მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
21 ოქტომბერი 2017  05:55 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
არაგვს
მთვარი, დაუსრულებელი სათნოება არის სიყვარული. არსებობს რწმენა, სასოება და სიყვარული. სიყვარული მარადიულია. და აი, ამ მარადისობის დღესასწაულია დღეს - მარადიული სიყვარულის დღესასწაული. -
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II





Untitled Document

მოწამენი ცხრანი ყრმანი კოლაელნი
მტკვრის სათავესთან ქვით ჩაქოლილნი (VI)

ხსენება 22 (6.03) თებერვალი

მდინარე მტკვრის სათავეში მდებარეობდა სოფელი კოლა. აქ გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ქრისტიანები და წარმართები. უმეტესობა კერპთაყვანისმცემელი იყო.

ქრისტიანთა და წარმართთა ბავშვები მთელი დღეების განმავლობაში ერთად თამაშობდნენ. საღამოობით, როცა სოფლის ეკლესიაში მწუხრის ზარებს დარეკავდნენ, ქრისტიანი ბავშვები თამაშს თავს ანებებდნენ და ტაძარში მიდიოდნენ სალოცავად.
ეკლესიაში ვერ შედიოდნენ წარმართი მშობლების ბავშვები. „თქუენ შვილნი ხართ მეკერპეთანი და არა ჯერ-არს შემოსლვაი თქუენი სახლსა ღმრთისასაი ეუბნებოდნენ ეკლესიასთან მისულ ყრმებს. ქრისტიანები ყრმებს ჭეშმარიტ ღმერთს აცნობდნენ და ეუბნებოდნენ: "უკუეთუ გნებავს შემოსლუად ჩუენ თანა ეკლესიად, გრწმენინ უფალი ჩუენი იესუ ქრისტე და ნათელ-იღეთ სახელისï მიმართ მისისა და ეზიარენით საიდუმლოთა მისთა და შეგუერთენით ქრისტეანეთაი.

ერთ დღეს ყრმებმა გადაწყვიტეს და სიხარულით აღუთქვეს ქრისტიანებს, რომ მოინათლებოდნენ. კოლაელი ქრისტიანები სოფლის მღვდელთან მივიდნენ და აუწყეს ყრმათა სურვილი. მღდელი არ შეუშინდა წარმართთაგან მოსალოდნელ რისხვას და ზამთრის სუსხიან ღამეს ბავშვები მდინარეზე წაიყვანა მოსანათლავად. ხუცესმა გაყინულ მდინარეში ჩაიყვანა ბავშვები და ნათელსცა მათ. ნათლობის დროს მოხდა სასწაული: წყალი გათბა და ყრმებმა ნათლის ანგელოზები იხილეს. ანგელოზთაგან განმტკიცებულმა ბავშვებმა აღარ ისურვეს წარმართ მშობლებთან დაბრუნება და ქრისტიანებთან დარჩნენ.

მშობლებმა გაიგეს შვილების ნათლისღების ამბავი, ძალით გამოიყვანეს ისინი ეკლესიიდან და ცემა-ტყეპითა და ლანძღვა-გინებით მიიყვანეს სახლში. ბავშვებმა გმირულად აიტანეს ყოველგვარი შეურაცხყოფა და ტანჯვა-წამება, შვიდი დღე-ღამე მშიერ-მწყურვალნი მუდამ ერთსა და იმავეს იმეორებდნენ: „ჩუენ ქრისტიანენი ვართ და არა ჯერ-არს, ვითარმცა ვჭამეთ და ვსუთ ნაგები კერპთაი. ვერც მოფერებამ, ვერც ლამაზმა ტანსაცმლებმა, ვერც სხვა სიკეთეთა აღთქმამ ვერ მოხიბლა ქრისტეშემოსილი ყრმები. „ჩუენ ქრისტიანენი ვართ და არარაი გვიხმს თქუენგან, არამედ განგუეტევენით და წარვიდეთ ქრისტეანეთა თანა”, _ ითხოვდნენ ისინი.

შვილების სიმტკიცით განრისხებული მშობლები მთავართან მივიდნენ და ყოველივე აუწყეს. მთავარმა მათ უთხრა: „შვილნი თქუენნი არიან, ხელმწფება გაქუს, უყავთ, რაიცა გნებავს”. წარმართებმა მთავრისგან ბავშვების ქვით ჩაქოლვის ნებართვა ითხოვეს, მდინარის სათავესთან, იქ, სადაც ყრმებმა ნათელიღეს, დიდი ორმო ამოთხარეს და ბავშვები შიგ ჩაყარეს. „ჩუენ ქრისტეანენი  ვართ და მისთ უისცა მოვსწყდებით და მოვკუდებით, რომლისა მიმართ ნათელ-ვიღეთ”,_ ეს იყო ყრმათა უკანასკნელი სიტყვები. უსჯულო მშობლებმა პირველებმა აიღეს ქვები, შემდეგ თავმოყრილმა ხალხმაც მიჰბაძა მათ და მალე ორმო ქვებით ამოავსეს. წარმართებმა სიკვდილის პირას მიიყვანეს სოფლის ხუცესიც, გაძარცვეს და ნაძარცვი თვითონ დაინაწილეს. ეს ამბავი მოხდა VI საუკუნის სამხრეთ საქართველოში, ისტორიულ ტაოში.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12153060 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ