მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
26 ივნისი 2017  03:16 ქართული შრიფტი


ალექსანდრე ჭავჭავაძე
გოგჩა
შეუძლებელია, არ დაეცე; მაგრამ საჭიროა და ვალდებულიც ხარ, დაცემული ადგე. თუ სწრაფად მორბენალი რაიმეს დაეჯახა, მეყვსეულად ადგება და კვლავ მიზნისაკენ აგრძელებს გზას – მიბაძე მას. -





Untitled Document

ქადაგებები და წერილები მარხვის შესახებ

წმიდა ბასილი დიდი

ჯერ კიდევ ესაია წინასწარმეტყველმა დაგმო წესი ებრაელების მარხვისა და ჭეშმარიტი მარხვისაკენ მოგვიწოდა, როცა გვითხრა: „ნუ სასჯელად და ბრძოლად იმარხავთ, არამედ განხსენით ყოველი საკრველი ბოროტებისაჲ“ (ესაია 58, 4-6). ხოლო უფალი მოგვიწოდებს: „იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი“ (მათე 6, 17), რაც ასე უნდა გავიგოთ: სული შენი ცოდვებისაგან განიბანე და თავსა შენსა საცხებელი სიწმიდისა იცხე, რათა ქრისტეს ეზიარო და მარხვას ასე შეუდექი. მწუხარე სახეს ნუ მიიღებ, რათა ადამიანებს დაანახო, რომ შენ მარხულობ. მჭმუნვარების გამოფენით ძლევის გვირგვინსა და სამკაულს ვერავინ შეიმოსავს. ან რად უნდა იყოს კაცი სევდიანი მარხვის ანუ განკურნების ჟამს? პირიქით, მარხვის დადგომას სიხარულით უნდა შევეგებოთ, რადგან სახიერმა მკურნალმა მისი სახით ცოდვის განსაქარვებელი წამალი მოგვცა, მარხვა ხომ სიღრმეში დამკვიდრებული ცოდვებისაგან ათავისუფლებს სულს. ნუ შევეცდებით საკუთარ თავს დიდება თვალში საცემი მწუხარებით მოვუხვეჭოთ, იმიტომ, რომ ვერც განცხადებული მარხვა და ვერც სხვათა დასანახად ჩადენილი კეთილი საქმე სარგებელს ვერ მოგვცემს, რადგანაც ქებას აქვე დავიმსახურებთ და თანაც არა ზეციერი მამისაგან, რომელიც დაფარულსაც ხედავს.

მარხვა დასაბამიდან მოდის და რჯულზე უფრო ძველია. იგი უფალმა სამოთხეშივე დააწესა, რადგანაც პირველი მცნება, რომელიც ადამმა მოისმინა, იყო: ძელისა მისგან საცნაურისა კეთილისა და ბოროტისა, არა შჭამოთ (დაბ. 2,17). მაშინ რომ ევას ეს მცნება არ დაერღვია და ემარხულა, ჩვენ დღეს მარხვა არ დაგვჭირდებოდა, რადგანაც მკურნალი არა ჯანმრთელებს, არამედ სნეულებს სჭირდება (მათე 9,12). რამდენადაც ცოდვის სენი ჩვენივე ნებით შევიყვარეთ და დავუძლურდით, ახლა სინანულით უნდა განვიკურნოთ, სინანული კი წარმოუდგენელია მარხვის გარეშე. ადამს, რომელმაც მცნება დაარღვია, ებრძანა: „წყეულ იყავნ ქუეყანაჲ, ეკალი და კუროჲსთავი აღმოგიცენოს შენ“ (დაბ. 3,17-18). ე.ი. ჩვენზე ჭირის მოწევაა ნაბრძანები და არა შვებისა. სამოთხე მარხვის დარღვევის გამო დავკარგეთ და ახლა მაინც ვიმარხულოთ, თვალწინ გვქონდეს ლაზარეს მაგალითი, რომელიც სამოთხეში მარხვამ შეიყვანა (ლუკა 16,20-31). ნუ მიბაძავ ურჩობაში ევას და ნუ შეიწყნარებ მრჩევლად უხსენებელს, რომელიც იქითკენ გაქეზებს, რომ მუდმივად სხეულს სწყალობდე. ზოგჯერ, ვინც მარხვას არ ინახავს, თავის საქციელს სხეულის უძლურებითა და უსუსურობით ხსნის. მაგრამ ჩვენ გვავიწყდება, რომ ესეცა და სხვა მსგავსი მიზეზებიც, ერთმანეთის გარდა, პირველ რიგში იმას უნდა ვუთხრათ, რომელმაც ყოველივე იცის. დაფიქრდი, მარხვა არ შეგიძლია და ათასგვარი საჭმელით სხეულის დამძიმება კი შეგიძლია? მკურნალნი ხომ ავადმყოფებს ხშირად მარხვასა და მრავალფეროავანი სურსათ-სანოვაგისაგან თავის შეკავებას ურჩევენ? ვისაც გაძღომა და ნაირ-ნაირი კერძთა სიმძიმის ტვირთვა შეუძლია, მარხვა აღარ შეუძლია? სხეულისათვის რა უფრო ადვილი და სასარგებლო იქნება - მსუბუქი საზრდელის მიღების შემდეგ მსუბუქად გატარება ღამისა თუ საჭმლის სიმრავლისაგან დამძიმებული ძილი? განა შეიძლება თქმა იმისა, რომ მძიმედ დატვირთული ნავი უფრო გადაურჩება ზღვის ღელვას, ვიდრე მსუბუქად დატვირთული? ასევეა ადამიანის სხეულიც, ვინც საკვებს ზომიერად და მსუბუქად იღებს, ის უფრო დიდი წარმატებით მოიგერიებს ავადმყოფობას, ვიდრე ის, ვინც მრავალფეროვანი სანოვაგით ტვირთავს სხეულს.

მარხვის განმწმედ ძალაზე ძველი აღთქმის წიგნებიც ნათლად მეტყველებენ. წინასწარმეტყველი მოსე სწორედ მარხვის წყალობით მიეახლა წმიდა მთას (გამოსვლ. 24,18). მარხვა რომ არ ჰქონოდა საჭურველად ასხმული, როგორ გაბედავდა შესულიყო მთაზე ნისლში, რომლისაგან კვამლი ადიოდა? რომ არ ემარხულა, ღვთისაგან ვერც ფიცარზე დაწერილ მცნებებს მიიღებდა. სამაგიეროდ ნაყროვანებამ მისი ერი აქცია კერპთმსახურად: „დასხდა ერი იგი ჭამად და სუმად და აღდგეს სიმღერად“ (გამოსვლ. 32,6). ერთი დღის სიმთვრალემ და ნაყროვანებამ ორმოცი დღის მარხვა და ვედრება წყალში ჩაყარა, ხოლო მარხვის წყალობით მიღებული ფიცარი სიმთვრალემ შემუსრა. შეადარე ერთმანეთს მოსესა და მისი მშობელი ერის საქციელი და დარწმუნდები, რომ მარხვას კაცი ღმერთთან მიჰყავს, მაშინ როცა შვება და სიმაძღრე შინაგანმცემია.

განა სამუელი მარხვამ და ლოცვამ არ შეძინა მის მშობლებს? (I მეფ. 1,13-20) და სამსონიც მარხვის წყალობით არ იქცა უძლეველად? მარხვამ შვა იგი, მარხვამ აღზარდა და მარხვამ განუმტკიცა ძალა, რადგან დედამისს ანგელოზის პირით ებრძანა: „ვენახისაგან რაც არს, არ შეჭამოს და ღვინო და თაფლუჭი არა სვას“ (მსაჯ.13,14). ორმოცი დღის მარხვის წყალობით წინასწარმეტყველი ილია ღირსი გახდა ქორების წმიდა მთაზე უფლის ხილვისა.

წინასწარმეტყველმა დანიელმა არც პური ჭამა და არც წყალი სვა სამი შვიდეულის მანძილზე; სამაგიეროდ მარხვა ლომებსაც ასწავლა. როცა იგი ლომებით სავსე ორმოში ჩააგდეს, მხეცებმა, როგორც ქვას ან რვალს, კბილი ვერ შეახეს. როგორც ვხედავთ, მარხვამ ლომებს პირი აუკრა, მარხვა ლოცვას ცად აამაღლებს, ფრთებს ასხამს. მარხვა წინამძღვარია განსვენებისა, დედა სიმრთელისა, განმსწავლელი ჭაბუკთა, სამკაული მოხუცებულთა, კეთილი თანამგზავრი მოგზაურთა. არ იჭვნეულობს ქმარი, როცა მეუღლეს მმარხველს ხედავს, ხოლო სახლი მარხვით ვინ გააღარიბა? მარხვის გამო პირუტყვები სიკვდილზე არ გოდებენ, არ ჩანს ბრძანება მუცლის მიერ გამოცემული, დასვენებულია მახვილი მზარეულთა, სახლიც ისვენებს კვამლისა და ოხშივარისაგან, ქვაბებისა და ტაფების რახარუხისაგან.

მარხვა სიხარულის მიზეზიცაა, რაც უფრო ძლიერ მოსწყურდება კაცს, მით უფრო ტკბილი აღმოჩნდება მისთვის წყლის დალევა. ასევე მიმზიდველია მარხვის შემდეგ გახსნილება. დაუსრულებელი შვებითა და უზომო ჭამა-სმით ადამიანი კარგავს გემრიელი სასმელ-საჭმელის დაფასების უნარს. ხომ ვხედავთ, რომ მზე უფრო ბრწყინვალეა შემდგომად ღამისა, მღვიძარება უფრო ტკბილია ძილის შემდეგ, ხოლო სიმრთელე უფრო სასურველია მას შემდეგ, რაც სნეულებას გადავიტანთ. ასევე სასურველი ხდება ჭამა მარხვის შემდეგ როგორც მდიდრების, ასევე ღარიბებისთვისაც.
განა მარხვამ არ განუსვენა ლაზარეს აბრაამის წიაღსა შინა? დიდი იოვანეს ცხოვრებაც ხომ მარხვა იყო? (მათე 3,4). არც საწოლი ჰქონდა, არც ტაბლა, არც სათესი მიწა და ხარები, არც ხორბალი და მეპურე, მაგრამ იოანე ნათლისმცემელზე უფრო დიდი არავინ ყოფილა ქალის ნაშობთაგან. ნეტარ პავლესაც სხვა ჭირთან ერთად მარხვაც ჰქონდა სიქადულად, ამიტომაც გახდა იგი ღირსი მესამე ცის ხილვისა (II კორინ. 11,27;12,2).

თვითონ უფალმაც, როცა მან ჩვენთვის ხორცი შეიმოსა, მარხვით შეზღუდა იგი, რათა ესწავლებინა, რომ მარხვით უნდა განვწვრთნათ და დავმწყსოთ თავნი ჩვენნი (მათე 4,2). ხორცის საკვებზე ზრუნვას სჯობია იმაზე ვიფიქროთ, რომ საღმრთო სწავლა გონებას არ მოვაკლოთ; გავიხსენოთ, რას გვასწავლის პავლე მოციქული: რაზომ გარეშე კაცი ჩვენი განიხრწნების, უფროსად შინაგანი განახლდების (I კორინ. 12,10). მარხვა სასუფევლის ტაბლას განგვიმზადებს, ხოლო გემოთმოყვარება სხეულს გაასქელებს, რის გამოც მისი მტანჯველი მატლი კიდევ უფრო გალაღდება. ვის მიუღია ოდესმე შვებით და ფუფუნებით რაიმე საღმრთო მადლი?

მარხვა იარაღია ეშმაკის წინააღმდეგ; სახარებაში ვკითხულობთ: ესე ნათესავი სხვითა არარაითა განიდევნების, არამედ ლოცვითა და მარხვითა (მარკ. 12,10). ბევრი საჭმელი ნისლითა და კვამლით მოიცავს და აბნელებს გონებას.

მაგრამ მარხვა მხოლოდ საჭმლისაგან თავის შეკავებას როდი ნიშნავს, ჭეშმარიტი მარხვა ბოროტისაგან განშორებაა, რადგან შეიძლება ხორცი არ სჭამო, მაგრამ ძმა შეჭამო, ღვინოზე უარი თქვა, მაგრამ გინება ვერ დათმო, საღამომდე თავი შეიკავო ჭამისგან, მაგრამ მთელი დღე მოყვასის განსჯაში გაატარო. ვაი მათდა, რომელნიც უღვინოდ არიან მთვრალნი (ესაია 51,2), რადგან გულისწყრომაც, რომელიც გონებას ახშობს და უადგილოდ აღძრული შიშიც, სიმთვრალედ იწოდება. ცუდია ვნებებით თრობა, მაგრამ არც ღვინით დათრობა გვმართებს. სიმთვრალით ისევე ვერ შეინახავ მარხვას, როგორც ანგარებით ვერ მისწვდები სიმართლეს, შეგინებით - სიწმიდეს და უკეთურებით - სათნოებას. მონაც კი გაურბის ბატონს, რომელიც ურტყამს, ჩვენ კი ვერ განვშორებივართ ღვინოს, რომელიც თავში გვიტყამს და ეს მაშინ, როცა ჩვენში ის უნდა მივიღოთ, რომელმაც თქვა: მე და მამაჲ მოვიდეთ და სავანე მის თანა ვყოთ (იოანე 14,23). განა ჩვენში შემომავალ მეუფეს კარი უნდა დავუხშოთ სიმთვრალით? სიმთვრალე სული წმიდას ისევე განდევნის, როგორც კვამლი ფუტკრებს.

ვინც კაცობრივ მხედრობას სწავლობს, ის დაკარგულ ძალას საჭმლით ივსებს, რათა ბრძოლის ველზე მტკიცე იყოს. ხოლო „რომელთაჲ იგი ბრძოლაჲ არა არს სისხლთა მიმართ და ხორცთა, არამედ მთავრობათა მიმართ და ხელმწიფებათა და სოფლისმპყრობელთა ბნელსა ამის სულთა მათ უკეთურთა“ (ეფეს. 6,12), მათ პირიქით, მარხვით უნდა გაიძლიერონ თავი, რადგანაც ხორცისათვის მოკლებით სული განბრწყინდება, ხოლო უხილავ მტერთა ძლევა სწორედ სულის მხნეობით და ჭირთათმენით ხდება.

ესეც გვახსოვდეს: ამ სოფლის მხედართ მათი შრომის მიხედვით ეზრდებათ გასამრჯელო, ხოლო სულიერ მხედრებს, რომელნიც დიდად ავიწროვებენ ხორცს, უმეტესი პატივი ექნებათ. ჩვენი ჩაფხუტი განსხვავდება მათი ჩაფხუტისაგან, რადგან მათი ჩაფხუტი რვალისაა და ჟანგი სჭამს, ხოლო ჩვენი მარადიული ცხოვრების სასოებითაა შემზადებული (I თესალ. 5,8). მათი ფარი განხრწნადია, ჩვენ კი სარწმუნოების ფარი გვაქვს მოცემული, ჩვენ სიმრთელის ჯაჭვით ვართ აღჭურვილნი, ხოლო ისარი რკინის პერანგით. ჩვენ სულის მახვილი მოგვეცა საბრძოლველად (ეფეს. 6,7), ხოლო მათ რკინის მახვილი უჭირავთ გაშიშვლებული. არც საზრდელი გვაქვს ერთნაირი, ჩვენ საღმრთო სწავლანი განგვამტკიცებენ, ხოლო მათ მუცლის აღვსება. ჩვენი ცხოვრების გვირგვინად მარხვა რომ გვექცია, მაშინ იგი არ იქნებოდა ასე მრავალი მწუხარებითა და ტანჯვით აღსავსე, იმიტომ, რომ მარხვა არა მხოლოდ საჭმლისაგან თავის შეკავებას გვასწავლის, არამედ ყოველგვარი უკეთურობისაგან, ანგარება იქნება ეს თუ მრისხანება.

ვიყოთ მართალნი, რადგან როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობს, მართალს არასოდეს გაუჭირდება: არა ვიხილე მართალი დაგდებული, არც თესლი მისი მთხოელ პურისა (ფსალმ. 36,25). რა თქმა უნდა, იგი ხილულ პურს არ გულისხმობს, რადგან კარგად იცის, რომ მართალი იაკობის ძენი ეგვიპტეში წავიდნენ სათხოვნელად პურისა. არამედ მას მხედველობაში აქვს სულიერი საზრდო, რომლის წყალობითაც ჩვენი შინაგანი სამყარო სრულყოფის კიბეზე თანდათან მაღლდება.

დაე ჩვენი ცხოვრების წესით თავიდან ავიცილოთ ის შიმშილი, რომელიც წყლისა და პურის მოკლებაზე უარესია, შიმშილი - უფლის სიტყვის მოსმენისა (ამოს. 8,11).

წმიდა იოანე ოქროპირი

სიტყვა მარხვის შესახებ

ისევ გვიხმობს წმიდა მარხვა და კვლავ გვთავაზობს მადლს.
კვლავ მოგვიწოდებს, რომ შევუერთდეთ მოსაგრეებს. ისევ სურს, რომ გავხდეთ მამაცნი, ვნებათა დამთრგუნველნი, უმეტესნი სულიერებით განვბრწინდეთ და ჩვენი შრომის საზღაურად გვირგვინით შევიმკოთ თავი.

მართლაც და, რა არის მარხვა, თუ არა გვირგვინი გმირობისა, საფუძველი ჯილდოსი და გზა ცხოვნებისა? მარხვით ვიხსნებით მონობისაგან და თავისუფლებას ვიხვეჭთ, მამულს ვუბრუნდებით უცხო ქვეყანაში დატყვევებულნი, მარხვა კურნავს სულიერ ჭრილობებს და აახლებს ცოდვით გახრწნილ სულს. იგი განამტკიცებს გონებას, შთაგვაგონებს ღვთის შიშს, ანადგურებს ვნებებს, ათვინიერებს ზრახვებს.

მარხვის ჟამს ცხრებიან ვნებანი, აღსდგებიან სათნოებანი, უმეტესი სიწმიდით ელვარებს უბიწოება, ხორცი მორჩილ ხდება სულისა და მას ემსახურება.

სიხარულით შეუდექი მარხვას და ნუ ემსგავსები იმ თვალთმაქცთ, რომელნიც კაცთა სახილველად დაღვრემილი სახით დადიან. ამ მწუხარების გამო ისინი ვერ იღებენ იმ ჯილდოს, მარხვის გამო რომ ეძლევა ადამიანს. მაცხოვარი ბრძანებს: „ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავსა შენსა და დაიბანე პირი შენი, რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად“ (მათე 6, 17-18).

ნუ განუდგები, საყვარელო, მარხვას, რამეთუ იგია დედა სათნოებათა, საფუძველი სიკეთისა, წყაროა უბიწოებისა და მცველია ღვთისმოსაობისა. იგია გამომზირალი წმიდათა, თანამყოფია ანგელოზთა, წინამებრძოლი ბოროტი ძალისა, მეგობარი წმიდა სულისა; მის გამო გვშორდებიან ვნებანი და გვცილდებიან ეშმაკეულნი, მისი მიზეზით ცხრება მრისხანება, ითრგუნება ავხორცი გულისთქმა, ცოცხლდებიან და ბრწყინდებიან ჩვენში სათნოებანი; მისი წყალობით მშვიდდებიან ვნებანი და ყუჩდება გულისთქმათა ამბოხი; გონება თითქოსდა წყნარ ზღვაში ექცევა, იგი წარმატების ებრძვის უკეთურ საქმეთა ქარიშხლის მღელვარებას და ხომალდი სათნოებათა ნავთსაყუდელში მიჰყავს. მარხვა მოგაგებს უხრწნელ გასამრჯელოს, მის საზღაურს ვერაფერი გაანადგურებს, თუკი სულიწმიდის მცნებებს აღასრულებ, თუკი ღვთის შიშში განმტკიცებული უარჰყოფ წუთიერს და მიჰყვები წმიდა წერილი სიტყვებს: „ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღაჲრა არს სოფლისა ამისი“ (1 იოანე 2, 15). ნუ გექნება სიყვარული ამა სოფლის სიამეთა, მძიმე ტვირთივით რომ აწევს ჩვენს სულს და ჩაძირული ხომალდივით ფსკერისკენ მიაქანებს. განა არ იცი, რომ საჭმლის გემოს მხოლოდ ყელი გრძნობს, ხოლო სასჯელი, რომელიც მოჰყვება მას სასტიკ ტანჯვას განგვაცდევინებს? თავშეუკავებლობა ბილწავს მათ, ვინც არ ინახავს მარხვას; იგი ამახინჯებს სულის მშვენებას, გვამად აქცევს სიცოცხლით აღვსებულს. იგი უკეთურებისაკენ მოუწოდებს ადამიანს, აღაგზნებს სიამოვნებებს, ამრავლებს ომებს, აღვივებს მტრობას და ბოლოსდაბოლოს, სათნოების უნარს უკარგავს კაცს, რადგან, როცა სხეული უძლურდება და ღვინის ჭარბი სმით განსჯა იკარგება, ადამიანი ვეღარ პოულობს წინააღმდეგობის ძალას და მტერთათვის იოლი დასაძლევი ხდება. ამ დროს იგი ემსგავსება ქარით გატაცებულ ხომალდს, რომელსაც არა ჰყავს მესაჭე, რომ შეებრძოლოს აზვირთებულ ტალღებს და ზღვის სივრცეში უგზოუკვლოდ დაკარგული დასაღუპადაა განწირული.

ამიტომ გევედრები, მარხვის შემდგომ ნუ შეუდგები განცხრომით ცხოვრებას, უზრუნველობის გამო ნუ გადაჰყრი წყალში შრომას, არამედ საქმეს საქმე დაამატე და იმედი გქონდეს, რომ მოგეგება. ნუ დავღუპავთ მარხვის ძალას და ნუ მივცემთ ნებას ჩვენს გონებას, განსჯა დაჰკარგოს სოფლიური სიამოვნებებით, რათა სულს გამოუსწორებელი ბოროტება არ ვაგემოთ. თუ გსურს მარხვის შემდგომ განიკურნო სხეული, დაუძლურებისას თავისშაკავებით უნდა უწამლო მას, რათა მსუბუქად დატვირთული ხომალდის მსგავსად, სული ბიწიერი ტალღების ზემოთ მოექცეს, რათა მან განაგოს ზრახვანი და მზად იყო წინ აღუდგე მათ შემოტევას, რომ განსაცდელისაგან იხსნა ხომალდი.

მარხვასთან ერთად ამ ბრძოლაში ადამიანს ერთი მოკავშირეც ჰყავს - ესაა ლოცვა. სიკვდილის ჟამი იქნება თუ რაიმე სხვა განსაცდელისა, მარხვითა და ლოცვით ყველაფერი ნადგურდება; მარხვით ძრწიან და ილტვიან ბოროტნი სულნი, იმუსრება დემონური ძალების მეუფება; მარხვის ძალა განსაკუთრებულია მაშინ, როცა მას ჰყავს მოკავშირე ლოცვის სახით. მარხვამ და ლოცვამ აღამაღლა ზეცად ილია წინასწარმეტყველი, დაღუპვას გადაარჩინე ნინეველნი, მარხვამ დაიცვა დანიელი უვნებოდ ლომებით სავსე ორმოში, მარხვამ გადაარჩინა შეუწველად ცეცხლოვან ღუმელში სამი ყრმა; მარხვამ შემოსა უსაზღვრო დიდებით მოსე; მარხვამ აქცია წინასწარმეტყველად ელისე. რა შეიძლება ითქვას კიდევ მარხვის შესახებ? რომ არ ყოფილიყო მარხვა - ხსნისა და მარადიული ცხოვრების მიღწევის გზა, ღმერთი არ დაადგენდა მას დასაბამიდან. თუკი ადამი დაიცავდა მარხვას, სიკვდილი ვერ მიეკარებოდა მას, არ დაჰკარგავდა იგი ღირსებას, ღვთისაგან რომ ებოძა, არ განიდევნებოდა იგი სამოთხიდან და არ დაისჯებოდა ტანჯული ცხოვრებით. მაგრამ რადგან დაემორჩილა სტომაქის ხმას, სიკვდილის მონა შეიქმნა.

მარხვა სახეა ანგელოზებრივი ცხოვრებისა. და, რაც უმთავრესია, მარხვა დაიცვა მაცხოვარმა; მან იმარხულა არა იმიტომ, რომ იგი საჭიროებდა მას საკურნებელად, არამედ იმის გამო, რომ ხსნის გზაზე მარხვის მაგალითი მოეცა კაცთათვის.

ცხოვრების თანამგზავრად გაიხადე მარხვა, რათა დაგიცვას და სიკვდილს გადაგარჩინოს, განსაცდელი აგაცილოს და სასუფევლის ბჭესთან მიგიყვანოს.

მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ჩვენ თანა, რომელსაც შვენის დიდება, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მიტროპოლიტი ანტონ ჭყონდიდელი (+1815)

მარხვისათვის

ბრძანებს უფალი პირითა ისაია წინასწარმეტყველისათა: „წმიდა ჰყავთ მარხვა, ჰქადაგეთ მსახურება“. ცხადად სჩანს, რომ უფლისაგან არის მარხვა მოცემული; თუ მარხვა მოცემული არ იყოს, „წმიდა ჰყავთ მარხვა“ ამას არ იტყოდა, მაგრამ მარხვა უფლისაგან არის მოცემული. როგორც ხორცისათვის საზრდელი მოცემული არის, აგრეთვე სულისთვის მარხვა საზრდელად არის მოცემული. ოთხი კავშირი: ცეცხლი, წყალი, მიწა და ჰაერი ხორცს შეამტკიცებს, და მათდა შესაწევნელად საზრდელი მოსცა ღმერთმან. ოთხი სათნოების კავშირი სულს შეამტკიცებს, ესე იგი სიბრძნე, სიმხნე, სიწმიდე და სიმართლე. ამათდა შესაწევნელად, მარხვა მოსცა ღმერთმან. როგორც უსაზრდელოდ ხორცი მოკვდება, აგრეთვე თვინიერ მარხვისა სული მოკუდება, ესე იგი, წარსწყმდება, ვითარცა ნაყროვანებით ესავ მოკუდა და წარსწყმდა. მაშ ღმერთს ორივე მოუცემია: საზრდელი - ხორცისათვის და მარხვა - სულისათვის; ორივესი სახე ადამის მცნებაში ჰსჩანს. უბრძანა ღმერთმან ადამს: „ყოვლისაგან ხისა სამოთხისა ჰსჭამო“. აჰა სახე ხორციელი საზრდელისა. კიდევ უბრძანა: „ხისაგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა ჰსჭამო.“ აჰა სახე სულიერისა საზრდელისა, რომელ არს მარხვა. აღმოჩნდა, რომ ხორცის საზრდელთაგან მარხუაც მოცემული არის ღვთისაგან; მაგრამ ასე საჭიროდ არის მოცემული, თვინიერ მარხვისა სულის ცხოვნება არ იქმნება. თვინიერ მარხვისა სულის ცხოვნება როგორ არ იქმნება, გამოვაცხადოთ. ვისგანაც ეშმაკი და მისი საცთური არ განვალს, ეს უეჭველი არის, მისი ცხოვნება არ იქმნება. მაშ ეშმაკი და მისი საცთური თვინიერ მარხვისა კაცისაგან არ განვალს, ვითარცა ეშმაკეულთათვის უფალი იესო ბრძანებს: „არა რათ განვალს ნათესავი ესე, გარნა მარხვითა და ლოცვითა.“ ამისთვის დიდის სიმტკიცით მოგუეცა მარხვა; თუ როგორ - კიდევ ვაჩვენოთ: თავდაპირველად თავისის წინამორბედის დიდის იოანესგან გავამცნო მარხვა, რომ ის არას მიიღებდა, ვითარცა ამტკიცებს უფალი და იტყვის: „მოვიდა იოანე ნათლის-მცემელი, არცა სჭამდა, არცა სმიდა.“ მეორედ თჳთ ქრისტემან თავის-თავად გვამცნო მარხვა, ვითარცა მატთე გვასწავებს: „იმარხა მაცხოვარმან ორმეოცი დღე და ორმეოცი ღამე“ - ჩვენდა სასწავებელად ჰყო, თორემ მას მარხვა არ ეჭირვებოდა. პეტრე მოციქული ცხადად გვამცნებს: „ცოდვა არა ჰქმნა, არცა იპოვა ზაკვა პირსა მისსა.“ და უცოდველს მარხუა რად ეჭირვებოდა, მაგრამ ჩუენის სწავებისათვის იმარხა. ქადაგების დასაბამში რომ არის, „წმიდა ჰყავთ მარხვა“, აწ ესე ვსთქუათ, მარხუა როგორ ბიწიანი იქმნება? - მისი მარხვა ბიწიანი იქმნება, ვინც დაყენებულს ჭამადს შეეხება, როგორც ადამ შეეხო დაყენებულს ჭამადს და უფლისაგან რისხულ იქმნა. ეგრეთვე რომელიც მამათაგან დადებულს მარხვას გახსნის და შეეხება, უფლისაგან რისხულ იქმნება. როგორც ადამს უგვანად ჭამისათვის განურისხდა, იგივე უფალი არის, წინასწარმეტყველის პირით გვიბრძანებს: „მე ვარ და არა ვიცვალები“. კიდევ ბიწიან იქმნება მარვა: ვითარცა ებრაელნი დასხდეს ჭამად და სმად და აღსდგეს სიმღერად და ბიწიანნი შეიქმნენ, და უფალიც განურისხდათ, რომ იმ ჟამად მოსეს მიერ ჰსჯულის ფიცარი შეიმუსრა, ეგრეთვე დღესაც რომელნიც ნაყროვანებაში არიან, მათთვის სჯული დახსნილი არის, სჯულიერად ისინი არ შეირაცხებიან; თუ ისრაელთ ჟამში ნაყროვანებისათვის სჯულის ფიცარი შეიმუსრა, უწყოდე, ნაყროვანო, შენის ნაყროვანებისათვის შენგან ჰსჯული დახსნილი არის. კიდევ ბიწიან იქმნება მარხვა, მმარხველმან რომ მჭამელი განიკითხოს, ვითარცა ფარისეველი იმარხვიდა. თვითვე იტყვის: „ვიმარხავ ორგზის შაბათსა შინა“, მაგრამ მეზვერეს რომ აყვედრა, და უთხრა: „არა ვარ მტაცებელ და მემრუშე, ვითარცა ესე მეზვერე“ - ამისთვის მისი მარხვა ბიწიან იქმნა, და წარწყმდა. ფარისეველს არავინ დაემსგავსო, მმარხველმან მჭამელი არ განიკითხო, თორემ ფარისეველებრ დაისჯები. დიდს მოძღუარს პავლეს უსმინე: „არამჭამელი მჭამელსა მას ნუ განიკითხავ“. - კიდევ ბიწიან იქმნება მარხვა ამპარტავნებისაგან, ვითარცა მარხვა ფარისეველისა ფარისევლის ამპარტავნებისათვის, - მეზვერე რომ ამაღლდა და აყუჱდრა, - ბიწიან იქმნა და დაისაჯა, მეზვერე განმართლდა, ვითარცა ბრძანებს უფალი იესო: „გეტყვი თქვენ გარდამოვიდა განმართლებული მიერ სახიდ თვისად“. მმარხველნო, არამც ფარისეველის სიმაღლე არ მიიღოთ და სანატრელი შრომა არ წარწყმიდოთ. ქრისტე გიბრძანებსთ: „რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს; და რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს“. თვალით სახილველი სახეები გაქვს ამპარტავნებისა და სიმდაბლისა და ამითი განისწავლე; ამპარტავანი ფარისეველი დაისაჯა, ხოლო მდაბალი მეზუერე ცხოვნდა და მოციქული გასწავებთ: „გამოიძიეთ და უკეთესი იგი შეიკრძალეთ“. აწ თქუენ გამოიძიეთ და უმჯობესი მეზვერის სიმდაბლე შეიკრძალეთ; თუ ამას არა ჰყოფთ, თქუენი მარხვა ღმერთს არა სთნავს; ცხადად გიბრძანებსთ წინასწარმეტყველის პირით: „მარხვა და უქმობა და დღესასწაულნი თქუენნი ჰსძულან სულსა ჩემსა“. და თუ ვინმე ამას იძიებ, რომ რათ დასდვა ღმერთმან მარხვა, აქ ერთი მაგალითი უნდა მოვიღოთ: მკურნალნი სნეულს დახედავენ, ჰსცნობენ, რომ საჭმელთაგან სენი შესულა მათში, ამისთვის რომლისამე საჭმლის მარხვას მისცემენ. ეგრეთვე ღმერთმან იხილა კაცთა ბუნება, რომ პირველის მამის ადამის უგვანოდ ჭამისაგან კაცისა შორის ცოდვის სნეულება არის. ამ მიზეზისათვის სამკურნალოდ მარხვა მოგვცა. ჭამამან სნეულ ჰყო ბუნება ჩვენი, სამართალი არის - მარხვამ უნდა განამრთელოს. მარხვა როგორ განამრთელებს ცოდვისაგან დასნეულებულს, ამისი მაგალითი ძველის წერილიდამ მოვიღოთ: ნინევის ქალაქი ცოდვისაგან ასე სნეული შეიქმნა, უნდა დაქცეულიყო; მაგრამ მარხვამ ასე განამრთელა, ერთი არა-რამ ვნებია-რა. ნინევის მსგავსად ერთს ვისმე ცოდვისაგან სულიერებრივი დაქცევა რომ ეგულვებოდეს, მარხვა უვნებელად დაიცავს. თუ ნინევს არ ემარხა, დაიქცეოდა. უეჭველად თუ შენც არ იმარხავ, სულიერებრივად დაიქცევი. ამისთვის განაწესა ღმერთმან მარხვა. სხვა მიზეზი ვსთქვათ მარხვის განწესებისა: ნაყროვანება სიძვას წარმოშობს, როგორც ლოთს შეემთხვია ნაყროვანებისაგან სიძვა. და იოანე სინელი იტყვის: „ნაყროვანება დედა არს სიძვისა“. რადგან ნაყროვანება სიძვის დედა არის, ღმერთს ეს ჰნებავს - მარხვით მოვაკვდინოთ სიძვის დედა, ნაყროვანება, რომ მისგან ნაშობი სიძვა ჩვენთან არ აღიზარდოს. თუ დედა სიძვისა, ნაყროვანება, შენთან არის, უეჭვალად მისგან ნაშობი სიძვაც შენთან იქნება. მოვიღოთ კიდევ მიზეზი მარხვისა, თუ რისთვის მოგვეცა. ჭამა ცთომას მერმე შემოვიდა, თორემ ცთომამდის ანგლოზის მსგავსად ღვთის ხედვით იზრდებოდა კაცი, ვითარცა იტყვის წინასწარმეტყველი დავით: „და პური ანგელოზთა ჭამა კაცმან“. და ჭამა რომ ცთომას მერმე შემოვიდა, ეს პირუტყვის მსგავსება არის, ვითარცა ხმობს დავით: „ბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ“. და ღმერთს ჩვენი პირუტყვის მსაგვსება არ ჰნებავს, - ანგელოზთ მსგავსება ნებავს. მიხედე მარხვის ძალს: სადამდის მარხვაში მდგმოებ, მანამდის ანგელოზთ მსგავსი ხარ: არც ისინი მიიღებენ საზრდელს და არც შენ; ისინიც ქრისტეს მსახურებენ და შენც. ეგების მკითხო, რომ არ ვიმარხო, წარვსწყმდებიო? მაგიერ გკითხავ: საზრდელი რომ არ მიიღო, ხორცით მოკუდები თუ არა? - მეტყვი, მოვკუდებიო. აგრევე მე გეტყვი: სულის საზრდელი მარხვა არის; თუ არ იმარხავ - სულით წარსწყმდები. და თუ მეტყვი: სნეული ვარ და მარხვა არ ძალ-მიძსო, - სნეულს პავლე საზრდელის მიღებას უბრძანებს. ამითი ჰსჩანს, რომ ტიმოთეს მიუწერს: „ზედას ზედა უძლურებისათვის ფრიადსა წყალსა ნუ სვამ და სტომაქისათვის მცირედი ღვინო იხმიე.“ მაგრამ მაგიერი სხვა მარხვა უნდო ჰყოს სნეულმან; მარხვა მარტო საზრდელის არ არის, სხუაც იქმნება მარხვა, ვითარცა თეოდორე სტოდიელი იტყვის: „მარხვა არა ჭამადისაგან ხოლო შემოისაზღურების“. მაშ სნეულმან საზრდელის მიღების მაგიერი სხუა უნდა იმარხოს. შემოკლებით ვაჩვენოთ, თუ სხვა მარხვა როგორ იქმნება. საყვარელო, ენით იმარხე, ვითარცა დავით წინასწარმეტყველი გვიბრძანებს: „დააცხურე ენა შენი ბოროტისაგან და ბაგენი შენნი ნუ იტყვიან ზაკუასა“. ამას დიდათ მიითვალავს ღმერთი, როგორც მოციქული პავლე გიმტკიცებს: „რომელი სიტყვით არა სცთებოდის, იგი სრული კაცი არს“. მაგრამ ეს მარხვა ბიწიანი არა ჰყო. ქადაგების დასაბამისაგან გესმის: „წმიდა ჰყავთ მარხვა“; რომლით იქმნება ბიწიანი? თუ გულში ზაკვა გაქვს და მხოლოდ გარეშე პირით ზრახავ კეთილს, ღვთის სათნო არ არის; ღმერთს ზაკვა არა ჰნებავს; თვითვე ისაიას პირით გვიბრძანებს: „არა ესე ვითარი მარხვა გამოვირჩიე“. მაშ როგორი მარხვა ჰნებავს? მისვე ისაიას პირით გამცნებს: „განხსენ ყოველი საკრველი სიცრუისა“ - და შენ სიცრუით და მზაკვრებით იქცევი; ეგ ღმერთს არა ჰნებავს, არც მიითვალავს. ნაცვლად მარხვისა კიდევ ჰყავ ქალწულება, რომელიც ანგელოზთ მსგავსება არის; მაგრამ ეკრძალე, ბიწიანი არა ჰყო. - ვითარ? როგორც საქმით ეკრძალვოდე სიძვასა და მრუშებას, აგრევე ხედვაც უნდა შეიკრძალო, თორემ ბრალეული შეიქმნები; ვითარცა გიმტკიცებს მაცხოვარი უფალი: „რომელმან მიხედა დედაკაცსა მრუშებად, მანვე იმრუშა გულსა შინა თვისსა“. თუ ვინმე ამას იჭვნებს, რომ არც მარხვას ვჰყოფ, და არც მის ნაცვალს სათნოებას და თვინიერ სინანულისა ცხოვნებას ჰგონებს, სრულიადი გონებისაგან განსულა და უცნობელობა არის. განიხილე, რა უცნობელობა არის: ნათლის-მცემელს სიფიცხე და სიძნელე სინანულისა ცუდად უტვირთავს, თუ თვინიერ სინანულისა კაცი ცხოვნდება; და ჰეროდემ, მისმა მკვლელმან, რომ არ შეინანა, უჯეროდ არ ირაცხება შენის უგუნურების მსგავსად. მაგრამ შენს უგუნურებას ქრისტე დახსნის და გიბრძანებს: „უკეთუ არა შეინანოთ, ეგრეთვე სახედ ყოველნი წარსწყმდეთ“. და თუ ამას ჰგონებ ვინმე, რომ სიმდიდრით ცხოვნდები, ამასაც მიხედე, თუ რა უცნობელობა არის: თუ სიმდიდრე კაცს აცხოვნებს, მდიდარი, რომელიც დღითი-დღედ იხარებდა და ბრწყინვალედ იშუებდა, შენის უგუნურების მსგავსად, ის უნდა სცხოვნდეს; და თუ ის ცხოვნდა სიმდიდრით, ლაზარე გლახაკი უნდა წარსწყმდეს.

ივლტოდე ამგვარის ცთომილის გულის სიტყვისაგან. ქრისტე გიბრძანებს და გამცნებს მდიდრის ჯოჯოხეთში მყოფობას ამ სიტყვით: „აღიხილნა თვალნი თვისნი, იყო სატანჯველსა შინა“; და ლაზარესთვის გლახაკისა იტყვის: „და მიიყვანა იგი ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისთა“. და თუ ამას იტყვი ვინმე, ყრმა ვარო და სინანულს ადროებ, ესეც უგუნურება არის, ამისთვის, რომ ნინევში მრავალნი ყრმანი იყვნენ, მაგრამ ცოდვისათვის დიდითგან ვიდრე მცირედმდე მარხვა შეიტკბეს და ამითი ხსნილ იქმნენ დაქცევისაგან, თორემ სიყრმით არ ხსნილა ის ქალაქი. აგრეთვე შენ, სიყრმე ცოდვის დაქცევისაგან ვერ გიხსნის, თუ მარხვასა და სინანულსა არ მიიღებ; ამაოდ ნუ ჰსცდები. და თუ ამას ვინმე იგონებს - დიდებული ვარო და ამისთვის არა ყოფს მარხვასა და სინანულს, ესეც უგუნურება არის: დავითის უმჯობესი მეფე ვინ იქმნება, ან იმისი მსგავსი? თჳთ ღმერთი ასე სწამებს მისთვის: „ვპოვე დავით ძე იესესი, კაცი ერთგული გულითადი ჩემი, რომელმან ჰყოს ყოველივე ნება ჩემი“. ამისთანა მეფე იყო, მაგრამ მეფობას არ განუქარვებია მისი შეცოდება, - სინანულმან და მარხვამ განაქარვა. თვით დავით იტყვის, თუ როგორი მარხვა ჰყო: „ვითარცა მკალთა მუჴლნი ჩემნი მოუძლურდეს მარხვისაგან“. თუ დავით უსინანულოდ ვერ განერა ცოდვისაგან, ცუდი გულის სიტყუა ნუ გაცთუნებს: თვინიერ სინანულისა ვერც შენ განერები ცოდვის სასჯელისაგან. არამც ეს არავის გაბრკოლებდეს: აღსარება მაქუს და აღასრება განმბანელი არის, ის განმბანს და სხვა სინანული რათ მინდა. საყვარელო! მარტო აღსარება არ გეკმარება. პირველად მაგალითით გიჩუენო, რომ მარტო აღსარება არ გეკმარება: მკურნალს რომ წყლული უჩვენო, თუ წამალსაც არ დასდებ, არ განიკურნება; აგრევე, მოძღუარს ცოდვის წყლულებას რომ უჩვენებ, თუ სინანულის წამალს არ დასდებ, არ განიკურნება. დავით წინასწარმეტყველი აღსარებასაც გაწვევს და სინანულსაც. აღსარებას გაწვევს ამ თქმით: „მოიქეც ბოროტისაგან“; სინანულს გაწვევს ამ სიტყვის ზედ დართვით: „და ჰქმენ კეთილი“. კვალად დავითმან აღსარების სახეც ჰყო და სინანულიც დაჰრთო: აღსარების სახე ჰყო, რომ თავისი ცოდვა ნათან წინასწარმეტყველის წინაშე არ დაუფარავს; სინანული ჰყო, ვითარცა თჳთ იტყვის: „ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტვე“. კიდევ სხუა მოგართვა, რომ აღსარება და სინანული ორივე უნდა ჰყო: პეტრე მოციქულმან აღსარების სახეც ჰყო და სინანულისაც: აღსარების სახე ჰყო, როდესაც უარყო უფალი - „გამოვიდა გარე“. აჰა აღსარების სახე: აღსარებაც ცოდვის ადგილიდან გამოსლუა არის, და პეტრეც შეცოდების ადგილიდან „გამოვიდა და სტიროდა მწარედ“. აჰა სახე სინანულისა! კვალად უძღებმან შვილმან აღსარების სახე ჰყო, როდესაც მამისა მომართ მოიქცა: აღსარებაც ღვთისა მამისა მომართ მოქცევა არის, და უძღები შვილიც მამისა მომართ მოიქცა; ჰრქუა მამასა სახიერსა: „ვსცოდე მამაო ცად მიმართ და წინაშე შენსა“. აჰა სახე სინანულისა! ჭეშმარიტმან სახეებმან დაგარწმუნოს: ორივე ფრთა თუ არა გაქვს: აღსარებისა და სინანულისა, სასუფევლად ვერ აღფრინდები. ტრედს თუ ორივე ფრთა არა აქვს, მკულელისაგან ვერ განერება. ეგრეთვე, შენ აღსარება და სინანული, ორივ თუ არა გაქვს, მკულელის ეშმაკისაგან ვერ განერები. ამისთვისცა დავით წინასწარმეტყველი ორთავე ფრთეთა ტრფიალებით ითხოვს: „ნეტარ თუმცა მცნა მე ფრთენი, ვითარცა ტრედისანი და აღვფრინდე და განვისუენო“. ზემო სიტყუაში ითქუა: მმარხველმან რომ მჭამელს აყუედროს, მმარხველი თავის მარხვას ბიწიან ჰყოფს. არამ ეს სულიერებრივი სენი არავის შეხვდეს. ამისთვის მცირედი რამე ვჰსთქუათ: საყვარელო, მარხვა მსგავსება არის, და თუ მისთვის იმარხავ, რომ ანგელოზს ემგავსო, ანგელოზი მჭამელს არ აყუედრებს. ელია ხორცსაც სჭამდა და პურსაც, მაგრამ ანგელოზი არა თუ აყვედრებდა, თვითვე ანგელოზი მოუტანდა ამაებს. ანგელოზი არ აყუედრებს და შენ აყუედრებ, ეგ მარხვა ანგელოზის თვისება არ არის. თუ ამისთვის აყუედრებ, რომ მარხვის სწავება გნებავს, სწავლა ყუედრებით არ უნდა, უფროსად სიტკბოებით უნდა ასწაო. მიხედე შენს იესუს, თუ როგორ სიტკბოებით ასწავებდა: „ესრეთ ჰყოფდით, ვითარცა იხილეთ“; და თუ მაშინაც აყუედრებ, ეგ შენი მარხვა ქრისტეს სათნო არ არის; პავლეს პირით გიბრძანებს: „არა მჭამელი იგი მჭამელსა მას ნუ განიკითხავ“; და თუ ქრისტეს სათნო არ არის შენი მარხვა, ცუდად შურები. და თუ ამას იტყვი: „ყვედრების საქმეს ვხედავ მის შორის და ვაყვედრებო“, აქ ქრისტეს სიტყუა უნდა მოვიხსენოთ: „რასა ხედავ წველსა, თვალსა შინა ძმისა შენისასა და დვირესა თვალსა შინა შენსა არა განიცდი“. თუ ყუედრება გნებავს, რასათვის თავის თავს არ აყუედრებ? თუ ჰგონებ, საყუედრელი არა მიქნიაო რა, თავის თავს აცთუნებს, ვითარცა იტყვის ღვთის-მეტყველი იოანე: „უკეთუ ვსთქვათ, ცოდვა არა გვაქუს, თავთა თვისთა ვაცთუნებთ და ჭეშმარიტება არა არს ჩეუნთანა“. კიდევ ამპარტავნება მარხვას ბიწიან ჰყოფს, ვითარცა მარხვა ფარისეველისა ბიწიან ჰყო. მაშ ამისთვისაც უნდა ვიმეტყველოთ: არამც ვისიმე მარხვა ამპარტავნებისაგან ბიწიანი არ იქმნეს? რომელიც მმარხველი ხარ, ეგების ამისთვის ამპარტავნებდე, რომ ანგელოზთ თვიდება - მარხვა - გიპყრია; ამისთვის არ უნდა ამპარტავნებდე. შენ ღმერთმან ასე შეგქმნა, მარად-ჟამ ანგელოზის მსგავად უნდა ყოფილ-იყავი, ახლა მცირედ-ჟამ ანგელოზის თვისება გაქუს, რომ მარხუაში ხარ; ხვალ ისევ პირუტყვულს ჭამას უნდა მიექცე; საუკუნოდ ანგელოზის თვისებისაგან ცოდვით მოშორებული ხარ და ერთის დღისათვის ამპარტავნებ, ეს გონიერება არ არის. ფარშამანგი შუენიერი რამ არის და ფერხი თვისი შუენიერების შესამსგავსი არა აქუს, იტყვიან: ფერხზედ რომ დაიხედავს, დიდად შესწუხდება. და შენი მარხვა ზეშთა უშუენიერესი, მაგრამ აქ ფარშამანგის თვისება იხმარე: როგორც ის თავის შუენიერების შეუმსგავს ფერხს დახედავს და შესწუხდება, აგრევე შენ შენის შუენიერის მარხვის უმსგავსო ცოდვას დახედე, რომლისათვისაც მარხვასა ჰყოფ, შენის ცოდვის დახედვით მიიღე მწუხარება, და ამპარტავნებას ამითი განეშორე. თუ ამპარტავნებ, იცან შენი თავი, რომ შეცთომილი ხარ; ასე შეცთომილი ხარ: მარხვისაგან სათნოების მთაზედ ამაღლებულად ჰგონებ შენს თავს და შენ სათნოებისაგან ყოვლითურთ შთამოვრდომილი ხარ, ვითარცა ამტკიცებს იესო მაცხოვარი და იტყვის: „რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს“.

ზემო თქმულს სიტყუაში ითქუა: ნაყროვანება წასრულს მარხვას ბიწიან ჰყოფს. არავის შეეხოს ბიწი; ამის განსაკრძალველად შემოკლებით მცირე რამე ვსთქუათ ნაყროვანებისათვის: ხორციელ კაცს საზრდლის სურვილი სდევს, მაგრამ რადგან გონიერი არის, პირუტყვებრივის წარმავალის საზრდელისათვის სასუფევლის პირმშოება არ უნდა დაჰკარგოს, ესავს არ უნდა ემსგავსოს ნაყროვანებით, იაკობის საქმე უნდა შეიტკბოს. იაკობსაც, ვითარცა კაცსა, სურვილი აქუნდა საზრდელისა, კიდეც აქუნდა გბოლვილი, ოსპი და პური, მაგრამ ჰსცნა, რომ წარმავალის საზრდელისაგან მამისაგან პირმშოების კურთხევა უმჯობესი იყო; ეს საზრდელი ნაყროვანს ესავს მისცა, და თვით თავისის მამის საამო ძღვენი შემზადა და მამის კურთხევით პირმშოება მიიღო. ეგრეთვე თქუენ, თუმც ვითარცა კაცსა საზრდელი გსურისთ, მაგრამ მიხედეთ გონიერებით, რომ სასუფეველის პირმშოება უტკბესი არის; ამისთვის საზრდელი ნაყროვანებისა დაუტევეთ, და ვითარცა მამასა ღმერთსა უყვარს, ესე ვითარი მარხვა მიართვით, რათა მიიღოთ პირმშოება სასუფეველისა. იაკობ თუ იმ საზრდელს შეექცეოდა, მის მამას როგორც ძღუენი უყვარდა, იმ ძღუენს ვეღარ შემზადებდა და პირმშოებას ვერ მიიღებდა. ეგრევე თქუენ ნაყროვანებას არ შეექცეთ, თორემ რომელიც ღმერთს მარხვა ძღუნად უყვარს, იმას ვერღარ შემზადებთ და სასუფეველის პირმშოებისაგან განვარდებით. მაგრამ ნაყროვანება სრულიად მოვიძაგოთ და მარხვა უბიწო მივართვათ ღმერთსა მამასა, რომლისაგანცა მოვიღოთ ზეცისა იგი პირმშოება, რომლისა არს დიდება, აწ და საუკუნეთა უკუნისამდე, ამინ

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 10117166 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ