მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
22 აგვისტო 2017  21:45 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
მუდარა
შეუძლებელია, არ დაეცე; მაგრამ საჭიროა და ვალდებულიც ხარ, დაცემული ადგე. თუ სწრაფად მორბენალი რაიმეს დაეჯახა, მეყვსეულად ადგება და კვლავ მიზნისაკენ აგრძელებს გზას – მიბაძე მას. -





Untitled Document

ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

ათორმეტთაგან რიგით მეორე მოძრავ დღესასწაულს _ ამაღლებას მართმადიდებელი ეკლესია აღდგომიდან მეორმოცე დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს, ზეიმობს.

წმიდა სახარებიდან ცნობილია, რომ ბრწყინვალე აღდგომიდან ორმოცი დღის განმავლობაში იესო ქრისტე ეცხადებოდა თავის მოწაფეებს და მოუთხრობდა მათ ღვთის სასუფევლის შესახებ. აღდგომიდან მეორმოცე დღეს კი ქრისტეს მოწაფეები, გალილეიდან იერუსალიმში დაბრუნებულები, ერთ სახლში შეიკრიბნენ. აქ მათ გამოეცხადათ უფალი, რომელმაც შეკრებილებს გონება გაუხსნა, რათა შეეცნოთ წმიდა წერილი, და უთხრა, რომ ყოველივე ნაწინასწარმეტყველები უნდა აღსრულებულიყო: ქრისტეს ვნება და ჯვარცმა, მესამე დღეს მკვდრეთით აღდგომა, მისი სახელით სინანულისა და ცოდვათა მიტევების ქადაგება ყველა ხალხში, იერუსალიმიდან მოყოლებული. ვინც ირწმუნებდა ქრისტეს და მოინათლებოდა, ცხონდებოდა. ვინც არ ირწმუნებდა, განისჯებოდა. ქრისტეს სახელით მოხდებოდა კაცთაგან ეშმაკთა განსხმა და ავადმყოფთა განკურნება.

ამის შემდგომ მაცხოვარმა აღუთქვა მოწაფეებს, რომ მალე მოუვლენდა მათ სულიწმიდას და უბრძანა, არ გაშორებოდნენ იერუსალიმს: "და აჰა ესერა მე მოგივლინო თქუენ აღთქუმაი იგი მამისა ჩემისაÁ, ხოლო თქუენ დასხედით ქალაქსა ამას შინა იერუსალემსა, ვიდრემდე შეიმოსოთ ძალი მაღლით" (ლუკა, 24,49). შეკრებილთ ეგენათ, რომ უფალი აღადგენდა ამ დროს ისრაელის სამეფოს. მაცხოვარმა კი უთხრა, რომ მათი საქმე არ იმ დღეთა და წელთა ცოდნა, რომელიც ღმერთმა განაჩინა თავისი ძალმოსილებით: "... არა თქუენი არს ცნობაÁ ჟამთა და წელთაÁ, რომელნი იგი მამამან დასხნა თვისითა ხელმწიფებითა..."(საქ.მოც.1,7). მოწაფეები მაშინ მიიღებდნენ ძალას, როცა სულიწმიდა გადმოვიდოდა მათზე, და ისინი იქნებოდნენ ქრისტეს აღმსარებელნი როგორც იერუსალიმში, იუდეასა თუ სამარიაში, ასევე ქვეყნის კიდემდე, მთელს დედამიწაზე: "... მოიღოთ ძალი მოსლვასა სულისა წმიდისასა თქუენ ზედა, და იყვნეთ ჩემდა მოწამე იერუსალემს და უოველსა ჰურიასტანსა და სამარიასა და ვიდრე დასარულამდე ქუეყანისა" (საქ. მოც.1,8).

საუბრობდა რა მოწაფეებთან, მაცხოვარმა გამოიყვანა ისინი ბეთანიის მიმართულებით, ელეონის მთაზე. შემდეგ ხელები ცისკენ აღაპყრო და აკურთხა შეკრებილნი. კურთხევისას თანდათან დასცილდა მათ და ზეცად ამაღლება იწყო, მცირე ხანში კი ღუბელში გაუჩინარდა.

ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, ეჩვენა მათ ორი კაცი, თეთრი სამოსით, რომლებმაც უთხრეს:... კაცნო გალილეველნო, რაÁსა სდგათ და ჰხხედავთ ზეცად? ესე იესო, რომელი ამაღლდა თქვენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად" (საქ. მოც. 1,11). ამაღლდა უფალი ზეცად და დაჯდა მარჯვენით ღმრთისა. მოწაფეები, სულიწმიდის გარდამოსვლის მომლოდინენი, სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში. ისინი განუწყვეტლივ ლოცვაში იიყვნენ,  ადიდებდნენ და მადლობდნენ ღმერთს, რომელმაც თავისი აღდგომითა და ამაღლებით კაცობრივი, მოკვდავი ბუნება უკვდავებას აზიარა.

წმიდა იოანე ოქროპირის თქმით, უფლის ამაღლებამ ადამიანი ანგელოზს მიამზგავსა, იგი შეერთო უხორცოთა დასს. ადამიანი, უღირსი თვით მიწისთვისაც კი, ღვთის უდიდესი მოწყალებით, ზეცაში დაემკვიდრა. ბუნება კაცთა, რომლისგანაც ქერუბიმები სამოთხეს იცავდნენ, ახლა ქერუბიმზე აღმატებული გამოჩნდა. იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებით მოხდა ცისა და მიწის შეერთება, შერიგება ზეციურისა და მიწიერისა. რეალურად განცხადდა ღვთის განგებულება სამყაროზე, განგებულება, რომელიც აღსრულებამდე ძველ აღთქმაში იყო მინიშნებული წინასწარმეტყველებთან: "ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ხმითა საყვირისაÁთა" (ფს. 46,5). ამაღლების შემდგომ, პავლე მოციქულის თქმით, "... ჩვენი მოქალაქეობაÁ ცათა შინა არს, ვინაÁცა მაცხოვარსა მოველით, უფალსა იესო ქრისტესა" (ფილ. 3,20).

წმიდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: " ამას დღეს შინა იხარებდედ ცანი და მხიარულ იყავნ ქუეყანაÁ და ეკლესიაÁ დიდებითა თÂსითა. რამეთუ ამაღლდა მეუფÀ იგი ზეცისაÁ ძლევითა თვისითა... კაცისათვის დამდაბლდა ღმერთი, განეხუნეს მის წინაშე ბჭენი, რომელ დახშულ იყვნეს საუკუნითგან". ბჭე ჩვენი ცხონებისა, რომელიც საუკუნეების მანძილზე დახშული იყო პირველ ადამიანთა შეცოდებების გამო, განიღო უფლის ამაღლებისას. უფალმა იესო ქრისტემ თავისი ბრწყინვალე აღდგომითა და ამაღლებით სძლო საცთურს, დათრგუნა და განაქარვა სიკვდილი.
უფლის აღდგომა ადამიანებს სიკვდილზე ძლევას შეახსენებს, ხოლო ამაღლება ქვეყნიერების სვლას ზეცისკენ წარმართავს. სწორედ ამაღლებისათვის წინასწარმეტყველებდა დავით მეფე: "ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯვენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერÃთა შენთა" (ფს. 109,1) და "აღახუენით ბჭენი თქუენი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი, და შევიდეს მეუფე დიდებისაÁ. ვინ არს ესე მეუფე დიდებისაÁ. უფალი ძლიერი და მტკიცე, უფალი ძლიერი ბრძოლასა შინა. აღახუენით ბჭენი თქუენი, მთავარნო,  და აღახუენით ბჭენი საუკუნენი, და შევიდეს მეუფე დიდებისაÁ. ვინ არს ესე მეუფე დიდებისაÁ. უფალი ძალთაÁ. თავადი არს მეუფე დიდებისაÁ". (ფს. 23,7-10).

წმიდა წერილიდან ცნობილია, რომ ძველი აღთქმის ერთ-ერთი წინასწარმეტყველი, ელია, ღმერთმა ცოცხლად აღიტაცა ზეცაში, მოჰგვარა რა მას ცეცხლოვანი ეტლი. მაგრამ ელიას ამაღლება ღვთის მონის ამაღლება იყო, ხოლო იესო ქრისტეს ამაღლება _ განკაცებული უფლისა; ამიტომაც, როცა მონის ამაღლება მოხდა, ამისთვის ეტლი იქნა გამზადებული, ხოლო ძე ღმრთისას ასამაღლებლად _ ცეცხლის მსგავსი სამეუფო საყდარი.

ელიამ ამაღლებისას თავის მოწაფეს, ელისე წინასწარმეტყველს, ხალენი დაუტოვა, ხოლო უფალმა იესო ქრისტემ ამაღლებისას _ ღვთაებრივი ნიჭი საკუთარ მოწაფეებს, რამეთუ თითოეული მათგანი შემდგომში მქადაგებელი და წინასწარმეტყველი გახდა.

ზეცად ამაღლებული უფალი ჩვენი იესო ქრისტე კვლავ მოვა ამქვეყნად, რათა განსაჯოს ცოცხლები და მკვდრები, რომელნიც უფლის მეორედ მოსლისას აღდგებიან.

ადამიანთა მოდგმის ხსნაც სწორედ იმაშია, რომ ჩვენი მსგავსი კაცობრივი ბუნება (გარდა ცოდვისა) მკვდრეთით აღდგა, ზეცად ამაღლდა საუკუნო ნეტარ სამყოფელში, იძლია ხრწნილება და შემოვიდა უკვდავება. მსგავსად ამისა, ყოველი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელიც უფლის მეორედ მოსვლისას საშინელ სამსჯავროზე განმართლდება, უხრწნელი სხეულით ამაღლდება ზეცად და სამარადისოდ განღმრთობილი ადგილს ცათა სასუფეველში დაიმკვიდრებს.

ტროპარი

ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქუმითა მით სულისა წმიდისაÁთა, განამტკიცენ რაÁ იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მÃსნელი სოფლისა.

კონდაკი

სრულ ჰყავ რაÁ ცხოვრებაÁ ჩვენი და ზეცისათა შეაერთენ ქუეყანისანი, ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო, რომელი არასადა განეშორები, მÃსნელო, არამედ ჰგიე განუშერებელად, და ეტყოდი საყუარელთა მათ შენთა; მე მხოლო ვარ თქუენ თანა, და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა.

იოანე ზედაზნელის ერთ-ერთი მოწაფე, ნეტარი მამა დავითი, ზედაზნის სავანეში ოთხწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, თბილისის დასავლეთით, აწ მთაწმინდად წოდებულ მთაზე დამკვიდრდა. იგი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად, კვირაობით საქადაგებლად თბილისში ჩამოდიოდა. თავისი ჭეშმარიტი სწავლებით წმ. დავითმა დედაქალაქში მაზდიანობა საგრძნობლად შეარყია. ამით განრისხებულმა ცეცხლმსახურებმა ბერის ცილის საწამებლად მეძავი დედაკაცი მოისყიდეს.

ერთ კვირა დღეს, უსჯულოთა წაქეზებით, ხალხის წინაშე, მეძავმა ბერს ცილი დასწამა. ქალი მუცლადღებული ჩვილის მამობას აბრალებდა წმ. მამას. დავითმა ჯვრის გამოსახულებიანი რკინის კვერთხი დედაკაცის მუცელს შეახო და ხმამაღლა თქვა: ,,შენ ჩვილო გიბრძანებ, სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რათა გვაუწყო ჩვენ, თუ მე ვარ მამა შენი.” ჩვილმა უარყო. ამ საოცრებამ ერიც აღაშფოთა და მოგვებიც. ამ უკანასკნელთა, რაკი ვერა გააწყვეს, ,,ჩააქვავეს უკეთური იგი ცრუმწამელი.” ეს ამბავი იმ ადგილას მოხდა, სადაც ამჟამად წმ. გიორგის სახელობის ქაშვეთის ტაძარი დგას.

,,დაუტევა ყოვლად სანატრელმან” დედაქალაქი, ლუკიანესთან ერთად წმ. ბერი გარეჯის უწყალო უდაბნოს მიადგა. ეს იყო ქვეყნიური შფოთისაგან თავისუფალი ადგილი და წმ. მოწამემ აქ დამკვიდრება გადაწყვიტა. ლუკიანეს წუხილზე, თუ ვით გაძლებდნენ ამ უკაცრიელ ხრიოკში, დავითმა მშვიდად მიუგო, რომ არ მიატოვებდა მათ ღმერთი, რომელმაც ისრაელი მანანით გამოზარდა და მწყურვალთ წყალი გამოუდინა.

ბერს საუბარი არ დაესრულებინა, რომ სამი ირემი მოადგათ ნუკრით. ეს ღვთისაგან ბოძებული სარჩო იყო. ირმები ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა მეუდაბნოებთან ყოველდღე მოდიოდნენ.

ბერების ქვაბულის ქვეშ, საშინელი გველეშაპი ბინადრობდა. ერთ დღეს მან ირემებს ნუკრი მოსტაცა. დამფრთხალი ცხოველები ბერთა სამკვიდრებელს მიადგნენ. ნეტარი დავითი ირმების კვალს გაჰყვა. იხილა რა საზარელი ურჩხული, წმიდა მამამ მრისხანედ უბრძანა გადახვეწილიყო. გველეშაპი არ დაემორჩილა, მაშინ ზეციდან გადმოფრქვეულმა ცეცხლმა დემონი შეუსრა.

გამოხდა ხანი. ერთხელ, მონადირეებმა კლდის ქვაბულში შემავალი ირმები იხილეს. მიყვნენ რა კვალს, მომხდურები გაოცდნენ, მათ ველური ცხოველები ბერის წინ მორჩილებით მდგომარენი იხილეს.

გაოგნებულმა მონადირეებმა მუხლი მოიყარეს და წმიდა მამებს დარჩენის ნება სთხოვეს. დავითმა, უდაბნოს გაუსაძლისი ცხოვრება ამცნო და ,,გარე უკუნ აქცივნა კაცნი”. მონადირეებმა ხალხს აუწყეს და წმინდანთა ნახვის მსურველი, მრავალი მიდიოდა მამათა სავანეში. დავითი მომსვლელთ უდაბნოს მძიმე პირობების შესახებ აფრთხილებდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა მრავალთა ,,კუეთნეს ქუაბნი და დაადგრებოდეს მის თანა.” ასე მოვიდა გარეჯის უდაბნოში წმ. დიდო. მან და მისმა თანმხლებმა მონაზვნებმა ნეტარი დავითის კურთხევით ,,გამოკაფეს პირისპირ სხუა მონასტერი” და იქ დამკვიდრდნენ.

იყო ,,სიმრავლე ერისა, დამტევებელი ამის სოფლისა და განმრავლდებოდა უდაბნოსა ქალაქი იგი”.

ნეტარი მამა დავითი კი, ნაპრალში დაყუდებული მარტოობდა და მარტვილობდა.

ერთ დღეს კლდის ძირას მდგომმა ბერმა, ქორისაგან დამფრთხალი კაკაბი იხილა. შეშინებული იყო მფრინველი, ,,შევრდომილი ფერხთა მისთა.” ვინმე ბარბაროსი ნადირობდა. მან ნეტარ დავითს ვინაობა ჰკითხა. ,,მე მონა ვარ იესო ქრისტესი” _ მიუგო ბერმა და სთხოვა უცნობს სხვა ფრინველი მოენადირებინა. ბარბაროსმა კადნიერად მიუგო, რომ ფრინველთან ერთად მას თვით ბერის მოკვლაც სურდა. წმინდანმა უპასუხა, რომ მას ღმერთი იცავდა. განრისხებულ მონადირეს მახვილიანი ხელი გაუშეშდა. სასოწარკვეთილი ,,მონურად შეუვარდა ფერხთა ბერისათა”. იგი გოდებით სთხოვდა მიტევებას და ,,აღუთქმიდა ქრისტეს აღსარებასა.” დავითს შეებრალა იგი და განკურნა. განცვიფრებულმა ბარბაროსმა საპყარი შვილის შველაც სთხოვა. ბერმა აღუთქვა. შინ დაბრუნებულ ბარბაროსს, რომლის სახელი ბუბაქარი იყო, ჯანმრთელი ძე მიეგება. მეორე დგეს ბუბაქარმა და მისმა ოჯახმა, წმ. დავითის ნებით, ,,ნათელ იღეს სახელითა მამისათა, ძისათა და სულისა წმიდისათა.”

მოქცეულმა ბარბაროსმა, გარეჯის სავანეში, ოსტატებს ეკლესია გამოაკვეთინა.

,,მას ჟამსა შინა” მამა დავითმა იერუსალიმის მოლოცვა ინება. მონასტრის წინამძღვრად ლუკიანე დაადგინა და რამოდენიმე ბერის თანხლებით გაემგზავრა. მიადგა რა ქალაქს ,,არა იკადრა შთასვლა იერუსალიმად” და ცრემლით ლოცულობდა ქედზე. ძმათა ვედრებას, შესულიყო წმინდა ქალაქში, ნეტარმა მამამ ასე უპასუხა, ,,არა ღირს ვარ, რათამცა მწიკულევანნი ფერხნი ჩემნი, სადა უფალსა ჩემსა იესო ქრისტესა უვლიეს, გამომხსნელსა ჩუენისა, ფერხითა თვისითა, ოფლნი და სისხლნი მისნი დაწუეთულ არიან ადგილსა მას, რათა დავტკეპნო იგი მე ცოდვილმან.” მოწაფეებს ქალაქში შესვლის ნება მისცა. თავად კი აიღო სამი ქვა, ,,შთაიდვა ჩოხასა და წარმოვიდა გარესჯადვე მოხარული.”

იმავე დღეს, იერუსალიმის პატრიარქს, უფლის ანგელოზმა აუწყა, რომ ღმრთის სათნო მამამ, დავითმა, ,,სარწმუნოებითა თვისითა წარიღო მადლი იერუსალიმისა.” უფლის ბრძანებით, დავითს ორი ქვა ქალაქისათვის უნდა დაებრუნებინა. აღელვებულმა პატრიარქმა მალემსრბოლებს სთხოვა ბერისათვის ღვთის ნება გადაეცათ და შეხვედროდნენ მის იერუსალიმში შემობრძანებას. წმ. მამამ უკუქცევა არ ინება, უფლის ნებისამებრ, მსრბოლთ ორი ქვა გაატანა და მუხლმოყრილმა ღმერთი ადიდა.

ნეტარი ბერი, მადლით სავსე, გარეჯის სავანეს დაუბრუნდა. მამები სიხარულით შეეგებნენ. დაბრუნდნენ დავითის თანამგზავრი ძმებიც, რომლებმაც გარეჯელ მამებს, პატრიარქთან უფლის ანგელოზის გამოცხადებისა და სამი ქვის შესახებ ამცნეს. მათი უწყებით, ,,განითქვა ამბავი ესე საკვირველი ქვეყანასა პალესტინისასა.”

უფლის ნაბოძები სასწაულმოქმედი ქვის შეხებით ,,აღესრულებოდეს ფრიად მრავალნი კურნებანი.” მადლის ქვა, როგორც მას უწოდეს, იზიდავდა აურაცხელ მორწმუნეს.

გადიოდა ჟამი და გარეჯის უდაბნოში მამათა რიცხვი იზრდებოდა. წმიდა მოძღვარი ,,მოვლიდა. . . კრებულითა და მოიხილავდა მარტომყოფთა, ნუგეშინის სცემდა და განაძლიერებდა ყოველთა.” ასეთი მონახულებისას, ერთხელ ერთმა მეუდაბნოემ დავითს შესჩივლა, რომ წყალი, რომელიც მის სამყოფელში კლდიდან ჟონავდა, მწარე იყო. მისი წვეთებით გაჟღენთილი, მხალიც მწარდებიდა. მოძღვარმა ბერი ანუგეშა, ილოცა, წყალი პეშვით აიღო, აკურთხა, ჯვარი გამოსახა და ,,ამიერიდან დატკბა წყალი იგი და მხალიცა.”

ოდეს ,,სცნა ამიერ სოფლით განსვლა,” ღმერთშემოსილმა ნეტარმა მამამ მოუწოდა უდაბნოს კრებულს, ,,ასწავა სულიერნი გზანი და მოღვაწებისა საქმენი.” აკურთხა ისინი; შემდგომ ხელაპყრობილმა სული ღმერთს შეავედრა და მშვიდად აღესრულა.

მეუდაბნოეთა შორის ერთ-ერთი ბრმა იყო. ამბორსმყოფად შეეხო რა იგი დავითის ცხედარს, თვალნი აეხილა. ბერები ღმერთს ადიდებდნენ, ,,რამეთუ მკვდარმანცა სასწაულ ქმნა.”

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 11587300 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ