მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
11 დეკემბერი 2017  12:26 ქართული შრიფტი


ნიკოლოზ ბარათაშვილი
სულო ბოროტო
"მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს" -





ნათლისღების საიდუმლო

მართლმადიდებელ ეკლესიაში შვიდ საიდუმლოთაგან ნათლობას უჭირავს პირველი ადგილი, ვინაიდან ის ადამიანისათვის წარმოადგენს ერთგვარ კარს ეკლესიაში შესასვლელად. მაცხოვრის თქმით: “უკეთუ ვინმე არა იშვას წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა” (იოან. 3.5); “რომელსა რწმენეს და ნათელ იღოს, ცხონდეს, ხოლო რომელსა არა რწმენეს, დაისაჯოს” (მარკ. 16,16); “ხოლო პეტრე რქუა მათ: “შეინანეთ და ნათელ იღეთ კაცად კაცადმან თქუენმან სახელითა უფლისათა იესო ქრისტესითა მისატევებლად ცოდვათა და მიიღეთ ნიჭი სულისა წმინდისა” (საქმ. მოც. 2,38).

ნათლობა ამავე დროს წარმოადგენს სხვა საიდუმლოთა შესავალ კარსაც, რომელნიც სრულდებიან მხოლოდ ეკლესიაში. ნათლობის ქვეშ იგულისხმება ისეთი საიდუმლო, როდესაც წინაპართა მემკვიდრეობითი ცოდვებით დაბადებული ადამიანი, ხელახლად იბადება წყლითა და სულით და თანდაყოლილი ადამიანისეული ცოდვებისაგან განიწმინდება ღვთიური მადლით და გარდაიქმნება ახალ ადამიანად. ასეთი გარდაქმნა მოცემულია ძველ აღთქმის წიგნებში (იეზეკ. 36,25-26). ამ მონაკვეთიდან და სხვა მრავალი ადგილებიდან ნათელია, რომ წყლით ნათლობა დაწესებული იყო ღვთის ნებით. თვით მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, ოცდაათი წლისა მოინათლა მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემელის მიერ. სული წმიდა გადმოვიდა მასზე და ზეციდან მოისმა ხმა მამა ღმერთისა: “ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ”.

ნათლობის საიდუმლო ახალ აღთქმაში დაწესებულია თვით უფალ იესო ქრისტესაგან. ერთ-ერთ თავის გამოცხადებაში მოწაფეების წინაშე აღდგომილი ქრისტე ეუბნება მათ: “მოგეცათ თქვენ ყოველი ხელმწიფება ზეცასა და ქვეყანაზე. წარვედით და მოიმოწაფეთ ყოველნი წარმართნი და ნათელს სცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველნი რაოდენი გამცენ თქუენ” (მათ. 28, 19-20).

ამის შემდეგ ხალხის ნათლობას ახდენდნენ იესო ქრისტეს წმიდა მოციქულები. ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში არ იყო მკაცრი თანმიმდევრობა ნათლობის აღსრულების დროს, არ იყო აგრეთვე დიდი დრო კათაკმეველის მომზადებისათვის.

სანამ შევუდგებოდეთ ნათლობის საიდუმლოს განხილვას მანამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანი სამჯერ იბადება. პირველი არის ხორციელი დაბადება - ანუ წარმოქმნა არარსობიდან არსებობაში, მეორე არის ცუდი არსობიდან გარდაქმნა უკეთეს მდგომარეობაში ნათლისღების საშუალებით და მესამე - აღდგომა მკვდრეთით. წმიდა გრიგოლ ნაზიანზელი ამბობს: “წმიდა წერილი მიგვანიშნებს სამჯერ დაბადებას, სახელდობრ: ხორციელად შობას, ნათლისღების ემბაზიდან შობას და მკვდრეთით შობას - ანუ აღდგომას. პირველი ამათგან არის ღამეული, მონური და ვნებიანი შობა; მეორე არის დღიური, თავისუფალი. იგი ამარცხებს ვნებას და მოიკვეთს ყოველგვარ ბიწს, რომელიც წარმოიშობა ხორციელი შობისაგან, ხოლო მესამე არის ყველაზე საშინელი და წამიერი, რომელიც აერთიანებს ყველა სულდგმულს თვალის დახამხამებაში. ყველა ამ შობას ქრისტემ პატივი სცა თავისი მოქმედებითა და მაგალითით: ერთს პატივი სცა სიცოცხლის პირველი შებერვით, მეორე აკურთხა თავისი ხორცშესხმით და ნათლობით, და ბოლოს მესამე განასახიერა აღდგომით, რომელიც თვითონ წინასწარ დასახა”. სვიმეონ თესალონიკელი უწოდებს რა ნათლობას მეორე დაბადებას ამბობს შემდეგს: ნათლობა ადამიანს განაახლებს სულით, იმიტომ რომ ჩვენ გავანადგურეთ პირველი უვნებელი დაბადება და ახლა, როგორც დავით მეფსალმუნე ამბობს: უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან (ფსალმ. 50).

ნათლობა წყალში ქრისტეს სახელით ნიშნავს დაფლვას ქრისტესთან და მასთან ერთად აღდგომას. როგორც მაცხოვარმა სამი დღე და სამი ღამე დაჰყო მიწის ქვეშ ასევე ჩვენ წყალში პირველი შთასვლით განვასახიერეთ პირველი დღე, ხოლო შთაფლვით პირველი ღამე და ასე შემდეგ. ნათლობის დროს იგალობება ტროპარი: “რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს, ალილუია”. ეს ტრადიცია მომდინარეობს უძველესი დროიდან. ძველად კათაკმევლები ინათლებოდნენ განსაკუთრებულ დღეებში: აღდგომას, სულთმოფენობას, ქრისტეშობას, ნათლისღებას ე. წ. “ნათლობის ლიტურღიებზე”, რომელზედაც იგალობებოდა ეს ტროპარი.

მღვდელი ამ საიდუმლოს შესრულების დროს უნდა იყოს ყურადღებით და ფხიზლად, რადგანაც ის ასრულებს ღვთის უდიდეს საქმეს - ადამიანის დაბადებას. ნათლიას მიჰყავს მოსანათლი წმიდა ემბაზთან და ამით ის ამოწმებს რომ კათაკმეველი თავისი ნებით ინათლება და ყველაფერი ეს სრულდება მოწმეების თანდასწრებით. პირველ რიგში ღვთის თანდასწრებით, შემდეგ სასულიერო პირისა და მორწმუნეთა თანდასწრებით, განსაკუთრებით კი ანგელოზთა თანდასწრებით.

ნათლობის დროს წყალი იკურთხება შემდეგი სიტყვებით: და განსწმინდე წყალი ესე... ამისათვის მღვდელი ამბობს სამჯერ: დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი, რომლითაც განადიდებს წმიდა სამებას. შემდეგ წარმოსთქვამს ლოცვას იესო ქრისტეს მიმართ, ჩამოთვლის მის საკვირველ და უდიდეს საქმეებს, ბოლოს გაიხსენებს მის განკაცებას სულიწმინდისა და ქალწულ მარიამისაგან და ნათლობას იორდანეში. ამიტომაც თხოვს მას ეხლაც განცხადდეს და სული წმიდის გარდამოსვლით განსწმინდოს წყალი ესე, რადგანაც ძე განუყოფელია სულიწმინდისაგან და მადლი არის წმიდა სამების საერთო საქმე.

სასულიერო პირი ნათლობის დროს სულს შეუბერავს სამჯერ კათაკმეველს და განსადევნის მისგან არაწმიდა სულს და უმზადებს ადგილს სული წმიდას. ახლა ის ისევ სამჯერ შეუბერავს სულს წყალს და მიანიჭებს მას მადლს. ამით ის ბაძავს ღმერთს სამყაროს შექმნის დროს.

ნათელღებულთათვის ზეთის ცხება მსგავსია მეფეთა, მღვდელთა და წინასწარმეტყველთა ცხებისა. ზეთით ცხებულ იქნა თვით უფალი იესო ქრისტეც. ზეთის ცხება ხდება იმისათვის, რომ ეშმაკი ვეღარ შეძლებს დაგვიპყროს ჩვენ ცოდვის სიკვდილით. ზეთის ცხება არის ღვთისწყალობა. ძველ აღქმაში წარღვნის დროს მტრედმა მოიტანა ზეთისხილის რტო. ამ დროს განასახიერებდა ნათლობას, მტრედი სული წმიდას, ზეთისხილის რტო კი აღნიშნავს ღვთის უკიდეგანო წყალობას.

მღვდელი ზეთს ცხებს შემდეგი სიტყვებით: იცხებს ზეთსა სიხარულისასა მონა (მხევალი) ღვთისა... სიხარული არის ერთ-ერთი ნაყოფი სული წმინდისა, ამიტომაც ზეთი არის სახე ამ სიხარულისა სული წმიდაში. ბასილი დიდი ამბობს: “სამართლიანად იწოდება სული წმიდა სიხარულის ზეთად, როცა ერთი იმ ნაყოფთაგანი, რომელსაც ის წარმოშობს ჩვენს სულში არის სიხარული. ასეთი სიხარულის ზეთით იცხება მოსანათლი მხოლოდ იმიტომ, რომ აღიძრას ის მომავალი ქრისტიანული თავდადებისათვის”.

სვიმეონ თესალონიკელი ამბობს, რომ როცა კათაკმეველი ინათლება უნდა იყოს მთლიანად შიშველი, როგორიც დაიბადა და როგორიც იყო ის შექმნილი. მაგრამ მაშინ მას გააჩნდა სიწმინდის ღვთაებრივი სამოსელი და შიშველი მას არ რცხვენოდა, ხოლო ახლა დაიბადა რა შიშველი, ატარებს სხეულზე დანაშაულის სირცხვილს. წმიდა წყალში შთასვლით ის განთავისუფლდება ამ სირცხვილისაგან.

მღვდელი წარმოსთქვამს შემდეგ სიტყვებს: ინათლება მონა (მხევალი) ღვთისა (სახელი) სახელითა მამისათა ამინ, და ძისათა ამინ, და სულისა წმიდისათა ამინ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ყველა საიდუმლოებებში და ყველა კურთხევებში სასულიერო პირები იყენებენ ვნებითი სახის ფორმას მესამე პირში და არ ამბობენ: ვნათლავ, ზეთსა ვცხებ, რათა ამით არ აჩვენონ რომ ეს საიდუმლო ან სხვა კურთხევა ხდება არა თავიანთი ძალით, არამედ ღვთის ძალითა და მოქმედებით. აგრეთვე ამ ფორმით ნაჩვენებია თვით კათაკმეველის სურვილი, რომ ის ინათლება არა ვინმეს ძალდატანებით, არამედ თავისი ნებით. სახელითა ნიშნავს ღვთის ერთობას, მამისათა და ძისათა, და სულისა წმიდისათა - კი სამი განუყოფელი და შეურევნელი ღვთაებრივი პირის აღიარებას. სამჯერ წყალში შთასვლა და ამოსვლა განასახიერებს მაცხოვრის სამდღე დაფლვასა და აღდგომას.

ამის შემდეგ იკითხება ფსალმუნი: ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნეს ცოდვანი. სვიმეონ თესალონიკელი ამბობს, რომ ახალნათელღებული ამოდის ჩვენი სულიერი დედის - ემბაზიდან სრულიად განწმენდილი. როგორც უფალი დაიბადა ქალწულისაგან, ასევე ჩვენც ვიბადებით წმიდა ემბაზიდან. როგორც ქალწულის მუცელმა და სისხლმა სული წმინდის ძალით შექმნეს ღვთის სხეულის, ასევე ემბაზის სუფთა წყლითა და ღვთაებრივი სულით ჩვენც ახლად დავიბადენით.

ყოველ მოსანათლ ადამიანს - ყრმასა და მოზრდილს სჭირდება ნათლია. ეკლესიის სწავლებით ნათლია შეიძლება იყოს მორწმუნე ადამიანი მართლმადიდებელი აღმსარებლობისა, რომელსაც გათვიცნობიერებული აქვს ქრისტიანული სწავლება, წმიდა წერილი, ეკლესიის სწავლებები. ეკლესიის წესების მიხედვით აუცილებელია ერთი ნათლია: მამაკაცისათვის მამაკაცი და დედაკაცისათვის დედაკაცი. ეს წესი მომდინარეობს უძველესი დროიდანვე. მართლმადიდებელი ეკლესიის კანონების მიხედვით ნათლიები არ შეიძლება იყვნენ ბავშვები (ბიჭები 15 წლამდე, გოგონები 13 წლამდე), რადგან მათ ჯერ კარგად არ იციან მართლმადიდებლური სარწმუნოება; ფსიქიურად დაავადებული ადამიანები; არამართლმადიდებლები; მშობლები და ახლო ნათესავები.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12538870 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ