მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს


ნიკოლოზ ბარათაშვილი
ფიქრნი მტკვრის პირას
"იმაზე დიდებული არაფერია, ვიდრე ღმერთთან მყოფი ადამიანი და არაფერია იმაზე არარაობა, ვიდრე ადამიანი - ღმერთის გარეშე." -





Untitled Document

წმიდა აღმსარებელნი: იოვანე (მაისურაძე)
და გიორგი-იოანე (მხეიძე) (+1960)

ხსენება 8 (21) სექტემბერი

არქიმანდრიტი იოანე (ერისკაცობაში ვასილ მაისურაძე) დაიბადა ცხინვალში, დახლოებით 1882 წელს. ვასილს ბავშვობიდანვე კარგად ეხერხებოდა ყოველგვარი საქმის კეთება. იგი თორმეტიოდე წლის ყმაწვილი თავდაუზოგავად ეხმარებოდა ბეთანიის მონასტრის წინამძღვარს მღვდელმონაზონ სპიროდონს (კეთილაძე) რომელმაც 1894-96 წლებში დიდი გაჭირვებით მოაწყო და აღადგინა სავანე.

სიყრმიდანვე ბერ-მონაზვნური ცხოვრებისკენ მიდრეკილი და სიწმინდის მაძიებელი ვასილი, 1903 წლიდან ღვთისგანგებულებით ათონის მთაზე იწყებს ცხოვრებას წმ. იოანე ღვთისმეტყველის სავანეში. უბრალოებით, ძმათა მომსახურებით და ყოველგვარი სათნოებებით გამორჩეული ახალგაზრდა მოღვაწე მალე აღკვეცეს მონაზვნად და წმიდა იოანე ღვთისმეტყველისადმი მისი განსაკუთრებული სიყვარულის ნიშნად იოანე უწოდეს. მალე მონაზონი იოანე მღვდლად აკურთხეს, რამაც კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა მისი პიროვნება. ღვთის უსაზღვრო სიყვარულითა და მოყვასისადმი უანგარო მსახურებით აღჭურვილი წმიდა მამა ყოველნაირად ცდილობდა სათნოყოფოდა ღმერთს და მოყვასისთვისაც სასარგებლო ყოფილიყო მისი ცხოვრება. (უნდა აღინიშნოს, რომ ეს თვისება გაჰყვა მას მთელი სიცოცხლის მანძილზე, წმიდა ათონის მთიდან უკანონოდ გამოდევნისა და შემდგომში ათეისტური ხელისუფლებიდან სასიკვდილოდ განწირვის მიუხედავად წმიდა იოანე ყოველთვის საოცარ კაცთმოყვარეობას იჩენდა ყველასადმი).

წმიდა იოანემ ჩვიდმეტი წელი დაჰყო ათონზე, შემდეგ კი დროთა მძიმე ვითარებიდან გამომდინარე 1920-21 წლებში იგი სხვა ქართველ ბერებთან ერთად იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა წმიდა მთა. საქართველოში დაბრუნებული წმიდა იოანე არმაზის მონასტერში დამკვიდრდა, სადაც ღვთისმებრძოლ ბოლშევიკების დევნის გამო მხოლოდ ერთი ბერი ცხოვრობდა. ერთხელ მონასტერში მისულმა შეიარაღებულმა ჩეკისტებმა ბერები ძალით წაიყვანეს, გზაში ხევის პირას ორივე ბერს ტყვია დაახალეს ზურგში. ხევში გადაცვენილი ბერები ჩეკისტებმა მკვდრად ჩათვალეს. ღვთის განგებით შედარებით მსუბუქად დაჭრილი ბერი დიდი გაჭირვებით მილასლასდა მცხეთამდის. იპოვეს ცოცხალმკვდარი იოანეც და სამთავროს დედათა მონასტერში მიიყვანეს.

გამოჯანმრთელებული მამა იოანე ბეთანიის მონასტერში წავიდა, სადაც ჯერ კიდევ ცხოვრობდა მისი ბავშვობის მოძღვარი მღდელმონაზონი სპირიდონი. სულ მალე სავანის წინამძღვრობა მამა იოანემ გადაიბარა.

ბავშვობიდან შრომას შეჩვეულმა იოანემ მალე მოაწყო მონასტრის მეურნეობა და მონასტერში სულიერი რჩევა-დარიგებისთვის მისულ ხალხს მშვენიერი ტრაპეზითაც უმასპინძლდებოდა. ხალხის დასანახად თვითონაც მხიარულობდა, ძალიან უყვარდა ბავშვები და ყოველთვის ჰქონდა ტკბილეული მათთვის, ბავშვები იმდენად შეთამამებული იყვნენ მასთან, რომ იოვანე ნათლისმცემლის ხსენების დღეს აიაზმის კურთხევის შემდეგ ბავშვებმა მთლიანად გაწუწეს ღირსი მამა. ახალგაზრდებთან ასეთი უშუალო ურთიერთობის მქონე მამა იოვანემ საოცარი პატივით მიიღო იმ დროს მოსკოვის სასულიერო სემინარიის სტუდენტი სრულიას ახალგაზრდა ირაკლი ღუდუშაური. მამა იოანეს მაშინდელი აუხსნელი მოქმედება - სიხარულის დაუფარავი ცრემლები და სტუდენტისადმი გამოჩენილი უჩვეულო მოკრძალება გვაფიქრებს, რომ მან სტუდენტში საქართველოს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და მის მამათმთავრობასთან დაკავშირებული საქართველოს ეკლესიის აღორძინებაც განსჭვრიტა.

მამა იოანე ძალიან მკაცრად ცხოვრობდა, დღე და ღამე შრომასა და ლოცვაში ათენებდა, დასასვენებლად პატარა ფიცარი ჰქონდა და მასზე ისვენებდა ღამით. მასთან მყოფნი ვერ ხვდებოდნენ როდის ისვენებდა მამა იოანე და საიდან ჰქონდა მას ასეთი მხნეობა. მონასტერში ხშირად მიდიოდნენ ხელისუფლების წაქეზებითა თუ წაყრუებით გათამამებული ავაზაკები და ართმევდნენ ბერებს გაჭირვებით მოპოვებულ სურსათ-სანოვაგესა და პირუტყვს. თუმცა, მონასტერს მფარველებიც ჰყავდა მთავრობაში მოღვაწე ფარული ქრისტიანების სახით, რომელთა დახმარებით მამა იოვანე მაისურაძისა და მამა გიორგი მხეიძის მონასტერში ცხოვრება გაფორმებული იყო, როგორც ისტორიული ძეგლის დარაჯებისა და ბერები მცირეოდენ ხელფასსაც ღებულობდნენ.

ცნობილია მამა იოანეს ლოცვით აღსრულებული მრავალი სასწაული, რომელთა გამჟღავნებას ყოველთვის ერიდებოდა ღირსი მამა. მამა იოანემ და მამა გიორგიმ ლოცვით განკურნეს ყრუ-მუნჯი, მათთან მიჰყავდათ სხვადასხვა უკურნებელი სენით დაავადებულნი და ბეთანიაში რამდენიმე დღის დარჩენის შემდეგ ავადმყოფები იკრნებოდნენ. მამა იოანე მონასტრის ყველაზე მძიმე სამუშაოებს თვითონ ასრულებდა და ძალიან სწუხდა მამა გიორგიზე, რომელიც სუსტი ჯანმრთელობისა იყო. მაგრამ ამ ქვეყნიდან ის უფრო ადრე გავიდა. ცხოვრებისეულმა ტანჯვამ და გამუდმებულმა შრომამ მისი ჯანმრთელობა შეარყია და ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ 1957 წელს 75 წლის ასაკში აღესრულა.

არქიმანდრიტი გიორგი (მხეიძე) დაიბადა ამბროლაურის რაიონის სოფელ სხვავაში დაახლ. 1887 წელს. თავადაზნაურთა წრეში არსებული მაშინდელი ტრადიციის მიხედვით გიორგიმ სამხედრო სასწავლებელში დაიწყო სწავლა, მაგრამ სამხედრო კარიერის გაკეთების ნაცვლად იგი რუსეთის იმპერიისგან საქართველოს განთავისუფლებისათვის ბრძოლაში ჩაება და გარკვეული დროის მანძილზე წმიდა ილია მართალთან (ჭავჭავაძე) მსახურობდა პირად მდივნად. ახლობლობდა ილიას მოძღვართან წმიდა ალექსანდრესთან (ოქროპირიძე), წმიდა  ნაზართან (ლეჟავა) და ასევე ახლოს იცნობდა მისი დროის ყველა გამოჩენილ პიროვნებას.

მთელი სიცოცხლის ღმრთისათვის შეწირვის სურვილით გიორგიმ მონაზვნური ცხოვრების გზა აირჩია, იგი მღდელმოწამე ნაზარიმ აღკვეცა მონაზვნად და მალე ბერ-დიაკვნადაც აკურთხეს.