მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
22 აგვისტო 2017  21:33 ქართული შრიფტი


ლევან ვასაძე
შეხვედრა კონსტანტინეპოლთან
"როგორც ქარწაღებულიხომალდი ქანაობს აქეთ-იქით ქარიშხლის ნებაზე, ასევე სულიც, რომელიც ღვთის მადლს მოკლებულია, მუდმივად ცოდვისაგან იმართება, რომელიც მას იქით კი არ მიაქანებს, საითაც თავად სურს, არამედ იქით - სადაც დემონს უნდა." -





ზეთისცხების საიდუმლო

ზეთისცხება არის მეშვიდე საიდუმლო ახალი აღთქმისა, ზეთისცხებად იწოდება საიდუმლო, რომელშიც მორწმუნე ადამიანის სხეულზე ნაკურთხი ზეთისცხებით გარდამოდის ღვთის მადლი და განკურნავს მას ხორციელ სნეულებათაგან. ზეთისცხების საიდუმლო ქრისტეს ეკლესიის წევრებს ეძლევათ არა როგორც მომაკვდავებს საბოლოო ზიარება, არამედ როგორც განკურნების საიდუმლო. მათ ეძლევათ შესაძლებლობა მისი საშუალებით შეაჩერონ სულიერი და ფიზიკური სიკვდილი, ხრწნადობის პროცესი და შევიდნენ ღვთის სასუფეველის კურთხეულ ატმოსფეროში. ამ დაშორების მიზეზს წარმოადგენს ადამიანთა ცოდვები-განსაკუთრებით გაუთვითცნობიერებლად ჩადენილი. ეს ცოდვები არიან აგრეთვე ადამიანის ფიზიკური ავადმყოფობის მიზეზები.

თუ ეკლესია ჴ ქრისტეს სხეულია, ხოლო ყოველი ქრისტიანი ჴ მისი ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ჩართულია კურთხეული ცხოვრების მოწყობის ერთიან სისტემაში, მაშინ ადამიანის ცოდვა ესაა ღვთის მადლის გადასვლის დაბრკოლება ეკლესიური ორგანიზმიდან ადამიანის სულსა და ცხოვრებაში. სასულიერო პირებმა უფლისაგან მიიღეს ძალაუფლება განაახლონ სახარებისეული კურთხეული ცხოვრების კურნებითი ძალის შენაკადი ადამიანთა სულში, რათა კრებითმა ლოცვამ ზემოქმედება იქონიოს ცოდვით დაბრკოლებაზე, რაც ხელს უშლის ადამიანის პირად სინანულს. სასულიერო პირი ლოცულობს ავადმყოფ ადამიანზე მისი თხოვნით, და ამ ლოცვის დასასრულს წარმოადგენს მისი ზეთისცხება “ზეთით სახელითა უფლისათა” (იაკ. 5,14). ავადმყოფ ადამიანს ესაჭიროება დახმარება და სასულიერო პირი თხოვს ზეციურ მამას ზეთისცხების დროს: “და განკურნე მონაი შენი...” თავიანთ ლოცვას მღვდლები განამტკიცებენ ღვთისშობლისა და წმიდათა იმედით. მიწიერი და ზეციერი ეკლესიის ლოცვები ქედს ახრევინებენ უფლის წყალობას ავადმყოფ ადამიანზე და უფალი ანიჭებს მას გამარჯვებას სნეულებაზე.

ადამიანის ნამდვილი განკურნება, ეკლესიის აზრით, მდგომარეობს არა მარტო მისი ფიზიკური ჯანმრთელობის აღდგენაში, არამედ ავადმყოფობის, ტანჯვისა და თვით სიკვდილის აღთქმის შეცვლაში. ზეთისცხების საიდუმლოს მიზანი და შინაარსი, არა მარტო ჯანმრთელობაა, არამედ ადამიანის შეყვანა ღვთის სასუფეველში “სულიწმიდის სიმართლეში, მშვიდობასა და სიხარულში ზიარება” (რომ. 14,17). საიდუმლოს მონაწილე მიიღებს უფლისაგან დახმარებას, რათა მან შეიცვალოს გაგება ტანჯვასა და ავადმყოფობაზე. თუ წმიდა მოწამეები სიხარულით მიიღებდნენ ტანჯვასა და წამებას, ხედავდნენ რა მასში ქრისტეს ვნებებში მონაწილეობას, მაშინ ასეთივე მოწამეობა, უნდა გახდეს ქრისტიანისათვის მისი ავადმყოფობა და ტანჯვა. ამის გამო ლოცულობს ეკლესია: დაე, ტანჯულის უიმედობა მიემართოს სინათლისაკენ და დაინახოს მან სინათლის გამარჯვება. ცნობილია, რომ ქრისტეში ვნება კი არ სცილდება, ჩამოშორდება, არამედ გარდაიქმნება გამარჯვებად და ამ გამარჯვებაში ერთადერთი ჴ განკურნებაა.

დედამიწაზე ყოველთვის აქვს ადგილი ვნებას, ტანჯვას, სიმწარეს, უძლურებას, გამოცდას (იაკ. 5,14-15). მაგრამ იესო ქრისტემ თქვა: “გამხნევდით, მე ვძლიე ქვეყანა” (იოან. 16,33) და ამაშია გამარჯვების ღრმა აზრი, რადგანაც აზრიანი გახდა თვით ტანჯვაც. ის გახდა თავდადებად, ფერიცვალებად. ვნება და ტანჯვა უნდა იყოს ნიმუში იმ გამარჯვებისა, რომელშიც თუნდაც ადამიანის ხილული დამარცხება, მისი სიკვდილი გახდება გზა მუდმივ ცხოვრებაში (შმემანი მღვდელ. საიდუმლოებები და მართმადიდებლობა. მონრეალი 1965).

ზეთისცხების საიდუმლოში ეკლესია ადამიანს მიანიშნებს გზას, რათა მან მისი ავადმყოფობა და ტანჯვა მიმართოს ქრისტესთან შესახვედრად და მონაწილე იყოს მის გამარჯვებაში ცოდვასა და ვნებებზე. აქედან ნათელია, რომ ასეთი გამარჯვება უნდა არა მარტო მომაკვდავ ადამიანს, არამედ ამ დედამიწაზე ცოცხალსაც, რომელსაც შეხება უხდება ხორციელ და სულიერ ვნებებთან.

ასეთი სახით, ზეთისცხების საიდუმლოს სიმბოლიკა ხელს უწყობს ავადმყოფის სულს კურთხეულ ფერისცვალებაში, განამტკიცებს მას ქრისტეს მსხვერპლის შეთვისებაში, რათა ადამიანი უბედურებასა და მარტოობაში იყოს მოწმე ქრისტეს შესახებ, განიცადოს “ახალი, უმაღლესი რეალობა” (მღვდელი პავლე ფლორენსკის სიტყვების მიხედვით).

ადამიანს რომელმაც განიცადა ზეთისცხების საიდუმლოს კურნებითი ძალა, განამკიცებს თავს უფლის სიყვარულსა და ნდობაში. მას გაეხსნება მოციქულთა სწავლების ჭეშმარიტი აზრი: “რადგან არცერთი ჩვენგანი თავისთვის არ ცოცხლობს, და არც არავინ კვდება თავისთვის, არამედ თუ ვცხოვრობთ, უფლისათვის ვცხოვრობთ, ხოლო თუ ვკდებით უფლისათვის ვკდებით და ამიტომ ვცოცხლობთ თუ ვკდებით, უფლისანი ვართ” (რომ. 17,7-8).

და ბოლოს, ზეთისცხების საიდუმლო გამოამჟღავნებს უფლის ნებას ავადმყოფზე. საიდუმლოში სრულდება კურთხევა მთელი ღვაწლისა, რომელიც აღასრულა ადამიანმა დედამიწაზე, და გზისა, რომელიც განვლო მან რწმენასა და თავმდაბლობაში. ადამიანი განიწმინდება ცოდვებისაგან, მას გაეხსნება მნიშვნელობა ღვთის სიკვდილისა და აზრებზე და მის ხრწნად სხეულზე. რეზულტატში ადამიანი ან განიკურნება და უბრუნდება ეკლესიურ ცხოვრებას ან კვდება და სიკვდილით ამარცხებს ხრწნად სხეულს, რომელიც უკვე არ არის საჭირო მიწიერი ეკლესიისათვის.

წმიდა წერილის მოწმობით, ზეთისცხების საიდუმლოს ღვთიური წარმომავლობა აქვს. მახარებელი მარკოზი მოგვითხრობს, რომ მოციქულები “წავიდნენ სინანულის საქადაგებლად და ჰკურნავდნენ უამრავ სნეულს” (მარკ. 6.12-18). მოციქულ იაკობის ეპისტოლეში მინიშნებულია ამ საიდუმლოს შესრულების თანრიგი და პირობები მასში მონაწილეობისათვის: “ავადმყოფობს რომელიმე თქვენგანი? ეკლესიის ხუცესთ მოუხმობს, რათა ილოცონ მისთვის და ზეთი სცხონ უფლის სახელით. რწმენის ლოცვა იხსნის სნეულს და აღადგენს მას უფალი და თუ ცოდვები აქვს ჩადენილი მიეტევება მას” (იაკ. 5,14-15). მოციქული აქ ლაპარაკობს ეკლესიის მიერ მიღებულ და ქრისტიანებისათვის კარგად ცნობილ მღვდელმოქმედებაზე, რადგან ჯერ კიდევ ქრისტემ მისცა მათ კურთხევა: განკურნეთ სნეულნი, განწმინდეთ კეთროვანნი, აღადგინეთ მკვდარნი, განდევნეთ ეშმაკნი, უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდ გაეცით (მათ. 10,8). ამ კურთხევის მიხედვით მოციქულები აღასრულებდნენ სული წმიდის ძალითა და მოქმედებით ზეთისცხების წმიდა საიდუმლოს. სიმბოლო სარწმუნოებისა (რწმენის ლოცვა) და ზეთით ცხება სახელითა უფლისათა შეადგენდნენ ზეთისცხების საიდუმლოს ძირითად შინაარსს. მისი კურთხეული თვისებები იყო ავადმყოფი ადამიანისათვის ცოდვათა მიტევება, ფიზიკური გამოჯანმრთელება და სულის განმტკიცება.

ზეთისცხების წესის პირველდაწყებითი პერიოდის ისტორიაში საიდუმლოს აღსასრულებლად ავადმყოფები თვითონ მოიხმობდნენ მოძღვარს სახლში. ეს წესი, რომელიც წარმოიშვა მოციქულთა ეპოქაში, შენარჩუნდა ეკლესიის არსებობის შემდეგ საუკუნეებშიც. ასე სრულდებოდა მე-6 საუკუნემდე. კლირიკოსებს ეკისრებოდათ მოვალეობა მოენახულებიათ ყველა, ვისაც სჭირდებოდა დახმარება, ხოლო დიაკვნები შეატყობინებდნენ თავიანთ ეპისკოპოსებს ამ ავადმყოფების შესახებ. გაიგებდნენ რა ეპისკოპოსები ან პრესვიტერები ასეთი პიროვნებების შესახებ, მიდიოდნენ ავადმყოფებთან, ლოცულობდნენ ღვთის წინაშე და ასრულებდნენ ზეთისცხების საიდუმლოს.

დაწყებული მე-6 საუკუნედან ზეთისცხების საიდუმლოს შესასრულებლად უპირატესობას აკუთვნებენ ტაძრებს. საიდუმლოს აღსრულების ადგილის შეცვლის მიზეზი იყო ახლო კავშირი ლიტურღიასთან, რომელიც სრულდებოდა ყოველთვის ტაძარში. აგრეთვე ეკლესიებთან საავადმყოფოების მშენებლობამ ხელი შეუწყო ზეთისცხების საიდუმლოს აღსრულების პრაქტიკის დანერგვას ტაძრებში, რადგანაც ზუსტად ამ საავადმყოფოებში აღსრულდებოდა იგი.

მე-13 საუკუნიდან უკვე ქრება ტაძრებთან საეკლესიო საავადმყოფოების მშენებლობა. ამის გამო ზეთისცხების საიდუმლოს აღსრულების პრაქტიკაც იცვლება. თვით ზეთისცხების წესი თავისუფლდება ღამის მსახურებათა (მწუხრის ცისკრის და ლიტურღიის) ციკლის შეერთებისაგან. მაგ. ათონზე წმიდა ათანასეს ლავრის მე-13 საუკუნის ხელნაწერში ნათქვამია: იმავე დღეს, როცა დადგინებულია ზეთისცხება, იკრიბება შვიდი პრესვიტერი და ისინი აღასრულებენ მწუხრს პანაშვიდთან ერთად და გალობენ კანონებს. ცისკრის დამთავრების შემდეგ შვიდი პრესვიტერი აღასრულებს ლიტურღიას სხვადასხვა ტაძრებში, ხოლო შემდეგ იკრიბებიან ისევ ერთად და აღასრულებენ წმიდა ზეთასცხებას. სამრევლოებში ამ დროს ზეთისცხების საიდუმლო სრულდებოდა მხოლოდ ტაძრებში.

სვიმეონ თესალონიკელი წერს: მძიმე ავადმყოფობით დაავადებულ ადამიანებს ზეთს სცხებდნენ სახლში, ხოლო ეკლესიაში ეს საიდუმლო სრულდებოდა იმ ავადმყოფთათვის, რომელთაც ჰქონდათ იმდენი ძალა, რომ მისულიყვნენ ეკლესიაში, რადგანაც წმიდა ადგილზე მიეღოთ ნუგეში ტანჯული სულისათვის. ამიტომაც ისინი ზოგჯერ რჩებოდნენ რამდენიმე დღეს ეკლესიის სტოაში, ატარებდნენ იქ დღესა და ღამეს და ელოდებოდნენ ზეთისცხების საშუალებით მიეღოთ კურთხეული დახმარება. იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც მორწმუნეები ავადმყოფობის, ან სულიერი კურთხევის მიღების მიზნით ან რომელიმე მსუბუქი უძლურების გამო მიმართავდნენ ხოლმე ამ სულიერ მკურნალობას. და სასულიერო პირები ყურადიღებდნენ რა მათ სურვილს, სცხებდნენ მათ იმავე ზეთს, კითხულობდნენ იმავე ლოცვებს, რაც სრულდებოდა მძიმე ავადმყოფების მიმართ. ამიტომაც ზეთი უნდა ეცხოთ არა მარტო მძიმე ავადმყოფებს, რომლებიც განწირულნი არიან სიკვდილისათვის, არამედ იმ ადამიანებსაც რომლებიც დაავადებულნი არიან მსუბუქი სნეულებით.

სვიმეონ თესალონიკელი (თავ. 285) წერს: “ლათინები ამბობენ, რომ არ უნდა შევასრულოთ ეს საიდუმლო ავადმყოფებზე, არამედ მხოლოდ მომაკვდავებზეო. იმისათვის რათა ვინც მიიღო ზეთისცხების საიდუმლოს საშუალებით ცოდვათა მიტევება გამოჯანმრთელების შემდეგ ისევ არ შესცოდონ. ეს უაზრობაა. უფლის ძმა ამბობს: “რწმენის ლოცვა იხსნის სხეულს და აღადგენს მას უფალიო” (იაკობ. 5,14-15). ისინი კი ამბობენ, რომ სნეული უნდა მოკვდეს. ხედავთ? თუ აქვს ცოდვები ჩადენილი მიეტევება მას (იაკობ. 5-14-15) - ნათელია რათა იწამლოს და განიკურნოს. ამას აჩვენებს თვით მაცხოვარი, როცა ეუბნება სნეულს: მოგეტევა შენი ცოდვები... აღსდეგ და ვიდოდე ... და სხვა ადგილას: აჰა, განიკურნე, ნუღარ სცოდავ, რათა უარესი არ დაგემართოს” (იოანე 5,8-14). ისინი კი მსჯელობენ მაცხოვრისა და მოციქულთა წინააღმდეგ და ამბობენ, რომ ეს საიდუმლო უნდა შესრულდეს არა იმათზე ვინც განიკურნა, არამედ მომაკვდავებზე. სახარება გვეუბნება: “ზეთს აცხებდნენ და ჰკურნავდნენ უამრავ სნეულს” (მარკოზ. 6.13.).

ისინი კი ამბობენ, რომ უნდა ვცხოთ ზეთი არა იმისთვის, რომ ავადმყოფები განიკურნოს, არამედ იმისათვის რათა ისინი დარჩნენ განკურნებულნი და მოკვდნენ”.

ზეთისცხების საიდუმლო სრულდება შვიდი სასულიერო პირის მიერ, მოციქული აიკობი, მიმართავს რა ავადმყოფებს მოუწოდონ პრესვიტერებს ზეთისცხების შესასრულებლად არ განსაზღვრას მათ რიცხვს. (იაკობ 5-14). უძველესი ეკლესია ზეთისცხების საიდუმლოს აღსასრულებლად მრავალი პრესვიტერის მონაწილეობას თვლიდა უმეტესად შესაბამისად მოციქულ იაკობის ანდერძთან. მაგრამ როცა საჭიროება მოითხოვდა, მაშინ საიდუმლოს აღასრულებდა ერთი პრესვიტერიც. განსაკუთრებით ამას ადგილი ჰქონდა ქრისტიანობის დევნის დროს. პრესვიტერი რუფინი მოწმობს ღირს მაკარი ეგვიპტელზე (მე-4 ს.), რომ იგი მარტოდ აცხებდა ზეთს და ცხებდა ავადმყოფებს. ღირს იპატის (მე-4-5 ს.) შესახებ ცნობილია, რომ იგი მიდიოდა ავადმყოფებთან და საჭიროების შემთხვევაში თხოვდა პრესვიტერს, რათა მას ეცხო ზეთი სნეულისათვის. ხშირად ხდებოდა, რომ ზეთცხებული რამოდენიმე დღის შემდეგ გამოჯანმრთელდებოდა ღვთის დახმარებით. პრესვიტერ მაოს (მე-5 ს.) შესახებ მოგვითხრობენ, რომ მან მარტოდ განკურნა სნეული ქალი ლოცვითა და ზეთისცხებით.

მე-7-8 საუკუნიდან შემოდის ჩვეულება ზეთის ცხების საიდუმლოს შესრულება შვიდი სასულიერო პირის მიერ. ეს სიმბოლოა სული წმიდის შვიდი ნიჭისა, რომელიც ჩამოთვლილია ისაია წინასწარმეტყველის მიერ. ძველ აღთქმაში შვიდმა მღვდელმა ღვთის ბრძანებით შვიდჯერ შემოუარა იერიქონის კედლებს საყვირებით და დაარღვია იგი. ელისე წინასწარმეტყველმა შვიდჯერ ილოცა მკვდარი ბავშვისათვის და აღადგინა იგი. ილია წინასწარმეტყველმა შვიდჯერ ილოცა და ისევ გაიხსნა ზეცა და გაწვიმდა. მე-7-8 საუკუნეების შემდეგ დამკვიდრდა შემდეგი წეს-ჩვეულება: ზეთისცხების საიდუმლოს აღმსრულებლად იწვევდნენ შვიდ სასულიერო პირს. აგრეთვე შეიძლებოდა ამ რიცხვის გაზრდა და შემცირება. პირველი - სრულდებოდა უდიდესი რწმენისა და გულმოდგინების გამო, მეორე - აუცილებლობის გამო.

პრესვიტერთა გვერდით უძველესი დროიდანვე ზეთისცხების საიდუმლოს შემსრულებლები იყვნენ ეპისკოპოსებიც. “მოციქულთა დადგენილებებში” ზეთის კურთხევის უფლება ჰქონდა ეპისკოპოსსა და პრესვიტერს. და როცა მე-7-8 საუკუნეებში შემოვიდა ჩვეულებად შვიდი პრესვიტერის მიერ საიდუმლოს შესრულება მაშინ ეს წესი ეხებოდა ეპისკოპოსსაც. კონსტანტინეპოლის პატრიარქი ნიკიფორე მეორე (1260) ამბობს, რომ მისმა წინამორბედმა პატრიარქმა არსენიმ (1255-1260, 1261-1266) დაადგინა, რომ ზეთისცხების წესი უნდა შეასრულოს შვიდმა სასულიერო პირმა, მათ შორის ეპისკოპოსმა თუ მიტროპოლიტმა.

პიროვნებები რომლებიც მიიღებენ წმიდა ზეთისცხებით მადლს:

1. სნეულნი. მოციქული აიკობის ანდერძის თანახმად ზეთისცხების საიდუმლო განკუთვნილია სნეულთათვის, რათა განიკურნონ ისინი ავადმყოფობისაგან და მიეტევოთ მათ ცოდვები. უპირველეს ყოვლისა თვით ლოცვები ამ საიდუმლოსათვის ადრეული ლიტურგიკული ძეგლებიდან მიანიშნებენ წმიდა ზეთის მიზანს - სნეულთა განკურნებას. წმიდა კირილე ალექსანდრიელი პალადის მიმართ ეპისტოლეში ურჩევს მორწმუნე ქრისტიანს მოგვობის ნაცვლად ილოცონ თავიანთი ღვთის წინაშე და ახსოვდეთ, რომ სნეულებისაგან განსაკურნავად ეკლესიაში არსებობს ზეთისცხების საიდუმლო. ანტიოქიის პრესვიტერი ვიქტორი (მე-5 ს.) ამბობს: ცხების დროს ზეთი განასახიერებს ღვთის წყალობას და სნეულებისაგან განკურნებას. ყოველივე ამას აკეთებს ლოცვა, ზეთი კი ამის სიმბოლოა.

2. მონანულნი. უძველეს ეკლესიაში არსებობდა ჩვეულება ეცხოთ ზეთი მონანულებისთვისაც. მონანულთათვის ზეთისცხების საფუძველს წარმოადგენდა მოც. იაკობის მინიშნება. თავდაპირველად ზეთს ცხებდნენ მონანულებს სიკვდილის საშიშროების გამო, რათა ცოდვათა განწმენდით მიეცათ შესაძლებლობა ღირსეულად ზიარებულიყვნენ. წმიდა ზიარების შემდეგ კი ეს საიდუმლო შეიძლებოდა შესრულებულიყო საერთოდ მონანულებზე, რათა ისინი შეერთებულიყვნენ ეკლესიას.

3. ჯანმრთელები. წმიდა იოანე დამასკელი (მე-8 ს.) თავის სიტყვაში - ურჩევს საიდუმლოს აღმსრულებელს უპირველესად იცხოს ზეთი თვითონ. ზოგიერთ ბერძნულ ლიტურგიკულ ძეგლებში სასულიერო პირთა და საერთოდ დამსწრეთა ზეთისცხება შემონახულია მე-17 საუკუნემდე. აღმოსავლეთ მართლმადიდებელ ეკლესიისათვის მონანულთა და კათაკმეველთაA შემოერთების დღე იყო - აღდგომა ან მისი წინა დღე - დიდი შაბათი. ამ შაბათს სრულდებოდა მონანულთა შემოერთება ეკლესიაში. (დასავლეთის ეკლესიაში ასეთი დღე იყო დიდი ხუთშაბათი). აღმოსავლეთში დამკვიდრდა ასეთი პრაქტიკა, რომ ზეთი უნდა ეკურთხოს ყოველი ცალკეული ზეთისცხების საიდუმლოსათვის.

ასეთ შემთხვევაში ცხებისათვის ზეთი აიღებოდა მაცხოვრის ერთ-ერთი ხატის კანდელისაგან. პატრიარქ ევტიქის შესახებ (მე-8 ს.) ნათქვამია რომ მას ჰქონდა ჩვეულება სნეულები განეკურნა წმიდა ზეთით, რომელიც “გარდამოედინებოდა წმიდა ჯვრისაგან ან ყოველადწმიდა ღვთისშობლის წმიდა ხატებისაგან”. საეკლესიო კანდლებიდან ზეთის ხმარების ჩვეულება იმდენად იყო მიღებული რომ იმავე ზეთით იცხებოდნენ, როცა სრულდებოდა მათ მიმართ პარაკლისი. ზეთისცხების საიდუმლოს წესში ლამპარის გამოყენებას პირველად ვხდებით მე-9-10 საუკუნეების ბერძნულ ხელნაწერებში.

ერთ კანდელში ან რამოდენიმე სხვა სუფთაA ჭურჭელში ისხმება ჯერ ზეთი, ხოლო შემდეგ წყლის მაგიერ ერთდება ღვინო. ზეთისცხების წესში არის მინიშნება რომ ზეთთან ცხების დროს ერთდება წყალი ან ღვინო. პირველად ამის შესახებ ლაპარაკობდნენ მე-12 საუკუნის ხელნაწერები. სინას მონასტრის პრაქტიკაში ჭურჭელში ასხამდნენ წმიდა განცხადების წყალს და ღვინოს. ვენეციური ტიპიკონი მიანიშნებს ღვინის გამოყენებას წყლის მაგიერ, ჩრდილავს რა კონსტანტინეპოლის ეკლესიის პრაქტიკას. სლავური ხელნაწერი ტიპიკონები ანიჭებენ უპირატესობას ღვინის გამოყენებას ზეთში.

უძველესი ქრისტიანული ეკლესია ზეთისა და წყლის კურთხევისათვის იყენებდა ერთი და იმავე ლოცვებს. ამ ლოცვებში წყალს და ზეთს ენიჭებოდა მკურნალობითი ძალა, რომელიც განკურნავდა ყოველგვარ სნეულებას. ასეთი თვისებების გამო ნაკურთხმა წყალმა მიიღო ფართო გავრცელება ქრისტიანულ ეკლესიაში და ამიტომაც შევიდა ზეთისცხების საიდუმლოს წესში. ზეთი ნიშნავს ღვთის წყალობას, ხოლო ღვინო ქრისტეს სისხლს. სნეულთა შვიდჯერ ცხება მომდინარეობს ძველ ქრიატიანთა წეს-ჩვეულებიდან. პრესვიტერები სნეულებს სცხებდნენ ზეთით შვიდი დღის განმავლობაში. ავადმყოფთათვის ზეთისცხების საიდუმლო შეიძლება შესრულდეს მთელი წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საათზე თუ ამას საჭიროებს სნეულის მდგომარეობა.

ზეთისცხების საიდუმლო აღიარებულია ეკლესიის მიერ სნეულებათაგან მკურნალობის საშუალებად, რომლის შესრულებაც ყოველთვის სასარგებლოა. ეკლესია ასრულებს ამ საიდუმლოს ყველას მიმართ, ვისაც სნეულების უძლურებაში სურს მიიღოს ღვთის მადლის დახმარება, ქრისტეს სიტყვების საფუძველზე: “მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენოთ თქვენ”. ტიპიკონში ნათქვამია, რომ საიდუმლოს წესს ასრულებენ შვიდი სასულიერო პირი, რომელიც იკრიბებოდა ეკლესიაში ან სახლში. საიდუმლო სრულიად შეიძლება შესრულდეს სასულიერო პირთა ნაკლები რიცხვითაც, ერთი სასულიერო პირითაც, რადგანაც ყოველი სასულიერო პირი წარმოადგენს მთელი ეკლესიის სახეს და ასრულებს მღვდელმოქმედებას - ისევე როგორც შეასრულებდნენ შვიდი სასულიერო პირი.

საიდუმლოში მხოლოდ გამოიყენება ზეთი, რომელსაც ერთვის მცირეოდენი წითელი ღვინო. პურის მარცვალი არ წარმოადგენს საიდუმლოს მასალას. ის მხოლოდ სიმბოლურად წარმოადგენს ახალი ცხოვრების დასაბამს - გამოჯანმრთელებას, ხოლო სნეულის სიკვდილისას - აღდგომას (იოანე 12.24). როცა ყველაფერი გამზადდება და შემოსილი სასულიერო პირები დადგებიან მაგიდის ირგვლივ, უპირატესი მღვდელი დაარიგებს ანთებულ სანთელს. წმიდა იოანე ოქროპირი წერს: ჩვენ ვანთებთ რა ფითილს, პატრუქს ზეთით გაჟღენთილს, ამით აღვაგზნებთ სულს სიყვარულით გაჟღენთილს მორჩილებისათვის. ანთებული სანთელი მოაგონებს სასულიერო პირს “სწავლების, მოძღვრების, ლამპარს” რომელიც აანთებს სნეულთა სულებს.

ზეთისცხების წესის ლოცვები და წმიდა წერილის ტექსტები ამტკიცებს, რომ სინანულში ღვთის მადლით უიმედო სნეული ადამიანიც კი შეძლებს მიიღოს თავისი რწმენის მიხედვით სნეულებათაგან განკურნება, განწმენდა. ჩვეულებრივი ლოცვების დაწყების შემდეგ მორწმუნე ადამიანი შეუდგება ღვთის მადლიან დახმარების გზას, ასე თვითონაც იბრუნებს თავის მდგომარეობას.

შემდეგ საიდუმლოს წესს წითელი ძაფით გაყვება სინანულის თემა და სინანულის ლოცვები: “მიწყალე მე ღმერთო რამეთუ უძლური ვარ” (მე-2 დასდებელი ალილუიას) სინანულის ტროპარების გალობით 50-ე ფსალმუნის კითხვით აღიძრება და აღიგზნება სნეული ადამიანის სულში სინანულის განწყობილება.

სასულიერო პირები ამის შემდეგ გადადიან კანონების კითხვაზე, რომელიც დაწერილია ჯერ კიდევ მე-9 საუკუნის წმიდა არსენი ეპისკოპოსის მიერ.

ამის შემდეგ შვიდივე სასულიერო პირი სნეულის თავზე დაადებს სახარებას, ნაწერებით, ხოლო მათ შორის უპირატესი წაიკითხავს ლოცვას: “მეუფეო წმიდაო” ...

აქ ყურადღების ღირსია ორი მოქმედება: პირველი - სნეულს სახარებას დაადებს თავზე ნაწერების ქვევით და მეორე - წმიდა სახარებას იჭერს ყველა სასულიერო პირი ან სახარებას ადებენ ხელს. პირველი მოქმედებით ეკლესია ბაძავს წინასწარმეტველ ელისეს, რომელმაც გაატანა თავის კვერთხი თავის მსახურს სუნამელ ქალს მის აღსადგენად (4 მეფ. თავ. 4-29-31). რომელიც იესო ქრისტეს სნეულთა განკურნების დროს ახდენდა მრავალ სასწაულს, რომელიც სახარებაშია აღწერილი იმისათვის რათა განემტკიცებინა იქ მყოფთა რწმენა და ჩაენერგა მათში თავისი დაწერილი სიტყვებისადმი პატივისცემა: ისევე აქაც იმავე სახარება აღვსილია რა იმავე სასწაულით, რათა მიიღოს მან სულიერი და ხორციელი კურნება.

მეორე მოქმდებით - ეკლესია ბაძავს იესო ქრისტეს. როგორც ქრისტე თავის ყოვლისშემძლე ხელს ადებს სნეულებს, რაც სახარებაშია აღწერილი, ასევე აქაც სასულიერო პირი ქრისტეს სახით, როგორც მისი მსახურები ადებენ თავიანთ ხელს სახარებას ან იჭერენ მას. როგორც ქრისტე განწმენდდა მლოცველ სნეულთა ცოდვებს და შეუნდობდა მათ ისევე აქაც სასულიერო პირთა ხელდადებით, როგორც შერიგების ნიშანი, გამოხატულია იგივე შენდობა. ეს საიდუმლო წარმოადგენს სინანულის სახეს, ასევე თვით ხელდადება არის შერიგების სიმბოლო. გარდა ამისა თვით ცხება განაწყობს სნეულს სინანულისათვის.

ბოლო ლოცვები: მეუფეო წმიდაო... როგორც დამამთავრებელი ლოცვები თუმცა მას წარმოსთქვამს მხოლოდ ერთი მღვდელი, მონაწილეობს ყველა მღვდელი. შემოკლებულ მრჩობლ კვერექსში გამოითხოვება წყალობა, სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ცხონება და ცოდვათა მიტევება ამ საიდუმლოს მიმღებელთათვის. შემდეგ იგალობება და დასდებლები წმიდა უვერცხლოთა მკურნალთა მიმართ და ყოვლად წმიდა ღვთისმშობლის მიმართ და განტევება. სნეული საიდუმლოს ბოლოს სამჯერ მოწიწებით დაიჩოქებს სასულიერო პირთა წინაშე და ამბობს სამჯერ: “მაკურთხენით მამაო წმიდაო და შემინდეთ მე ცოდვილთა”.

ზეთისცხების საიდუმლოს მთავარი შემადგენელი ნაწილია ზეთი. ამიტომაც მისი კურთხევისათვის გამოითხოვება ლოცვები “განწმინდე ზეთი ესე” - ღვთის მადლი კურთხევის შემდეგ ის იღებს ძალას და ხდება კურნებითი. სვ. თესალონიკელი (თავ. 29). წერს: მე გავიგე, რამდენი უდიდესი და ღვთაებრივი ძღვენს შეიცავს წმ. ზეთი: მასში არის სნეულებათაგან განშორება, ცოდვათა მიტევება.

როდესაც ლოცვა “მამაო წმიდაო”, წარმოითქმება შვიდივე სასულიერო პირის მიერ ცალკე, სრულდება ზეთისცხება. ამიტომაც სნეული იცხება შვიდჯერ. სვ. თესალონიკელი წერს: ყოველი სასულიერო პირი წარმოსთქვამს ორი შემადგენლობის ლოცვას სნეულის შესახებ - პირველი ყოველი სახარების დამთავრების შემდეგ, მეორე- მამო წმიდაო. ეს ლოცვები აღევლინება ღვთისადმი სნეულის სულიერ და ხორციელი განკურნებისათვის. პირველი ლოცვა იკითხება ხმამაღლა ისევე როგორც სრულდება სამოციქულო და სახარება, ხოლო მეორე- საიდუმლოდ.

აქ შეიძლება დაისვას კითხვა რატომ სრულდება ზეთისცხება შვიდჯერ. ხომ შეიძლება წაკითხულ იქნას შვიდი სამოციქულო, სახარება, ლოცვა და ბოლოს ერთხელ იქნას ზეთისცხება შესრულებული. ამის შემდეგ ვუპასუხებთ: 1). თუ მრევლი სასულიერო პირთან ერთად იკრიბება და საერთო შეთანხმებით ასრულებს ლიტურღიას, მაშინ არავითარი საწინააღმდეგო არ არის იმაში რომ რწმენისათვის შესრულდეს ზეთისცხება შვიდჯერ. არცერთი სასულიერო პირი არსად არცერთ შემთხვევაში არ არღვევს და არ ყოფს ერთობას განსაკუთრებით ისეთს, რომელიც უძველესი დროიდანვე სრულდებოდა. ასეთი წეს-ჩვეულებით თვით უფალიც, რომელიც არის ფუძემდებელი და მთავარი სჯულისმდებელი ამ საიდუმლოსი, მოციქულ იაკობის პირით ამბობს: “ავადმყოფობს რომელიმე თქვენთაგანი ეკლესიის ხუცესთ მოუხმოს, ერთად ილოცონ მისთვის და ზეთი სცხონ უფლის სახელით” რწმენის ლოცვა იხსნის სნეულს და აღადგენს მას უფალი და თუ ცოდვები აქვს ჩადენილი, მიეტევება მას. (იაკ. 5,13,15).

თუმცა ნათლობის გამეორება, წყალში შთაფვლა არ შეიძლება რადგანაც ეფ. მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული ამბობს (ეფ. 4,5): ერთ არს უფალი, ერთ არს სარწმუნოება, ერთ არს ნათლიღება. ასევე ზეთისცხებაც რომელიც შედგება სხვადასხვა და ცალკეული ცხებისაგან, არის ერთიანი და განუყოფელი არა იმ აზრით რომ ის არ შეიცავს მრავალ და ცალკეულ ნაწილებს, არამედ იმიტომ, რომ ყველა ნაწილი რომელიც შედის მის შემადგენლობაში შეადგენენ ერთ საიდუმლოს. თუმცა მასში სხვადასხვა სასულიერო პირები შვიდჯერ ცხებენ ერთი და იმავე სხეულის ნაწილს, მაგრამ მრავალჯერადი ცხება არ არის მრავალი საიდუმლო, თუმცა სრულდება ყველა მათგანზე ერთი და იგივე სახით, ერთი და იგივე სიტყვებით და მოქმედებით. სულიერი სნეულება იზრდება ნაწილ-ნაწილ და თანდათანობით, რომელსაც თან ერთვის ხორციელი უძლურებაც. როგორც ნაწილ-ნაწილ იზრდება ისევე ნაწილ-ნაწილ საჭიროებს დარღვევას. ასე, რომ რა არის საოცარი იმაში, რომ როცა სნეულების ერთი ნაწილი განიკურნება ერთი სასულიერო პირის ცხებით, მეორე ნაწილი კი მეორე სასულიერო პირის ცხებით. როგორც ხორციელი უძლურების გამო სნეულება განიკურნება სხვადასხვა მედიკამენტებით, ასევე აქაც.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 11587241 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ