მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
21 ოქტომბერი 2017  05:57 ქართული შრიფტი


გალაკტიონ ტაბიძე
ჰე, მამულო!
"თუ უფალთან იქნები, ჯოჯოხეთიც სამოთხედ გექცევა, ღვთის გარეშე კი- ზეცაში ყოფნაც წამებაა." -
წმიდა ტიხონ ზადონელი





Untitled Document

ღირსი იოვანე IV _  ყოვლისა საქართველოისა
კათოლიკოს-პატრიარქი, (ოქროპირად წოდებული) (+1001)

3 (16) მარტი

წმიდა იოვანე დაიბადა 950 წლის ახლო ხანებში. იგი 980–1001 წლებში განაგებდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას. ტახტზე ავიდა კათალიკოს არსენ II-ის (955-980) შემდეგ, მეფე დავით კურაპალატის დროს.
კათალიკოს-პატრიარქი ბასილი III (1065–1080)  თხზულებაში, „თხრობაი სასწაულთათვის წმიდისა და ღმერთშემოსილისა მამისა შიოსა“ მოთხრობილია რომ წმიდა იოვანეს მშობლებს დიდხანს არ ჰყავდა შვილი  და წმიდა შიო მღვიმელს  ევედრებოდნენ მეოხებას. შვილის შეძენის შემდეგ ღვთისმოშიშმა მშობლებმა შვილი აღსაზრდელად შიო მღვიმის მონასტერში მიაბარეს, სწორედ მონასტერში შეიძინა წმიდა იოვანემ ის სიწმიდე და სიბრძნე, რის გამოც ერმა მას ოქროპირ კათალიკოსი უწოდა და ასე შევიდა იგი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში.

ტაო-კლარჯეთში, პარხლის მონასტრის წარწერაში მოხსენიებულია მონასტრის აღმშენებელი მეფე დავით კურაპალატი (+1001) და "ქართლისა და ყოვლისა აღმოსავლეთისა პატრიარქი იოვანე". პროფესორ ვალერი სილოგავას გამოკვლევით საქართველოს ეკლესიის კათოლიკოსებიდან პატრიარქის ტიტული პირველად იოვანე IV-ს მიენიჭა. მკვლევარის აზრით: `აქამდე მიღებული იყო, რომ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელებმა პატრიარქის ტიტული XI საუკუნიდან მიიღეს და პირველი ასეთი იყო მელქისედეკ I (1010-1033). მელქისედეკის მიერ პატრიარქის ტიტულის მიღებას მისი ბიზანტიაში ხშირი მოგზაურობით, კონსტანტინეპოლის საიმპერატორო კარზე დიპლომატიური საქმიანობით, ბიზანტიის სამ იმპერატორთან ბასილი III (976-1025), კონსტანტინე VIII (1025-1028) და რომანოზ III არგვიროსთან (1028-1034) ახლობლობით ხსნიან"... ქვეყნის საეკლესიო საჭეთმპყრობელისათვის პატრიარქის უმაღლესი ტიტულის მოპოვებას და მინიჭებას უფრო სერიოზული და მნიშვნელოვანი საფუძველი ჰქონდა და ქვეყნის საერთო პოლიტიკური განვითარებით იყო განპირობებული. ბიზანტიის იმპერიისაგან პოლიტიკურად დამოუკიდებელ ქვეყანას ეკლესიური დამოუკიდებლობაც სჭირდებოდა, რაც მისი ეკლესიის საჭეთმპყრობელისათვის პატრიარქის ტიტულის მინიჭებაში უნდა გამოხატულიყო. ამისათვის ყველა წინაპირობა არსებობდა _ 40-ზე მეტი საეპისკოპოსო კათედრა და მონასტერი, ქართლისა და აფხაზეთის საკათალიკოსოები და V საუკუნიდან წმინდა მირონის ხარშვის უფლება.

ასეთ ვითარებაში, დავით კურაპალატის დროს, მისი დროის საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელს, ქართლის კათალიკოს იოვანეს მიენიჭა პატრიარქის ტიტული და იგია ამ ტიტულის პირველი მატარებელი საქართველოს ეკლესიის ისტორიაში და ამას დოკუმენტურად ადასტურებს პარხლის ეკლესიის შესანიშნავი წარწერა XX საუკუნის ბოლო ოცწლეულისა.

არ არის გამორიცხული, რომ 980 წელს ქართლის კათალიკოსად ნაკურთხმა იოვანემ იმთავითვე მიიღო პატრიარქის ტიტული, რასაც იმ დროისათვის ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება განაპირობებდა... 1260 წლის ახლო დროის საბუთით დამოწმებულია, მაგრამ, როგორც ჩანს ადრინდელი ტრადიციის ამსახველია კათოლიკოს ნიკოლოზ III-ის (1250-1282) ხელრთვაში წარმოდგენილი რეალობა, როდესაც იგი წერს: "ქრისტეს მიერ შემდგომად ხუთთა პატრიარქთა და უპირველეს მათსა ზეგარდამო მოსულთა უბიწოთა დედისა მისისა ხელითა შეთელილისა კუართისა საუფლოსა მიერ სუეტის-ცხოველის მეექუსე პატრიარქი და ქრისტეს მიერ ყოვლისა საქართველოს კათოლიკოზი ნიკოლაოზ ვამტკიცებ და წავწერ". მაშასადამე, დოკუმენტურად მტკიცდება, რომ უკვე XII ს-ში და, ალბათ, ამაზე ადრეც, თუმცა წყაროები არ შემონახულა, საქართველოს ეკლესიის მეთაური მსოფლიოს ხუთი პატრიარქის შემდეგ VI ადგილზე აყენებდა პატრიაქის ტიტულით თავის თავს, მაგრამ ამისთვის მას რთული გზა უნდა გაევლო, რომელიც სათავეს X საუკუნეში იღებდა."

წმიდა იოვანე კათალიკოს-პატრიარქი, „რომელი ყოვლითურთ იქნა სწორ იოანე ოქროპირისა, რომლისა სათნოებანი და საქმენი უკეთუ ვინმეს უნდენ ცნობად მიიღედ ხელად მისთვის აღწერილი წიგნი“. საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმიდანად შერაცხა.

კათალიკოს-პატრიარქ იოვანე IV-ე მშვიდობით აღესრულა 1001 წელს. იოვანე IV-ის შემდეგ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელად აირჩიეს სვიმეონ III (1001-1010), რომელმაც აკურთხა ქუთაისის ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარი (ბაგრატის ტაძარი). სვიმეონის ტიტულის შესახებ წერილობითი წყაროები არ შემონახულა. სვიმეონ III-ის შემდგომი საქართველოს ეკლესიას მეთაურობდა წმიდა _ მელქისედეკ I (1010-1033),  რომელიც შეცვალა იოვანე V-მ (1033-1049), რომელსაც ასევე იოვანე ოქროპირ-კათალიკოსი უწოდა ერმა.

 

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12153081 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ