მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
16 დეკემბერი 2017  21:28 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
დამსეტყვე, ცაო
"იმაზე უდიდესი ბოროტება არ არსებობს, ვიდრე საკუთარი ნების გატარება და არა - ღვთის ნებისამებრ ცხოვრება." -





Untitled Document

წმინდა ცოტნე დადიანი -
საქართველოსთვის თავდადებული და აღმსარებელი (XIII)

ხსენება 30 (12.08) ივლისი

წმინდა ცოტნე დადიანი - "კაცი პატიოსანი და სათნოებიანი და ბრძოლასა შინა სახელოვანი" ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მეცამეტე საუკუნეში. იგი დაიბადა 1200 წლის ახლო ხანებში.

ხობის მონასტრის ფრესკაზე გამოსახულია ათიოდე წლის ცოტნე დადიანი და მისი მშობლები: "ერისთავთ-ერისთავი შერგილ დადიანი და დეოფალთ-დეოფალი ნათელი". როგორც ცნობილია შერგილ დადიანს მეცამეტე საუკუნის დასაწყისში განუახლებია ხობის მონასტერი, რომელიც მათი საგვარეულო კუთვნილება იყო.

წმიდანის მშობლები ზრუნავდნენ საქართველოს გარეთ არსებულ ქართულ სავანეებზეც და უხვ შეწირულობებს უგზავნიდნენ. იერუსალიმის ჯვარის ქართველთა მონასტრის აღაპებში მოხსენიებულნი არიან ცოტნეს მშობლები: შერგილ დადიანი და ნათელ აფაქიძე. დადიანებს ჯვარის მონასტერში საგანგებოდ ჰყავდათ მივლინებული სასულიერო პირები, აქ მოღვაწეობდა ცოტნეს დედის ძმა ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იოვანე.

იერუსალიმის ჯვარის ქართველთა სავანის მატიანეებში ცოტნე დადიანი სამჯერ მოიხსენიება - დედასთან, ცოლთან და ცალკე (მისი გარდაცვალების გამო დაწესებულ აღაპში).

ცნობილია, რომ შერგილ დადიანის ოჯახში ინახებოდა წმიდა მეფე თამარის გულსაკიდი ჯვარი. შერგილ დადიანს თამარის ჯვარისათვის საგანგებოდ შეუქმნია ხატი და ამ ხატის ამოკვეთილ გულში ჩაუსვე-ნებია თამარის გულზე საკიდი ჯვარი. ხატს აქვს შემდეგი წარწერა: "ქ. ჰოი ხატო არსებისაო უცვალებელო, მეოხ და მფარველ ექმენ აქა და საუკუნესა ერისთავთ-ერისთავ[სა] დადიან[სა] შერგირ[ს], და მეუღლე ჩემით დეოფალთ-დეოფალით ნათელით, ძითურთ ჩემით ცოტნეთურთ".

პავლე ინგოროყვას გამოკვლევით ცოტნე დადიანს ცოლად ჰყავდა ვეფხისტყაოსნის გენიოსი ავტორის შოთა რუსთაველის ძმის - ტბელი გრიგოლის ძის შვილი - ბორენა. მკვლევარი ვარაუდობს, რომ სწორედ ბორენას გამოატანეს მზითევში ჰერეთის ბაგრატიონთა კარის ეკლესიის წმიდა გიორგი მთავარმოწამის ხატი, ტბელი გრიგოლის ძის წარწერით. ხატი დადიანთა საგვარეულო ხობის მონასტერში  დაცულ სიწმინდეებთან ერთად დააბრძანეს. ცნობილია, რომ მონასტერში ინახებოდა ღმრთისმშობლის კვართი, დიდმოწამე მარინეს, კვირიკესა და ივლიტას წმიდა ნაწილები, თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი და მრავალი სხვ. ცოტნეს მეუღლეს ბორენა დედოფალს მიაკუთვნებენ ლენჯერში დაცული ღმრთისმშობლის ხატის ზურგზე წარწერილ იამბიკოს: "რომელმან ეგე ევას მიუზღე ვალი/ ჰრქვი რაი გაბრიელს: "ვარ უფლისა მხევალი" - /მაშინ ისტუმრე ქვეყანად მოუვალი; /დაემხო ძალი, პირველვე სისხლ-დამთვრალი!/ ქალწულო, მიხსენ ბორენა ჭირ-მრავალი".

მკვლევარის აზრით შოთა რუსთაველისა და ცოტნე დადიანის ოჯახებს შორის ურთიერთობა უფრო დიდი იყო "ვიდრე ოჯახური და ხორციელი ნათესაობა, მათ აკავშირებდათ სიყვარული სამშობლოსი. ისინი ერთად ყოფილან ქტიტორები იერუსალიმის ჯვარის ქართული სავანისა. ჯვრის მონასტრის მხატვრობა 1245-1250 წლებში ერთად განუახლებიათ ცოტნე დადიანის მიერ წარგზავნილ გრიგოლ დრანდელს და შოთა რუსთავლის მიერ წარგზავნილ ანტონ ალავერდელს".

ცოტნე დადიანი მამის გარდაცვალების შემდეგ 1225 წლების ახლო ხანებში ოდიშის ერისთავთ-ერისმთავარია, 1242-1248 წლებში ცოტნე ლიხ-იმერთა დასავლეთ სადროშოს მხედართმთავრობს. 1245 წელს რუსუდან მეფის გარდაცვალების შემდეგ მონღოლებმა საქართველოს მთავრებს უმძიმესი ხარკი დაუწესეს და თან მონღოლთა მიერ სხვა ქვეყნების დამპყრობელ ლაშქრობებში მონაწილეობაც დაავალეს. ქვეყნის მდგომარეობა იმდენად გაუსაძლისი გახდა, რომ საქართველოს მთავრებმა გადაწყვიტეს, გაერთიანებული ძალებით შებრძოლებოდნენ მტერს. კოხტასთავს დადგენილ შეკრებაზე მთავრებმა "დაამტკიცეს ომი, და დადვეს პაემანი ქართლს შეკრებისა". ცოტნე დადიანი, "კაცი კეთილი და სრული საღმრთოთა და საკაცობოთა", და რაჭის ერისთავი ლაშქრის შესაკრებად წავიდნენ. როგორც კი თათრებმა ქართველთა მთავრების ფარული შეკრების შესახებ გაიგეს, მაშინვე კოხტასთავს გამოემართნენ, იქ შეკრებილი ყველა ქართველი დიდებული დაატყვე-ვეს და ანისის ქვეყანაში, შირაანში წაასხეს. შეკრების მიზეზად ქართველები მონღოლთათვის ხარკის აკრეფას ასახელებდნენ. მონღოლებმა მთავრები გააშიშვლეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, ტანზე თაფლი წაუსვეს და, მშიერ-მწყურვალნი, პაპანაქება სიცხეში დატოვეს, თან ყოველდღე შეკრების მიზეზს ეკითხებოდნენ.

დათქმულ დროს ცოტნე გამოცხადდა თავისი ლაშქრით და შეიტყო მომხდარი, "მწუხარე იქმნა უზომოდ, და თუისად სიკუდილად და სირცხუილად შეჰრაცხა საქმე იგი, და წარავლინა ლაშქარი თუისი, და ორი-თა კაცითა წარვიდა ანისად, დამდები სულისა თუისისა და აღმსარებელი მცნებისა უფლისასა". ცოტნემ იხილა სასიკვდილოდ განწირული მოძმეები, ცხენიდან ჩამოხტა, სამოსელი გაიხადა, თვითონ შეიკრა ხელ-ფეხი და გვერდით მიუჯდა მათ. გაკვირვებულმა მონღოლებმა ცოტნეს მოსვლის მიზეზი ჰკითხეს. "ჩვენ ყოველნი ამად შევიკრიბენით, რათა განვაგოთ ხარაჯა თქუენი და ბრძანებაი თქუენი აღვასრულოთ - ეს იყო შეკრება ჩუენი. აწ თქუენ ძუირისმოქმედთა თანა შეგვრაცხენით, და მე ამის ძლით მოვედ წინაშე თქუენსა, რათა გამოიკითხოთ, და უკეთუ ღირსი რამე სიკუდილისა უქმნიეს, მეცა მათ თანა მოვკუდე, რამეთუ თუინიერ ჩემსა არარა უქმნიეს;  უკეთუ ცხოვნდენ, მათ თანა ვიყო", - უპასუხა ცოტნემ. ცოტნე დადიანის ასეთმა თავდადებამ იმდენად იმოქმედა მონღოლებზე, რომ მათ ქართველების განთავისუფლება გადაწყვიტეს. "ყოველთა ქართველთა შენ მოგანიჭებთ და შენდა მინდობილ ვართ", - უთხრეს მათ ცოტნეს და ყველანი გაათავისუფლეს.

1258 წელს ცოტნე დადიანს მანდატუხუცესობა უბოძეს. 1259 წლის მონღოლების წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში ცოტნე დადიანის სახელი აღარ ჩანს. ვარაუდობენ, რომ ამ დროისათვის ცოტნე დადიანი უკვე გარდაცვლილი იყო.

 

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12583025 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ