მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
26 ივნისი 2017  03:17 ქართული შრიფტი


ტიციან ტაბიძე
ვაჟა-ფშაველას გადასვენება მთაწმინდაზე
"თუ ღმერთთან ერთად ხარ, ნებისმიერი ადგილზე გაქვს სახლ-კარი და სამშობლო, ღვთის გარეშე კი სახლიცა და მამულიც გადასახლება და ტყვეობაა." -
წმ.ტიხონ ზადონელი





მირონცხების საიდუმლო

მირონცხება არის მეორე საიდუმლო, რომელიც უშუალოდ ნათლისღების საიდუმლოსთან ერთად სრულდება. ნათლისღების საშუალებით ადამიანი იშვება სულიერი ცხოვრებისათვის და განწმენდილი ყოველგვარი ცოდვებისაგან შედის ქრისტიანულ სამყაროში. მაგრამ როგორც ჩვეულებრივად ახალ დაბადებულ ადამიანს სჭირდება ჰაერი, სინათლე, სითბო და სხვა გარეგანი საშუალებანი თავისი გაზრდისა და განვითარებისათვის, ასევე ესაჭიროება მას თავისი სულიერი ცხოვრებისათვის კეთილისმყოფელი ძალა სულისწმიდისა, რომელიც მას მისცემს სულიერ ჰაერს, სულიერ ნათელსა და სულიერ სითბოს, რომელთა საშუალებითაც ადამიანი სულიერად გამაგრდება და ამაღლდება.

მირონცხების საიდუმლო დაწესებულია იესო ქრისტეს მიერ: “უკეთუ ვისმე სწყუროდეს, მოვედინ ჩემდა და სუემდინ და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი” (იოან. 7, 37-39).

უფლის ნათლისღებისას წარმოჩნდა ორი საიდუმლოს სიმბოლოები: ნათლისღებისა, როცა ქრისტე შევიდა იორდანეში და მირონცხებისა, როდესაც მასზე გარდამოვიდა სულისწმინდა მტრედის სახით. მახარობლის თქმით, სულიწმიდის გარდამოსვლა იესოზე მოხდა მისი წყლიდან ამოსვლის შემდეგ (მთ. 3,16).

მოციქულებზე ეს საიდუმლო საზეიმოდ განხორციელდა აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს: “გადავიდა მათზე ცეცხლოვანი წვეთები და მათ დაიწყეს უცხო ენაზე ლაპარაკი და აღივსნენ სულიწმიდით (საქმ. 2,1-4)”.

თავდაპირველად მოციქულები ამ საიდუმლოს ხელის დადებით ასრულებდნენ (საქმ. 2,44). მაგრამ მორწმუნეთა რიცხვის გაზრდასთან ერთად ხელის დადების წესი შეიცვალა მირონცხებით (საქმ. 8,7). ამ წესის შეცვლას სათავე თვით მოციქულებმა დაუდეს (იოან. 2,20).

ეკლესია ცხებისათვის იყენებს მირონს. მირონი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს სურნელოვან ზეთს. მირონი ძველ აღთქმაში გამოიყენებოდა სკინაის, მღვდელმთავრების, წინასწარმეტყველთა და მეფეთა ცხებისათვის. რადგანაც წმიდა მირონი გვაძლევს სულისწმიდის სხვადასხვა ძღვენს, ამიტომაც ის შედგება არა მხოლოდ ერთი ნივთიერებისაგან, არამედ მრავალი სურნელოვანი ნივთიერებისაგან.

სვიმეონ თესალონიკელი ამბობს: როგორც უფლის ნათლობის დროს გარდამოვიდა სული წმიდა მტრედის სახით, რათა განცხადებული ყოფილიყო ჩვენთვის განხორციელებული ღვთის მთლიანი სისავსე, ასევე საიდუმლოშიც მირონის ცხებით ჩვენ ვღებულობთ სული წმიდას. თვით იესო ქრისტე ნიშნავს მაცხოვარს ცხებულს. ასევე ჩვენც ვიღებთ რა მისგან სული წმიდის მადლს, ვიწოდებით ქრისტიანებად ანუ უფლის ქრისტეებად, ცხებულად.

მირონის კურთხევის წესი ყველგან ერთნაირია (კართაგენის კრების მე-6 კანონი) და მას აკურთხებს ეპისკოპოსი. დიდ ორშაბათს პატრიარქი თვითონ უკიდებს ცეცხლს იმ ქვაბს, რომელშიც მირონი ასხია და კითხულობს სახარებას. სახარების კითხვას მღვდლები აგრძელებენ დიდ ხუთშაბათამდე. დიდ ხუთშაბათს ლიტურღიის წინ მირონი ისხმება სპეციალურ ჭურჭელში და საკურთხეველში ხდება მისი კურთხევა. ეპარქიის ეპისკოპოსები მირონს პატრიარქისაგან ღებულობენ და ის ინახება ტაძარში სპეციალურ ჭურჭელში.

ნათლისღების შემდეგ მღვდელი მირონს ფუნჯით სცხებს ნათელღებულს შუბლზე, თვალებზე, ნესტოებზე, ტუჩებზე, ყურებზე, მკერდზე, ხელებზე და ფეხების ტერფებზე. ყოვლი ცხებისას ითქმება: ბეჭედი მონიჭებულ არს სულისა მიერ წმიდისა ამინ. კირილე იერუსალიმელი წერს: შუბლზე ცხება ნიშნავს განწმენდას იმ სირცხვილისაგან, რომელსაც ატარებდა პირველი დამნაშავე ადამიანი ყველგან; ყურებზე ცხება ნიშნავს - გქონდეს ისინი ღვთაებრივ საიდუმლოთა მოსასმენად; ნესტოებზე, რათა ადამიანი იყნოსავს რა ღვთაებრივ მირონს, ღაღადყოს: ქრისტეს სურნელი ვარ ღმერთის მიერ ცხონებულთა და წარწყმედულთა შორის (II კორ. 2.15); დანარჩენ ნაწილებზე, რათა “შეირტყათ წელზე ჭეშმარიტება და შეიმოსოთ სამართლის აბჯარი... სრული საჭურველი ღმრთისა, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს” (ეფეს. 6,14-11).

“რაოდენთა ქრისტეს მიერ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს, ალილუია” - ამ სიტყვებით ხდება ემბაზის ირგვლივ გარშემოვლა. ძვ. აღთქმაში ისრაელები გარს უვლიდნენ და ზეიმობდნენ ფარაონის ზღვაში დაღუპვის გამო. ასევე აქაც, დაიფლა რა ძველი ადამიანი სიცოცხლის წყალში, ნათლიასთან და სასულიერო პირთან ერთად გარს უვლის ემბაზს და გალობენ ამ ტროპარს. ეს არის მტკიცებულება მათი სულიერი სიხარულისა. გახდა რა ძე ნათლისა, ახალმონათლულს ამის ნიშნად ხელში უჭირავს ანთებული სანთელი, და რადგანაც სული წმიდის ნაყოფი არის სიხარული, ამიტომაც ამ ძღვენის მიღების შემდეგ ისინი მხიარულობენ და გარს უვლიან ემბაზს. წრე სიმბოლოა მარადიულობისა, ამიტომაც ახალნათელღებული გარს უვლის რა ემბაზს, აღქთმას დებს რომ ის ემსახურება სამპიროვან ღმერთს სიცოცხლის ბოლომდე. სამჯერ შემოვლა ხდება სამების საპატივცემულოდ.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 10117179 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ