ნინოსა სჯულსა ზედა ჰრომთასა”. მაშინვე გამობრწყინდა მზე. გახარებულმა მირიანმა მადლობა შესწირა ქვეყნიერების შემოქმედს. მცხეთაში დაბრუნებულმა მეფემ ინახულა წმიდა ნინო და აუწყა განზრახვა.

ნინოს რჩევით მირიან მეფემ ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე დიდთან გაგზავნა მოციქულები, ნინომ წერილიც გაატანა ელენე დედოფალთან და "ითხოვნეს მოსწრაფებით მღდელნი ნათლისღებისათვის... ხოლო წმიდა ნინო და მოწაფენი მისნი ქადაგებდეს ერსა მას ზედა დღე და ღამე დაუცხრომელად, და უჩუენებდეს გზასა ჭეშმარიტსა სასუფევლისასა" მღვდლების ჩამოსვლამდე მირიან მეფემ ნინოს ჰკითხა თუ სად ჯობდა "აღშენებად სახლსა ღმრთისასა" ნინომ თავმდაბლად უპასუხა: "სადაცა მეფეთა გონება მტკიცე არს". მირიანმა მაყვლოვანის ბუჩქთან ინება ეკლესიის აშენება და გადაწყვიტა მის ბაღში მდებარე საუკეთესო ნაძვის ხეები მოეჭრა მშენებლობისათვის. ბაღის ერთ-ერთი უმშვენიერესი ნაძვის ხისგან მეფის ბრძანებით ეკლესიის შვიდი სვეტი შეამზადეს. მათ შორის ყველაზე დიდი "რომელი საკვირველ იყო ხილვითა. საშუელ ეკლესიისა შესაგდემელად განმზადებული, ვერ შეუძლეს აღმართებად მისა". ხალხი გაკვირვებული იყო ამ სასწაულით, დამწუხრდა მირიან მეფეც, "ხოლო წმიდა ნინო... სანატრელი იგი გოდებდა სეუტსა მას ზედა და ადიბებდა ცრემლთა მისთა..., იმ ღამეს წმიდა ნინოსთან მყოფმა დედებმა ჩვენებით იხილეს რომ დაინგრა არმაზისა და ზადენის მთები, რომელმაც შეაგუბა მტკვარი და დატბორა ქალაქი. ნინო გულმხურვალედ ლოცულობდა "რათა არა დაებრკოლოს საქმე ესე, რომელსა წარმართებულ არს მეფე".

დილით როდესაც ყველას ეძინა ხელაპყრობით მლოცველ წმიდა ნინოს "ზედა მოადგა ჭაბუკი ერთი ყოვლად ნათლითა შემკობილი და ჰრქუა რამე სამნი სიტყვანი... და ჭაბუკმან მან შეჰყო ხელი სუეტსა მას და აღმართა და წარიღო სიმაღლესა შინა, სუეტი ცეცხლისებრ ბრწყინუალებით გარდამოვიდა და დაადგრა მეფის ბაღში მოჭრილ ნაძვის ხის ძირს. მეფე-დედოფალი და მთელი ერი შეიკრიბა ამ სასწაულის სახილველად "და იქმნეს სასწაულნი დიდნი მას დღეთა შინა".

საბერძნეთში ჩასული ქართველი მოციქულები სიხარულით შეიწყნარა კონსტანტინე დიდმა და თან იოვანე ეპისკოპისი გამოაყოლა ორი მღდელითა და სამი დიაკონით. მცხეთაში ჩამოსულ ბერძენ სამღდელოებას მიეგება მეფე-დედოფალი და მთელი ერი.
მეფე მირიანის მიმრქუმელად თვითონ წმიდა ნინო დადგა _ "ნათელ იღო მეფემან ხელსა ქუეშე წმიდისა ნინოსსა, და შემდგომად დედოფალმან შვილთა მათთა ხელსა ქუეშე მათ მღდელთა და დიაკონთა. და შემდგომად ამისა აკურთხეს მდინარე, მტკუარი და ეპისკოპოსმან შემზადა ადგილი ერთი და ეწოდა ადგილსა მას მთავართა სანათლო. ხოლო ქუემოთ მისსა, მდინარისავე პირს, ორგან, ორნი იგი მღდელნი და დიაკონნი ნათელს სცემდეს ერსა".

წმიდა ანდრია მოციქულის დაფუძნებული ეკლესია, აღორძინდა და სახელმწიფოებრივ აღმსარებლობად იქცა წმიდა ნინოს ღვაწლით. ამიტომაც საქართველოს ეკელსია წმიდა ნინოს მოციქულთასწორს უწოდებს. წმიდა ნინოს მოღვაწეობასთანაა დაკავშირებული, მტკვრისა და არაგვის შესართავს ზემოთ მთაზე დღევანდელი ჯვრის მონასტრის ადგილას, თხოს მთაზე და უჯარმაში სასწაულთმოქმედი ჯვრების აღმართვა.

წმიდა ნინო და ეპისკოპოსი იოვანე მხნედ ქადაგებდნენ სარწმუნოებას მთელს ქართველურ ტომებში. ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის დროს, კახეთში დაბა ბოდინში (ახლანდელი ბოდბე) წმიდა ნინო დასნეულდა. მეფე-დედოფალი და ეპისკოპოსი იოვანე ევედრებოდენ მცხეთაში სამეფო სასახლეში დაბრუნებულიყო, მაგრამ წმიდა ნინომ არ ინება. "მაშინ წარვიდა თვით მეფე და სიმრავლე ერისა, და შეკრბა მის ზედა სიმრავლე ერთა ძლიერთა, რამეთუ ხედვიდა ყოველი ერი პირსა ნინოსსა, ვითარცა პირსსა ზეცისა ანგელოზისასა, და მოსწყუედდიან ფესუსა სამოსლისა მისისასა, მიიღებდეს და ემთუხუეოდის სარწმუნოებით".

იოვანე ეპისკოპოსმა აზიარა წმიდა ნინო და "შევედრა სული თვისი მეუფესა ცათასა ქართლად მოსლვისაგან მისით მეთოთხმეტესა წელსა, ქრისტეს ამაღლებითგან სამას ოცდათურამეტსა წელსა და ანდერძისაებრ "დამარხეს ძლევით მოსილი გუამი მისი... დაბასა ბოდბისასა"

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12144161 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ