მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
17 ოქტომბერი 2017  10:31 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
გულო, არ გასტყდე!
შეუძლებელია, არ დაეცე; მაგრამ საჭიროა და ვალდებულიც ხარ, დაცემული ადგე. თუ სწრაფად მორბენალი რაიმეს დაეჯახა, მეყვსეულად ადგება და კვლავ მიზნისაკენ აგრძელებს გზას – მიბაძე მას. -





Untitled Document

ჭეშმარიტი მეგობრობის შესახებ


ზოგიერთი ადამიანის მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს ვგრძნობთ და ვუმეგობრდებით. მეგობრობა არ არღვევს მცნებას - გიყვარდეს ყველა განურჩევლად. თავად მაცხოვარს, იესო ქრისტეს, განსაკუთრებული სიყვარულით უყვარდა იოანე, პეტრე, იაკობი და ლაზარე, წმიდა პეტრეს _ წმიდა მარკოზი, პავლე მოციქულს - წმიდა ტიმოთე და თეკლა, გრიგოლ ნაზიანზელს – წმიდა ბასილი დიდი.

მეგობრის შერჩევისას სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, უნდა შეგვეძლოს ჭეშმარიტი და ცრუ მოყვასის გარჩევა. მეგობრობა ურთიერთგამხნევებისა და სარწმუნოებაში განმტკიცების საწინდარი უნდა იყოს, უნდა განგვიმტკიცოს კეთილსინდისიერება, უფლისა და ახლობლებისადმი სიყვარული. ქრისტიანმა მეგობრებმა უნდა მიბაძონ მოგზაურებს, რომლებიც ერთმანეთს ენდობიან, რადგან ასეთ დროს ნამდვილი მეგობარი შეუცვლელი საგანძურია და მთელი ქვეყნიერების სიმდიდრედ გვიღირს.

წმიდა თეოდოსის მონასტერში ორი ბერი ცხოვრობდა, რომელთაც ისე უყვარდათ ერთმანეთი, რომ პირობა დადეს - ერთმანეთს არასოდეს დაშორებოდნენ. ისინი, თავიანთი სათნო ცხოვრებით, სამაგალითონი იყვნენ მონასტრის სხვა ძმებისათვის. მაგრამ ერთერთ მათგანს ისეთი ძალით შეუჩნდა ეშმაკი, რომ გადაწყვიტა – საერო ცხოვრებას დაბრუნებოდა, მეგობარი დაცემულ ძმას ურჩევდა - არ გადაედგა ეს ნაბიჯი, მაგრამ ვერაფერი გააწყო. ერთგულმა მეგობარმა არ დაივიწყა დადებული პირობა და ბოროტისაგან ცდუნებულ ძმასთან ერთად საერო ცხოვრებას დაუბრუნდა. დაცემული ძმა ყოველგვარ საძრახ საქმეს სჩადიოდა. მეგობარი კი მუდამ ევედრებოდა, დაეტოვებინა საშინელი ყოფა და მონასტერს დაბრუნებოდა. თუმცა, შეგონების მიუხედავად, საქმე სულ უფრო და უფრო ცუდად მიდიოდა. ქალაქში, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, ღირსი მამა აბრაამი მონასტერს აშენებდა. ორივე მეგობარმა მშენებლობაზე მუშაობა დაიწყო. სამუშაოს დასრულების შემდეგ დაცემული ძმა ცხოველურ განცხრომას არ იშლიდა, მისი მეგობარი კი მთელ დროს სიჩუმეში, მარხვაში, ცრემლის ღვრასა და ლოცვაში ატარებდა. ეს ამბავი მამა აბრაამის ყურამდეც მივიდა. მან უხმო ბერს და ჰკითხა - "საიდან ხარ, ძმაო, და რა არის მიზეზი შენი აქ ყოფნისა?" ბერმა თანმიმდევრულად უამბო საკუთარი თავისა და თავისი მეგობრის შესახებ, უამბო, თუ როგორ სურდა გადაერჩინა იგი და როგორ იტანჯებოდა მისი ცოდვების გამო. მაშინ სულიწმიდით აღსავსე ღირსმა მამამ დალოცა ბერი და უთხრა - წადი, უფალმა გიბოძა შენ შენი ძმის სული. ღირსი მამისაგან წამოსულიც კი არ იყო ბერი, რომ მიუახლოვდა დაცემული მეგობარი და უთხრა - საყვარელო ძმაო, წამიყვანე უდაბნოში და იხსენი ჩემი სული". ვის შეუძლია, გადმოსცეს წმიდა მოღვაწის სიხარული. მან მყისვე ხელი ჩაჰკიდა გონსმოსულ მეგობარს და უდაბნოში წაიყვანა, სადაც განმარტოვდნენ და სინანულში, მარხვასა და ლოცვაში ატარებდნენ დროს. ასე ღვთივსათნოდ გადასახლდნენ ისინი სამუდამო განსასვენებელში.

* * *


ხომ მართალია ძმანო, რომ ჭეშმარიტი მეგობარი შეუცვლელი საგანძურია, ისიც ხომ მართალია, რომ მეგობარი, ზემოთმოთხრობილ შემთხვევაში, მფარველ ანგელოზად გვევლინება. ამიტომ, ეძებეთ ღვთისმოსავებთან სიახლოვე, რადგან მათთან მეგობრობა კეთილ ნაყოფს გამოიღებს. თუკი ოდესმე დაეცემით, მეგობარი წამოგაყენებთ, თუ შეუძლოდ შეიქნებით, მეგობარი გამოგაჯანსაღებთ, ის გასწავლით, როგორ უნდა იცხოვროთ უფალთან თანხმობით და სასოებით. იგი აამაღლებს თქვენს სულს მიწიდან ზეცამდე. მისი თავდადება თქვენთვის კეთილ ნაყოფს გამოიღებს, ამიტომ, ამგვარ ადამიანთან მეგობრობა თქვენთვის შეუფასებელი იქნება - აღსავსე სათნოებითა და უფლის სიყვარულით, გზა სამუდამო ნეტარებისაკენ მიმავალი. ძნელია ამ გზის გავლა, მაგრამ ამ სიძნელეს ის თავდადება და ღვთისმოსაობა შეამსუბუქებს, რითაც მეგობრები ერთმანეთს ეხმარებიან ამ გზაზე სვლის დროს.

ჭეშმარიტი მეგობრები ურთიერთდახმარებით მოიპოვებენ ზეციურ სასუფეველს.

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12120134 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ