მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
20 ოქტომბერი 2017  11:37 ქართული შრიფტი


ტიციან ტაბიძე
ახალი მცხეთა
და და მეგობარი მარხვისა არის ლოცვა -
/სულიერი მდელო/





Untitled Document

მოწამე გიორგი გურჯი (XVIII ს.)

ხსენება 2 (15) იანვარი

მოწამე გიორგი გურჯი დაახლოებით 1700 წელს დაიბადა საქართველოში. ბავშვობაში იგი მოიტაცეს და ვიღაც თურქს მიჰყიდეს, რომელმაც მას მუსულმანობა მიაღებინა და სახელად "სალი" დაარქვა. გიორგი წყნარი, პატიოსანი კაცი იყო. მას ყველა პატივს სცემდა. მუშაობდა ერთ-ერთ დუქანში და ძველმანებით ვაჭრობდა. გიორგი მარტოხელა ცხოვრებას ეწეოდა, იგი არ დაოჯახებულა.

სამოცდაათი წლის ასაკში გადაწყვიტა ქრისტეს რწმენაზე დაბრუნება. თავისი ნებით ისე, რომ არავის დაუძალებია. მივიდა თურქ მსაჯულთან და განუცხადა: "დავიბადე ქრისტიანთა ოჯახში, ობოლი ბიჭი ბატონმა მაიძულა გავმხდარიყავი მუსულმანი. ახლა ვაცხადებ, რომ მსურს მოვკვდე, როგორც ქრისტიანი".

მსაჯული და ყველა მასთან მყოფნი იცნობდნენ სალის, როგორც კარგ, პატიოსან ადამიანს. როგორ წარმოიდგენდნენ, რომ ეს პატივსაცემი მოხუცი, თავისი თეთრი წვერით, "ჭკუას დაკარგავდა" და მოითხოვდა ქრისტესთვის სიკვდილს? თვალცრემლიანმა მოხუცმა კვლავ აღიარა ქრისტეს სჯული და მოითხოვა მოწამეობრივი სიკვდილი, თავისი ცოდვების აღსახოცად.

გიორგი მოსაფიქრებლად და მათი აზრით ჭკუაზე მოსასვლელად ერთ ოდაში ჩაკეტეს, სადაც მას ლანძღავდნენ, ემუქრებოდნენ და აწვალებდნენ. მეორე დღეს ის მიიყვანეს სასამართლოში. სამი დღე გრძელდებოდა დაკითხვა და წამება, გიორგი კი პირიქით უფრო ძლიერდებოდა რწმენაში. ბოლოს გადაწყვიტეს მისი ჩამოხრჩობა.

ჩამოხრჩობის ადგილამდე მიმავალს უმოწყალოდ სცემდნენ, ის კი წამებას უსიტყვოდ იტანდა. კისერში მარყუჟი წაუჭირეს და ახალებდნენ, რომ წარმოეთქვა სიტყვა "სალავატი", რაც მუსულმანობის აღიარებას ნიშნავს, მაგრამ ნეტარი მთელი ძალ-ღონით კუმავდა პირს, რომ ეს სიტყვა არ ეთქვა. ცემით და ტანჯვით მთელი ბაზარი მოატარეს. ბოლოს მიიყვანეს ჩამოსახრჩობ ადგილზე, რომელსაც "პარმაკკაპუ" ერქვა. ჯერ დანით დაუწყეს ჩხვლეტა და აიძულებდნენ თითი გაეშალა, რითაც ერთ ღმერთს აღიარებდა (ალაჰს), მაგრამ მას ორივე მტევანი მაგრად ჰქონდა მოკუმშული. შემდეგ ბაწარზე ჩამოკიდეს და ისევ ჩამოხსნეს, იქნებ ასე მაინც შეშინებოდა. ბოლოს, როცა დარწმუნდნენ, რომ თავის აზრს იგი არაფრით შეიცვლიდა, ჩამოახრჩვეს. ასე დაიმკვიდრა მისმა სულმა სასუფეველი და დაიდგა მოწამეობრივი გვირგვინი 1770 წელს.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12144184 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ