მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
22 აგვისტო 2017  10:15 ქართული შრიფტი


გალაკტიონ ტაბიძე
ჰე, მამულო!
"მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს" -





Untitled Document

მღვდელმოწამე კირიონ II – სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი (XX)

27 (10.07) ივნისი

მღვდელმოწამე კირიონ II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (ერისკაცობაში გიორგი საძაგლიშვილი), დაიბადა 1855 წელს გორის მაზრის სოფელ ნიქოზში, სასულიერო პირის ოჯახში.

გიორგი ჯერ ანანურის საერო სკოლაში სწავლობდა, შემდეგ გორის სასულიერო სასწავლებელსა და თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1880 წელს ღმრთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაასრულა კიევის სასულიერო აკადემია და დაინიშნა ოდესის სასულიერო სემინარის ინსპექტორის თანაშემწედ.

1883-1886 წლებში წმიდანი პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა გორში, თელავში, ქუთაისში, თბილისში; 1886 წელს დაინიშნა საქართველოს მონასტრების ბლაგოჩინად და კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორად; აარსებდა სამრევლო სკოლებს, სკოლებთან ქმნიდა წიგნსაცავებს და ბიბლიოთეკებს, ამავე დროს ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში ივერიელის, საძაგელოვის, ლიახველის ფსევდონიმებით აქვეყნებდა წერილებს, გამოკვლევებს საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე, ხალხურ ზეპირსიტყვიერებაზე, ქართულ ლიტერატურაზე. 1886 წელს უფლის რჩეული მონაზვნად აღიკვეცა კირიონის სახელით და ქვაბთახევის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. ამ პერიოდში ღმრთისმსახურების პარალელურად კირიონი მეცნიერულ მოღვაწეობასაც აგრძელებს: კრებს ხალხური სიტყვიერების ნიმუშებს, სწავლობს ხალხის ზნე-ჩვეულებებს, მუშაობს ეკლესია-მონასტრების სიძველეებზე. თბილისის საეკლესიო მუზეუმსა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიძველეთა საცავს იგი უხვად სწირავს ეკლესია-მონასტრების ნესტიან სენაკებში მიკვლეულ და საოჯახო კოლექციებიდან მოპოვებულ იშვიათ ხელნაწერებს.

კირიონმა, რომელიც მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების წევრი იყო, 1898 წელს გამოსცა ლიახვის ხეობის ისტორიულ ძეგლთა აღწერილობა, ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ბევრი აქ აღწერილი ძეგლი მომდევნო ხანებში განადგურდა.

1898 წლის აგვისტოში არქიმანდრიტი კირიონი აკურთხეს ალავერდის ეპისკოპოსად, რასაც ქართული საზოგადოება დიდი სიხაულით შეხვდა.

კირიონი საკუთარი საფასით დაიწყო განადგურების პირას მისული ალავერდის ტაძრის შეკეთება, ხელი მიჰყო კახეთის ეკლესია-მონასტრებში დაცული სიძველეების შესწავლას. მან საქართველოს საეკლესიო მუზეუმს სხვა ხელნაწერებთან ერთად გადასცა ბაგრატ IV –ის დროინდელი, 1089 წელს გადაწერილი სახარება, რომლის შესახებაც ქართულმა მეცნიერებამ მანამდე არაფერი იცოდა. ამავე დროს კირიონმა ხმა აღიმაღლა სომხების მიერ ქართული ტაძრების მიტაცების გამო.

1901 წლიდან კირიონი გორის ეპისკოპოსია. ამ დროისთვის საქართველოს საეგზარქოსომ შენიშნა, რომ მღვდელმთავრის ირგვლივ თავს იყრიდა განათლებული სამღვდელოება, რომელიც აშკარად გამოხატავდა უკმაყოფილებას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების გამო. მთავრობამ გამოსავალი იმაში გამონახა, რომ ეპისკოპოსს ხშირად უცვლიდნენ ეპარქიებს: 1903 წელს იგი ხერსონში გაამწესეს, 1904 წელს – ორიოლში, 1906 წელს – სოხუმში. სოხუმში კირიონმა ბევრი იღვაწა ქართული ეკლესია-მონატრების აღდგენისათვის. მალე იგი კოვნოს ეპარქიაში გადაიყვანეს.

1907 წლის სექტემბერში კირიონს უფლება არ მისცეს, საქართველოში ჩამოსულიყო  და უკანასკნელი პატივი მიეგო წმიდა ილია მართლის ცხედრისთვის. მან მხოლოდ დეპეშის გამოგზავნა მოახერხა.

1908 წელს კირიონს მთავრობის დადგენილებით ჩამოერთვა ეპისკოპოსის წოდება და დაპატიმრებულ იქნა. მთავრობის ამგვარი სიმკაცრის მიზეზი იყო კირიონის დაუცხრომელი ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის. 1955 წელს ქართული საზოგადოების  მოწინავე ნაწილმა წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) მეთაურობით მეფისნაცვალი ვორონცოვ-დაშკოვს ოფოციალურ დონეზე მოსთხოვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის განხილვა. მთავრობა იძულებული შეიქნა, ფორმალურად მაინც  დაენიშნა პეტერბურგში სპეციალური სხდომა, სადაც უნდა განხილულიყო აღნიშნული საკითხი. ეპისკოპოსმა კირიონმა სხდომაზე წაიკითხა ორი მოხსენება:

1) რა აიძულებს ქართველებს იმეცადინონ თავისი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაზე;

2) ეროვნული პრინციპი ეკლესიაში. კირიონი ასაბუთებდა, რომ ეკლესიური მონობა ყოველგვარ მონობაზე უარესია. ფორმალურად დანიშნულმა კომისიამ უარყო ქართველი სამღვდელოების სამართლიანი მოთხოვნები, რის შემდეგაც დაიწყო კირიონის დევნა-შევიწროება.

წმიდა მღვდელმთავარი დაუცხრომელი მკვლევარიც იყო. მას ეკუთვნის წიგნად გამოცემული ორმოცზე მეტი მონოგრაფია.

კირიონის დევნა-შევიწროება სულ უფრო  და უფრო ძლიერდებოდა. 1908 წლის 28 მაისს თბილისში  მოკლეს ეგზარქოსი ნიკონი და მისი მკვლელობა დევნილ მღვდელმთავარს დააბრალეს. ამგვარმა ცილისწამებამ აღაშფოთა როგორც საქართველო, ისე რუსეთის საზოგადოების დემოკრატიული ნაწილი ევროპაში კირიონის დაცვის საზოგადოებაც შექმნეს და დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება მისი გათავისუფლების მოთხოვნით. წმიდა მღვდელმთავარი კი უფლისგან მასზე დაშვებულ ამ განსაცდელს ამგვარი განწყობით ხვდებოდა: ,,ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია, სიყვარულით უნდა ავიტანოთ ტანჯვა, ვინაიდან ტანჯვა სიყვარულის ნაყოფია, ძალა ტანჯვაშია"

მთავრობამ 1915 წელს შეწყვიტა კირიონის დევნა. იგი დანიშნეს პოლოცკისა და ვიტებსკის ეპისკოპოსად, მაგრამ სამშობლოში ჩამოსვლის ნება არ დართეს. წმიდანი უდიდესი ქველმოქმედი იყო. მისი მატერიალური დახმარებით რუსეთისა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში სამასამდე ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება. ჯერ კიდევ XIX ს-ის 90 –იან წლებში, როცა ქართული ენა ოფოციალური ხელისუფლებისაგან დევნილი იყო, კირიონმა გრიგოლ ყიფშიძესთან ერთად ქართული  სიტყვიერების ისტორია შეადგინა.

1917 წელს აღდგა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის  ავტოკეფალია და ამავე   წლის ზაფხულში ეპისკოპოსი კირიონი სამშობლოსკენ გამოემგზავრა. არაგვის ხეობაში მას შეეგება ასოცამდე ცხენოსანი, რომელთაც დიდი პატივით მიაცილეს დედაქალაქამდე. თბილისშიც ბრწყინვალე შეხვედრა მოუწყვეს წმიდანს. 1917 წლის სექტემბერში სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებაზე, რომელიც თბილისში ჩატარდა, კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა ეპისკოპოსი კირიონი, რომელიც საზეიმოდ ეკურთხა იმავე წლის 1 ოქტომბერს.

სვეტიცხოველში აღსაყდრების დღეს წარმოთქმულ სიტყვაში უწმიდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა თქვა: ,,სამშობლო საყვარელო, ღმრთისმშობლის წილხვედრო, ბრძმედსა შინა ტანჯვა-ვაებისასა განწმედილო! შენთვის დაწული, შენგან განშორებული, შენთვის მტირალი, მუდამ შენკენ ლტოლვილი, დღეს განვისვენებ ტკბილსა შინა წიაღსა შენსა არა ვითარცა შვილი უძღები, არამედ ვითარცა მესაიდუმლე და სინდისი ეკლესიისა შენისა... ვიცი, შენი გულისყური ამჟამად ჩემკენაა მოქცეული და მეკითხები: რა მომიტანე, რა მალამოსა სცხებ იარებსა ჩემსა, რით მანუგეშებ სევდა მოსილსა? ყური მომიპყარ: ,,არა მოველ, რათა გიმსახურო, არამედ მსახურებად შენდა და მიცემად სული  სახსრად შენდა" (მთ.20, 28). მოვედი არა ვითარცა მნე სასყიდით დადგინებული, რამედ ვითარცა მნე ერთგული და მარად მორჩილი" .

კირიონ II-მ  წერილები დაუგზავნა მსოფლიოს მართლმადიდებლურ ეკლესიათა მეთაურებს, რომელშიც მოკლედ, მაგრამ დასაბუთებულად გადმოსცემდა საქართველოს ეკლესიის ისტორიას და მოითხოვდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობას.

საქართველოში სარწმუნოებრივი და ეროვნული პრინციპების დამკვიდრებისა და აღორძინებისათვის დაუცხრომლად მებრძოლი წმიდა პატრიარქის მოღვაწეობა ზღუდავდა ეკლესიის და ქვეყნის წინააღმდეგ შეკრებილი ბოროტი ძალების მოქმედებას, რომელთა გამოსვლები უფრო და უფრო საშიშ და ცინიკურ სახეს იღებდა. 1918 წლის 26 ინვისს წმიდა კირიონ კათალიკოსი მოკლული იპოვეს მარტყოფის მონასტრის საპატრიარქო რეზიდენციაში.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 11581243 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ