მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
11 დეკემბერი 2017  12:09 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
სიცოცხლემ შხამი მასმია
მთვარი, დაუსრულებელი სათნოება არის სიყვარული. არსებობს რწმენა, სასოება და სიყვარული. სიყვარული მარადიულია. და აი, ამ მარადისობის დღესასწაულია დღეს - მარადიული სიყვარულის დღესასწაული. -
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II





Untitled Document
თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია

თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მთავარეპისკოპოსი თადეოზი (მირიან იორამაშვილი).
დაბ. 1946 – ქ. გორი.
1977 – მღვდელი
1979 -  წილკნის ეპისკოპოსი.
1982 - აგარაკ-წალკის ეპისკოპოსი.
1984 – მანგლელი მთავარეპისკოპოსი.
1993-1995 – ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის მთავარეპისკოპოსი.
2003 – ბოლნისის მთავარეპისკოპოსი.
2005 – ფშავ-ხევსურეთის მთავარეპისკოპოსი.
მისამართი: საქართველო 2500, თიანეთი. [995] 32 3540407, 342186. 352186.

თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მდებარეობს. იგი მოიცავს არაგვისა და ივრის ხეობების ისტორიულ კუთხეებს: ერწოთიანეთსა და ძველი ფხოვის ტერიტორიას. ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ალვან-თუშეთი, რომელიც ალავერდის ეპარქიის შემადგენლობაშია, დასავლეთიდან ხევისა და სტეფანწმინდის ეპარქია, სამხრეთიდან და სამხრეთ დასავლეთიდან – გუდამაყარ-მთიულეთი, რომელიც წილკნის ეპარქიას ესაზღვრება, ჩრდილოეთის საზღვარი საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარს ემთხვევა, ძველი ქისტეთის, იგივე ინგუშეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან.

ძველ ქართულ საისტორიო მწერლობაში აღმოსავლეთ საქართველოს მთიელ მოსახლეობას საერთო სახელი “მთეულნი” ეწოდებოდათ. მთეულნი კახეთის ჩრდილოეთით, არაგვისა და თერგის ხეობაში სახლობდნენ, სადაც თითოეულ კუთხეს თავისი საკუთარი ისტორიულ-ეთნოგრაფიული  და ყოფა-ცხოვრების შესაფერისი ტრადიციული სახელიც ჰქონდა. ამ მხარის უკიდურეს სამხრეთით, მდინარე ივრის დასავლეთ მხარეს მდებარეობდა “ერწუ’ ანუ “ერწო”. ერწოს ზემოთ იორზე იყო “თიანეთი”, რომელიც ადრიდანვე არა მარტო ქალაქურ დასახლებას, არამედ მთელ კუთხეს ერქვა. გუდამაყრის ხეობის აღმოსავლეთით ფხოველთა მთებზე შეფენილი იყო “ფხოეთი”. ფხოეთი, იგივე ფხოვი,. XV ს-მდე ფშავისა და ხევსურეთის ზოგადი სახელი იყო. ამდენად, სამღვდელმთავროს გეოგრაფიული საზღვრები ვრცელდება აღმოსავლეთ საქართველოს მთის ისტორიულ კუთხეებზე – ფშავსა და ხევსურეთზე (ადრეული წერილობითი ძეგლების მიხედვით – “ფხოვზე”) და ერწოსა და თიანეთზე (გარკვეულ პერიოდში ეს მხარე “ჟალეთის ქვეყნის” სახელით იყო ცნობილი).

თანამედროვე თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიაში შემავალ კუთხეთა საერთო ქართული წარმომავლობისა და აქაური მოსახლეობის უმჭიდროესი გენეტიკური სიახლოვის მიუხედავად, IV ს-ში წმ. მეფე მირიანის რელიგიურ რეფორმას ყველა ერთნაირი განწყობით არ შეხვედრია. მემატიანის უწყებით, წმ.ნინომ და ეპისკოპოსმა იოანემ “მოეწოდეს მთიულთა, ჭართალელთა, ფხოელთა, გუდამაყრელთა და უქადაგეს მათ სჯული ქრისტიანეთა ჭეშმარიტი, მიმყვანებელი ცხორებად საუკუნოდ.” ხოლო მათ არ ინებეს ნათლისღება; ფხოველთა დაუტევეს ქვეყანაი მათი და გარდავიდეს თუშეთს”, ხოლო ერწო თიანელებზე უწყებულია , რომ “მათ შეიწყნარეს და ნათელ-იღესო”. ფშავ-ხევსურთა გაქრისტიანება მიეწერება მირიანის ძეს მეფე ბაქარს: “ესე იყო მორწმუნე, ვითარცა მამამისი მირიან, და ცოტა მოგვიანებით წმ. მღვდელმთავარ აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოზმან”. აქაური მოსახლეობის საბოლოო გაქრისტიანება და საქართველოს საპატრიარქოსადმი მათი სრული საეპარქიო-ორგანიზაციული დაქვემდებარება წმ.დავით აღმაშენებლის და თამარის ეპოქებს უკავშირდება. თუმცა თანამედროვე ეპარქიის ტერიტორიაზე გაცილებით ადრე, წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის დროს დაფუძნდა ეპარქია, რომელიც ვახუშტი ბატონიშვილის  მიხედვით “ჟალეთი”, იგივე “ბერ” ანუ ჩელეთიაო. ჟალეთს “გორგასალ აღაშენა ეკლესია კეთილშუენიერი, გუმბათიანი, და დასუა ეპისკოპოსი, მწყემსი ერწო თიანეთისა, ფშავ-ხევსურეთის ქვეყნის” პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა, აღნიშნული სამღვდელმთავროს ტერიტორიები ხარჭაშოს კათედრას დაქვემდებარებია.

ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, თანამედროვე თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის იურისდიქციაში არსებული ტერიტორიები მუდამ მცხეთის საკათალიკოსოს გამგებლობაში ითვლებოდა.

ქვეყნის საერთო ძნელბედობის გამო ხალხმრავლობით გამორჩეული მთის კუთხეები მოსახლეობისაგან იცლებოდა, მათი მასიური დაცარიელება რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობისა და საუკუნეთა ნაცადი ყოფა-ცხოვრების ტრადიციული წესის მოშლის შემდეგ დაიწყო.

XIX ს. დასაწყისიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ კახეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის საეკლესიო ცხოვრება ერთ კახეთ-ალავერდის ეპარქიას დაექვემდებარა.

1917 წელს ავტოკეფალიის აღდგენისას განახლდა წილკნის ეპარქიაც, რომელიც აერთიანებდა აღმოსავლეთ საქართველოს “მთეულთ” – მთიულეთს, გუდამაყარს, ხევს, ფშავს, ხევსურეთს, ერწო-თიანეთსა და სხვა.

2003 წლის 18 აგვისტოს ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ.სინოდის კრებაზე წილკნისა და ალავერდის ეპარქიათა ტერიტორიების საფუძველზე დაარსდა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია. ეპარქიის ამგვარი სახელწოდება – “თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის” – არ გვხვდება საქართველოს საეკლესიო წარსულიდან, თუმცა იგი არსით საუკუნეთა წინათ გაუქმებული “ჟალეთის”, შემდეგ კი ძველი “ხარჭაშოს” ეპარქიის განახლებას ნიშნავს (ხარჭაშოს ეპისკოპოსი “ხარჭაშნელად” იწოდებოდა).

წმ. სინოდის განჩინებით და უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის კურთხევით ახლად დაარსებული ეპარქიის მღვდელმთავრად კრებამ გამოირჩია ხევისა და სტეფანწმინდის  ეპარქიის,  აჩხოტის და წმ.ნიკოლოზის სახელობის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი იეგუდიელი (ტაბატაძე).

2005 წლის გაზაფხულზე მეუფე იეგუდიელს ბოლნისის სამწყსო ერწმუნა, ხოლო მაღალყოვლადუსამღვდელოეს ბოლნელ მთავარეპისკოპოს თადეოზს – თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია.         

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12538746 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ