მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
26 ივნისი 2017  23:47 ქართული შრიფტი


გრიგოლ ორბელიანი
თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში
"თუ გსურს,მწუხარების გარეშე იცხოვრო, ეცადე, უფალს აამო." -
ამბა ევაგრე





Untitled Document

ღირსი დავით გარეჯელი და ლუკიანე (VI)

ხსენება ამაღლების შემდგომი ხუთშაბათი

ღირსი დავით გარეჯელი ასურეთიდან იყო. იგი ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაემოწაფა ღირს იოანე ზედაზნელს (ხს. 7 მაისს) და თან წამოჰყვა მას საქართველოში.

წმინდა დავითი თავის სულიერ შვილთან, ლუკიანესთან ერთად თბილისის მახლობლად მდებარე მთაზე დასახლდა. ამ დროს ქალაქი ცეცხლთაყვანისმცემლებს ეპყრათ. ღირსი მამა მთელ დღეებს ლოცვაში ატარებდა, ქალაქის მცხოვრებთა ცოდვების მიტევებას ევედრებოდა ღმერთს, ლოცვის შემდეგ მთაზე გადმოდგებოდა და ქალაქს აკურთხებდა (შემდგომ ამ ადგილას აშენდა მამა დავითის სახელობის ტაძარი). მამა დავითი კვირაში ერთხელ ლუკიანესთან ერთად დაბლა ჩამოდიოდა და ქრისტეს სჯულს ქადაგებდა.

ერთხელ საქადაგებლად ქალაქში ჩამოსულ წმინდა მამას ცეცხლთაყვანისმცემელმა ქურუმებმა მეძავი ქალი მიუყვანეს, რომელმაც მას მრუშობაში დასწამა ცილი. უფლის მსასოებელმა მოძღვარმა ქალის მუცელს კვერთხი შეახო და ნაყოფს უბრძანა, სიმართლე ეთქვა. ფეხმძიმე ქალის საშოდან ჩვილმა ამხილა დედამისი. საშინელი ცილისწამებით აღშფოთებულმა ხალხმა მეძავი ქალი ქვებით ჩაქოლა. ღირსმა დავითმა გამძვინვარებული ბრბო ვერ შეაჩერა. ამის შემდეგ ლუკიანესთან ერთად მან დატოვა თბილისი და ყარაიას ველზე მდებარე გარეჯის უდაბნოს მიაშურა.

წმინდა ბერებმა დაიარეს უდაბნო, კლდეში პატარა გამოქვაბული იპოვნეს და იქ დაეყუდნენ. მამები მთელ დროს ლოცვასა და მარხვაში ატარებდნენ. ბალახები და ხეების ქერქი იყო მათი საზრდელი. მალე ზაფხულის მცხუნვარებამ ბალახი გაახმო და უფალმა ირმები გამოუგზავნა წმინდა მოღვაწეებს, ლუკიანემ ირმები მოწველა და ჯამი მამა დავითს მიართვა. წმინდა ბერმა ჯვარი გადასახა და რძე ყველად აქცია.

სასწაულის ხილვით შეძრულმა ლუკიანემ მოძღვარს უთხრა: "უკუთუ განიხრწნენ ხორცნი ჩემნი და განილივნენ შიმშილითა და წყურილითა, ყოლად არა რასმე ვზრუნვიდე მოკუდავთა ამათ ხორცთათვის და ამაოისა საწუთროისათვის".

მამები ოთხშაბათს და პარასკევს საზრდელს საერთოდ არ იღებდნენ. ამ დღეებში არც ირმები მოდიოდნენ მათთან.

შორიახლო გამოქვაბულში საზარელი მხეცი მკვიდრობდა და მუსრს ავლებდა ცხოველებს. წმინდა დავითის ბრძანებით მხეცი იქაურობას გაშორდა.

ერთხელ გარეჯელ მამათა ირმებს კახელი მონადირეები გამოედევნნენ და იხილეს, რომ ცხვრებივით მშვიდად მდგარ პირუტყვებს ლუკიანე წველიდა. მონადირეები ფეხებში ჩაუვარდნენ მამა დავითს, შემდეგ კი, შინ დაბრუნებულებმა, მამა დავითის ამბავი ხალხში გაავრცელეს. მალე გარეჯის უდაბნო დაყუდებისა და ანგელოზებრივი ცხოვრების მოშურნეებმა აავსეს. ასე დაედო საფუძველი გარეჯის მონასტერს, რომელიც საუკუნეების მანძილზე საქართველოს სარწმუნოებრივი და სამეცნიერო ცენტრი და ქვაკუთხედი იყო.

იერუსალიმში მოგზაურობისა და მადლის ქვის ჩამოტანის შემდეგ საძმო ერთიორად გაიზარდა.

მამა დავითი გულმოდგინედ ზრუნავდა ძმებისთვის, ნუგეშინისცემისა და გამხნევების მიზნით დროდადრო განმარტოებულ სენაკებში მცხოვრებ ბერებსაც მოინახულებდა. მისი ბრძანებით აშენდა წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერი მრავალმთაში.

გავიდა ხანი. ღირს დავითს უფლის მიერ ეუწყა, რომ მალე ზეციურ სავანეში განისვენებდა. მან მოიხმო მეუდაბნოე მამები და უკანასკნელად დამოძღვრა: "ნუ შეძრწუნდებით, არამედ განმტკიცენით და განძლიერდით და დაუცხრომელად ევედრებოდით ღმერთსა სულთა თქვენთა ცხონებისათვის". ნეტარი ბერი ეზიარა და ღვთის მიმართ ხელაპყრობილმა სული ღმერთს შეავედრა.

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 10118618 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ