მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
15 დეკემბერი 2017  22:59 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
გულო, არ გასტყდე!
ცხონების გზაზე სიკვდილამდე არ უნდა შევყოვნდეთ და გავჩერდეთ. ზნეობრივი სრულყოფილების რა ხარისხსაც არ უნდა მიაღწიო, მაინც სულ წინ უნდა ისწრაფოდე -





Untitled Document


მამამ მე უკვე გარდაცვლილმა დამლოცა...



"ეს იყო დიდი ხნის წინათ, როცა მე ჯერ კიდევ კომერციულ სასწავლებელში ვსწავლობდი - მოგვითხრობს მწერალი კელსიევი - მე სასწავლებლის შორიახლოს ვცხოვრობდი, მამაჩემი კი ოჯახით ვასილევსკის კუნძულზე სახლობდა. იგი მოხელედ მსახურობდა საბაჟოზე და ბირჟის ახლოს ეჭირა სახელმწიფო ბინა. იგი იშვიათად თუ ახერხებდა ჩემს მონახულებას. ერთხელაც ღამით, როცა ოთახში მარტო ვიყავი, ჯერ კიდევ არ მეძინა და წიგნს ვკითხულობდი, ვხედავ: კარი იღება და ოთახში მამაჩემი შემოდის, ფერმკრთალი და სევდიანი: მე სრულებით არ გამკვირვებია მისი მოსვლა, ჩვეული ვიყავი მის მზრუნველობას. იგი მომიახლოვდა და მითხრა: "ვასია, მე შენს დასალოცად მოვედი... იცხოვრე კარგად და არ დაივიწყო ღმერთი". მითხრა, დამლოცა, როგორც წესია და გაუჩინარდა, ე.ი. იმავე კარით გავიდა.

ამ მონახულებამ, როგორც ჩვეულებრივმა ამბავმა, ჩემზე არანაირი შთაბეჭდილება არ მოახდინა. მაგრამ როგორი იყო შემდგომ ჩემი გაოცება, როცა მოგვიანებით კარზე დამიკაკუნეს და მეეტლემ მაუწყა, რომ მამაჩემი ახლახანს გარდაიცვალა, თითქმის იმ დროს, როცა იგი ჩემს ოთახში ვიხილე. მაშინ ჩემთვის ნათელი გახდა - მამამ მე უკვე გარდაცვლილმა დამლოცა.
წიგნიდან "საიქიო ცხოვრების საიდუმლოებანი"

სხვა ცხოვრება დადგა მისთვის და სხვაგვარი დახმარება სჭირდება მას

გაცოცხლდებიან თუ არა ადამიანის ძვლები?

უსაზღვრო იყო ძველ იუდეველთა მწუხარება და სასოწარკვეთა, როდესაც ნანგრევებად იქცა იერუსალიმი და თვით იუდეველნი ბაბილონის მონობაში აღმოჩდნენ. "სადა არიან წყალობანი შენნი პირველნი, უფალო, რომელ ეფუცე დავითს" (ფსალ. 88, 49), შეჰღაღადებდნენ ისინი ღმერთს. "ხოლო აწ განმიშორენ და მარცხვინენ ჩუენ... მიმცენ ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი შესაჭმელნი და წარმართთა შორის განმთესენ ჩუენ" (ფსალ. 43, 9-10).

მაშინ, როცა გადარჩენის იმედი არავის ჰქონდა, უფალმა ასევე ტყვეობაში მყოფი ეზეკიელი წინასწარმეტყველი ღირს-ჰყო საკვირველი ხილვისა. "იყო ხელი უფლისა ჩემზედა" - გვაუწყებს იგი ამის შესახებ. ღვთის უხილავმა მარჯვენამ დასვა იგი შუაგულ ველზე, რომელიც ძვლებით იყო სავსე და ჰკითხა მას უფალმა: - "ადამის ძევ! თუ გაცოცხლდება ეს ძვლები?" "უფალო ღმერთო, შენ უწყი", - უპასუხა წინასწარმეტყველმა. მაშინ ხმამ ღვთისამ უბრძანა წინასწარმეტყველს, ეთქვა ძვლებისათვის, რომ მისცემს მათ უფალი სულს ცხოვრებისას, შემოსავს ძარღვებით, ხორცითა და კანით. აღმოთქვა წინასწარმეტყველმა სიტყვა უფლისა, გაისმა ხმა, შეზანზარდა მიწა და იწყეს ძვლებმა შეერთება, ძვალი ძვალს მიედგა, ძარღვები გაჩნდა მათზე, შეესხათ ხორცი და ზედ კანი გადაეკრათ, ისე რომ, მთელი ველი გაივსო ადამიანთა სხეულებით, მხოლოდ სული არ იყო მათში. კვლავ მოესმა ღვთის ხმა წინასწარმეტყველს, მისი ბრძანებით კვლავ წარმოთქვა სიტყვა უფლისა და ქვეყნის ოთხივე კიდიდან მოფრინდნენ სულები, შევიდა სული ცხოვრებისა სხეულებში, ისინი ფეხზე დადგნენ და აივსო ველი კაცთა დიდძალი ლაშქრით.

და თქვა უფალმა: "ადამის ძევ, მთელი ისრაელის სახლია ეს ძვლები... ამბობენ - წარხორცილია ჩვენი სასო, გამწყდარი ვართო... აჰა, გავხსნი თქვენს საფლავებს და ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ერო... ჩაგიდგამთ ჩემს სულს და გაცოცხლდებით, დაგსვამთ თქვენს მიწაზე".

ამგვარად განუცხადა უფალმა ღმერთმა ეზეკიელს, რომ ურყევია მისი აღთქმანი და ადამიანთა გონების მიერ შეუძლებლად მიჩნეული აღსრულდება ღვთის ძალით.
ეს ხილვა ნიშნავდა იმას, რომ ტყვეობისაგან განთავისუფლებული ისრაელი დაუბრუნდებოდა თავის მიწას, უმაღლესი აზრით კი მიუთითებდა სულიერი ისრაელის დამკვიდრებაზე ქრისტეს მარადიულ ზეციურ სასუფეველში. ამავე დროს ეს იყო წინასახე ყველა გარდაცვლილის მომავალი საყოველთაო მკვდრეთით აღდგომისა.

ამიტომაც ეზეკიელის ეს წინასწარმეტყველება იკითხება დიდი შაბათის ცისკარზე, როდესაც თავისი სიკვდილით ქრისტემ შემუსრა ბჭენი სიკვდილისანი და ყველა გარდაცვლილს განუღო საფლავის კარი.

რწმენა აღდგომაში ქვაკუთხედია ჩვენი სარწმუნოებისა. "უკეთუ აღდგომაი მკუდართაი არა არს, არცა ქრისტე აღდგომილ არს. უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ცუდად სამე არს ქადაგება ესე ჩუენი და ცუდად არს სარწმუნოება ეგე თქუენი" (1 კორ. 15, 13-14). თუ არ არის აღდგომა, ცრუა მთელი ქრისტიანული სწავლება. არაერთხელ უმძლავრიათ ურწმუნოების ტალღებს, მაგრამ უკან დაუხევიათ ახალი ნიშნების წინაშე, რომლებიც მოწმობდნენ აღდგომის ჭეშმარიტებას, მკვდრად აღიარებულის ღვთის მიერ განცხოველებას.

V საუკუნეში იმპერატორ თეოდოსი მცირის ზეობის ჟამს ძლიერ გავრცელდა ეჭვი მკვდართა აღდგომაში, ისე რომ, ეკლესიებიც კი კამათობდნენ ამის შესახებ. სწორედ იმ დროს მოხდა საკვირველი მოვლენა, რომლის უტყუარობასაც მთელი რიგი ისტორიული საბუთები ადასტურებს.

ჯერ კიდევ III ასწლეულის შუა ხანებში, იმპერატორ დეკის მეფობისას (249-251), მისივე განკარგულებით ქალაქ ეფესოს მახლობლად მდებარე მღვიმე, რომელშიც შვიდი ყრმა იმყოფებოდა, ქვებით ამოავსეს. ეფესოს ქალაქმთავრის ძემ, მაქსიმილიანემ, და მისმა ექვსმა მეგობარმა - იამვლიქომ, დიონისემ, იოანემ, ანტონინემ, მარტინიანემ და ექსაკუსტორდიანემ თავი ქრისტიანებად აღიარეს და უარი თქვეს მსხვერპლი შეეწირათ კერპებისათვის. შემდგომ მათ ისარგებლეს მათთვის მოსაფიქრებლად მიცემული დროით და იმპერატორის დროებითი გამგზავრებით, დატოვეს ეფესო და ახლომახლო მთებში ერთ-ერთ მღვიმეს შეაფარეს თავი. როდესაც დეკი დაბრუნდა და შეიტყო მომხდარის შესახებ, ბრძანება გასცა, მღვიმეში შესასვლელი ქვებით ამოევსოთ, რათა ჰაერსა და საკვებს მოკლებული ყრმანი იქ ცოცხლად დამარხულიყვნენ. როცა დეკის ბრძანება სისრულეში მოჰყავდათ, ორმა ფარულმა ქრისტიანმა, თეოდორემ და რუფინემ, ეს ამბავი კალის ფირფიტებზე ჩაწერეს და მღვიმის შესასვლელთან ქვებს შორის დამალეს.

მღვიმეში მყოფმა ყრმებმა არ იცოდნენ, რა მოხდა. წინადღით, როდესაც გაიგეს ქალაქში დეკის ჩამოსვლა და მხურვალედ ილოცეს ღვთისადმი, მათ მაგარი, არაჩვეულებრივი ძალით დაიძინეს, რომელიც დაახლოებით 172 წელი გაგრძელდა. გაიღვიძეს ყრმებმა მხოლოდ თეოდოსი მცირის ზეობისას, სწორედ მაშინ, როცა მიდიოდა კამათი მკვდრეთით აღდგომაზე. იმ დროისათვის იმ ადგილის მაშინდელმა მფლობელმა მღვიმის ამოქოლილი შესასვლელი ქვებისგან გაათავისუფლა და მშენებლობაზე გამოიყენა; და მას აზრადაც არ გაუვლია, რომ მღვიმეში ყველასგან დიდი ხნის წინათ დავიწყებული ბავშვები იმყოფებოდნენ. გამოღვიძებულ ყრმებს ეგონათ, რომ მხოლოდ ერთი ღამე ეძინათ, რადგან მღვიმეში არანაირი ცვლილება არ შეუმჩნევიათ და თვითონაც სავსებით არ შეცვლილიყვნენ. ერთ-ერთი მათგანი, ყველაზე უმცროსი, იამვლიქო, რომელიც ადრე ქალაქში დადიოდა სურსათ-სანოვაგეზე, მეგობრებთან ერთად ღვთისადმი ლოცვის შემდეგ ეფესოში გაემართა საკვების საყიდლად და იმის შესატყობად, ეძებდნენ თუ არა მათ. ყრმა გააოცა მომხდარმა ცვლილებამ - იგი ხედავდა ჯერ კიდევ გუშინ არარსებულ, როგორც მას ეჩვენებოდა, ეკლესიებსა და ესმოდა სახალხოდ წარმოთქმული სახელი ქრისტესი. იამვლიქომ იფიქრა, შეცდომით სხვა ქალაქში მოვხვდიო და პურის ყიდვა მაინც გადაწყვიტა, მაგრამ როდესაც პურის საყიდლად მეფუნთუშეს მონეტა გაუწოდა, იგი დაჟინებით მიაცქერდა მას და ჰკითხა, თუ სად იპოვა განძი. ამაოდ არწმუნებდა იამვლიქო, რომ განძი მას არ უპოვია და რომ ფული მშობლებისგან მიიღო; ამასობაში კი ხალხი შეგროვდა და პასუხს სთხოვდა კითხვაზე, თუ საიდან ჰქონდა ძველებური ფული. იამვლიქომ დაასახელა თავისი მშობლებისა და მეგობრების სახელები, მაგრამ მათ არავინ იცნობდა, ბოლოს კი შეიტყო შეკრებილთაგან, რომ იგი ნამდვილად ეფესოში იმყოფებოდა, თუმცა იმპერატორ დეკის მაგივრად, რომელიც დიდი ხნის წინ გარდაცვლილიყო, ქრისტესმოყვარე თეოდოსი მეფობდა.

საკვირველმა ამბავმა ქალაქმთავრისა და ეპისკოპოსის ყურამდეც მიაღწია; იამვლიქოს სიტყვების შესამოწმებლად მათ მისი თანხლებით მღვიმეს მიაშურეს, სადაც იპოვეს ექვსი დანარჩენი ყრმა, მღვიმის შესასვლელთან კი აღმოაჩინეს კალის ფირფიტები, საიდანაც შეიტყვეს, თუ როგორ და როდის აღმოჩდნენ ყრმები მღვიმეში. ყოველივე მომხდარი ქალაქმთავარმა დაუყოვნებლივ აუწყა მეფეს, რომელიც პირადად ჩამობრძანდა ეფესოში და ესაუბრა ყრმებს. ერთ-ერთი საუბრის დროს მათ თავები მოდრიკეს და საუკუნოდ მიიძინეს. ხელმწიფემ მოისურვა მათი დედაქალაქში გადასვენება, მაგრამ ძილში ყრმები გამოეცხადნენ, რომლებმაც ამცნეს მას, იმავე მღვიმეში მიეჩინა მათთვის საუკუნო სამყოფელი, სადაც უკვე მრავალი წლის მანძილზე ეძინათ საკვირველი ძილით. ყრმების სურვილი შეასრულეს; მათი წმინდა სხეულები საუკუნეების მანძილზე განისვენებდნენ იმ მღვიმეში. XII საუკუნის რუსი მოგზაური და წმინდა ადგილების მომლოცველი ანტონი აღწერს, თუ როგორ სცა თაყვანი მათ.

ყრმათა სასწაულებრივი გამოღვიძება მაშინ მიღებულ იქნა როგორც წინასახე და მტკიცება აღდგომისა. ყველგან გავრცელდა ცნობა ამ მოვლენის შესახებ; მას მოიხსენიებს რამდენიმე თანამედროვე ისტორიკოსი, მასზე იყო საუბარი მცირე ხანში ეფესოში გამართულ III მსოფლიო კრებაზეც. ამ გასაოცარმა სასწაულმა განუმტკიცა ხალხს რწმენა აღდგომაში. აშკარად გამოვლინდა ძალა ღვთისა, რომელმაც ხანგრძლივი დროის მანძილზე უხრწნელად შეინახა ყრმათა სხეულები და შესამოსელი; როგორც აღადგინა ეფესელი ყრმები ძილისაგან უფალმა, ისევე შეკრებს იგი ძვლებს და აღადგენს მკვდრებს, როგორც ეს იხილა ეზეკიელ წინასწარმეტყველმა: `აჰა, გავხსნი თქვენს საფლავებს და ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ერო... და დაგსვამთ თქვენს მიწაზე და მიხვდებით, რომ მე, უფალმა ვთქვი და აღვასრულებ, ამბობს უფალი!"(ეზეკ. 37, 12-14).

 

 

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12570324 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ