მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
22 აგვისტო 2017  10:21 ქართული შრიფტი


ილია ჭავჭავაძე
ბაზალეთის ტბა
"თუ გსურს,მწუხარების გარეშე იცხოვრო, ეცადე, უფალს აამო." -
ამბა ევაგრე





Untitled Document

წმიდა დავით აღმაშენებელი
მეფე ყოვლისა საქართველოისა (+1125)

ხსენება 26 (8.02) იანვარი

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი დაიბადა 1073 წლის 24 იანვარს, იგი საქართველოს მეფის გიორგი II-ის ძე იყო.  ამ დროს საქართველო ფიზიკური და სულიერი კატასტროფის წინაშე იდგა. თურქ-სელჩუკების სულთანმა მალიქ-შაჰმა დაიპყრო სამშვილდე, შეიპყრო მისი მმართველი იოანე ლიპარიტის ძე, მეფე გიორგი II-ის ცალკეული გამარჯვების მიუხედავად, აიღო და დაარბია ქუთაისი, არტანუჯი, კლარჯეთის უდაბნო. ქართველებმა  მიატოვეს სამკვიდრებელი და მთებსა და ტყეებს შეაფარეს თავი. დაცარიელებული ქვეყანა უსჯულოებმა დაიპყრეს, ააოხრეს ეკლესია-მონასტრები, ამოხოცეს მოსახლეობა. ერთ დროს ქრისტესმოყვარე ერი უსჯულოებამ და ცოდვამ მოიცვა... "ყოველმან ასაკმან და ყოველმან პატივმან ყოვლითურთ შესცოდეს ღმერთსა და მიიქცეს გზათაგან წრფელთა ყოვლისა მიმართ უკეთურებისა". აღდგომის დღეს "მოხედნა უფალმან რისხვითა და შეძრა ქვეყანა საფუძვლითურთ". საშინელმა მიწისძვრამ ყველაფერი დაანგრია.

ასეთი გაჭირვებისა და უბედურების ჟამს "იწყო  აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან, დიდმან სახელთა და უდიდესმან საქმითა, სახელ-მოდგამმან დავით, ღმრთისა მამისაგან და თუით სამეოცდამეცხრამეტემან შვილმან ამის დავითისმან, დავით". საქართველოს იმედად და პატრონად მოევლინა განსწავლული, ბრძნადმეტყველი, ღვთისმოშიში, დავრდომილთა ხელისამპყრობელი, ქვრივ-ობოლთა განმკითხავი, სამართლიანი მსაჯული, დაუმარცხებელი მეომარი, მახვილი მესიისა - წმიდა დავით აღმაშენებელი.

1089 წელს გიორგი II უარი თქვა მეფობის პატივსა და სიმძიმეზე და თავის 16 წლის "მარტოშობილ ძეს... დაადგა გუირგუინი მეფობისა". "თუით მამამან ზეცათამან პოვა დავით, მონა თუისი და საცხებელი მისი წმიდა სცხო მას"... უფალმა წყალობითა და ჭეშმარიტებით შემოსა მოწყალე და გლახაკთა მფარველი მეფე, "უზესთაესჰყო იგი უფროს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა". წინ იყო ბრძოლის, შრომის, აღმშენებლობის, მოღვაწეობის 36 წლიანი გზა.

უპირველეს ყოვლისა, დავით მეფემ დიდი თურქობის დროს გაქცეული და მიუვალ ადგილებს შეხიზნული ქართველების დაბრუნება დაიწყო ძველ ნამოსახლარზე, აზნაურებს მოუყარა თავი და მათთან ერთად შეუდგა ერის შეკრებას.

გავიდა ოთხი წელი. მოკვდა სულთანი მელიქ-შაჰი. ლიპარიტ ბაღვაშმა, რომელიც პირველ ხანებში ერთგულად ედგა მეფეს გვერდით, "იწყო მამურ-პაპურთა კუალთაï სვლა... დაღათუ ქრისტეანე იყო სახითა, გარნა ორგულება და სიძულვილი პატრონთა გუარისაგან მოაქუნდა გონებითა... დადგა ყოველსა გზასა არაკეთილსა".

მეფემ მისი მობრუნება განიზრახა და რამდენიმე ხნით შეიპყრო. კლდეკარის ერისთავმა მტკიცე ფიცი და ერთგულების პირობა დადო. მეფემ შეუნდო, მაგრამ როცა დარწმუნდა, რომ "კუდი ძაღლისა არ განიმართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს", კვლავ შეიპყრო, ორი წელიწადი საპყრობილეში ამყოფა, შემდეგ კი, პატივაყრილი, საბერძნეთს გაგზავნა. ასევე წარმატებით დათრგუნა დავითმა სხვა ურჩი დიდებულებიც. ამასობაში იერუსალიმი და ანტიოქია ჯვაროსნებმა აიღეს. ამით ისარგებლა დავით მეფემ და თურქებს ხარკის მიცემა შეუწყვიტა.

ღვთივგანბრძíობილმა მეფემ თავისი გონიერი მზერა საქართველოს ეკლესიას მიაპყრო. მან მოიწვია საეკლესიო კრება "ღვთისმოყუარეთა მონაზონთა, დაყუდებულთა და მეუდაბნოეთა სანახებთა ქართლისათა, მახლობåლად ორთა საეპისკოპოსოთა - რუისა და ურბნისისა". კრებამ აღადგინა და გააძლიერა ეკლესიის ავტორიტეტი, აღკვეთა თავგასულ ფეოდალთა და უღირს სასულიერო პირთა თავნებობა. კრებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა მართლმადიდებლური სარწმუნოების სასიცოცხლო მნიშვნელობა. "არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩუენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუეენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განგცემელ ქმნილ ვართ, ვინაიდგან შემეცნებასა შენსა ღირს ქმნილ ვართ, მოწამე არს ჭეშმარიტება", - ვკითხულობთ ამ კრების ძეგლისწერაში.

დავით მეფე აქტიურად შეუდგა საქართველოს სრულ გაერთიანებას და უპირველესად კახეთ-ჰერეთს მიმართა. თურქები და მოღალატე ფეოდალები ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებდნენ. ღმრთის წყალობას მინდობილი ლაშქარი ერწუხთან უშიშრად შეება თურქთა უზარმაზარ მხედრობას. რიგითი ჯარისკაცივით იბრძოდა მეფეც, მეომრებს ლომივით შეუძახებდა, გრიგალივით დაჰქროდა. სამი ცხენი მოუკლეს ამ ბრძოლაში, მეოთხეზე ამხედრებულმა დაასრულა ბრძოლა საკვირველი გამარჯვებით. რამოდენიმე წელი ქვეყნის შიდა პოლიტიკის რეფორმას და აღმშენებლობას მოახმარა კეთილმსახურმა დავითმა, შემდგომ კი შეუდგა თურქთაგან საქართველოს სრულ განწმენდას.

თურქთა სულთანმა მუჰამედმა 100 ათასიანი ლაშქარი დაძრა საქართველოსკენ. როცა მტრის შემოსვლა შეიტყო, თავად მეფე ათას ხუთასი კაცით თრიალეთისაკენ წავიდა. განთიადისას შეება ერთმანეთს უთანასწორო  მხედრობა. "შეწევნითა ღმრთისათა იძლია ბანაკი თურქთა". თავზარდაცემული მომხდურები ისე გაიქცნენ, რომ კარვების მოხსნა და საქონლის გარეკვაც ვერ მოასწრეს. ამასობაში მეფის აღმზრდელმა და მოძღვარმა წმიდა გიორგი ჭყონდიდელმა რუსთავიც წაართვა დამპყრობლებს. 1115 წელს მტკვრის ხეობა მთლიანად შეუერთდა საქართველოს. ერთი წლის შემდეგ კი კარნიფორსა და ბასიანს შორის დაბანაკებული თურქებიც განიდევნა.

სიმდიდრით და დიდებით აივსო სამეფო. იმავე წელს დავითმა თავისი ასული კატა¡ ბერძენთა იმპერატორს, ალექსი კომნენს მისცა სძლად, მეორე ასული კი შირვანს გაგზავნა დედოფლად, "რათა ვითარცა ორნი მნათობნი — ერთი აღმოსავლეთს, მეორე დასავლეთს - ცისკროვან ჰყოფდენ სფეროსა, მამისაგან მიმღებელნი მზეებრთა შარავანდედთანი".

"ძლევანი საკვირველნი" გრძელდებოდა, წმიდა მეფე ახალ-ახალი დიდებით იმოსებოდა. სწორუპოვარ მამას გვერდით ედგა ღირსეული შვილი, "სიბრძნითა, სიწმიდითა, ახოვნებითა და სიმხნევითა უმჯობეს მამისა" - დემეტრე (ღირსი დამიანე, დემეტრეყოფილი; ხს. 23 მაისს). მიუხედავად წარმატებისა, დავით აღმაშენებელი კარგად ხედავდა, რომ მცირერიცხოვან ქართულ მხედრობას საქართველოს ქალაქებისა და ციხეების უსაფრთხოების დაცვა და იმავდროულად მუდმივმოქმედ არმიაში ყოფნა გაუჭირდებოდა. საჭირო იყო მუდმივი ლაშქრის შექმნა. ბრძენმა მეფემ განიზრახა, ყივჩაღთაგან შეექმნა ასეთი არმია. ის კარგად იცნობდა ამ ხალხს, იცოდა მათი ომის ხელოვნების და მხნეობის ამბავი. მისი მეუღლე, გურანდუხტ დედოფალიც ხომ ყივჩაღთა მთავრის, ათრაქა შარაღანის ძის ასული იყო. ათრაქამ სიხარულით მიიღო სახელოვანი სიძის წინადადება. ყივჩაღთა მშვიდობიანი გზის უზრუნველსაყოფად მეფე და მისი აღმზრდელი, გიორგი ჭყონდიდელი ოსეთს წავიდნენ. ოსეთში გარდაიცვალა გიორგი ჭყონდიდელი, "აღმზრდელი პატრონისა და თანაგამკაფელი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღუაწლთა მისთა". დამწუხრებულმა მეფემ ორმოცდღიანი გლოვა გამოაცხადა მთელ სამეფოში.

დავითმა ყივჩაღთაგან შექმნა 40 000-იანი არმია. ამას 5000 ქართველიც მიემატა და იმ დღიდან საქართველოს განმგებლობაში მუდმივად იყო 45 000 კაცისაგან შემდგარი ლაშქარი.

დავითმა საქართველოში და მის მახლობლად მცხოვრები თურქების ნავარდობას ბოლო მოუღო. წმიდა მეფე დღითი დღე ამტკიცებდა, ჰკრავდა და აძლიერებდა ქვეყანას. მტრები ვერ ბედავდნენ ღვთივკურთხეულ მეფესთან შებმას. "ესევითართა ჭირთაგან შეიწრებულნი თურქმანნი" სულთან მაჰმუდს ეახლნენ ბაღდადში. გლოვისა და გაჭირვების ნიშნად შავად შეიღებნენ და ასე აუწყეს ამიერკავკასიაში მიმდინარე ამბები. სულთანმა არაბთა მეფე დურბეიზს უხმო, მისცა თავისი ძე, მალიქი, 60 000-იანი არმია შეკრიბა და საქართველოსაკენ დაძრა.

1121 წლის აგვისტო იდგა. ქვიშასავით მოადგა ურიცხვი მტერი თრიალეთს, მანგლისს, დიდგორს, "თუით ფერხთა ზედა ვერ ეტეოდეს ამათ ადგილთა". უშიშარმა მეფემ წყნარად, უშფოთველად და ბრძნულად განაწყო მხედრობა. ბრძოლის დაწყების წინ მეფემ სიტყვით მიმართა ლაშქარს: "ეჰა, მეომარნო ქრისტესნო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთ რამეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ესაა, რომ ჩვენ ყველამ ხელთა ცისადმი აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე უმალ მოვკვდებით, ვიდრე გავიქცევით და რომ არ შეგვეძლოს გაქცევა, რომú მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლით შევსულვართ, ხეთა ხშირ ხერგებით შევკრათ და მტკიცე გულით მტრებს, როცა მოგვიახლოვდებიან ჩვენზე იერიშის მოსატანად, სასტიკად შეუტიოთ"... უკან დახევაზე არც უფიქრია ვინმეს. მეფის გასაოცარმა საბრძოლო ტაქტიკამ მტერი შიშით გათანგა. "ხელი მაღლისა შეეწეოდა და ძალი ზეგარდმო ფარვიდა მას და წმიდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა მას და მკლავითა თუისითა მოსრვიდა ზედამოწევნულთა უსჯულოთა მათ წარმართთა".

პირველსავე ბრძოლაში მტერმა დიდი ზარალი ნახა. ბაღდადის მმართველი ილ-ღაზი მძიმედ დაიჭრა, სახელგანთქმულ სარდალს დურბეიზ სადაყას ძეს ისე ახლოს მიეჭრნენ ქართველები, რომ გულიდან ოქროს ძვირფასი მანიაკი ჩამოგლიჯეს და შემდგომ დიდგორთან მოპოვებული გამარჯვების პატივსაცემად ხახულის ღვთისმშობლის ხატს შესწირეს.

მომდევნო, 1122 წელს თბილისი აიღო დავით აღმაშენებელმა და 400 წლიანი ტყვეობის შემდეგ დედაქალაქი სამშობლოს დაუბრუნა. 1123 წელს დავითმა დმანისიც შემოიერთა და ამით საქართველოს გაერთიანება საბოლოოდ განასრულა.

გამარჯვება გამარჯვებას მოსდევდა. უფალი შეეწეოდა ღვთის მადიდებელ მეფეს. ჯერ კიდევ 1106 წელს დაიწყო დავით მეფემ თავისი აღმშენებლობითი მოღვაწეობის გვირგვინის - გელათის მონასტრის მშენებლობა. "მოიგონა აღშენება მონასტრისა და დაამტკიცა ადგილსა ყოვლად შუენიერსა და ყოვლითურთ უნაკლოსა, რომელსა შინა ვითარცა მეორე ცა¡ გარდაართხა ტაძარი ყოვლადწმიდისა და უფროსად  კურთხეულისა დედისა ღმრთისა". ეს ტაძარი  ყველა დანარჩენებზე მშვენიერი იყო. დავითმა მას დიდძალი განძი და ომებში მოპოვებული ნადავლი შესწირა, ამასთანავე "შემოკრიბნა კაცნი პატიოსანნი ცხოვრებითა და შემკული ყოვლითა სათნოებითა, არა თუისთა ოდენ სამეფოთა შინა პოვნილნი, არამედ ქუეეყანისა კიდეთათ, სადაცა ესმა ვიეთმე სიწმიდე, სიკეთე, სისრულე, სულიერთა და ხორციელთა სათნოებითა აღსავსეობა, იძინა და კეთილად გამოიძია, მოიყვანნა და დაამკუიდრნა მას შინა". ასე დაედო საფუძველი უმაღლეს სასწავლებელს - გელათის აკადემიას. მართლსარწმუნოებისა და სიბრძნის კერა იქცა "ყოვლისა აღმოსავლეთისა მეორე იერუსალემად, სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად, მოძღვრად სწავლულებისად, სხუად ათინად".

დავითის მზრუნველი ხელი დაეტყო საქართველოს საზღვრებს გარეთ მრავლად არსებულ ქართულ სავანეებს. კაცთმოყვარე მეფემ სნეულთათვის ქსენონი ააშენა, ყველა აუცილებელი ნივთი მოუმზადა. სიუხვით და წყალობით სავსე თვითონაც ხშირად ნახულობდა ავადმყოფებს, ამხნევებდა მათ, მამასავით ეპყრობოდა. დავითს ყოველთვის თან დაჰქონდა ქისა მოწყალების გასაცემად.

განსწავლული და მწიგნობარი მეფე თავისუფალ დროს საღმრთო წერილისა და სხვა მეცნიერებათა წვდომას ანდომებდა. დავითს წიგნები ომშიც თან დაჰქონდა, ჯორებით და აქლემებით დაატარებდა ბიბლიოთეკას. როცა კითხვით გადაიღლებოდა, სხვას აკითხებდა, თვითონ კი ყურადღებით უსმენდა. ყველაზე უფრო წმიდა წერილის კითხვა უყვარდა. დავით მეფის ცხოვრების აღმწერი ამბობს: "წინადïიდვა ოდესმე წიგნი სამოციქულო წარკითხვად და რაჟამს დაასრულის, ნიშანი დასუის ბოლოს წიგნისასა. ხოლო მოქცევასა წელიწადისასა მით ნიშნითა აღვთუალეთ: ოცდაოთხჯერ წარეკითხა". საოცარი მწიგნობარი მეფე სწორუპოვარი ჰიმნოგრაფიც იყო. მისი "გალობანი სინანულისანი" თავისი ღრმა სულიერებით უტოლდებოდა ეკლესიის უდიდესი ჰიმნოგრაფების ნაწარმოებებს.

ქართველ მეფეთა შორის ყველაზე უშიშარმა, ძლევამოსილმა და მართალმა, შთამომავლობას დაუტოვა თავისი სულის საოცარი აღსარება, სადაც მწარე გოდებით მოიხსენია ყველა ცოდვა, ნებსით თუ უნებლიედ ქმნილი და შეწყალება გამოსთხოვა ყოვლისმპყრობელ მსაჯულს: "ჟამი რა წვლილთა და ხმელთა აღმოფშნვათა წარმოდგეს, ზარი მეფობისა წარხდეს და დიდება დაშრტეს, შუებანი უქმ იქმნნენ, ყუავილოვნება დაჭნეს, სხუამან მიიღოს სკიპტრა, სხვასა შეუდგენ სპანი, მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო!"

1125 წელს, როცა "დიდთა საქმეთა და უფროსთა ლაშქრობათა" წარმართვაზე ფიქრობდა, ანდერძი დაწერა ღვთივგვირგვინოსანმა მეფემ, თავისი ხელით დასვა სამეფო ტახტზე დემეტრე, დაადგა გვირგვინი, მახვილი შემოარტყა წელზე და "დაულოცა ცხოვრება წარმართებული და განგრძობა დღეთა ბედნიერებით". თვითონ კი 53 წლის ასაკში აღესრულა "სახელგანთქმულ, ვითარცა ნებროთ გმირთა შორის; ახოვან, ვითარცა ისო წინამბრძოლთა შორის; მოშურნე, ვითარცა ფინეზ მღვდელთა შორის; მხნე, ვითარცა სამფსონ მსაჯულთა შორის; ბრძენ, ვითარცა სოლომონ მეფეთა შორის; მშვიდ, ვითარცა დავით ცხებულთა შორის; მხურვალე, ვითარცა პეტრე მოწაფეთა შორის; კაცთმოყვარე, ვითარცა ჩემი იესუ ღმერთთა შორის; ბუნებით ღმერთი მადლით ღმერთქმნულთა შორის; საყვარელ, ვითარცა იოანე მეგობართა შორის; მკვირცხლ, ვითარცა პავლე მოციქულთა შორის; სახის დასაბამ უცთომელისა ქრისტიანობისა, ვითარცა დიდი კონსტანტინე თუით-მპყრობელთა შორის; სიმტკიცე კეთილად მსახურებისა, ვითარცა თევდოსი სკიპტრისმპყრობელთა შორის".

წმიდა დავით აღმაშენებელი დაკრძალეს მის მიერ აგებული და სამეფო საძვალედ დადგენილი გელათის მონასტრის შესასვლელში. საფლავის ქვაზე ამოკვეთილია კეთილმსახური მეფის უკანასკნელი სურვილი: "ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, ესე მთნავს: აქა დავემკვიდრო მე".

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 11581286 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ