მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
21 ოქტომბერი 2017  05:56 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
გულო, არ გასტყდე!
"ვისაც თავის თავშიღმერთიჰყავს, მას ყველაფერი აქვს, თუნდაც - ამქვეყნად ყველაფერი დაკარგოს." -





Untitled Document

ღირსნი მამანი ევაგრე, ელია დიაკონი და სხვანი

ღირსი ევაგრე იყო ციხედიდის მთავარი. კეთილმსახურ  და მორწმუნე მშობელთა შვილი, სიყრმიდან საღმრთო წერილით იწვრთნებოდა. ერთხელ ევაგრე სანადიროდ წავიდა სარკინეთის მთაზე, სადაც ღირსი მამა შიო მღვიმელი (ხს. 9 მაისს)  მოღვაწეობდა. ნადირობისას მხლებლები დაიფანტნენ. მარტო დარჩენილმა ევაგრემ მიდამო დაათვალიერა. უცებ მან დაინახა მტრედის მსგავსი უცხო ფრინველი, ევაგრემ დაიმახსოვრა ის ადგილი, სადაც ფრინველი მიფრინდა, მეორე დღეს მოიძია და იხილა გამოქვაბულში დაყუდებული ბერი. გაოცებულმა ევაგრემ ვინაობა გამოჰკითხა განდეგილს. ღირსმა შიომ უთხრა: „კაცი ვარ უცხო¡ და ქრისტეს მოსავი, და ვარ ქუაბსა შინა მცირესა, რათა დაყუდებით აღვასრულნე დღენი ცხორებისა ჩემისანი და ესრეთ უშფოთველად სათნო ვეყო ღმერთსა”. საოცარი სახილველით გაკვირვებული ევაგრე საღმრთო შურით აღივსო და ღირს მამას უთხრა: „ცხოველ არს უფალი, არა დაგიტეო შენ და არცა წარვიდე სახედ ჩემდა”. წმიდა შიომ ევაგრეს ურჩია, გადაეფიქრებინა თავისი გადაწყვეტილება, რადგან, ფუფუნებაში აღზრდილი, მეუდაბნოეობის სიმძიმეს ვერ იტვირთებდა, მაგრამ ევაგრემ მტკიცედ მიუგო: „დაღაცათუ დღესვე იყოს სიკუდილი  ჩემი შენ თანა, არა დაგიტეო”.

ღირსმა  შიომ კვერთხი მისცა ევაგრეს  და  უბრძანა: "კუერთხი ესე ჩემი  ჩაყავ  მტკóარსა,  ხოლო იგი გზას გცემს და განვედ მელად, და წარვედ სახად შენდა და ყოველივე  საცხოვრებელი შენი განაგე და წარმოვედ და,  ვითარცა მოიწიო მტკუარსა ზედა,  კუალად ჩაყავ კუერთხი ჩემი და უკუეთუ გზა გცეს,  მოვედ ჩემდა და უკუეთუ არა გზა გცეს, წარვედ შინა, რამეთუ  არა სთნავს ღმერთსა საქმე ეგე,  რომელსა  ჰლამი’’. ევაგრემ მორჩილებით მიიღო ღირსი მამის კვერთხი  და  მდინარეს შეახო.  მტკვარი გაიპო და მშვიდობით გავიდა  მდინარის  მეორე ნაპირზე.

სასახლეში  დაბრუნებულმა ევაგრემ  თავისი ქონება გლახაკებს  დაურიგა, სახლეულ და მამა შიოსთან დაბრუნდა.  მტკვართან კვლავ აღსრულდა სასწაული: მდინარე ორად  გაიპო და  ანგელოზებრივი ცხოვრების გზაზე  შემდგარი მოღვაწე გაატარა.

ღირსმა შიომ  ღვთის მიერ მინიშნებულ ადგილას  ეკლესია  ააგო. მალე  ღირსი  მამების ღვაწლი გაცხადდა და სარკინეთის მთას  მრავალმა  ქრისტიანმა მიაშურა. ფარსმან მეფემ  გვიან  გაიგო თავისი  საყვარელი  სპასპეტის მონაზვნად აღკვეცა, ძალიან ეწყინა და თავად მოინახულა  ღირსი შიოს უდაბნო. მას  უნდოდა, ევაგრე  ისევ  საერო სამსახურზე დაეყოლòებინა, მაგრამ ევაგრემ მეფეს  მონაზვნური სიმშვიდით უპასუხა: „ჰოი, მეფეო, რად მაწუხებ  დაბადებულსა ღვთისასა, რათა შევირაცხო მსგავსად ძაღლთა, კუალად მიქცეულთა ნათხევარსავე’’. ფარსმანმა ღირსი შიოს გამოქვაბული მოინახულა და, როცა საკვირველი მადლით განათებული  მისი სახე იხილა, სამეფო გვირგვინი მოიხადა  და  საკვირველი ბერის წინაშე დაიჩოქა.

ღირსმა შიომ  ღვთისმოსავი მეფე აკურთხა და თავისი ხელით  დაადგა თავზე გვირგვინი.  ფარსმანმა ოთხი  დაბა,   ლიტრა  ოქრო, ოქროს ბარძიმ-ფეშხუმი და სხვა საჭურჭლე შესწირა ღირსი შიოს მონასტერს. შესაწირავთა შორის იყო აგრეთვე წმიდა ვახტანგ გორგასლის (ხს. 30 ნოემბერს) მიერ შემკობილი სახარებაც.

ღირსი შიოს, ევაგრესა და მათ თანამოსაგრეთა მოღვაწეობის ამბავი მთელმა ქართლმა გაიგო, მრავალნი ტოვებდნენ საერო ცხოვრებას და მონასტრებში მიდიოდნენ სამოღვაწეოდ.

როცა ღირსი შიო მოხუცდა, ერთად შეკრიბა საძმო და უთხრა: „გამოირჩიეთ ერთი ძმათაგანი, რომელი იღუწიდეს ცხორებისა თქუენისათ¢ს; რამეთუ მე ამიერითგან მეგულვების შთასვლა მღმესა შინა, რომელი შევმზადე საყოფელად და საფლავად ჩემდა”. ძმებს ეძნელებოდათ მოძღვართან დაშორება, დიდხანს ევედრებოდნენ მონასტერში დარჩენას, მაგრამ ამაოდ. ბოლოს სთხოვეს, წინამძღვარი თავად აერჩია. წმიდა მამამ ღირსი ევაგრე გამოარჩია.

მშვიდსა და გულით მდაბალ ევაგრეს ეძნელებოდა ძმათა წინამძღვრობა: `ვერ შემძლებელ ვარ ჯერისაებî სრულ ქმნად მსახურებასა ძმათასა, ვინïცა ნუ მაიძულებ მე ხელ ყოფად საქმესა ამას, უზეშთაესსა ძალისა ჩემისასა, რამეთუ კაცი უმეცარი ვარ და უძლური ტვირთვად ესე ოდენთა მონაზონთა ჯეროვანსა მეურნეობასა”, _ შეევედრა იგი წმიდა შიოს. მან კი ასე დაამშვიდა: `უკეთუ მორჩილ გუექმნა, ფრიადò სასყიდელი მიიღო ღუთისაგან და ნეტარება მორჩილთა დაიმკ¢დრო დიდებასა მას უხილავსა”. ღირსმა ევაგრემ მორჩილებით მიიღო მოძღვრის კურთხევა. იგი, ღვთის შეწევნით და მამა შიოს ლოცვით, ბრძნულად განაგებდა მონასტერს. აღესრულა მშვიდობით.

წმიდა ელია დიაკონი იყო წმიდა იოვანე ზედაზნელის (ხს. 7 (20) მაისი) უახლოესი მოწაფე და მასთან ერთად მოღვაწეობდა ზედაზნის მთაზე. ზედაზენი ტყიანი და უწყლო ადგილი იყო, მრავალი განსაცდელების დათმენა და წინააღმდეგობების გადალახვა მოუხდათ წმიდა მამებს. მკაცრ მარხვასა და განუწყვეტლივ ლოცვასთან ერთად მათ მძიმე ფიზიკური შრომაც უწევდათ. ელია დიაკონს ყოველდღე ამოჰქონდა არაგვიდან წყალი ერთ დღეს ჭურჭელი გაუტყდა. იოვანეს ლოცვით ღმერთმა მათ საცხოვრისთან ახლოს წყარო აღმოაცენა. `დღესა ერთსა ნეტარი ელია დიაკონი მივიდა წყაროსა მას ღმრთივმოცემულსა მოღებად წყლისა და მუნ დგა წყაროსა მის თანა დათვი... და შეეშინდა ფრიად ნეტარსა ელიას და გარე-იქცა და უთხრა დიდსა იოვანეს~. იოვანეს ლოცვით დათვი მოშინაურდა და ნეტარი ელიას თანამსახურად იქცა. მამების სიწმიდემ მხეცთა ბუნებაც კი შესცვალა. გადმოცემით ამის შემდეგ ზედაზნის ტყეში მცხოვრები დათვები აღარ ვნებენ შინაურ პირუტყვს და არც არავინ ნადირობს დათვებზე ზედაზნის ტყეში.

ზედაზნის მთაზე მცხოვრები მამების სიწმიდემ და მათ მიერ აღსრულებულმა სასწაულებმა უამრავი ადამიანი მიიზიდა მონასტერში. წმიდა ელია დიაკონი სიცოცხლის ბოლომდე ზედაზნის მონასტერში ცხოვრობდა და მშვიდობით აღესრულა,  სულიერი მოძღვრის წმიდა იოვანე ზედაზნელის გარდაცვალების შემდეგ.

ასე დაედო საფუძველი საქართველოში ზედაზნის და შიომღვიმის სახელით ცნობილ პირველ მონასტრებს. მხოლოდ ღმერთმა უწყის იქ   მოღვაწე წმიდა მამათა რიცხვის და ღვაწლის შესახებ.

საქართველოს სამოციქულო ეკლესია ღირსი ევაგრესა და წმიდა ილია დიაკვნის სახით მეოხებას ითხოვს ასურელ მამათა თანამოღვაწე  და მათი წმიდა საქმის გამგრძელებელი ყოველი ღირსი და ღმერთშემოსილი მამისაგან.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12153067 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ