მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
26 ივნისი 2017  03:13 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
წმინდა ნინო
ცხონების გზაზე სიკვდილამდე არ უნდა შევყოვნდეთ და გავჩერდეთ. ზნეობრივი სრულყოფილების რა ხარისხსაც არ უნდა მიაღწიო, მაინც სულ წინ უნდა ისწრაფოდე -






ჭანეთ-ლაზეთის მხარეთა პოლიტიკური მდგომარეობა
VIII-XVI საუკუნეებში


თამარის ხანა. პირველი პერიოდი (1184-1204 წწ.)

თამარის მეფობის პირველ პერიოდში საუკუნოვანი მეტოქეობა ბიზანტიასა და საქართველოს შორის ტრაპიზონის მხარეში უპირატესობის მოპოვებისათვის გართულდა ახალი მომენტებით.
1183 წელს ბიზანტიის ტახტზე ავიდა კომნენთა გვარეულობის მეორე შტოის  წარმომადგენელი ანდრონიკე კომნენი, რომელიც ქართულ მატიანეთა ცნობით, საქართველოში იყო ერთხანად (იმ პერიოდში, როდესაც იგი ბიზანტიიდან იყო განდევნილი); ანდრონიკე კომნენი მეგობრულ ურთიერთობაში იმყოფებოდა საქართველოს მეფესთან გიორგი III-სთან და საქართველოში ყოფნის დროს იგი მონაწილეობასაცა ღებულობდა ქართველთა ლაშქრობებში. ანდრონიკე კომნენი ნათესავურ კავშირშიაც იყო საქართველოს სამეფო სახლთან.
1185 წელს კონსტანტინეპოლში მოხდა გადატრიალება; ანდრონიკე კომნენი მოკლულ იქმნა და გამეფდა ახალი დინასტია-ანგელნი. ანდრონიკე კომნენის შვილები გადმოიხვეწნენ საქართველოში და აქ მათ, სხვა ბიზანტიელ ლტოლვტილებთან ერთად, თავშესაფარი ჰპოვეს თამარ მეფის კარზე.
ბიზანტიის მთავრობა, ახალი დინასტიის - ანგელთა სახით, ცხადია, უკმაყოფილი იყო იმ მფარველობით, რომელსაც საქართველო უწევდა ბიზანტიის ჩამოგდებულ დინასტიასა და კონსტანტინეპოლელ ემიგრანტებს. ამიტომაც ბიზანტიის მთავრობა ამ დროიდან ადგება აგრესიულ ანტი-ქართულ პოლიტიკას. როდესაც 1187 წელს საქართველოდან განდევნილ იქმნა გიორგი, ძე ანდრია ბოგოლიუბსკისა, მან თავშესაფარი კონსტანტინეპოლში ჰპოვა. შემდეგ შემოგზავნა საქართველოში გიორგი ანდრიას ძისა, და აჯანყება, რომელიც დასავლეთ და სამხრეთ საქართველოში მოეწყო 1190-1191 წლებში, ეს იყო ბიზანტიელთა შენიღბული ჩარევა საქართველოს საქმეებში, ბიზანტიის ანტიქართული პოლიტიკა მოქმედებაში.
ამ დროს მე-12 საუკუნის ბოლო ათეულში, ბიზანტიელებს განუმტკიცებიათ თავისი პოზიციები ტრაპიზონში და მოუხერხებიათ თავისი პოლიტიკური გავლენა გაევრცელებიათ აგრეთვე თვით რიზეს მხარეზედაც (საკუთრივ ლაზია), რომელიც მე-11 საუკუნის ბოლო მეოთხედიდან საქართველოს სამეფოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა.

 

 

პავლე ინგოროყვა
წიგნიდან ”ჭანეთ-ლაზეთის ისტორიის გამო”

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 10117131 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ