მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
26 ივნისი 2017  03:12 ქართული შრიფტი


ლადო ასათიანი
პაპიჩემის ლექსებიდან
მთვარი, დაუსრულებელი სათნოება არის სიყვარული. არსებობს რწმენა, სასოება და სიყვარული. სიყვარული მარადიულია. და აი, ამ მარადისობის დღესასწაულია დღეს - მარადიული სიყვარულის დღესასწაული. -
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II






ჭანეთ-ლაზეთის მხარეთა პოლიტიკური მდგომარეობა
VIII-XVI საუკუნეებში



XIII საუკუნე (1212-1297 წლები)

მე-13 საუკუნის მეორე ათეულში ტრაპიზონის სამეფოში ტერიტორიული ცვლილებები მოხდა: სახელდობრ ტრაპიზონის სამეფოს ჩამოშორდა ბერძნული ტერიტორიები (აამისონის, სინოპის, ამასტრიის და ერაკლიის ოლქები), რომლებიც მეტწილად დაიჭირეს თურქებმა, ხოლო ნაწილობრივ (დასავლეთ სანაპირო ოლქები) შევიდა ბიზანტიის (ნიკეის) სამეფო ში. ამის შემდეგ, მთელი მომდევნო ისტორიის მანძილზე, ტრაპიზონის სამეფოს ტერიტორია შეიცავს მხოლოდ ჭანეთის მხარეებს და მისი საზღვარი დასავლეთის მხრით აღწევს მდ. თერმოდონამდე, რომელიც ჭანური მოსახლეობის ისტორიულ დასავლეთ მიჯნას წარმოადგენდა.

აღსანიშნავია ამას გარდა, რომ მე-13 საუკუნეში, ვიდრე 80-იან წლებამდე, ტრაპიზონის სამეფოსთან ადმინისტრაციულ კავშირში იმყოფება რიზეს მხარე ანუ საკუთრივ ლაზია, რაც ქართული გავლენის გაძლიერებას იწვევდა ტრაპიზონის სამეფოში, რამდენადაც რიზეს მხარე, თავისი ისტორიული წარსულით, განსაკუთრებით მჭიდროდ იყო დაკავშირებული შიდა საქართველოსთან. რიზეს მხარე ამ ხანაში, მე-13 საუკუნეში, განსაკუთრებული სტატუსით სარგებლობს: იგი არის კონდომინიუმი (საერთო სამფლობელო) საქართველოს სახელმწიფოსი და ტრაპიზონის სამეფოსი. აქაური ფეოდალები ითვლებიან ხელქვეითად როგორც ტრაპიზონის "მეფისა", ისე საქართველოს  ”მეფეთმეფისა”, ფაქტიური ძალაუფლება რიზეს მხარეში, როგორც ჩანს, საქართველოს ცენტრალური მთავრობის ხელშია. ეკლესიურადაც რიზეს მხარე ეკუთვნის საქართველოს, ქართლის საკათალიკოზოს, და არა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს.

აღსანიშნავია ამას გარდა განსაკუთრებული სტატუსის - ჭანეთ-ლაზეთის მეორე სექტორისა, - ქალდიის ვერცხლის მაღაროების ზონისა. ტრაპიზონის მხარეში, საკუთრივ ქალდიის ოლქის ცენტრი, სახელდობრ პუნქტი, რომელსაც ბერძნულ წყაროებში ეწოდება "არგირონ კასტრონ - "ვერცხლისციხე", ქართულად - ქალდია, ხოლო თურქულად - გიუმიშ-ხანე (თურქული სახელწოდება წარმოადგენს თარგმანს ძველი სახელწოდებისას  - "არგირონ კასტრონ", ”ვერცხლის ციხე", ) ანტიკურ ხანასა, საშუალო საუკუნეებში და შემდეგაც ცნობილი იყო ვერცხლის მაღაროებით. ეს ვერცხლის მაღაროები, ტრაპიზონის სამეფოს არსებობის ხანაში, საქართველოს სახელმწიფოს მფლობელობაში ყოფილა და აქაური ვერცხლის გამომუშავება ("გამოსავალი") საქართველოს ეკუთვნოდა. თვით ქალაქიც ქალდია (ვერცხლის ციხე), როგორც ირკვევა, უშუალოდ საქართველოს სახელმწიფოს სფეროში ყოფილა მოქცეული.

რომ ქალდიის ვერცხლის მაღაროები საქართველოს ძველ კუთვნილებას შეადგენდა და რომ თვით ქალაქი ქალდია საქართველოს სფეროში შედიოდა, ამის შესახებ ცხოველი გადმოცემა არ გამქრალა მას შემდეგად კი,  რაც ამ მხარეში თურქთა მფლობელობა დამყარდა. ცნობილი მოგზაური ტიმოთე მთავარეპისკოპოსი, რომელიც იყო ქალდიაში მე-18 საუკუნის შუა წლებში (1756 წელს) - გადმოგვცემს:

"მივიწიენით ქალდეას (ქალდიას) აწ უხმობენ თურქნი გუმიშიანას, სადა ეწამნეს წმიდანი მოწამენი ევგენი, კანდიდოს, უალერიანე. და მიერითგან განვიხილენით ეკლესიანი და იყო აღშენებული ქართველთაგან. და ვიკითხე რა, იგიი (ადგილობრივნი მკვიდრნი - პ.ი.) მეტყოდნენ ვითარმედ გუმიშახან საქართველოსა მეფეთი (მეფეთა) არისო, რამეთუ ვეცხლი (ვერცხლი) გამოსავალი აქაური საქართველოთი (საქართველოსი) ყოფილაო. ჭროროხის წყლის სათავე ეს არისო საზღვარი საქართველო".

მე-13 საუკუნის მეორე მეოთხედში საქართველომ განიცადა ხვარაზმელთა შემოსევა; შემდეგ მონგოლთა მფლობელობა დამყარდა. ამას შედეგად მოჰყვა საქართველოს ყოფილი ძლიერების შესუსტება, მაგრამ მაინც  საქართველოს სახელმწიფო მთავარი პოლიტიკური ძალაა კავკასიაში. (საქართველოს სახელმწიფოს სამხრეთ საზღვარი აღწევს მდ. არაქსამდე, აღმოსავლეთი საზღვარი - კასპიის ზღვამდე; შირვანი ისევ ვასალური ქვეყანაა საქართველოს სახელმწიფოსი). მე-13 საუკუნის მანძილზე პოლიტიკური კავშირი ტრაპიზონის სამეფოსი საქართველოს  სახელმწიფოსთან არ შეწყვეტილა. ტრაპიზონის სამეფოს ისტორიის მიმოხილვაში ბიზანტინისტი თ. უსპენსკი სრულის სამართლიანობით საჭიროდ თვლის საგანგებოდ ხაზი გაუსვას უახლოეს კავშირს, რომელიც არსებობდა ამ ეპოქაში საქართველოსა და ტრაპიზონის სამეფოს შორის;

მაგრამ მე-13 საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც საქართველოს პოლიტიკური მთლიანობა დაირღვა და სახელმწიფო ორ სამეფოდ გაიყო, ქართული გავლენა ტრაპიზონის სამეფოში კლებას იწყებს და ტრაპიზონის მმართველი წრეების ცალკე ჯგუფებში თავს იჩენს პრო-ბიზანტიური ტენდენციები.

ამას შედეგად მოჰყვა ბრძოლა პოლიტიკური ჰეგემონიისათვის ტრაპიზონის სამეფოში ქართულ და ბიზანტიურ პარტიებს შორის, რაც წლები გაგრძელდა.

1281 წელს ტრაპიზონში მოხდა გადატრიალება, ორგანიზებული ქართული პარტიის მიერ. მეფე იოანე II, რომელიც სიძე გახდა ბიზანტიელ პალეოლოგთა სამეფო სახლისა, მეფობიდანა გადააყენეს და დაატყვევეს კიდეც. შემდეგ იგი თუმცა განათავისუფლეს პატიმრობიდან, მაგრამ ტრაპიზონში დარჩენის ნება აღარ მისცეს და გადაყენებული მეფე გაემგზავრა კონსტანტინეპოლში.

1282 წელს დასავლეთ საქართველოს მეფე დავით ნარინი დაიჭერს ტრაპიზონის სამეფოს ტერიტორიას ვიდრე ტრაპიზონამდე და ალყას შემოარტყამს ტრაპიზონს.

იმავე 1282 წელს ქართული პარტია მეფედ დასვამს თეოდორას, მანუელ I-ის ასულს, რომელიც დედით ქართველი იყო (თეოდორა იყო შვილი რუსუდან დედოფლისა, რომელიც იბერიიდან იყო გამოთხოვილი.)

1283 წელს კონსტანტინეპოლიდან ბრუნდება იოანე II, რომელიც კავშირს აბამს ქართულ პარტიასთან. 1285 წელს გადაყენებულ იქმნა დედოფალი თეოდორა,ა რომელიც გადაიხვეწება იბერიაში. ხელახლა გამეფდება იოანე II, რომელიც ამ დროიდან მოქმედებს ქართულ პარტიასთან. 1285 წელს გადაყენებულ იქმნა დედოფალი თეოდორა, რომელიც გადაიხვეწება იბერიაში. ხელახლა გამეფდება იოანე II, რომელიც ამ დროიდან მოქმედებს ქართულ პარტიასთან თანხმობით.
იბ) ტრაპიზონის სამეფო მე-13 საუკუნის დასასრულიდან - 1451 წლამდე.

1297 წელს ტრაპიზონში გამეფდა იოანე II-ის შვილი ახალგაზრდა ალექსი II, რომლის მეფობა გაგრძელდა 1297-1330 წლების მანძილზე. ეს არის ხანა ქართული პარტიის ჰეგემონიისა ტრაპიზონის სამეფოში.

აქ საჭიროა აღვნიშნოთ ამასთან, რომ მე-13 საუკუნის დასასრულს მოხდა მეტად მნიშვნელოვანი ცვლილება ტრაპიზონის სამეფოს ტერიტორიულ მოცულობაში. საკუთრივ ლაზია ანუ რიზეს მხარე, რომელიც მე-13 საუკუნის მანძილზე წარმოადგენდა საერთო სამფლობელოს ტრაპიზონის მეფისა და საქართველოს მეფეთ მეფისა, ჩამოშორდა ტრაპიზონის სამეფოს და გაერთიანდა საქართველოსთან. 1282 წელს რიზეს მხარე დაიჭირა დავით ნარინმა (როდესაც დავითმა ალყა შემოარტყა ტრაპიზონს), ხოლო 1297 წლიდან ლაზია ანუ რიზეს მხარე მთელის მოცულობით (როგორც საკუთრივ რიზეს ოლქის, ისე სოტიროპოლის ანუ რკინის პალოს ოლქის შემადგენლობით) - შედის მესხეთის (სამცხე-საათაბაგოს) შემადგენლობაში. ამ დროიდან მოკიდებული რიზეს მხარე ანუ საკუთრივ ლაზია საქართველოს განუყოფელი ნაწილია, მას საქართველოსთან საერთო ისტორია აქვს.

რიზეს მხარის ანუ საკუთრივ ლაზიის ისტორიას მე-13 საუკუნიდან მოკიდებული, მას შემდეგ, რაც იგი საქართველოს უშუალო ნაწილი გახდა, ჩვენ ისევ დავუბრუნდებით. აქ კი ჯერ შევჩერდებით საკუთრივ ტრაპიზონის სამეფოს ისტორიის მთავარ მომენტებზე - მომდევნო პერიოდში.
ალექსი II-ის მეფობის პერიოდი, 1297-1330 წლები, არის, როგორც მოვიხსენეთ, ხანა ქართული პარტიის ჰეგემონიისა ტრაპიზონის სამეფოში. თვით ალექსი II ოჯახურადაც დაუნათესავდა მესხეთის მთავართა სახლს (ალექსი II-მ შეირთო მესხეთის მთავრის ბექას ასული). ამ გზით იგი დაუკავშირდა აგრეთვე საქართველოს სამეფო სახლსაც.

ალექსი II-ის დროს ტრაპიზონში დგას ქართული გარნიზონები. სამხედრო ძალაუფლება ტრაპიზონის სემეფოში ქართველთა ხელშია.

პოლიტიკური კავშირი ტრაპიზონისა საქართველოს სახელმწიფოსთანა განსაკუთრებით განმტკიცდა გიორგი ბრწყინვალის დროს, რომელმაც საქართველოს სახელმწიფოს ისევ დაუბრუნა ძველი ძლიერება. გიორგი ბრწყინვალის ხანაში, როგორც ეს დასტურდება საქართველოს სახელმწიფოს კარის გარიგებიდან, ტრაპიზონის მეფე ძველებურად ითვლებოდა საქართველოს სახელმწიფოს ვასალთა შორის.

აღსანიშნავია ამასთან, რომ ალექსი II-ის გარდაცვალების შემდეგ ისევ იჩინა თავი ერთხანს პრო-ბიზანტიურმა ტენდენციებმა და ისევ განახლდა ბრძოლა ქართულ და ბიზანტიურ პარტიებს შორის. ამ ბრძოლის ერთ-ერთი ეპიზოდია ტრაპიზონის დაჭერა 1341 წელს ქართულ-ლაზური ჯარებით.

მომდევნო პერიოდში მე-14 საუკუნის მეორე ნახევარსა და მე-15 საუკუნის პირველ ნახევარში, ტრაპიზონის სამეფოს ტერიტორია თანდათან მცირდება. ტრაპიზონის სამეფოს ქართული გარნიზონები და ადგილობრივი ჭანური ჯარები ვერ უძლებენ მოზღვავებულ თურქობას და ტრაპიზონის მხარის სანაპიროებს თანდათანობით იჭერენ თურქები. ხოლო 1461 წელს, ოსმალეთის სულთანმა ბაიაზეთმა აიღო ტრაპიზონი. ტრაპიზონის ჭანურმა სამეფომ, შექმნილმა თამარ მეფის მიერ, რომელმაც ორ საუკუნე ნახევარი იარსება, შეწყვიტა არსებობა.

ი.გ. საკუთრივ ლაზია (რიზეს მხარე, აღმოსავლეთი ჭანეთ-ლაზეთი) მე-13 საუკუნის დასასრულიდან მე-16 საუკუნის ნახევრამდე (1282-1547 წწ.)

როგორც უკვე აღნიშნული გვქონდა, საკუთრივ ლაზია (რიზეს მხარე, აღმოსავლეთი ჭანეთ-ლაზეთი), რომელიც მე-13 საუკუნეში იყო კონდომინუმი (საერთო სამფლობელო) საქართველოს სახელმწიფოსი და ტრაპიზონის სამეფოსი, მე-13 საუკუნის 80-იან წლებში ჩამოშორდა ტრაპიზონს და შეუერთდა საქართველოს, რომლის განუყოფელ ნაწილსაც ეს მხარე ყოველთვის შეადგენდა ისტორიულ წარსულში.

სახელდობრ, როგორც აღვნიშნეთ, საკუთრივ ლაზია (რიზეს მხარე, აღმოსავლეთი ჭანეთ-ლაზეთი) ჯერ 1282 წელს დაიჭირა დასავლეთ საქართველოს მეფემ დავით ნარინმა; ხოლო 1297 წლიდან ეს მხარე შეუერთდა მესხეთს (სამცხე-საათაბაგოს).

დაწყებული ამ დროიდან, მომდევნო ორ საუკუნე ნახევრის მანძილზე, 1297 წლიდან - ვიდრე 1463 წლმდე ლაზია (აღმოსავლეთ ჭანეთ-ლაზეთი) არის ნაწილი მესხეთისა (სამცხე  საათაბაგოსი).

შემდეგი პერიოდი, 1463 წლიდან - 1547 წლამდე, საკუთრივ ლაზია (აღმოსავლეთ ჭანეთ-ლაზეთი) შედის ხან გურიის სამთავროში, ხან კი ისევ მესხეთში (სამცხე-საათაბაგოში), სახელდობრ:

1463-1502 წლებში იგი არის ნაწილი გურიის სამთავროსი;

1502-1535 წლებში არის ნაწილი მესხეთისა (სამცხე-საათაბაგოსი).

ხოლო 1535-1547 წლებში ისევ ნაწილი გურიის სამთავროსი.

ამრიგად, საკუთრივ ლაზია (აღმოსავლეთ ჭანეთ-ლაზეთი) უკანასკნელი პერიოდის, სამ საუკუნე ნახევრის განმავლობაში, 1282 წლიდან - 1547 წლამდე, საქართველოს უშუალო ნაწილს წარმოადგენდა.

აქ საჭიროა აგრეთვე შევჩერდეთ საკითხზე, თუ როგორი იყო ამ ეპოქაში ტერიტორიული მოცულობა საკუთრივ ლაზიისა (აღმოსავლეთი ჭანეთ-ლაზეთისა), რომელიც საქართველოს ფარგლებში შედიოდა და რომელიც ქართულ წყაროებში, XIII-XIV საუკუნეებიდან მოკიდებული, უპირატესად ჭანეთის სახელით არის ცნობილი. ირკვევა, რომ ეს მხარე ამ ეპოქაში შეიცავდა რიზეს მხარის ტერიტორიას მთელის მოცულობით, ე.ი. როგორც საკუთრივ რიზეს ოლქს, ისე სოტიროპოლის (სატრაპელას) ანუ რკინის პალოს ოლქს.

წყაროებში ამ მხარის ტერიტორიული მოცულობის გამო შემდეგი ცნობებია დაცული.

ა) XIV საუკუნის ქართველი ისტორიკოსის ჟამთააღმწერელის თხზულებაში აღნიშნულია, რომ 1297 წელს მესხეთის (სამცხე-საათაბაგოს) შეუერთდა `სრულიადი ჭანეთი~; იგულისხმება ტრაპიზონის დასავლეთით მდებარე მხარე.

ბ) საქართველოს სამეფო-სამთავროთა საზღვრების აღწერილობაში, რომელიც შეტანილია ვახტანგ V|I-ის სწავლულ კაცთა კომისიის მიერ შედგენილს ”ახალ ქართლის ცხოვრებაში” და რომელიც გადმოგვცემს იმ მდგომარეობას, რომელიც არსებობდა XV საუკუნის მეორე ნახევარში, აღნიშნულია, რომ გურიის სამთავროს ფარგლებში შედიოდა, გარდა საკუთრივ გურიის ტერიტორიისა, - აჭარა და ჭანეთი, რკინის-პალოს აქათი.

გ) ვახუშტი ბაგრატიონის შრომაში ”აღწერა სამეფოისა საქართველოისა” მოცემულია აღწერილობა ჭანეთისა (საკუთრივ ლაზიისა) იმ საზღვრებში, რომელშიაც იგი არსებობდა უკანასკნელ საუკუნეთა მანძილზე, XIII-XVI საუკუნეებში, როდესაც ეს მხარე სამცხისა და გურიის ნაწილს შეადგენდა.

ვახუშტის ჭანეთი აღწერილი აქვს როგორც შემადგენელი ნაწილი მესხეთისა (სამცხე-საათაბაგოსი), ვინაიდანა ბოლო საუკუნეებში ჭანეთი უპირატესად მესხეთს ეკუთვნოდა (1297-146333 და 1502-1535 წლები); გურიის საზღვრებში კი, როგორც მოხსენებული გვქონდა, ჭანეთი ნაკლები ხანი  შედიოდა (1463-1502 და 1535-1547 წლები). თვით ვახუშტი წერს: `გურიელს ეპყრა ოდესმე აჭარა, ჭანეთი, არამედ არს სამცხისა (მესხეთისა), ამისათვის მუნვე (სამცხესა თანა) დავწერეთ.
ვახუშტი მხარის აღწერილობაში შემდეგს გადმოგვცემს:

”ხოლო ბაიბურდისა (აღმოსავლეთით) და ფორჩხის სამხრით, ჭანეთის მთას იქით, არს ჭანეთი და უწოდებენ ლაზსავე, არს ესე შავი ზღვის კიდის წადევნებით გონიიდან ტრაპიზონის საზღვრამდე... არს ქალაქი მცირე რიზა ზღვის კიდეზე... ხოლო ამის დასავლეთით ჩამოვარდების მცირე მთა, კნინღა ზღვამდე, ჭანეთის მთიდან, და ესე არს საზღვარი საქართველოსი და საბერძნეთისა - ტრაპიზონისა, რომლის სათავეში იდგნენ კომნენები, საბერძნეთ-ბიზანტიის იმპერატორთა ყოფილი დინასტია-. აქა არს რკინის-პალო, აქავ არს სატყეპელა (-სატრაპელა, სოტიროპოლი).

დ) ვახტანგ VI-ის კომისიის ”ახალ ქართლის ცხოვრებაში” სატყეპელა (სატრაპელა) მოიხსენება XVI საუკუნეში როგორც პუნქტი, მდებარე გურიის სამთავროს სამხრეთ ისტორიულ საზღვართან.

ე) რომ საქართველოში ამ ეპოქაში შედიოდა რიზეს მხარე მთელის მოცულობით, ე.ი. როგორც რიზეს ოლქი, ისე სოტიროპოლის ანუ რკინის-პალოს ოლქი, ეს დასტურდება აგრეთვე ამ ეპოქის საეკლესიო ტერიტორიული დანაწილებიდან. სახელდობრ დასახელებულ ეპოქაში რიზეს ოლქი და სოტიროპოლის ანუ რკინის-პალოს ოლქი გაერთიანებული იყო ერთ საეკლესიო ერთეულად, ლაზიის ანუ ოფი-სოტიროპოლის (სატრაპელას) სამიტროპოლიტოს სახელწოდებით, რომელიც შედიოდა საქართველოს ეკლესიაში).

ამრიგად ტერიტორიული მოცულობა საკუთრივ ლაზიისა (აღმოსავლეთ ჭანეთ-ლაზეთისა) დადგენილად უნდა ჩაითვალოს.

ეს რაც შეეხება საკუთრივ ლაზიას, რიზეს მხარეს (აღმოსავლეთ ჭანეთ-ლაზეთს), ხოლო გარდა ლაზიისა, საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილებას შეადგენდა აგრეთვე, როგორც აღნიშნული გვქონდა, ქალდიის ვერცხლის მაღაროებში ქ. ქალდიის (ვერცხლის-ციხის) ზონაში.
გადავიდეთ ამის შემდეგ აღმოსავლეთ ჭანეთ-ლაზეთის ისტორიის ბოლო პერიოდზე, როდესაც ამ მხარეს დაიპყრობს ოსმალეთი.

ქართული წყაროების ცნობებით ბრძოლა ჭანეთისთვის ოსმალეთთან გრძელდებოდა დროგამოშვებით თითქმის ძველი საუკუნე, XV საუკუნის მეორე ნახევრიდან XVI საუკუნის შუა წლებამდე.

შემოტევა ოსმალეთისა რიზეს მხარეზე (საკუთრივ ლაზიაზე) დაწყებულა მას შემდეგ, რაც ოსმალებმა დაიპყრეს ტრაპიზონი 1461 წელს.

ოსმალეთის შემოტევა გაძლიერებულა XVI საუკუნის დასაწყისში, მაგრამ საქართველომ შესძლო ლაზიის (აღმოსავლეთ ჭანეთ-ლაზეთის) შენარჩუნება XVI საუკუნის შუა წლებამდე.

ლაზეთის ბედი გადაწყდა XVI საუკუნის 40-50-იან წლებში, როდესაც ოსმალეთმა დაიპყრა სამხრეთ საქართველოს პროვინციები და მათ შორის მოახდინა აგრეთვე ოკუპაცია ლაზიისა.

როგორც ცნობილია, ამ დროს, XVI საუკუნის 40-იან წლებიდან მოკიდებული, ოსმალეთი იწყებს გენერალურ შემოტევას საქართველოს წინააღმდეგ. მთავარი ეტაპები  იმ ბრძოლებისა, რომლებიც გაიმართა XVI საუკუნის 40-იანი წლებიდან, შემდეგი იყო.

1543 წელს ოსმალეთის დიდი ლაშქარი, სულთან სულეიმან II-ის მხედართმთავარის მუსტაფა-ფაშის სარდლობით, შემოვიდა მესხეთში. ოსმალთა ჯარმა ააოხრა და დაარბია მესხეთის სამხრეთი პროვინცია ტაო. მაგრამ შემდეგ ოსმალებმა სასტიკი დამარცხება განიცადეს. გადამწყვეტი ბრძოლა ოსმალთა და ქართველთა ძალებისა მოხდა კარგაქს, ტაოში. ქართველთა ჯარმა (იმერთა მეფის ბაგრატ II-ის მოთავეობით) გაანადგურა მტრის ლაშქარი. ოსმალთა ჯარი, რომელიც 22.000 ჯარისკაცისაგან შედგებოდა, მოსპობილ იქმნა და ოსმალთა ჯართან ერთად ოსმალთა დაიღუპა სარდლობაც.

ამის შემდეგ, 1545 წელს, სულთან სულეიმან II-ემ საქართველოს წინააღმდეგ დასძრა ანატოლიის გაერთიანებული სამხედრო ძალები. თურქები შემოვიდნენ მესხეთის სანაპირო მხარეში - ბასიანში. ოსმალთა ჯარს ბასიანში შეეგება საქართველოს სამეფო სამთავროების გაერთიანებული ლაშქარი (იმერეთის მეფის ბაგრატ II-ის და ქართლის მეფის ლუარსაბ I-ის მოთავეობით). გენერალური ბრძოლა ბასიანში მოხდა. მიუხედავადა იმისა, რომ ოსმალებმა ამ ბრძოლაში დაჰკარგეს ოთხჯერ მეტი ჯარისკაცი, ვიდრე ქართველებმა, რიცხვითი დიდი უპირატესობა მაინც ოსმალთა მხარეზე იყო; საბოლოოდ გამარჯვება ოსმალებს დარჩა.

ბასიანის ეს ბრძოლა 1545 წლისა - გადამწყვეტი იყო. ქართველთა გაერთიანებული ლაშქრის განადგურების შემდეგ ოსმალებს გზა ხსნილი ჰქონდათ საქართველოსკენ.

ამის შემდეგ, 1545 წელს, ოსმალეთი აწყობს სამხედრო ექსპედიციას გურიის სამთავროს წინააღმდეგ. ოსმალებმა ამ დროს დაიჭირეს რიზეს მხარე (აღმოსავლეთი ჭანეთ ლაზეთი), შემოვიდნენ აჭარასა და ქობულეთში და აიღეს ბათუმი (რომელიც ამ დროს გურიის სამთავროს დედაქალაქს წარმოადგენდა). თუმცა გურიის სამთავროს ჯარები შედარებით მცირერიცხოვანი იყო, მათ მაინც შესძლეს ოსმალთა დამარცხება, წაართვეს ბათუმი ოსმალებს და გადარეკეს ოსმალები ჭოროხს გაღმა.

ქართულ საისტორიო წყაროებში 1547 წლისათვის მოთხრობილია: ”მოვიდა სპა ხონთქრისა გურიასა ზედა., მიუღეს გურიელსჭანეთი, დაუწყეს შენება ციხესა ბათომს. ეწყო (ებრძოლა) გურიელი ოსმალთა, და თავდასხმით აოტნა (დაამარცხა, გააქცია) ოსმალნი ხმელეთს ზედა, და მოსრნა (მოწყვიტა), იგინი; და სხვანი შევიდნენ კატარღებთა შინა და განვიდეს ჭოროხს იქით”.

მაგრამ გურიამ თავისი მცირე ძალებით ვეღარ შესძლო დაებრუნებია თურქთა მიერ დაჭერილი ის ტერიტორიები, რომლებიც ჭოროხის სამხრეთით მდებარეობდა. ოსმალებმა ამ დამარცხების შემდეგ ისევ მოიცვეს ძალა და დამკვიდრდნენ ჭოროხის სამხრეთით, რიზეს მხარეში, აღმოსავლეთ ჭანეთ-ლაზეთში; აქ ჭანეთ-ლაზეთის ჩრდილო საზღვარზე, გონიაში, მათ დაიწყეს სიმაგრის შენება. ქართულ მატიანეებში აღნიშნულია, რომ ოსმალნი ჭოროხის სამხრეთით განდევნის შემდეგ - ”მივიდეს გონიას, და იწყეს შენება ციხისა, და გამაგრდეს ოსმალნი, და იწყეს მძლავრება, ამოწყვიტეს ჭანეთი და თვით დაიპყრეს”.

ჭანეთის დაპყრობის შემდეგ 1547 წელს, თურქები თანდათან აფართოებენ ოკუპაციის ზონას სამხრეთ საქართველოში. 1550 წელს ოსმალებმა დაიჭირეს ტაოთა მხარე. 1552 წელს ოსმალებმა დაიკავეს შავშეთ-კლარჯეთი (ვიდრე არსიანის მთამდე) და არტაან-კოლა. ხოლო მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში ოსმალებმა მოახდინეს ოკუპაცია მთელი მესხეთისა.

აქ საჭიროა აღვნიშნოთ, რომ ოსმალთა მფლობელობის დამყარების შემდეგაც სამხრეთ საქართველოში, ისევ გრძელდებოდა ბრძოლა, მოსახლეობა წინააღმდეგობას უწევდა ოსმალების ბარბაროსულ რეჟიმს, რასაც ოსმალეთი უპასუხებდა სასტიკი რეპრესიებით, დამსჯელი ექსპედიციებით. ასე იყო ეს მესხეთში, ასე იყო ეს ჭანეთშიაც. წყაროებში საგანგებოდ აღნიშნულია, რომ ოსმალეთმა განსაკუთრებული სისასტიკე გამოიჩინა მოსახლეობის მიმართ ჭანეთში, სავსებით დაარბია ქვეყანა და ამოწყვიტა ნაწილი მოსახლეობისა. მატიანეებში - ”ახალ ქართლის ცხოვრებაში” - აღნიშნულია, რომ ჭანეთში დამკვიდრების შემდეგ 1547 წელს, ოსმალთა... ჭანეთით ამოწყვიტეს”. (შეადარეთ მატიანეთა მეორე ტექსტის ”ქართლის ცხოვრების შედეგის” ცნობა: გამაგრდეს ოსმალნი, და იწყეს მძლავრება, ამოსწყვიტეს ჭანეთი).

ოსმალებმა, მას შემდეგ, რაც მათ ფეხი მოკიდეს ჭანეთ-ლაზეთში, დაიწყეს აქ მაჰმადიანობის გავრცელება. სარწმუნოებრივი დევნის შედეგად ნაწილი ქრისტიანული მოსახლეობისა ჭანეთიდან გადმოხიზნულა შიდა საქართველოში,აქვე, შიდა საქართველოში, სახელდობრ გურიაში, გადმოუტანიათ დროებით, მე-16-17 საუკუნეთა საზღვარზე, ლაზიის სამიტროპოლიტო კათედრა და ახლად დაარსებული საეკლესიო ცენტრისათვის გურიაში ` უწოდებიათ, როგორც აღნიშნული გვქონდა, იგივე ძველი, ლაზეთიდან მოტანილი სახელი, სატრაპელა.

ჩვენ უკვე გვქონდა აგრეთვე საუბარი იმ მზრუნველობის შესახებ, რომელსაც იჩენდა ქართული ეკლესია მომდევნო პერიოდში, მე-17 საუკუნის მანძილზე, ჭანეთ-ლაზეთის ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობისადმი. იმ იმედით, რომ ოსმალეთი, ომების დამთავრებისა და მდგომარეობის ერთგვარი სტაბილიზაციის შემდეგ, არ შეუშლიდა ქრისტიანული საეკლესიო ცენტრის არსებობას ჭანეთ-ლაზეთში, ქართულ ეკლესიას აღუდგენია XVII საუკუნის 40-იან წლებში ოფის (ლაზიის) სამიტროპოლიტო. მაგრამ ოსმალეთის ხელისუფალთა დევნის გამო ეს ქართული საეკლესიო ცენტრი ლაზიაში ისევ მოსპობილა. ოსმალეთი, კავკასიაში არსებული სხვადასხვა ქრისტიანული ორგანიზაციებიდან (ქართველთა, ბერძენთა, სომეხთა და კათოლიკეთა ეკლესიებიდან), განსაკუთრებით მტრულად ეკიდებოდა ქართულ ეკლესიას, რადგან საქართველო ამ დროს ერთადერთ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდა კავკასიაში და ოსმალეთის მთავრობა ქართულ ეკლესიას თვლიდა საქართველოს პოლიტიკური გავლენის გამტარებლად ოსმალეთის მიერ დაპყრობილ სამხრეთ საქართველოს მხარეებში.

ასე მიმდინარეობდა ეს საუკუნოვანი ბრძოლები ქართველი ხალხისა სამხრეთ საქართველოსათვის და კერძოდ ლაზეთ-ჭანეთის მხარეებისათვის.

ქართველი ხალხი, სამხრეთ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ოსმალეთის მიერ, არ შერიგებია  საქართველოს ამ ძველი ისტორიული ნაწილების, მესხეთისა და ჭანეთ-ლაზეთის მხარეთა დაკარგვას.

აღსანიშნავია, რომ მე-17 საუკუნეში, ლაზეთ-ჭანეთის მხარის მკვიდრი, ლაზიის მიტროპოლიტი გერმანე, რომელიც 1646 წელს საქართველოდან რუსეთს გაემგზავრა და მოსკოვში წარუდგა რუსეთის მეფეს ალექსი მიხეილის ძეს, საჭიროდ თვლის ყველა შემთხვევებში ხაზი გაუსვას იმ გარემოებას, რომ მხარე, საიდანაცა არის იგი (ლაზია) არის საქართველოს ქვეყანა.

აღსანიშნავია აგრეთვე უწყება ცნობილი მოგზაურის ტიმოთე მთავარეპისკოპოზისა, რომელიც მე-18 საუკუნის ნახევარში იყო შუა ჭანეთ-ლაზეთში, ქალდიის ოლქში, და რომლის ცნობებიდან ჩვენ ვგებულობთ, რომ ჭანეთ-ლაზეთის მოსახლეობაში, მიუხედავად თურქთა ხანგრძლივი ბატონობისა, არ იყო შენელებული იმის შეგნება, რომ ჭანეთ-ლაზეთი ისტორიულად საქართველოს ნაწილს წარმოადგენდა.

მე-18 საუკუნის დასასრულს, იმ მოლაპარაკების დროს, რომელსაც საქართველოს (ერეკლე II-ის) მთავრობა აწარმოებდა რუსეთთან და რომელიც დასრულდა 1783 წლის ტრაქტატის დადებით, ერთ-ერთ ძირითად საკითხად იდგა დაბრუნება საქართველოსათვის სამხრეთ-საქართველოს ტერიტორიებისა (ისტორიული სამცხე-საათაბაგოსი, მესხეთისა და ლაზიისა). ამ ტრაქტატით რუსეთმა აიღო ვალდებულება მიეღო ყოველი ზომები, როგორც პოლიტიკურ-დიპლომატიური, ისე სამხედრო, რათა დაებრუნებინა საქართველოსათვის ძველი ისტორიული ქართული ქვეყნები. ამანა გამოსახულება ჰპოვა რუსეთ-საქართველოს 1783 წლის ტრაქტატის მეოთხე სეპარატულ არტიკულში. აქ ჩვენ ვკითხულობთ (მოგვყავს ტრაქტატის რუსული ტექსტი-.

აღსანიშნავია, რომ დასახდელებულ ტრაქტატში ერეკლე 9 მოიხსენება ტიტულით: ”-მემკვიდრე მფლობელი სამცხე-საათაბაგოსი”, რითაცა ხაზგასმულია, რომ საქართველო არ სცნობდა ოსმალეთის მიერ ოკუპაციას სამცხე-საათაბაგოს ქვეყნისა, რომელშიაც ისტორიულად, მესხეთთან ერთად, შედიოდა ლაზია.
ჩვენ ამით დავასრულებთ ამ სპეციალურ ექსკურსს ჭანეთ-ლაზეთის მხარეთა ისტორიის შესახებ.

 

პავლე ინგოროყვა
წიგნიდან ”ჭანეთ-ლაზეთის ისტორიის გამო”

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 10117119 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ