მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
21 აგვისტო 2017  09:39 ქართული შრიფტი


ნიკოლოზ ბარათაშვილი
*** ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი
"რა გავაკეთო, რომ უფალს ვაამოთ? - ჰკითხეს წმინდა ანტონი დიდს. მან უპასუხა: "სადაც არ უნდა იყო, ყოველთვის თვალწინ გყავდეს მამაზეციერი; რა საქმითაც არ უნდა დაკავდე, ნახე, იწონებს თუ არა ამას წმიდა წერილი." -







ჭანეთ-ლაზეთის (სამხრეთ კოლხეთის) ისტორიული სახელწოდებანი VIII-XVI საუკუნეებში

 

ქართულ, სომხურ, ბერძნულ და თურქულ-სელჯუკურ საისტორიო წყაროებში ჭანეთ-ლაზეთი VIII-XVI საუკუნეებში ცნობილია შემდეგი სახელწოდებებით:

ა. ქართულ წყაროებში ქვეყნის სახელწოდებაა - ჭანეთ-ლაზეთი (ლაზია), და ქალდია (ხალდია), ნაწარმოებნი ქართველ ტომთა სახელებიდან: ჭანი, ლაზი, ქალდი (ხალდი).

ამათგან ჭანეთი არის ზოგადი სახელწოდება მთელი სამხრეთ კოლხეთისა.

ლაზია არის სახელწოდება ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილისა, რიზეს მხარისა (ამავე მხარეს ეწოდება აგრეთვე ზღვისპირა კლარჯეთი).

ქლდია (ხალდია) არის სახელწოდება ქვეყნის ცენტრალური ნაწილისა - ტრაპიზონის მხარისა.

რაც შეეხება ქვეყნის დასავლეთ ნაწილს, კერასუნ-ფარნაკიის მხარეს, იგი ქართულ წყაროებში მოიხსენება ზოგადი სახელწოდებით - პონტოს ადგილნი.

ბ. სომხურ წყაროებში, ისევე როგორც ქართულში, სამხრეთ-კოლხეთის მიმართ დამოწმებულია იგივე სატომო სახელწოდებანი; ჭანები, ლაზები, ხალდები. სახელდობრ სომხურ წყაროებში ლაზია (”ლაზივ”) - ეწოდება ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს, რიზეს მხარეს: ცენტრალურ ნაწილს, ტრაპიზონის მხარეს, ეწოდება ხალდია (”ხატიქ”) და ჭანეთი (”ჭანივ”). დასავლეთ ნაწილს, (კერასუნ-ფარნაკიის მხარეს) მიემართება ზოგადი სახელწოდება პონტოსი.

ჩვენ უკვე აღნიშნული გვქონდა, რომ მე-7-9 საუკუნეთა სომხურ გეოგრაფიაში პროვინციები ლაზეთით და ხალდია - ჭანეთი ითვლებიან ნაწილად `ეკგერის~ (ეგრისის) ანუ კოლხეთის ქვეყნისა.

გ. ბერძნულ წყაროებში, VIII საუკუნიდან მოკიდებული, ჭანეთ-ლაზეთი (სამხრეთ კოლხეთის ქვეყანა) და მისი ცალკეული ნაწილები ცნობილია შემდეგი სახელწოდებებით.

1. ხალდიის თემი. სახელწოდება ხალდია თავდაპირველად მიემართება ქვეყნის ცენტრალურ ნაწილს, ტრაპიზონის მხარეს, მაგრამ რადგან ტრაპიზონის ადმინისტრაციული ერთეული - ხალდიის თემი ცალკეულ პერიოდებში აერთიანებდა ტერიტორიას ჭოროხიდან თერმოდონამდე, ამიტომ სახელწოდება ხალდიის თემი, ხალდია, ჩვენ გვხვდება აგრეთვე როგორც ზოგადი სახელწოდება მთელი სამხრეთი კოლხეთისა.

2. ლაზეთი, ლაზიკა. ბერძნულ წყაროებში, VII-VIII საუკუნეებიდან მოკიდებული, სახელწოდება ლაზეთი (ლაზიკა) მიემართება ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს, რიზეს მხარეს (ისევე, როგორც ქართულსა და სომხურ წყაროებში). მაგრამ მას შემდეგ, რაც ტრაპიზონის მხარე VIII საუკუნის მეორე ნახევარში ადმინისტრაციულად დასავლეთ საქართველოს დაუკავშირდა, ეს სახელწოდება ლაზეთი (ლაზიკა) გავრცელდა აგრეთვე ტრაპიზონის მხარეზედაც (იხ. ზემოთ, გვ. 214-215). მომდევნო პერიოდებში სახელწოდებით ლაზეთი აღინიშნება როგორც საკუთრივ რიზეს მხარე (უპირატესად). ისე მთელი სამხრეთი კოლხეთი. ასე მაგალითად, საშუალო საუკუნეთა ბერძენი ავტორის გიორი პახიმერის თხზულებაში ტრაპიზონის მეფეებს მიემართება სახელწოდება მთავარი ლაზთა, მფლობელი ლაზთა.

3) საშუალო საუკუნეთა ბერძნულ წყაროებში ქვეყნის საერთო სახელადა იხმარება აგრეთვე სახელწოდება კოლხეთი (სამხრეთ კოლხეთი). ასე, საშუალო საუკუნეთა ბერძენი ავტორი ლაონიკოს ხალკოკონდილესი ტრაპიზონისმეფეებს მოიხსენებს სახელწოდებით: კოლხეთის მეფენი, კოლხეთის მთავარნი.

4) სატომო სახელწოდება ჭანი გვიანი ხანის ბერძნულ წყაროებში უპირატესად მიემართება ტრაპიზონისმხარეში, პონტოს მთიანეთში მოსახლე მთიელებს.

ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსახლე ქართველი ტომები საშუალო საუკუნეთა ბერძნულ წყაროებში ცნობილი არიან ხალიბებისა და ტიბარენების (ტიბრანების) სახელწოდებით. ამ სატომო სახელიდან ქვეყნის დასავლეთ ნაწილს (კერასუნ-ფარნაკიის მხარეს) ეწოდება ხალიბთა და ტიბარენთა მხარე ანუ ხალიბია.

გ. თურქ-სელჯუკების ოფიციალურ მატიანეში, რომელსაც სელჯუკ-ნამე ეწოდება, ჭანეთ-ლაზეთის (სამხრეთ კოლხეთის) შესახებ შემდეგი ცნობებია წარმოდგენილი. ჭანეთ-ლაზეთის (სამხრეთ კოლხეთის) ქვეყანას, მთლიანად აღებულს, აქ ეწოდება სრულიადი ჭანეთი. ეს ქვეყანა, სრულიადი ჭანეთი, მატიანის ცნობით განიყოფება სამ მხარედ: 1) ლაზიის მხარე - (რიზეს პროვინცია); 2. საკუთრივ ტრაპიზონის მხარე; 3) საკუთრივ ჭანეთის მხარე (ვიწრო მნიშვნელობით), რა სახელწოდებითაც უპირატესად ცნობილი ყოფილა ქვეყნის დასავლეთი ნაწილი.

აღსანიშნავია, რომ სელჯუკები საკუთრივ ჭანეთს (ვიწრო მნიშვნელობით) უწოდებენ ქვეყნის დასავლეთ ნაწილს; ეს იმის გამო, რომ თურქი სელჯუკები პირველად დამკვიდრდნენ შავი ზღვის სანაპიროზე სწორედ ამ ზონის მეზობლად, თერმოდონის სექტორში მოსახლე ჭანეთის დასავლეთით. (თვით სახელწოდება ოსმალეთის გვიანდელი ადმინისტრაციული ერთეულისა - ”ჭანიქის” ანუ ”ჯანიქის” სანჯახისა, რომელიც ტრაპიზონის ვილაიეთში შედიოდა, იქიდან წარმოსდგა, რომ მის ფარგლებში მოქცეული იყო თერმოდონის სექტორის ჭანური ზონა).

2. ტერიტორიული ერთეულები: მხარეები და ოლქები.

გავეცნოთ ამის შემდეგ ჭანეთ-ლაზეთის მხარის დანაწილებას ტერიტორიულ ერთეულებად, მხარეებად და ოლქებად.
ჯერ სამხარეო ერთეულების შესახებ.


როგორც ეს ცხადი გახდა წარმოდგენილი მიმოხილვიდან, ჭანეთ-ლაზეთი ანუ სამხრეთი კოლხეთი განიყოფებოდა სამ მთავარ სამხარეო ერთეულად: რიზეს მხარე (აღმოსავლეთი ჭანეთ-ლაზეთი), ტრაპიზონის მხარე (შუა ჭანეთ-ლაზეთი) და კერასუნ-ფარნაკიის მხარე (დასავლეთი ჭანეთ-ლაზეთი): ისინი საშუალო საუკუნეთა წყაროებში, VIII-XV საუკუნეთა მან ძილზე ატარებენ, როგორც გამოირკვა, შემდეგს ძირითადს, სატომო წარმოშობის სახელწოდებებს:

I. რიზეს მხარე (აღმოსავლეთი ჭანეთ-ლაზეთი) - საკუთრივ ლაზია, ზღვისპირა კლარჯეთი;

II. ტრაპიზონის მხარე (შუა ჭანეთ-ლაზეთი) - საკუთრივ ქალდია (ხალდი).

III. კერასუნ-ფარნაკიის მხარე (დასავლეთი ჭანეთ-ლაზეთი) - ხალიბია, ხალიბია-ტიბარენია.

ეს სამი მთავარი სამხარეო ერთეულები თავის მხრივ განიყოფებიან უფრო მცირე მოცულობის საოლქო ერთეულებად.

ცალკე საოლქო ერთეულებისა და მათით შემადგენელი ნაწილების შესახებ საჭიროა აღვნიშნოთ შემდეგი:

ა. რიზეს მხარის ძირითადი ერთეულის - რიზეს ოლქის შესახებ (საკუთრივ ლაზია ვიწრო მნიშვნელობით).

ბ. სოტიროპოლის ანუ რკინის-პალოს ოლქი (რომელიც მოიცავდა ოფის პროვინციას) და გიმორას ოლქი (რომელიც მოიცავდა სურმენეს პროვინციას) წარმოადგენდა როგორც ანტიკურ ხანაში, ისე საშუალო საუკუნეებში, ერთგვარ გარდამავალა ზონას რიზესა დატრაპიზონის მხარეთა შორის. ხოლო უპირატესად სოტიროპოლის - ოფის პროვინცია დაკავშირებულია რიზეს მხარესთან, სურმენეს პროვინცია - ტრაპიზონის მხარესთან. (კერძოდ, ასეთი მდგომარეობა გვაქვს განსახილველი პერიოდის ბოლო საუკუნეებში)

გ. რიზეს მხარის ჩრდილოეთ სექტორში მდებარე გონია-აფსარის სანაპირო უბანი წარმოადგენდა გარდამავალ ზონას შიდა კოლხეთის (დასავლეთ საქართველოს) საზღვართან: ასევე მურღულის სანაპირო უბანი გარდამავალ ზონას წარმოადგენდა მესხეთის საზღვართან.
დ. დანაწილება ტრაპიზონის მხარისა საოლქო ერთეულებად (საკუთრივ ტრაპიზონი, გიმორა, მაჭუკა, საკუთრივ ხალდია) ნაჩვენები გვაქვს იმ სახით, როგორადაც იგი აღნიშნულია განსახილველი პერიოდის ტრაპიზონის მხარის ადგილობრივ დოკუმენტებში.

ე) დასასრულ, დასავლეთის სამი ოლქის, კერასუნის, კოტიორასა და ლიმანის შესახებ (რომლებიც დასახელებულია ქართულ მატიანეებში), საჭიროა შემდეგი აღვნიშნოთ:
კერასუნის (კერასუნ-ფარნაკიის) ოლქი მოიცავდა ზონას, რომელიც ანტიკური ხანის წყაროებში მოიხსენება, როგორც მოსინიკების და ფარნაკიის ხალიბების (ხალიბ-ხალდების) ტერიტორია.

კოტიორას ოლქი არის ისტორიული ტერიტორია ტიბარენების ტომისა (რომლებიც საშუალო საუკუნეებში ტიბოანების სახელწოდებით მოიხსენება).
ლიმანის ოლქი არის ისტორიული ტერიტორია თერმოდონის სექტორში მოსახლე ალიბთა, მაკრონთა და ჰენეთთა ტომებისა.

პავლე ინგოროყვა
წიგნიდან ”ჭანეთ-ლაზეთის ისტორიის გამო”

.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 11566171 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ