მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
26 ივნისი 2017  23:50 ქართული შრიფტი


აკაკი წერეთელი
ღმერთო, წვიმა მოიყვანე
”ნუ ეცდები ღვთის ღრმად გამოკვლევას, უფრო მეტად ეცადე, მიემსგავსო მას.” -
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი





Untitled Document

ღირსი პეტრე კათალიკოსი (V)

ხსენება 30 (13-12) ნოემბერი

წმიდა პეტრე ქართლის პირველი კათოლიკოსი, მოღვაწეობდა V-ს-ის 60-იანი წლებიდან VI-ს. დასაწყისამდე. ღვთის განგებით, მან სათავე დაუდო საქართველოში კათოლიკოსთა დინასტიას.

წმიდა მეფის, ვახტანგ გორგასლის ცხოვრების აღმწერელი ჯუანშერი მოგვითხრობს, რომ ვახტანგ მეფემ ბიზანტიაში ლაშქრობის დროს გაიცნო და დაიახლოვა "პეტრე მღვდელი მოწაფეთაგან გრიგოლ ღვთისმეტყველისათა" და ბერ-მონაზონი სამოელი. წმიდა მეფისა და წმიდა მამების სულიერმა სიახლოვემ და შემდგომში მათმა ბრძნულმა და შეთანხმებულმა მოღვაწეობამ  დიდად შეუწყო ხელი საქართველოსა და ბიზანტიას შორის მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარებასა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიას. ლაშქრობის შემდეგ ქართლისკენ მომავალმა ვახტანგ მეფემ ბიზანტიაში "წარავლინა მოციქული წარმოყვანებად ცოლისა მისისა და პეტრესთვის კათალიკოსისა და სამოელ ეპისკოპოსისა" და თან შეუთვალა, რომ "კათალიკოსი და თორმეტნი ეპისკოპოსნი სწრაფვით წარმოავლინენ". კონსტანტინოპოლის პატრიარქატი დათანხმდა ქართლში კათოლიკოსის დადგენას და რადგანაც იმ პერიოდისთვის ქართლის წმიდა ეკლესია ანტიოქიის საპატრიარქოს ეკუთვნოდა, წმიდა პეტრე და წმიდა სამოელი ანტიოქიაში წარავლინა, რათა თვითონ ანტიოქიის პატრიარქს ეკურთხებინა პეტრე კათოლიკოსად და სამოელი - ეპისკოპოსად. ხელდასხმის შემდეგ კათოლიკოსი პეტრე და მასთან ერთად ცამეტი ეპისკოპოსი ქართლში ჩამოვიდნენ. ვახტანგ მეფემ მცხეთაში "აღაშენა ეკლესია მოციქულთა სვეტი ცხოველი... და მუნ შინა დასუეს პეტრე კათალიკოსად. და სამოელ ეპისკოპოსად მცხეთასავე საეპისკოპოსოსა~ დანარჩენმა ეპისკოპოსებმა დაიკავეს ახიზის, არტაანის, წუნდის, მანგლისის, ბოლნისის, რუსთავის, ნინოწმიდის, ჭერემის, ჩელეთის, ხორნაბუჯის და აგარაკის კათედრები. ამ პერიოდიდან იწყება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის თვითმმართველობა (ავტოკეფალია).

წმიდა პეტრე კათოლიკოსმა ავტოკეფალური ეკლესიის პრინციპით მოაწყო ეკლესიის მართვა-გამგეობა და ჩამოაყალიბა თვითმმართველობის ის ფორმა, რომელმაც შემდგომში კიდევ უფრო განამტკიცა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტორიტეტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიებს შორის.

წმიდა კათოლიკოსისა და წმიდა მეფის ურთიერთპატივისცემამ და შეთანხმებული ქმედებებით სარწმუნოებრივ-ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვამ საფუძველი დაუდო საერო და სასულიერო ხელისუფლების ჰარმონიულ ურთიერთობის ისეთ ფორმას, რომელიც განსაზღვრავს ეკლესიის ავტორიტეტს ქვეყანაში და ხალხის მიერ ღვთივკურთხეული საერო ხელისუფლების სიყვარულსა და ერთგულებას. წმიდა პეტრე ვახტანგ გორგასალთან ერთად იყო სპარსელებთან ომის დროს. როცა ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრილმა ვახტანგ მეფემ "შეიტყო სიკვდილი თავისა თვისისა, მოუწოდა კათოლიკოსსა, ცოლსა  თვისსა და ძეთა და ყოველთა წარჩინებულთა". წმიდა პეტრემ მიიღო ვახტანგ გორგასლის ბოლო აღსარება, მეფედ აკურთხა წმიდა ვახტანგ გორგასლის შვილი დაჩი და სიცოცხლის ბოლომდე ბრძნულად განაგებდა ქართლის სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას.
წმიდა პეტრე კათალიკოსი გარდაიცვალა დაჩის მეფობის დროს.

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 10118620 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ