მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
17 დეკემბერი 2017  03:34 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
ჩემი ვედრება
"თუ უფალთან იქნები, ჯოჯოხეთიც სამოთხედ გექცევა, ღვთის გარეშე კი- ზეცაში ყოფნაც წამებაა." -
წმიდა ტიხონ ზადონელი





Untitled Document

 

დაუჯდომელი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა „მსწრაფლშემსმენელი“

ევედრებიან მრავალთა უძლურებათა - სიბრმავის, კოჭლობის, სისუსტის ჟამს, ასევე ტყვეობისა და გემის დაღუპვისას

კონდაკი 1

 

ყოველთაგან ნათესავთა გამორჩეულსა ღვთისმშობელსა და დედოფალსა, მდაბალთა ვედრებისა მსწრაფლ შემსმენელსა და წმიდისა ხატისა თვისითა ერთგულთათვის კურნებათა მიმნიჭებელსა მადლობით შევსწირავთ გალობასა: ყოვლადსახიერო მეოხო ჩვენო, წყალობით მოგვხედე მაქებელთა შენთა და გვიხსენ ყოველთა განსაცდელთაგან მხმობელნი ესრეთ: გიხაროდენ, ყოვლად სახიერო მსწრაფლშემსმენელო, ვედრებათა ჩვენთა კეთილად აღმსარულებელო.

იკოსი 1

გუნდნი ანგელოზთანი ძრწოლით გმსახურებენ და ყოველნი ზეციურნი ძალნი დაუცხრომელად გიღაღადებენ შენ, ღვთისმშობელო ქალწულო, ვითარცა მშობელსა ანგელოზთა მეუფისა ქრისტესა, ხოლო ჩვენ ცოდვილნი, კადნიერნი, ვერ შემძლებელნი მსგავსად მათისა შენდა მომართ ღირსად ქების შესხმისა, სიმდაბლით გიღაღადებთ ესრეთ:
გიხაროდენ, მიუწვდომელისა ღვთაებისა სამკვიდრებელო;
გიხაროდენ, ანგელოზთა მარადიულო საკვირველებაო;
გიხაროდენ, ტრაპეზო წმიდაო, პურითა ცხოვნებისათა ჩვენო მასაზრდოებელო;
გიხაროდენ, ზეთისხილო კეთილნაყოფიერო, გულთა ჩვენთა წყალობისა ზეთისა მომგებელო;
გიხაროდენ, ღვთივმომადლებულ ნიჭთა საუნჯეო, დაუშრეტელო;
გიხაროდენ, საკვირველებათა წყაროო, მარად მდინარეო;
გიხაროდენ, ჩაგრულთა მოსარჩლეო;
გიხაროდენ, ურვეულთა ნუგეშინის მცემელო;
გიხაროდენ, განსაცდელთა შინა მყოფთა შემწეო;
გიხაროდენ, სნეულთა მკურნალო;
გიხაროდენ, უძლურთა სიმტკიცეო;
გიხაროდენ, ტყვეთა განმათავისუფლებელო;
გიხაროდენ, ყოვლადსახიერო „მსწრაფლშემსმენელო“, ვედრებათა ჩვენთა კეთილად აღმასრულებელო.

კონდაკი 2

მხილველნი აღურაცხელისა შენისა მოწყალებისა, ღვთისმშობელო დედოფალო, და მრავალთა საკვირველებთა შენთა და წმიდისაგან ხატისა შენისა აღსრულებულთა, რომელთაც მსგავსად ბრწყინვალეთა ვარსკვლავთა განაშვენეს საქრისტიანო, გიღაღადებთ ნათესავთა კაცთა განმადიდებელო და სიყვარულით თაყვანის ვცემთ ხატებასა შენსა მხმობელნი ქრისტეს ძისა შენისა და ღვთისა ჩვენისა: ალილუია.

იკოსი 2

განცხადებითა ზეციურისა გონისა, ღვთისმშობელო, სათნო იჩინე ათონის მთაზე, შენს წილხვედრ მიწაზე, წმიდისა ხატისა შენისა მრავლითა სასწაულითა განდიდება და მსწრაფლშემსმენელი უწოდე მას, გვასმინე რა ღვთიური ხმა შენი, და მსმენელნი შენნი გალობით გიღაღადებთ:
გიხაროდენ, ქრისტეს ღვთისა მიერ ყოველთა ჩვენთა დედაო, მრავალმოწყალეო;
გიხაროდენ, სულისა წმიდისა სავანეო;
გიხაროდენ, ღვთისა მიერ კაცთა სიყვარულის გამოვლინებაო;
გიხაროდენ, ამაღლებაო ადამის მოდგმისაო;
გიხაროდენ, სიტყვისა ღვთისა პალატო ნათელო;
გიხაროდენ, წმიდათა წმიდაზე აღმატებულო;
გიხაროდენ, მშობელო ღვთაებრივისა კრავისაო;
გიხაროდენ, აღმომაცენებელო ცხოვრებისა პურისაო;
გიხაროდენ, ოქროვანო ჭურჭელო ღვთაებრივისა მანანასაო;
გიხაროდენ, მზრდელო გამომზრდელისა სოფლისაო;
გიხაროდენ, რამეთუ შენით ვსასოებთ გამოხსნასა;
გიხაროდენ, რამეთუ ლოცვითა შენითა მოველით სასუფეველსა ცათასა;
გიხაროდენ, ყოვლადსახიერო „მსწრაფლშემსმენელო“, ვედრებათა ჩვენთა კეთილად აღმასრულებელო.

კონდაკი 3

მხილველნი სიბრმავითა და დაძაბუნებით დასჯისა დოქიარის სავანის ტრაპეზარისა, ნილოსისა, კრძალულებით ვერ თაყვანისმცემელისა წმიდისა ხატისა შენისა ვეღარ კადნიერ ჰყოფენ ხატებასა შენსა, რამეთუ ყოველნი მკვიდრნი წმიდისა მთისა ათონისა, რომელიც შენ სათნოდ იჩინე, ღირსებით უღაღადებენ შენგან შობილსა სიტყვასა ღმრთისასა: ალილუია.

იკოსი 3

მქონებელმა დიდისა სიყვარულისა გამოხსნილთადმი სისხლითა ძისა შენისა და ღვთისა ჩვენისა, შეიწყნარე, ღვთისმშობელო დედუფალო, ტრაპეზარ ნილოსის სინანული და კვლავ აღუხილე თვალნი და წყალობით აღადგინე უძლურებიდან, დაუდუმებელად მვედრებელი წმიდისა მკურნალისა ხატისა შენისა მღაღადებელი ესრეთ:
გიხაროდენ, იოაკიმესა და ანას ნერგო წმიდაო;
გიხაროდენ, მშობელო შემმუსვრელისა მის თავისა ძველისა გველისაო;
გიხაროდენ, კურთხეულო დედათა შორის;
გიხაროდენ, განუხრწნელო მშობელო სულთა ჩვენთა მაცხოვრისაო;
გიხაროდენ, ქალწულებისა და შობისა სასწაულებრივად შემაუღლებელო;
გიხაროდენ, ქალწულებისა უბიწოდ დამმარხველო;
გიხაროდენ, უაღრესო საკვირველებაო ყოვლისა სოფლისაო;
გიხაროდენ, ცოდვითა დაცემულთა აღმადგინებელო;
გიხაროდენ, მონანულთა სათნოებით განმამტკიცებელო;
გიხაროდენ, მზრდელო ძვირუხსენებელო;
გიხაროდენ, მასწავლელო გულმოწყალეო;
გიხაროდენ, ყოვლადსახიერო „მსწრაფლშემსმენელო“, ვედრებათა ჩვენთა კეთილად აღმასრულებელო.

კონდაკი 4

ყოველნი, წუთისოფლის ღელვათაგან განრინებულნი და ათონის მთის წყნარ ნავთსაყუდელს შეფარებულნი, წმიდისაგან ხატისა შენისა ნუგეშსა და შეწევნას ღვთიურს პოვებენ, ღვთისმშობელო, რამეთუ მრავლად იღებენ მისგან სასწაულთა და მოწყალებათა. დედობრივისა სიუხვისა შენისა მადიდებელნი, მნებებელნი ცხოვნებისა ათონის უდაბნოსა შინა, მადლობით უღაღადებენ ღმერთს: ალილუია.

იკოსი 4

ესმა რა ღვთიური ხმა ხატისა შენისა, ღვთისმშობელო დედუფალო, ტრაპეზარმა ნილოსმა გულისხმაჰყო მსწრაფლშემწეობა შენი ყოველთა მიმართ, სიყვარულითა და სასოებითა მისდა მოლტოლვილთა და მოიღო მისგან უმეცრებისა თვისისა განათლება და თვალთა თვისთა აღხილვა და ყოვლითა გულითა მადლობით ღაღადჰყო შენდამი:
გიხაროდენ, უმეცართა დროებით დასჯითა განმაბრძნობელო;
გიხაროდენ, მონანულთა წყალობით შემწყნარებელო;
გიხაროდენ, შეცდომილთა ჭეშმარიტების გზაზე დამაყენებლო;
გიხაროდენ, ცოდვით მოწყლულთა კეთილო მკურნალო;
გიხაროდენ, უდებთა სიყვარულით მამხილებელო;
გიხაროდენ, ხორცით მწარედ გვემულთა საუკუნო სატანჯველისაგან დამხსნელო;
გიხაროდენ, ვნებათა ღელვათა დამაცხრობელო;
გიხაროდენ, დასაღუპად განწირულთათვის შეწევნის მიმნიჭებელო;
გიხაროდენ, უსასოთა სასოო;
გიხაროდენ, მწუხარეთა სიხარულო;
გიხაროდენ, შიშველთა სამოსელო;
გიხაროდენ, ობოლთა შეწევნაო;
გიხაროდენ, ყოვლადსახიერო „მსწრაფლშემსმენელო“, ვედრებათა ჩვენთა კეთილად აღმასრულებელო.

კონდაკი 5

ესმათ რა მაუწყებელნი სიტყვანი შენნი, დოქიარის სავანის ბერ-მონაზონთა, აღაშენეს ტაძარი შენი, ღვთაებრივისა მსწრაფლშემსმენელისა, და სასწაულთმოქმედი ხატი შენი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, მუნ დააბრძანეს რომელი მორწმუნეთა ნუგეშინის სცემს სასწაულთა მოვლინებითა და ნუცა ჩვენ მოგვაკლებ მათ გულშემუსვრილითა ჯერისაებრ მაქებელთა შენთა და მღაღადებელთა ღმრთისა მიმართ შემოქმედისა ჩვენისა: ალილუია.

იკოსი 5

მსწრაფლშემსმენელისა ხატისა შენისა სასწაულთა მხილველნი ათონის მთის მოსაგრე ბერები ესწრაფვენ თაყვანისცემად მისსა. ხოლო შენ, დედაო ღვთისა, უშურველად მიაგებდი წყალობას მადლობით მღაღადებელთა შენდა:
გიხაროდენ, მოწყალებისა და სიუხვის დედაო;
გიხაროდენ, სულიერო ტრაპეზო ყოვლისამპყრობელო;
გიხაროდენ, ხორცით მშობელო ძისა ღვთისაო;
გიხაროდენ, სასძლო უთესლოსა სძლობისაო;
გიხაროდენ, უსხეულოთა სხეულევანმქმნელო;
გიხაროდენ, ღვთისა და კაცის შემაუღლებელო;
გიხაროდენ, ღირსთათვის ყოვლად სასურველო სახილველო;
გიხაროდენ, მეუდაბნოეთა განცხრომაო;
გიხაროდენ დემონურ ძალთა დამთრგუნველო;
გიხაროდენ, კაცთა მოდგმის მტერის გამაწბილებელო;
გიხაროდენ, ყოვლადსახიერო „მსწრაფლშემსმენელო“, ვედრებათა ჩვენთა კეთილად აღმასრულებელო.

კონდაკი 6

წყალობათა და სასწაულთა შენთა საცნაურ ჰყოფს მთა ათონისა, ყოვლადკურთხეულო დედაო ღვთისა ჩვენისაო, და შორის მრავალთა სასწაულთმოქმედთა ხატთა შენთა ბრწყინავს ხატი ესე, შენს მიერ მსწრაფლშემსმენელად წოდებული, მსგავსად მნათბისა სავსე მთვარისა, ღვთიურ ნათელს ჰფენს სულთა ჩვენთა და ღვაწლით შემოსილნი ქებით უღაღადებენ განმადიდებელსა შენსა სამგვამოვანსა ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 6

ყოვლადწმიდა ხატი შენი, ღვთისმშობელო მარიამ, აღმოუბრწყინდა ვითარცა ნათელი მაცხოვარებისა შენისა, ყოველთა, ცოდვათა და ვნებათა ბნელსა შინა დანთქმულთა და „მსწრაფლშემსმენელად“ წოდებული მსწრაფლ შეეწევის სარწმუნოებითა და სასოებით წინაშე მისსა მლოცველთა და მღაღადებელთა შენდა ესრეთ:
გიხაროდენ, ელვაო, სულთა განმანათლებელო;
გიხაროდენ, ქუხილო, მაცდუნებელთა ზარგანმხდელო;
გიხაროდენ, ცხოვრების ღელვათაგან დამაშვრალთა მშვიდო თავშესაფარო;
გიხაროდენ, ღელვა-გვემულთა მშვიდო ნავთსაყუდელო;
გიხაროდენ, ყრმათა ქალწულთა უბიწოებისა მოძღვარო;
გიხაროდენ, ქალწულებისა საფარველო და ზღუდეო;
გიხაროდენ, ქვადქცეულისა გულისა მომალბობელო;
გიხაროდენ, სულიერისა ყინელისა განმათბობელო;
გიხაროდენ, მორწმუნეთა ცხოვრების გზის წარმმართველო;
გიხაროდენ, შეცდომილთა ცდუნებისაგან განმარინებელო;
გიხაროდენ, მეოხო ჩვენო წინაშე ძისა შენისა და ღვთისა ჩვენისაო;
გიხაროდენ, ჩვენი შეწყალებისათვის მარადის მლოცველო;
გიხაროდენ, ყოვლადსახიერო „მსწრაფლშემსმენელო“, ვედრებათა ჩვენთა კეთილად აღმასრულებელო.

კონდაკი 7

დაღაცათუ ყოველთა ქრისტიანეთა უჩვენე დიდი სიყვარული შენი, ყოვლადკურთხეულო ღვთისმშობელო, წილხვედრად ათონის მთა გამოირჩიე და მუნ ბერ-მონაზონთა სავანეები განამრავლე და ამა სოფლის ღელვა-გვემათაგან დაღლილთა მშვიდი და მყუდრო ნავთსაყუდელი საცხოვნებელად სულისა მოჰმადლე, რამეთუ შეწევნითა შენითა დაიმკვიდრებენ სასუფეველსა ცათასა და წმიდათა თანა უგალობენ ყოვლადწმიდასა სამებასა: ალილუია.

იკოსი 7

„მსწრაფლშემსმენელად“ წოდებულსა წმიდისა ხატისა შენისა სასწაულებრივი განდიდება მორიგ წყალობად გამოუჩნდა არა მხოლოდ ათონელ ბერებს, არამედ ყოველთა მართლმადიდებელ ქრისტიანეთა კრძალულებით თაყვანის მცემელთა წმიდისა ხატისა შენისა და მხმობელთა შენდამი:
გიხაროდენ, ღვთისა ჩვენისა მშობელო;
გიხაროდენ, შობამდე და შემდგომად შობისა ქალწულო;
გიხაროდენ, რამეთუ გნატრიან ყოველნი ნათესავნი;
გიხაროდენ, რამეთუ შენთანა ჰყო დიდებული ძლიერმან;
გიხაროდენ, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა შენსა უფალმან;
გიხაროდენ, რამეთუ უფალმან სიკეთე შენი სათნო იჩინა;
გიხაროდენ, ასულო კურთხეულო ზეციერისა მამისაო;
გიხაროდენ, უთესლოდ მშობელო ძისა დაუსაბამოისაო;
გიხაროდენ, უბიწოო მოყვარეო სულისა წმიდისაო;
გიხაროდენ, მესაიდუმლეო საღვთოისა მადლისაო;
გიხაროდენ, სამკაულო იმქვეყნიურისა სოფლისაო;
გიხაროდენ, ქომაგო ამა სოფლისაო;
გიხაროდენ, ყოვლადსახიერო „მსწრაფლშემსმენელო“, ვედრებათა ჩვენთა კეთილად აღმასრულებელო.

კონდაკი 8

წუთისოფლის სტუმრებს და მგზავრებს, ვითარცა ჰრქუეს მოციქულთა, არავინ გვივის თვინიერ შენსა, ღვთისმშობელო დედოფალო, და შენდა მოვილტვით ურვეულნი, ყოვლადკურთხეულო. ნუ უგულვებელ გვყოფ, დედაო ღვთისაო, ნუ გვასმენ: „განვედით, არა გიცით ცოდვით დამძიმებულნო!“ არამედ შეგვიწყალენ ობოლნი და უძლურნი და დაგვიფარე საფარველითა შენითა, რათა ვადიდებდეთ ზეციერსა მეუფესა ქრისტესა სიხარულით მღაღადებელნი: ალილუია.

იკოსი 8

ყოველთა მორწმუნეთა სასოებით აღავსებს წმიდა ხატი შენი, ღვთისმშობელო დედუფალო, რომელზეც გხედავთ ყრმით ხელში, დაუსაბამო ღმერთით ჩვენი, იესუ ქრისტეთი. მასვე თაყვანის ვცემთ ძრწოლით ვითარცა შემოქმედსა და ღმერთსა ჩუენსა და ჭეშმარიტად მშობელსა ღვთისასა ლმობიერად გიღაღადებთ:
გიხაროდენ, მარადის ქალწულო, მთავარანგელოზის ხარებისა სიხარულით მიმღებელო;
გიხაროდენ, სძალო უსძლოო;
გიხაროდენ, დედაო გონიერისა ნათლისაო, ცათა და ქვეყანისაო;
გიხაროდენ, ტრედი უწყინარო;
გიხაროდენ, ტარიგო უბიწოო;
გიხაროდენ, ტაკუკო მომნიჭებელო სიხარულისაო;
გიხაროდენ, აუვსებელო ჭურჭელო წყლისა ცხოველისაო;
გიხაროდენ, მირონო ქრისტეს კეთილსუნნელებისაო;
გიხაროდენ, განმდევნელო ვნებათა ჩვენთა სიმყრალისაო;
გიხაროდენ, რომლისა მიერ შევიმეცნებთ ქრისტესა;
გიხაროდენ, რომლისა მიერ ვსწავლობთ თაყვანისცემას საწმიდა არსებისა ღვთისასა;
გიხაროდენ, ყოვლადსახიერო „მსწრაფლშემსმენელო“, ვედრებათა ჩვენთა კეთილად აღმასრულებელო.

კონდაკი 9

ყოველნი ნათესავნი ჯერისაებრ გნატრიან შენ, კურთხეულო ღვთისმშობელო მარიამ, აღმოსავალიდან ვიდრე დასავალამდე იდიდების სახელი შენი, ხოლო ბერ-მონაზვნები შენი წილხდომილი ათონის მთის მკვიდრნი, მფარველად თვისად გიხმობენ, რომელთაც უხვად მოჰფენ წყალობასა და სასწაულთა, და მმადლობელნი შენნი უღაღადებენ უფალსა: ალილუია.

იკოსი 9

ამაოდ მბრძნობნი რიტორნი ვერ შემძლებელნი წვდომად საიდუმლოსა ქალწულებისა შენისა, ღვთისა დედაო, ვერ გულისხმაჰყოფენ წმიდისაგან ხატისა შენისა სნეულთა სასწაულებრივ კურნებასა. ჩვენ კი მართლმადიდებლობით ჭეშმარიტად ვცნობთ ქალწულებასა შენსა და გიღაღადებთ ერთგულად თაყვანისმცემელნი წმიდისა ხატისა შენისა:
გიხაროდენ, ურწმუნოთა იჭვნეულო სასმენელო;
გიხაროდენ, მორწმუნეთა უეჭველო სიქადულო;
გიხაროდენ, ქრისტეს გვერდისაგან უხრწნელად შობილო;
გიხაროდენ, შობისას ქალწულებისა  ბეჭდისა უვნებელად დამცველო;
გიხაროდენ, დედაო და ქალწულო უმეტესად კურთხეულო;
გიხაროდენ, ღვთისა მშობელო ყოვლად ქებულო;
გიხაროდენ, ქალწულთა დიდებაო;
გიხაროდენ, დედათა მარადიულო სიხარულო;
გიხაროდენ, დედათა შორის უბიწოო და კეთილო;
გიხაროდენ, მშობელო, მის გველის თავის, აღთქმულისა შემმუსრველისაო;
გიხაროდენ, შეცდომილთა წინაპართა ცოდვათაგან დამხსნელო;
გიხაროდენ, შობითა შენითა კაცთათვის დახშულისა ედემისა განმღებელო;
გიხაროდენ, ყოვლადსახიერო „მსწრაფლშემსმენელო“, ვედრებათა ჩვენთა კეთილად აღმასრულებელო.

კონდაკი 10

ქრისტიანეთა ცხოვნების მნებებელმან, ღვთისმშობელო, სათნო იჩინე წილხვდომილი მიწა შენი, მთა ათონი, ბერ-მონაზონთა სავანედ დაგედგინა და პირველ ათონელ მეუდაბნოეს ღირს პეტრეს ჩვენებით აუწყე მისი ბერთათვის საუკუნო სამკვიდრებელად დადგენა და აღუთქვი შემწეობა და მფარველობა ყოველთა ღვთისთვის სათნო მოსაგრეთა და მოსცემდი მათ საზრდოსა და იხსნიდი ყოველთა განსაცდელთაგან ღვთისადმი მღაღადებელთა: ალილუია.

იკოსი 10

ზღუდე ხარ მფარველი, ქალწულო, მართლმადიდებელთა ბერთა და ქალწულებასა და უბიწოებასა შინა მოსაგრეთა. ამიტომაც წილხვედრი მთაი შენი ათონი დედათათვის მიუვალად დაადგინე და მით დაიცვენ მკვიდრნი მისნი საცდურისაგან, რომელნიცა შენ მხოლოსა სასოებით გიღაღადებენ:
გიხაროდენ, ქალწულებისა დაუმჭნარო ყვავილო;
გიხაროდენ, მანათობელო საფარველო ზეციურო, უბიწოთა დამფარველო;
გიხაროდენ, სიბრძნისა ღვთისა ეტრატო, განმაბრძნობელო უბიწოებაში მოშურნეთაო;
გიხაროდენ, მონოზონთა კეთილმოღვაწეთა შუამდგომელო, მაცხოვნებელო;
გიხაროდენ, ათონის მთის მეუდაბნოეთა მფარველო და ზღუდეო;
გიხაროდენ, ღვთისმოშიშთა სიხარულით აღმავსებელო;
გიხაროდენ, მწუხარეთა სულიერო ნუგეშო;
გიხაროდენ, ობოლთა და ქალწულთა გამომზრდელო;
გიხაროდენ, უკვდავისა სიძისა სიყვარულისა მიერ ქალწულებრივის სიხარულით დამატკბობელო;
გიხაროდენ, ხორციელ ვნებათა მძიმე ბრძოლაში მტკიცე შეწევნაო;
გიხაროდენ, მონოზონთა სავანის მცველო დაუძინებელო;
გიხაროდენ, ყოვლადსახიერო „მსწრაფლშემსმენელო“, ვედრებათა ჩვენთა კეთილად აღმასრულებელო.

კონდაკი 11

მდაბალსა გალობასა ჩვენსა, სიყვარულითა და გულმოდგინებით შენდა აღვლენილს, ნუ მოიძაგებ წმიდაო, და ნუ განგვიშორებ ცოდვითა შემწიკვლებულთა, არამედ შეწევნითა შენითა ცოდვათა ბიწისაგან სინანულის ცრემლით განწმენდილნი პატივით ვადიდებთ უფალს: ალილუია.

იკოსი 11

სასწაულთა ნათელი სხივების მფენი წმიდა ხატი შენი ცისკროის, ღვთისმშობელო ქალწულო, და სოფელსა კეთილად განანათლებს და ღვთიურითა ძალითა განსდევნის ბოროტის მანქანებასა. შუამდგომელსა და მოწყალეს, სიხარულით აღვსილნი, ლოცვათა ჩვენთა მსწრაფლშემსმენელს, მადლობით გიღაღადებთ:
გიხაროდენ, მთიებო დაუვალისა მზისაო;
გიხაროდენ, ცისკარო დაუღამებელისა დღისაო;
გიხაროდენ, ცხოვრებისა ჩვენისა მანათობელო დილაო;
გიხაროდენ, სულთა ჩვენთა უკვდავისა სიძისა მშობელო;
გიხაროდენ, წადიერებათა ჩვენთა ღვთის სათნოდ წარმმართებელო;
გიხაროდენ, ურვებასა და მტრის გარემოცვაში ჩვენდა შეწევნად ნეტარწიაღად მოსწრაფეო;
გიხაროდენ, სამოთხეო გონიერო, ყოველთა სულიერითა ნუგეშითა აღმავსებელო;
გიხაროდენ, აღვსებითა შენითა ნუგეშისა ჩვენისა წყაროო;
გიხაროდენ, ვნებათა ჩვენთა ცეცხლის დამაცხრობელო;
გიხაროდენ, ვნებათა ღელვის ძლევის მოსურნეთა საღვთო მადლის მიმნიჭებელო;
გიხაროდენ, უბიწოებასა და ქალწულებაში მცხოვრებთა ფრიად მოყვარულო;
გიხაროდენ, ღვთივ გამორჩეულთა სიზმრებსა და ჩვენებით გამოცხადების ღირსმყოფელო;
გიხაროდენ, ყოვლადსახიერო „მსწრაფლშემსმენელო“, ვედრებათა ჩვენთა კეთილად აღმასრულებელო.

კონდაკი 12

საღმრთო მადლი წმიდისა ხატისა შენისა, შენს მიერ „მსწაფლშემსმენელად“ წოდებულისა, ღვთისმშობელო ქალწულო, მიიზიდავს ყოველთა შეურვებულთა და ტვირთმძიმეთა და ვითარცა წყარო სიუხვისა და სიკეთისა, მსწრაფლ შეისმენს მათ ვედრებას და მიანიჭებს: ურვაში მყოფს - სიხარულის, განსაცდელში მყოფს - შეწევნას, სნეულს - კურნებას და ყოველნი მადლობით უღაღადებენ წყაროს სიკეთისას, ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 12

სასწაულთა შენთა, ღვთისმშობელო დედოფალო და წყალობათა შენთა მგალობელნი ქრისტიანენი, ვერ შემძლებელ ვართ ღირსად ქებად შენდა უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღამტებით უზესთაესსა სერაბიმთასა, მსასოებელნი შენისა გამოუთქმელისა გულმოწყალებისა, ყოვლადკურთხეულო, თავდადრეკით გიგალობთ ესრეთ:
გიხაროდენ, მშვიდო ნავთსაყუდელო კეთილმსახურთა მოსაგრეთაო;
გიხაროდენ, მდუმარებასა შინა მყოფთათვის ტკბილმოუბარო;
გიხაროდენ, მეუდაბნოეთა და მთების მკვიდრთა კეთილო ლხინებაო;
გიხაროდენ, შორის მონათა ღვთისათა დაფარულთა იდუმალო განმაბრძნობელო;
გიხაროდენ, მონანულთა ღმერთთან შემარიგებელო;
გიხაროდენ, ათონის მთის უმაღლესო განმგებელო;
გიხაროდენ, მეუდაბნოე პეტრეს გამოცხადებითა შენითა განმანათლებელო;
გიხაროდენ, ღვთივგანბრძნობილად ათანასეს გამოცხადებითა შენითა მადლის მიმნიჭებელო;
გიხაროდენ, მრავალ ღირს ათონელ მამათა ზეციური დიდებით განმაბრწყინვებელო;
გიხაროდენ, ათონის მთის მკვიდრთა გამორჩეულად მოყვარულო;
გიხაროდენ, ხორცთა ჩვენთა უანგარო კურნებაო;
გიხაროდენ, სულთა ჩვენთა ზეციურისა სასუფევლისა მეგზურო;
გიხაროდენ, ყოვლადსახიერო „მსწრაფლშემსმენელო“, ვედრებათა ჩვენთა კეთილად აღმასრულებელო.

კონდაკი 13

ჰოჲ, ყოვლადსაგალობელო დედაო, ღვთისმშობელო მარიამ, რომელმან ინებე წმიდისა ხატისა შენისა, „მსწრაფლშემსმენელად“ წოდება, შეიწირე კნინი ესე ლოცვაჲ ჩვენი, სარწმუნოებით და სიყვარულით შენდა აღვლენილი და მეოხ გვეყავ წინაშე ყოვლად წმიდისა სამებისა, რათა გვიხსნას გეენიისაგან, ბნელისა და საუკუნო სატანჯველისაგან და ოხითა შენითა დავიმკვიდროთ სასუფეველი ცათა და წმიდათა თანა ვუგალობდეთ ღმერთსა: ალილუია (3-გზის).
(შემდეგ იკოსი 1 და კონდაკი 1)

ლოცვა

ჰოჲ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო „მსწაფლშემსმენელო“, მრავალ სასწაულთა მოქმედო, ათონის მთის სიწმიდეთა საუნჯეო, ყოვლადწმიდა სამების თაყვანისცემისა მასწავლელო, შევრდომით გევედრებით ჩვენ ცოდვილნი და უღირსნი ესე, მეოხ გვეყავ წინაშე ერთარსისა და სამგვამოვანისა ღმრთისა ჩვენისა, რათა შუამდგომელობითა შენითა ყოვლადსახიერმან სამებამან გარდამოგვივლინოს საღმრთო მადლი უძლურთა კურნებისა და ნაკლულევანთა აღვსებისა, სასიცოცხლო ძალთაგან დაშრეტილთა და უღონო ქმნილთა, ბოროტის მანქანებათაგან მრავალ გზის კვეთებულთა და გვემულთა, მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა.
ჰოჲ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, „მსწრაფლშემსმენელად“ წოდებულო, ევედრე სამებასა ყოვლადწმიდასა, უცვალებელსა, გამოუკვლეველსა, ერთღმრთეებად ქებულსა, ყოველთა არსებათა წამისყოფით დამბადებელსა, გარეშეუწერელსა, მართლმადიდებელთა მაცხოვნებელსა, რათა შუამდგომელობითა შენითა სამებამან ერთღვთაებამან გარდამოგვივლინოს შეცნობა და სწრაფვაჲ ზეციურისა მოქალაქობისა, სინანული უღმრთოისა ცხოვრებისა, ძლევაჲ საცდურთა სიმრავლისა, ძალი და შეწევნაჲ დაცემათაგან აღდგომისა და აღმართებისა, რამეთუ უკეთუ არა მსწრაფლშემწეობა შენი, ვითარ განვერნეთ ბოლო ჟამის მოძალებულ უსჯულოებათა ნიაღვარსა შინა დანთქმისა და წალეკვისაგან.
ჰოჲ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, „მსწრაფლშემსმენელო“, ნუ უგულებელსჰყოფ ვედრებასა ჩვენსა, შენდამი აღძრულ სასოებასა, შენდამი მოლტოლვილთა აღსარებასა, არამედ შუამავალ გვექმენ წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა, განუყოფელისა და დაუსრულებელისა, რათა მოიხილოს ჩვენზედა წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყვარებითა თვისითა, გარე წარაქციოს რისხვაჲ მარადის ჩვენზედა მომავალი და გვიხსნას ჩვენ სამართლად ჩვენზედა მოწევნულისა რისხვისაგან და შეგვიწყალნეს ჩვენ, რათა ყოველგან და ყოველსა ჟამსა ვადიდებდეთ სახელსა მისსა წმიდასა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12584684 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ