მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
26 ივნისი 2017  03:10 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
არწივი
"იმაზე დიდებული არაფერია, ვიდრე ღმერთთან მყოფი ადამიანი და არაფერია იმაზე არარაობა, ვიდრე ადამიანი - ღმერთის გარეშე." -






ჭანეთ-ლაზეთის მხარეთა პოლიტიკური მდგომარეობა
VIII-XVI საუკუნეებში


დავით აღმაშენებელის ხანა (1089-1124 წწ.)

დავით აღმაშენებელის დროს საქართველომ გააფართოვა გავლენის სფერო ჭანეთ-ლაზეთის მხარეებში. თუ დავითის დრომდე და დავითის მეფობის დასაწყისში, მე-11 საუკუნის ბოლო ათეულში, საქართველოს საზღვრებში შედიოდა მხოლოდ რიზეს მხარე (საკუთრივ ლაზია ანუ ზღვისპირა კლარჯეთი), დავით აღმაშენებელის მეფობის მეორე პერიოდში (როდესაც XII საუკუნის პირველ მეოთხედში ჩამოყალიბდა საქართველოს ძლიერი სახელმწიფო, რომლის ფარგლებშიაც გაერთიანდა კავკასიის ქვეყნები შავი ზღვიდან - კასპიის ზღვამდე), საქართველოს პოლიტიკურად დაუკავშირდა ყოფილი ხალდიის თემი, ტრაპიზონის ადგილობრივი სამფლობელო (სამთავრო), რომელიც ამ დროს შეიცავდა ტრაპიზონისა და კერასუნ-ფარნაკიის მხარეებს.

ტრაპიზონის სამფლობელოს (სამთავროს) ჩამოყალიბება და მისი საქართველოსთან დაკავშირება შემდეგ პირობებში მომხდარა. 1071 წლის სამხედრო კატასტროფის შემდეგ, რომელიც განიცადა ბიზანტიამ, როდესაც თურქ-სულჯუკებმა მანასკერტის ბრძოლაში დაამარცხეს ბიზანტიის ჯარი და თვით ბიზანტიის კეისარი რომანოზ დიოგენი ტყვედ წაიყვანეს, - თურქები გაჭრილან შავი ზღვის სანაპიროზე, ხალდიის თემში (ტრაპიზონისა და კერასუნის მხარეებში), მცირე ხნით თურქებს, 1074 წლის ახლო, ხელთ ჩაუგდიათ თვით ქალაქი ტრაპიზონიც.

თურქ-საელჯუკები განდევნეს ქალაქ ტრაპიზონიდან და შემდეგ ხალდიის თემიდან (ტრაპიზონისა და კერასუნის მხარეებიდან) თვით ხალდია-ჭანეთის ადგილობრივმა ძალებმა, თეოდორეს გავრას მოთავეობით.

თეოდორე გავრა არის დამაარსებელი ხალდიის (ტრაპიზონის) ადგილობრივი სამფლობელოსი, სამთავროსი.

თეოდორე გავრა ხალდია-ჭანეთის ადგილობრივ თავადთა გვარეულობიდან ყოფილა წარმოშობით.

ტრაპიზონის განთავისუფლების შემდეგ 1074 წლის ახლო, თეოდორე გავრას მოუხდენია ადგილობრივი ძალების ორგანიზაცია, ენერგიულად შესდგომია ბროძოლას თურქ-სელჯუკების წინააღმდეგ და საბოლოოდ გაუწმენდია ხალდიის თემი (ტრაპიზონისა და კერასუნის მხარეები) შემოსეული მტრებისაგან.

ამ ბრძოლების დროს კონსტანტინეპოლის მთავრობას არავითარი დახმარება არ გაუწევია ტრაპიზონისათვის, ანატოლია ამ დროს მოფენილი იყო თურქთა ურდოებით, რომლებიც მაშინ პირველად მკვიდრდებოდნენ ანატოლიის მიწა-წყლებზე, და ურთიერთობა კონსტანტინეპოლისა ტრაპიზონთან ფაქტიურად შეწყვეტილი იყო. მთელ ამ ბრძოლებს თურქებთან ხალდიის თემში აწარმოებენ ადგილობრივი ხალდია - ჭანეთის ჯარები თეოდორე გავრას მოთავეობით.

ამრიგად ჩაეყარა საფუძველი ხალდიის (ტრაპიზონის) ადგილობრივ სამფლობელოს (სამთავროს), რომლის ფარგლებშიაც გაერთიანდა ტრაპიზონის და კერასუნის მხარეები. ხალდიის (ტრაპიზონის) სამფლობელო ამ დროს აღწევს სამხრეთით კოლონიამდე, აღმოსავლეთით ჭოროხის ხეობის სათავეებამდე. (რაც შეეხება რიზეს მხარეს,  საკუთრივ რიზიას ანუ ზღვისპირა კლარჯეთს, იგი, როგორც აღნიშნული გვქონდა, საქართველოს სამეფოს ნაწილს წარმოადგენს).

თეოდორე გავრა სრულიად დამოუკიდებლად მართავს ხალდიის (ტრაპიზონის) სამთავროს, თუმცა პირველ პერიოდში მას არ შეუწყვეტია კავშირი კონსტანტინეპოლთან. თეოდორე გავრა იყო კონსტანტინეპოლში და აქ მან სამეფო კარზე დასტოვა თავისი ვაჟი, რომელიც სიძე უნდა გამდარიყო ბიზანტიის კეისრის ალექსი კომნენისა. მაგრამ კონსტანტინეპოლის მთავრობას, რომელიც არ ურიგდებოდა ხალდია-ჭანეთის ფაქტიურ დამოუკიდებლობას, თეოდორე გავრას ვაჟი მძევლად გამოუცხადებია, როდესაც ახალგაზრდა გავრა სცდილა სამშობლოში, ჭანეთში, გაქცევას, იგი დაუტყვევებიათ და გადაუსახლებიათ ფილიპოპოლში. მას ამის შემდეგ აღარ ღირსებია სამშობლოში დაბრუნება.

ამ გარემოებამ, რასაკვირველია, კიდევ უფრო გააღრმავა განხეთქილება კონსტანტინეპოლსა და უკვე ფაქტიურად დამოუკიდებელ ტრაპიზონის სამთავროს შორის. უფრო გვიან, როდესაც გარდაიცვალა თეოდორე გავრა, რომლის დროსაც, როგორც აღვნიშნეთ, საფუძველი ჩაეყარა ხალდიის ფაქტიურ დამოუკიდებლობას, კონსტანტინეპოლი კვლავ სცდილა დაემორჩილებინა ხალდია.

ბიზანტიის კეისარმა მოახერხა დაეტყვევებინა თეოდორე გავრას მემკვიდრე, ხალდიის (ტრაპიზონის) მფლობელი გრიგოლ გავრა, რომელიც ამის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ტყვედ ჰყავდათ კონსტანტინეპოლში. შემდეგ იგი განათავისუფლეს და ისევ დააბრუნეს ხალდიის თემის მმართველად, ცხადია იმ პირობით, რომ იგი სცნობდა კონსტანტინეპოლის მთავრობის ხელისუფლებას.

მაგრამ გრიგოლ გავრა, ტრაპიზონში დამკვიდრების შემდეგ, ისევ განაგრძობს თავისი მამის ხაზს. კავშირი კონსტანტინეპოლს და ტრაპიზონს შორის ისევ სუსტდება.
ამ პერიოდს, XII საუკუნის პირველ მეოთხედს, ეკუთვნის საქართველოს სახელმწიფოს გაძლიერება დავით აღმაშენებლის დროს.

დავით აღმაშენებელი, როგორც აღნიშნავენ, არა ერთგზის გამოჩენილა თავისი ძლევამოსილი ჯარებით ტრაპიზონთან.

დავითის დროს ხალდია-ტრაპიზონის სამფლობელო (რომელიც ამ დროს მოიცავდა ტრაპიზონისა და კერასუნის მხარეებს), პოლიტიკურად უკავშირდება საქართველოს.
ძველ ქართული ძეგლიდან, საქართველოს ხელმწიფის კარის გარიგებიდან, დასტურდება, რომ დავით აღმაშენებლის დროს ტრაპიზონის სამფლობელო საქართველოს სახელმწი ფოსთან არის დაკავშირებული და ტრაპიზონის მფლობელი საქართველოს მეფეთ-მეფის ვასალთა შორის ითვლებოდა.

ეს ვასალი საქართველოს სახელმწიფოსი თუმცა სახელდებით მოხსენებული არაა, მაგრამ ქრონოლოგიის მიხედვით იგი, ჩანს, იყო გრიგოლ გავრა.

კავშირი ტრაპიზონის სამფლობელოსი საქართველოს სახელმწიფოსთან, რომელიც დამყარებულა გრიგოლ გავრას დროს, ასევე გრძელდება მისი შვილის და მემკვიდრის კონსტანტინე გავრას მფლობელობის დროს.

კონსტანტინეპოლი, ცხადია, არ შერიგებაი ტრაპიზონის მხარის ჩამოშორებას.ს ბიზანტიურ ფწყაროებში დაცულია ცნობა, რომ ამ დროს (როდესაც ტრაპიზონის მფლობელად იყო კონსტანტინე გავრა) ბიზანტიის კეისარს იოანე II კომნენს (1118-1143) გმოულაშქრნია ტრაპიზონის წინააღმდეგ, მაგრამ დამარცხებული უკან გაბრუნებულა.
ც) დავით აღმაშენებელიდან - თამარის ხანამდე (1125-1184წწ.)

მომდევნო პერიოდში, მე-12 საუკუნის მანძილზე, გრძელდება მეტოქეობა ბიზანტიასა და საქართველოს შორის ტრაპიზონის მხარის გამო.

ერთხანად ბიზანტია აღწევს თავის მიზნებს. ტრაპიზონში XII საუკუნის პირველ ნახევარში მოხდა გადატრიალება,ა რის შედეგად გავრას გვარეულობა განდევნილ იქმნა ტრაპიზონიდან. მას შემდეგ კონსტანტინეპოლი ავრცელებს თავის გავლენას ტრაპიზონზე და ნიშნავს აქ თავის ხელქვეით დუკებს. შემდეგ, XII საუკუნის შუა წლებში, გავრები კვლავ ბრუნდებიან ტრაპიზონში,
საქართველოს მთავრობა, დაინტერესებული ტრაპიზონის მხარის ბედით, ცხადია გულგრილად არ შესცქეროდა ამ ამბებს.

ცნობილი ბიზანტინოლოგი თ. უსპენსკი, ეხება რა იმ აქტიურ პოლიტიკას, რომელსაც აწარმოებენ საქართველოს მეფეები XII საუკუნეში შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე (ტრაპიზონის მხარის ზონაში) უპირატესობის მოპოვების მიზნით, აღნიშნავს, რომ ქართველი ჯარები თამარის მამის გიორგი III-ის (1155-1184 წ.წ.) დროს აღწევენ როგორც კარნუ-ქალაქამდე (არზრუმამდე), ისე ტრაპიზონამდე.

 

პავლე ინგოროყვა
წიგნიდან ”ჭანეთ-ლაზეთის ისტორიის გამო”

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 10117093 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ