მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
25 ივნისი 2017  15:15 ქართული შრიფტი


ტიციან ტაბიძე
ახალი მცხეთა
"შენ ნახშირი ხარ ადამიანო, უფალი კი - შენი ალი და ნათელი". -





Untitled Document


კოზმან საჭურისი

 

ბიზანტიის მონასტრის პრესვიტერმა _ აბბა ბასილიმ მოგვითხრო:

_ ერთხელ პატრიარქ გრიგორისთან ვიყავი თეოპოლისში. ჩემი იქ ყოფნისას იერუსალიმის ფარანის ლავრიდან აბბა კოზმან საჭურისი ჩამოვიდა. ეს იყო ჭეშმარიტი მონაზონი და მართლმადიდებელი სარწმუნოების მხურვალე დამცველი, ზედმიწევნით განსწავლული წმიდა წერილში. ჩამოსვლიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ იგი გარდაიცვალა. პატრიარქს უნდოდა პატივი მიეგო ბერისთვის, ამიტომაც ბრძანა ერთი უცხო ეპისკოპოსის გვერდით დაეკრძალათ იგი. მესამე დღეს ბერის საფლავთან მივედი, მუხლი მოვიყარე და ლოცვა დავიწყე. მის საფლავზე ერთი გლახაკი იჯდა და ტაძარში შემსვლელთაგან მოწყალებას ითხოვდა.

_ აბბა, _ მითხრა მან, _ თქვენ რომ აქ ბერი დაასაფლავეთ, ნამდვილად დიდი მამაა.

_ საიდან იცი? _ ვკითხე.

_ მე თორმეტი წელიწადი დავრდომილი ვიყავი და ახლა მან განმკურნა, ღვთის შეწევნით. როცა დანაღვლიანებული ვარ, მოდის და მანუგეშებს, მიმსუბუქებს ნაღველს; და კიდევ ერთ საოცარ ამბავს გეტყვი: ეს ორი დღეა, საფლავიდან ბერის შეძახილები მესმის; იგი ეპისკოპოსს მიმართავს:

_ შორს ჩემგან! ეკლესიის მტერო! ერეტიკოსო! არ გაბედო მოახლოება!

გლახაკის ეს ნაამბობი რომ მოვისმინე, პატრიარქთან წავედი, ყველაფერი ვუამბე და ვთხოვე, ნება დაერთო, ბერის სხეული სხვაგან გადამესვენებინა.

_ მერწმუნე, შვილო, _ მიპასუხა პატრიარქმა, _ აბბა კოზმანს ვერაფერს ავნებს მწვალებელ ეპისკოპოსთან სიახლოვე. ეს იმისთვის მოხდა, რომ გამჟღავნებულიყო მისი სათნოება, რომელიც მას სიცოცხლეში ჰქონდა და სიკვდილის შემდეგაც გაჰყვა; მისი მოშურნეობა მართალი სარწმუნოებისადმი, თანაც უცხო ეპისკოპოსის აღმსარებლობაც გაგვეგო და მართლმადიდებლად აღარ ჩაგვეთვალა იგი.

* * *


_ ფარანის ლავრაში რომ ვიყავი, _ განაგრძობდა პრესვიტერი, _ აბბა კოზმანმა მიამბო: ”ერთხელ სახარების კითხვისას იმ ადგილს მივადექი, სადაც იესო ქრისტე თავის მოწაფეებს ეუბნება: `რომელსა არა აქუნდეს მახვილი, განყიდენ სამოსელი თვისი და იყიდენ მახვილი”; ხოლო მოწაფეები მიუგებენ: `უფალო, აჰა ესერა არიან აქა ორ დანაკ.. ” `რას უნდა ნიშნავდეს ეს სიტყვები?” _ ვფიქრობდი მე, მაგრამ ვერაფერს მივმხვდარიყავი. და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ შუადღის მწველი მზე აცხუნებდა, გადავწყვიტე ”კოშკების” ლავრაში წავსულიყავი და აბბა თეოფილესთვის მეკითხა ამის შესახებ. გამოვედი ჩემი სენაკიდან და იორდანისკენ გავემართე. უდაბნოში რომ მივდიოდი, კალამონის მახლობლად მთაზე უზარმაზარი გველი შევნიშნე. იგი ჩემკენ მოცოცავდა და იმდენად დიდი იყო, რომ მისი სხეული მოძრაობისას რაღაც თაღების მსგავსს ქმნიდა. მივხვდი, რომ ამით ეშმაკს ჩემი მოშურნეობის განელება უნდოდა. მაგრამ ბერის ლოცვით მე უვნებლად გავიარე ერთ-ერთი თაღის ქვეშ და სწრაფად წავედი”კოშკების” ლავრისკენ. ბერმა ასე განმარტა სახარების სიტყვები:

_ ორი დანა ორ სათნოებას ნიშნავს: მართალ სარწმუნოებას და კეთილ საქმეებს. ვისაც ეს ორი სათნოება აქვს, ის სრულყოფილებას მიაღწევს და ცხონებას მოიპოვებს”.

* * *


მე ათი წელიწადი ვცხოვრობდი ფარანის ლავრაში. აბბა კოზმანთან ერთ-ერთი საუბრისას ათანასე ალექსანდრიელის რომელიღაც გამონათქვამი ვახსენე. ამასთან დაკავშირებით ბერმა მითხრა:

_ თუ სადმე წმიდა ათანასეს სიტყვას მოჰკრავ ყურს და ქარტა არ გექნება ჩასაწერად, გაიხადე შენი სამოსელი და ზედ დაწერე.

ასეთი მხურვალე სიყვარული ჰქონდა აბბა კოზმანს ეკლესიის მამების მიმართ.

აი, კიდევ რას მოგვითხრობდნენ მასზე: ყოველთვის, შაბათ საღამოდან კვირა დილამდე იგი ფეხზე დამდგარი გალობდა ფსალმუნებს და ლოცულობდა. ერთი წუთითაც არ ჯდებოდა. მხოლოდ გამთენიისას, თავის კანონს რომ დაასრულებდა, სკამზე ჩამოჯდებოდა ხოლმე და ლიტურგიის დაწყებამდე სახარებას კითხულობდა.

`შენს სენაკში ჩემი მტერია”

იორდანის მახლობლად მდებარე კალამონის ლავრაში ჩვენ მოვინახულეთ პრესვიტერი აბბა კვირიაკოსი და აი, რა გვიამბო მან:

_ ერთ დღეს სიზმარში პორფირით მოსილი დიდებული მანდილოსანი მეჩვენა. იგი ჩემი სენაკის გარეთ იდგა და თან ორი ბრწყინვალე კაცი ახლდა. მივხვდი, რომ ეს მანდილოსანი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი იყო, მისი მხლებლები კი _ იოანე ნათლისმცემელი და იოანე ღვთისმეტყველი. სწრაფად გავედი სენაკიდან და ღვთისმშობელს შევევედრე, შემოსულიყო და ლოცვა ეთქვა ჩემს სენაკში. მაგრამ მან არ ისურვა შემოსვლა. ვიდექი და დიდხანს ვევედრებოდი, არ გავეშვი დამცირებული და შეურაცხყოფილი. როცა დაინახა, რომ თავს არ ვანებებდი, ღვთისმშობელმა მკაცრად მიპასუხა:

_ შენს სენაკში ჩემი მტერია, როგორ მთხოვ შემოსვლას?!

ეს თქვა და გამშორდა. ამ დროს მეც გამოვფხიზლდი და ღრმად დამწუხრებულმა დავიწყე იმაზე ფიქრი, ხომ არაფერი შევცოდე ღვთისმშობლის წინაშე, თუნდაც აზრით, რადგანაც სენაკში ჩემს გარდა არავინ იყო, მაგრამ ვერაფერი გავიხსენე. მაშინ გადავწყვიტე, რამე წამეკითხა და ამით მაინც გამექარვებინა ჩემი მწუხარება. ხელში იერუსალიმის პატრიარქ ევსუქის თხზულებები მომხვდა. გადავშალე და ბოლო ფურცლებზე უკეთური ნესტორის ორი წერილი დავინახე. მაშინ კი მივხვდი, რომ სწორედ ეს იყო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მტერი, სასწრაფოდ წავიღე წიგნი და იმ ძმას დავუბრუნე, ვისგანაც წამოღებული მქონდა.

_ აიღე, ძმაო, შენი წიგნი, _ ვუთხარი, _ მან სარგებელი იმდენი არაფერი მომიტანა, რამდენიც მავნო.
ძმა შემევედრა მეთქვა, რას ვგულისხმობდი ამ სიტყვებში; და როდესაც სიზმარი ვუამბე, იგი საღმრთო მოშურნეობით აღივსო, წიგნიდან ნესტორის წერილები ამოხია და ცეცხლში ჩააგდო. თან ამბობდა:

_ ყოვლაწმიდა ღვთისმშობლის მტერს არც მე გავაჩერებ ჩემს სენაკში!

 

 

 

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 10116447 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ