მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
29 ივნისი 2017  03:19 ქართული შრიფტი


გალაკტიონ ტაბიძე
''ატმის რტოო, დაღალულო რტოო, ''
"იმაზე დიდებული არაფერია, ვიდრე ღმერთთან მყოფი ადამიანი და არაფერია იმაზე არარაობა, ვიდრე ადამიანი - ღმერთის გარეშე." -





Untitled Document

მიძინება ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისა

მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას 15/28 აგვისტოს აღნიშნავს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი იესო ქრისტეს ამაღლებიდან რამდენიმე წელს კიდევ ცხოვრობდა დედამიწაზე. მოციქულებმა იოანე ღვთისმეტყველმა, უფლის სიტყვისაებრ, თავის სახლში მიიღო იგი და ზრუნავდა მასზე, როგორც საკუთარ დედაზე. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გახდა დედა მოციქულთა, იგი მათთან ერთად ლოცულობდა და საუბრობდა მაცხოვრის შესახებ. როცა ქრისტიანობა სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა, მასთან მრავალი მორწმუნე მიდიოდა სანახავად და სიტყვის მოსასმენად.

იერუსალიმში ღვთისმშობელს უყვარდა მოენახულებინა ის ადგილები, სადაც კი გაევლო მაცხოვარს, სადაც ეწამა, მოკვდა, აღდგა და ამაღლდა ზეცად, ის ლოცულობდა ამ ადგილებში. ტიროდა, როცა იხსენებდა იესოს ვნებებს და ხარობდა მისი აღდგომისა და ამაღლების გახსენებისას. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ხშირად ევედრებოდა უფალს, რათა მალე წაეყვანა მას თავის სასუფეველში.

ერთხელ, როცა ღვთისმშობელი ელეონის მთაზე ლოცულობდა, გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი, ხეკში ზეთისხილის რტოთი და უთხრა, რომ იგი სამ დღეში აღესრულებოდა და უფალი წაიყვანდა თავისთან. ღვთისმშობელი დიდად გაახარა ამ უწყებამ და მიცვალებასათვის მზადება დაიწყო.

მოციქულები ამ დროისათვის იერუსალიმში არ იყვნენ, ისინი სხვადასხვა ქვეყანაში ქრისტიანობას ქადაგებდნენ. ღვთისმშობელს სურდა, მიცვალების წინ დამშვიდებებოდა მათ. ეს თითქოს შეუძლებელი იყო, მაგრამ ღმერთმა, სასწაულებრივად, იერუსალიმში შეკრიბა ყველა მოციქული, თომას გარდა. ისინი დამწუხრდნენ, როცა შეიტყვეს, თუ რისთვის მოუხმო მათ ერთად უფალმა, მაგრამ ყოვლადწმიდა ქალწულმა განუცხადა მათ, რომ არ მიატოვებდა ქრისტეს სამწყსოს თვით მიცვალების შემდეგ და რომ მათთვის ილოცებდა სასუფეველში.

ღვთისმშობლის მიცვალებისას არაჩვეულებრივმა ნათელმა გაანათა ის ოთახი, სადაც მარიამი იწვა: თვით უფალი იესო ქრისტე, ანგელოზთა თანხლებით, მოვიდა და მიიღო მისი ყოვლადწმიდა სული. ღვთისმშობელი ისეთი სიმშვიდითა და ნეტარებით აღესრულა, რომ მოციქულებმა მისი მიცვალება მიძინებად აღიქვეს.

მოციქულებმა ღამე ლოცვით გაათიეს და პარასკევ დილით ღვთისმშობელი, სიონიდან გეთსამანიაში გადაასვენეს. გაბოროტებულ ურიათაგან ერთ-ერთმა მისთვის  ხელის შეხება დააპირა, მაგრამ ხელები მოეკვეთა. მაშინ იოანე მახარებელმა განუმარტა ხალხს, რომ შეეგნოთ, რამუთუ დედა არს ღმრთისა. ურიამ შეინანა, მოციქულებმა იგი ღვთისმშობელს შეავედრეს და მოჭრილი ხელები უცებ გაუმრთელა. ამ სასწაულის ხილვამ მრავალი მოაქცია. მოციქულებმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის გვამი აკლდამაში დაკრძალეს. შაბათს, მესამე ჟამს, ჟამის აღასრულეს, ხოლო მწუხრიდან შუაღამემდე გულმოდგინედ ილოცეს. ლოცვით დაღლილებს შუაღამისას ღრმად ჩაეძინათ. და აჰა, ქვეყანა შეიძრა, ხორცნი წმიდისა ღვთისმშობლისა უხილავად ზეცად იქნა აღყვანილი.

ღვთის განგებით, თომა მოციქული, რომელიც ღვთისმშობლის მიძინებას ვერ დაესწრო, სწორედ კვირა ღამეს მოვიდა გეთსამანიაში და წმიდა გვამის თაყვანისცემა მოისურვა. კარი რომ გააღეს, ცარიელი საფლავი და შეკეცილი სახვევები იხილეს. თომა მოციქულმა არ ირწმუნა სიკვდილი ღვთისმშობელისა. გაოცებული მოციქულები შინ დაბრუნდნენ და ევედრებოდნენ უფალს, რათა აეხსნა ეს საიდუმლო. საღამოს, ტრაპეზის შემდგომ, როცა ერთად ლოცულობდნენ, ანგელოზთა გალობა ესმათ ზევიდან. მათ დაინახეს ღვთისმშობელი, ზეციური დიდებით გაბრწყინებული, რომელმაც გაამხნევა მოციქულები და აღუთქვა, რომ ყოველჟამს მათთან იქნებოდა შემწედ და მფარველად. როგორც თავად უფალი აღდგა მესამე დღეს და მეორმოცე დღეს ცად ამაღლდა უხრწნელი სხეულით, საევე ღმერთმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, მისი მიძინების შემდგომ ცათა შინა აღიყვანა, რომლის შესახებაც წინასწარმეტყველებდა დავით მეფე: "აღსდეგ, უფალო, განსასვენებელად შენდა, შენდა კიდობანი სიწმინდისა შენისა".

ღვთისმშობლის მიძინებას წმიდა ეკლესია უძველესი დროიდან დღესასწაულობს. მას იხსენებენ მეოთხე საუკუნის საეკლესიო მამები, ნეტარი იერონიმე და ავგუსტინე. წმიდა იოანე დამასკელსა და კოზმას მაიუმელს ეკუთვნით საგალობლები, რომელთაც ეკლესია აღავლენს ამ დღეს.

ტროპარი

შობასა ქალწულებაი დაიმარხე და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე, ღვთისმშობელო, მიხვედ ცხოვრებსდ დედა ეგე ცხოვრებისა, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკვდილისაგან სულთა ჩვენთა.

კონდაკი

მეოხებათა შინა სამარადისოდ მვედრებელი და შეწევნათა შინა უცვალებელი სასოება, ღვთისმშობელო, სამარემან და სიკუდილმან ვერ დაგაბრკოლეს, არამედ ვითარცა დედა ეგე ცხოვრებისა, ცხოვრებად მოგცვალა, რომელმან დაიმკვიდრა საშო მარადის ქალწულისა.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 10138943 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ