მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
18 დეკემბერი 2017  11:45 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
ის კი არ არის ბიჭობა
ცხონების გზაზე სიკვდილამდე არ უნდა შევყოვნდეთ და გავჩერდეთ. ზნეობრივი სრულყოფილების რა ხარისხსაც არ უნდა მიაღწიო, მაინც სულ წინ უნდა ისწრაფოდე -





Untitled Document

შობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისა

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობას მართლმადიდებელი ეკლესია 8/21 სექტემბერს დღესასწაულობს.

უფალმა იმისათვის, რომ ადამიანთა მოდგმა ეხსნა, ადამიანური ბუნების მიღება ინება და დედად ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი გამოარჩია.
ძველი აღთქმის წიგნებში მრავლადაა წინასწარმეტყველება ღვთისმშობლის შესახებ. ეზეკიელ წინასწარმეტყველმა იგი დახშული ბჭის სახით იხილა (ეზეკ. 44,2). დანიელ წინასწარმეტყველი ამბობს: მთისაგან ლოდი თვინიერ ხელისაგან კაცისა გამოკუეთილი (დან. 2,34). ხოლო ესაია ღაღადებდა: აჰა ქალწული მიუდგას და შვეს ძეი (ეს. 7,14).

მოსემ ღვთისმშობელი შეუწველ მაყვლოვანად იხილა სინას მთაზე, გედეონმა - საწმისად, დავითმა ვითარცა ცვარი, ოსე  წინასწარმეტყველმა  უხრწნელ ქალწულად ჰქადაგა, ეზეკიელმა სიწმიდის ბჭედ, დანიელმა შეურყეველ მთად, ესაიამ იესეს ძირად.

ქრისტიანულ ლიტერატურაში არსებობს იაკობის აპოკრიფული თხზულება "შობა მარიამისა", რომელიც დაწვრილებით  მოგვითხრობს, თუ როგორ შეეძინათ იოაკიმესა და ანას მომავალი მშობელი განკაცებული უფლისა. ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი დაიბადა გალილეის ქალაქ ნაზარეთში. მისი მშობლები იყვნენ მართალი იოაკიმე და ანა. ისინი უშვილონი იყვნენ. ასე მიაღწიეს მათ ხანდაზმულ ასაკს. მაგრამ არასოდეს კარგავდნენ იმედს, რომ ღმერთი, რომლისთვისაც არაფერია შეუძლებელი, მათ შვილს მოჰმადლებდა. იოაკიმემ და ანამ აღთქმა დადეს, რომ ახალშობილს ტაძარში მსახურებისათვის უფალს  მიუძღვნიდნენ. ებრაელ ხალხში უშვილობა ღვთის სასჯელად ითვლებოდა, რის გამოც მართალი მეუღლენი თანამემამულეებისაგან მრავალ უსამართლო ყვედრებას ისმენდნენ.

ერთ-ერთ დღესასწაულზე იოაკიმემ მსხვერპლი მიიტანა იერუსალიმის ტაძარში ღვთისათვის შესაწირად, მაგრამ მას უღირსი უწოდეს უშვილობის გამო და მღვდელმთავარმა მსხვერპლის შეწირვაზეც უარი  უთხრა. მოხუცი ღრმა მწუხარებით აღივსო და უდაბნოს მიაშურა. იქ მან ორმოცი დღე მარხვასა და ლოცვაში გაატარა.

უფალმა შეისმინა ცოლ-ქმრის ვედრება. მთავარანგელოზმა გაბრიელმა შეატყობინა ანას, რომ მალე დედა გახდებოდა, ხოლო მისი ნაშობი განდიდდებოდა. გახარებულმა ქალმა, მადლიერების გამო, მაშინვე აქთქმა დადო, რომ ბავშვს უფალს შესწირავდა. ანგელოზმა უდაბნოში განმარტოებულ იოაკიმესაც აუწყა, რომ  ღმერთმა მისი ვედრება შეისმინა და მალე მემკვიდრე შეეძინებოდა.

გავიდა ხანი და ანამაც იმშობიარა. მას ქალი შეეძინა და მარიამი უწოდეს. ექვსი თვის მარიამი დედამ გამოსაცდელად მიწაზე დააყენა. ბავშვმა შვიდი ნაბიჯი გადაადგა და დედის კალთამდე მიაღწია. გახარებულმა ანამ შვილი ხელში აიტაცა. როცა მარიამი ერთი წლისა გახდა, იოაკიმემ დიდი ლხინი გადაიხადა და შინ  მღვდელმთავრები, მღვდლები და მწიგნობრები მიიწვია. მღვდელმთავრებმა და მღვდლებმა ჩვილი დალოცეს და ღმერთს მისი კურთხევა შესთხოვეს.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობა, ვინც თავისი  უმანკო სხეულით განკაცებული უფალი იტვირთა, ქრისტიანებისათვის ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს წარმოადგენს. ღვთისმშობლმა თავისი სიწმინდითა და სათნოებით არა მხოლოდ ყველა ადამიანს გარდაამეტა, არამედ ჴ ყველა ანფელოზსაც, ღვთის ცოცხალ ტაძრად მოგვევლინა და როგორც მას წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია უგალობს, გახდა "ზეციური კარი, რომლითაც ქრისტე ამქვეყნად მოვიდა ჩვენს სულთა სახსნელად".

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ყველას შემწე და მეოხია, მაგრამ საქართველოსა და ქართველებს ღვთისმშობლის განსაკუთრებული  მფარველობა იცავს. ეს იმიტომ, რომ სათნო გადმოცემის მიხედვით ივერია ღვთისმშობლის წილხვედრია. როცა მოციქულები წილს იყრიდნენ, თუ რომელ მხარეში ექადაგათ და მოექციათ ხალხი ქრისტეს რჯულზე, ღვთისმშობელს საქართველო ხვდა წილად, მაგრამ რადგანაც მისი მიძინება მოახლოებული იყო, მის ნაცვლად საქართველოში ანდრია პირველწოდებული იქნა გამოგზავნილი, დედას ღვთისას უფალი გამოეცხადა და აუწყა, რომ არ დაეტოვებინა იერუსალიმი, ვინაიდან მისი მიძინება იყო მოახლოებული, ხოლო მისი წილხვდომილი ქვეყანა (საქართველო) გაბრწყინდებოდა მომავალში.

უდიდესია წყალობა ღვთისა _ ჩვენ ღვთისმშობლის მფარველობაში ვიმყოფებით, მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ პასუხისმგებლობაც უდიდესი უნდა იყოს ღვთის წინაშე. წყალობას, მადლობით მიღების გარდა, დიდი ერთგულებაც სჭირდება, რადგან წყალობა მხოლოდ მაშინაა ჯილდო, როცა ღირსეულად მსახურებ უფალს; თუ უღირსად ექცევი ბოძებულ მადლს, ეს უკანასკნელი ჯილდო კი არ იქნება, არამედ სასჯელად გექცევა.
დედა ღვთისა განუწყვეტლივ ლოცულობს ჩვენთვის (და არა მარტო ჩვენთვის). ამის ხსოვნა უნდა აღვბეჭდოთ მეხსიერებაში და გამუდმებით თვალწინ გვედგეს, რათა ვქმნეთ საქმენი სადიდებელად ღვთისა და ერისა.

ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ეკლესია აღავლენს საგანგებო საგალობლებს. იგი ადიდებს ყოვლადწმიდა ქალწულს, ვითარცა კიბეს, რომელმაც ცა და მიწა შეაერთა, ხორციელად შვა რა უფალი; ვითარცა "მაყვალს შეუწველს”, რადგან დაიტია ღმერთი და არ დაიწვა.

ტროპარი

შობამან შენმან, ღმრთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა, რამეთუ შენგან აღმოგჳბრწყინდა მზე სიმართლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, დაჴსნა წყევაჲ, და მოგუმადლა კურთხევაჲ, და განაქარვა სიკუდილი და მოგუანიჭა ჩვენ ცხორება საუკუნო.

კონდაკი

იოაკიმ და ანნა ყვედრებისაგან უშვილოებისა, ხოლო ადამ და ევა ხრწნილებისაგან და სიკუდილისა განთავისუფლდეს, უხრწნელო, დიდებულითა და პატიოსნითა შობითა შენითა, ამას დღესასწაულობს ერიცა შენი, თანამდებობისაგან ბრალთაისა ხსნილი, ღაღადებენ შენდამი: ბერწი შობს ღვთისმშობელსა და მზრდელსა ცხოვრებისა ჩვენისასა.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12597841 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ