მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
20 ოქტომბერი 2017  11:46 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
რამ შემქმნა ადამიანად?
"ვისაც თავის თავშიღმერთიჰყავს, მას ყველაფერი აქვს, თუნდაც - ამქვეყნად ყველაფერი დაკარგოს." -





ქორწინების საიდუმლო

უფალი, მიუთითებდა რა მოსეს სჯულზე, ასწავლიდა: “ამისათვის დაუტეოს კაცმან მამა თვისი და დედა თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა და იყვნენ ორნივე იგი ერთ ხორც” (დაბ. 2, 24). “ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთ ხორც. აწ უკვე რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცნი ნუ განაშორებენ” (მთ. 19, 6). მაცხოვარი ქადაგებდა ქორწინების ურღვეველობას, რომელიც შეიძლება შეწყვეტილი იქნეს მხოლოს მეუღლეთაგან ერთ-ერთის მრუშობის მიზეზით: “რომელმან გამუტეოს ცოლი თვითი თვინიერ სიძვისა და სხვუა შეირთოს, იმრუშებს”... (მთ. 19, 9).

წმიდა მოციქულმა პავლემ ქორწინებას საიდუმლოს მნიშვნელობა მიანიჭა. “ცოლნი, - წერდა იგი ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში, - თვისთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა ქრისტე უფალსა, რამეთუ ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა და იგი თავადი არს მაცხოვარი გუამისა, არამედ ვითარცა ეკლესია დამორჩილებულ არს ქრისტესა, ეგრეცა ცოლნი თვისთა ქმართა ყოვლითა. ქმართა გიყუარდეთ ცოლნი თვისნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესია და თავი თვისი მისცა მისთვის. ამისათვის დაუტეოს კაცმან მამა თვისი და დედა თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა და იყვნენ ორნივე იგი ერთ ხორც. საიდუმლო ესე დიდ ჴ არს, ხოლო მე ვიტყვი ქრისტესათვის და ეკლესიისა” (ეფეს. 5, 22-25; 31-32).

ქორწინების წესის აღსასრულებლად საკმარისი არაა მხოლოს დაქორწინების მსურველთა გადაწყვეტილება. საეკლესიო კანონები, რომლებიც ქორწინებას შეეხებიან, ითვალისწინებს რა, რომ იგი საღმრთო საიდუმლოს წარმოადგენს, იძლევიან ფორმულირებას იმ პირობებისა, რომელთა დაცვაც აუცილებელია მისი აღსრულებისათვისაც, ხსენებული პირობების დაუკმაყოფილებლობა წარმოშობს ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებებს. დამაბრკოლებელი გარემოებანი შეიძლება იყვნენ აბსოლუტურნი, სრულიად გამომრიცხავნი გარკვეულ პიროვნების ქორწინებისა სხვა ნებისმიერ ადამიანთან, განურჩევლად მისი ვინაობისა; და პირობითნი, რომლებიც შეუძლებელს ხდიან ორი გარკვეული პიროვნების ქორწინებას მათ შორის ნათესაური კავშირის არსებობის გამო. ამას გარდა განასხვავებენ ისეთ დამაბრკოლებელ გარემოებებს, რომელთა ძალითაც ქორწინება მისი აღსრულების მომენტიდანვე უმოქმედოა და ამის გამო დარღვევას ექვემდებარება. არსებობს ასევე ზოგიერთი გარემოება, რომელთა გამოვლენის შემთხვევაშიც საჭირო არ არის ქორწინების დარღვევა. აქ კანონები შეუღლებული წყვილისა და მათზე ჯვრისწერის აღმასრულებელი მღვდლის ეპიტიმიით ჴ განკანონებით შემოიფარგლებიან.

აბსოლუტურნი გარემოებანი:

1. პიროვნებას, რომელიც ქორწინებაშია, არ შეუძლია იქორწინოს ახალი ქორწინებით, რამეთუ ქრისტიანული ქორწინება მონოგამიურია ჴ მის დროს მამაკაცს შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი ცოლი და ქალს მხოლოდ ერთი ქმარი.

2. რაც შეეხება სამღვდელო ხარისხს, მოციქულთა 26-ე კანონი საეკლესიო მსახურებაზე დადგინდეს შემდეგ დაქორწინების ნებას რთავს მხოლოდ მკითხველებსა და მგალობლებს. ტრულის კრების მე-6 კანონის თანახმად დაქორწინება ეკრძალებათ არა მხოლოდ მღვდელმსახურთ, არამედ იპოდიაკონთაც. ამასთან წმიდა ბასილი დიდის მე-6 და ტრულის კრების მე-3 კანონები ერთხმად განაჩინებენ ხელდასხმის შემდგომ აღსრულებული სამღვდელო პირთა ქორწინებების არაკანონიერ ქორწინებებად შერაცხვას.

3. ქალკედონის კრების მე-16, ტრულის კრების 44-ე, კონსტანტინეპოლის ორმაგი კრების მე-5, წმიდა ბასილი დიდის მე-18 და მე-19 კანონების თანახმად ბერებსა და მონაზვნებს აღთქმის დადების შემდეგ ეკრძალებათ ქორწინება.

4. ქვრივობა მესამე ქორწინების შემდეგ, შესაბამისად საეკლესიო კანონებისა, აბსოლუტურ დამაბრკოლებელ გარემოებას შეადგენს ახალი ქორწინებისათვის. კონსტანტინეპოლის პატრიარქის ნიკოლოზის (901-907, 912-925წ.) დროს გამოცემული “ერთობის ტომოსის” (920 წ.) თანახმად: “არავინ არ უნდა გაკადნიერდეს მეოთხედ ქორწინებისათვის”. ხოლო თუ ასეთი ქორწინება შესრულდება, ის მოქმედად არ უნდა ჩაითვალოს.

5. წინა ქორწინების დარღვევაში ბრალეულობა წარმოადგენს ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებას. მრუშობაში დადანაშაულებულს, რომლის მიზეზითაც დაირღვა პირველი ქორწინება, არ შეუძლია თავიდან დაქორწინდეს. ეს დებულება სახარებისეული ზნეობრივი სწავლებიდან და ძველი ეკლესიის პრაქტიკიდან გამომდინარეობს. მოცემული ნორმა აირეკლა საეკლესიო კანონმდებლობაშიც.

6. ქორწინების დამაბრკოლებელ აბსოლუტურ გარემოებას წარმოადგენს აგრეთვე ცოლ-ქმრული თანაცხოვრებისათვის ფიზიკური და სულიერი უუნარობა. (იდიოტიზმი ჴ ფსიქიკის უკმარი განვითარების სახეობა, თანდაყოლილი ან ადრეულ ბავშვობაში განვითარებული ჭკუასუსტობა, რომელიც საკუთარი ნების თავისუფლად გამოვლენის საშუალებას უკარგავს ადამიანს). ქრისტიანული და არაქრისტიანული სახელმწიფოების სამოქალაქო კანონები უმოქმედოდ აცხადებენ სულით ავადმყოფებთან და სიყრმიდანვე ჯანსაღ გონებას მოკლებულ ადამიანებთან ქორწინებას. რაც შეეხება ფიზიკურ უუნარობას მათე ბლასტარის “სინტაგმაში” შეტანილია ლევ ბრძენის 98-ე ნოველა, რომლის თანახმად საჭურისებს აკრძალული აქვთ დაქორწინება. გარდა ამისა, საეკლესიო კანონები ანალოგიურ დაბრკოლებას ხედავენ იმ პირთათვისაც, რომლებიც ბუნებით უუნარონი არიან მეუღლეობრივი თანაცხოვრებისათვის, ან ავადმყოფობის გამო არიან მოკლებული ასეთ უნარს. ეკლესია ასეთ პირებს არ უკრძალავენ დაქორწინებას, მაგრამ მეუღლეთაგან ერთ-ერთის მხრიდან თანაცხოვრებისათვის თანდაყოლილი უუნარობის გამოვლენის შემთხვევაში ნებადართულად აცხადებენ განქორწინებას. ასეთი უუნარობა არ უნდა გავაიგივოთ უშვილობასთან, რომელიც არ წარმოადგენს ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებას და არც გაყრის საბაბად შეიძლება იქცეს.

მოქმედი საეკლესიო კანონები არ კრძალავენ ბრმებისა და ყრუ-მუნჯების დაქორწინებას. საეკლესიო კანონები არ კრძალავენ ასევე იმ პირთა დაქორწინებას, რომლებიც სნეულნი არიან და გააჩნიათ საამისო სურვილი. მაგრამ მათი ჯვრისწერა აღსრულებული უნდა იქნას ტაძარში.

7. დაქორწინების მსურველთათვის დაწესებულია გარკვეული ასაკობრივი საზღვრები. ლევ ისრაელიელისა და კონსტანტინე კოპრონიმოსის “ეკლოგიაში” ქორწინების მიმღებთა ასაკი მამაკაცთათვის 15, ხოლო ქალისათვის 13. ბასილი მაკედონიელის “პროხორონში” ეს ასაკი შემცირებულია 2 წლით: 14-12.

საეკლესიო სამართლის ნორმებითაა განსაზღვრული დაქორწინების მსურველთა უმაღლესი ასაკობრივი ზღვარიც. წმიდა ბასილი დიდის თანახმად, ასეთი ზღვარი ქვრივი დედაკაცისათვის 60 წელია, ხოლო მამაკაცისათვის 70.

8. ქორწინებაზე საქმროსა და საცოლის მშობლების მხრიდან თანხმობის არ არსებობა ქორწინების აბსოლუტურ დამაბრკოლებელ გარემოებად გვევლინება.

პირობითი გარემოებანი:

1. საქმროსა და საცოლეს შორის ახლო სისხლისმიერი ნათესაობის არ არსებობა ქორწინების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ეს ეხება არა მხოლოდ კანონიერ ქორწინებაში შობილ, არამედ უკანონო შვილებსაც. სისხლისმიერი ნათესაური კავშირი იზომება ხარისხებით (ანუ თაობებით). შვიდი თაობის შემდეგ შეიძლება ქორწინება.

ეს წესი არსებობდა ძველ აღთქმაში. მოსეს რჯული ქორწინებას კრძალავს მე-3 თაობამდე (ლევ. 18,7-17; 20-27).

2. დამაბრკოლებელ გარემოებას შეადგენს მოყვრობა, რომელიც ორი გვარის დაახლოების შედეგად აღმოცენდა მათი წევრების დაქორწინების საფუძველზე. მოყვრობა უტოლდება სისხლისმიერი ნათესაობას, რამეთუ ცოლი და ქმარი უკვე ერთ სხეულს შეადგენენ.

3. ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებად გვევლინება აგრეთვე სულიერი ნათესაური კავშირის არსებობა, მაგ. ნათლობა.

4. დამაბრკოლებელი გარემოებაა აგრეთვე სამოქალაქო ნათესაური კავშირის არსებობა. მაგ. შვილად აყვანა.

5. საქმროსა და საცოლეს შორის ურთიერთთანხმობა აუცილებელ პირობას წარმოადგენს ქორწინების კანონიერებისა და ქმედითუნარიანობისათვის. ჯვრისწერის საიდუმლოს ლოცვით წესში შეტანილია კითხვები იმის შესახებ, ქორწინდებიან თუ არა ისინი თავისუფალი ნებით, ამიტომაა იძულებით აღსრულებული ქორწინებები უმოქმედოდაა აღიარებული. არ შეიძლება ზნეობრივი ზეწოლაც, მაგ. მუქარა, შანტაჟი. ისინი უმოქმედოა.

6. საჭიროა რელიგიის ერთიანობა. წმიდა პავლე მოციქული ბრძანებს: “ნუ იქმნებით თანა-მეუღლე ურწმუნოთა, რამეთუ რა მოყუსება არს სიმართლისა და უსჯულოებისა, ანუ რა ზიარება არს ნათლისა და ბნელისა” (2 კორ. 6,14). მაგრამ იმავე კანონით კრების მამები, ეყრდნობიან რა წმიდა პავლე მოციქულის სიტყვებს, არ მოითხოვენ ეკლესიის წიაღს გარეთ აღსრულებული ქორწინების დარღვევას, თუკი მეუღლეთაგან ერთ-ერთი შემდეგში მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე მოიქცევა.

ქრისტიანული სწავლება ქორწინებას თვლის კავშირად, როდესაც მამაკაცი და დედაკაცი იღებენ თავიანთ თავზე ვალდებულებას იცხოვრონ ერთად განუყოფელად მთელი ცხოვრება როგორც ქმარი და ცოლი, ერთად აღასრულონ რელიგიურ-ზნეობრივი საკითხები და დაეხმარონ ერთმანეთს ცხოვრებისეულ საქმეებში. ასეთი ურთიერთშეთანხმებითი კავშირი ბადებს იმ კეთილგანწყობილ პირობებს, რომელშიც იბადებიან და აღიზარდებიან მათი შვილები.

ქორწინება განიხილება როგორც განსაკუთრებული საიდუმლოება, რომელსაც თან ახლავს ღვთის მადლის მოქმედება. განსაკუთრებული წონა ქრისტიანულ ქორწინებაში ეძლევა სულიერ-ზნეობრივ ელემეტს, რომელიც დაფუძნებულია მეუღლეთა თავისუფალი შეთანხმების პრინციპზე და რომლის მიხედვითაც მამაკაცი წარმოადგენს ამ კავშირის თავს, ხოლო ქალი - მის მეგობარს, დამხმარეს და თანამონაწილეს მათი ერთობლივი ცხოვრების ყველა მოქმედებაში.

ეკლესია თავის შეხედულებას ქორწინების არსისა და მნიშვნელობის შესახებ მორწმუნე ადამიანთა ცხოვრებაში საფუძველს უდებს წმიდა წერილის მოწმობებს. მისი მიხედვით ქრისტიანული ქორწინება წარმოადგენს თავის მხრივ მამაკაცისა და ქალის კავშირს, რომელიც უფალმა აკურთხა და მიანიჭა ხალხს. კურთხევის საშუალებით ქორწინება ხდება წმიდა ყველა ურთიერთობაში: “სარეცელი უმწიკლო იყოს ყველასი” (ებრ. 13,4). პირველი ოჯახი - ადამი და ევა თვით უფალმა აკურთხა სამოთხეში: “ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა და დაეუფლეთ მას” 9დაბ. 1,28). თქვა უფალმა: “არ ვარგა ადამის მარტოდ ყოფნა, გავუჩენ შემწეს მის შესაფერს... გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო... დედაკაცი შექმნა ღმერთმა და ადამს მოუყვანა... და თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისაგან არის გამოღებული” (დაბ. 2,22)... ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთ ხორცად იქცნენ. ღვთისაგან დადგინებული კავშირი ქორწინებისა ასეთი სახით წარმოადგენდა აუცილებელ პირობას ადამისა და ევას კავშირისა. სიტყვა - შეეწეპება - წმიდა წერილი განიხილავს როგორც მჭიდრო შეერთებას მათი ფიზიკური და სულიერი ინტერესებისა ღვთის სიყვარულის საფუძველზე. ასეთმა ორმხრივმა სიყვარულმა მოუტანა მათ სიხარული და ერთობა ერთობლივ ცხოვრებაში. ასევე აკურთხა უფალმა ძველი აღთქმის ოჯახები: აბრაამი და სარა, ისააკი და რებეკა, იაკობი და ყველა მამამთავარი: იოსები და ასინეთი, მოსე და სეფორა, იოაკიმ და ანა, ზაქარია და ელისაბედი.

ქორწინება აკურთხა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, როდესაც გალილეის ქალაქ კანაში თავისი ნათესავის სვიმონ მოშურნის, კანანელის ქორწილს დაესწრო და წყალი ღვინოდ აქცია (იოან. 2,1-11). ჩვენი დღევანდელი წესი ჯვრისწერისა სწორედ ამ ღვთაებრივ კურთხევას წარმოადგენს, როდესაც მღვდელი ჯვარს წერს, იგი სიმბოლურად უფალს განასახიერებს და ამდენად ოჯახს უხილავად თვით იესო ქრისტე ლოცავს.

ჯვრისწერის წესი შედგება ორი ნაწილისაგან: წინდობისა და გვირგვინის კურთხევისაგან (ჯვრისწერა).

წინდობა აღნიშნავს ღვთისა და ეკლესიის წინაშე ქორწინების მსურველთა ორმხრივი აღთქმის განმტკიცებას. წინდობა ეს არის ქრისტიანული ფორმა ქორწინებისა. წინდობას წინ უსწრებს მშობელთა და სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევა. ამ კავშირის განმტკიცების ხილულ ნიშანს მშვიდობით, სიყვარულსა და საერთო აზრებში წარმოადგენს სიძესა და პატარძლისათვის ბეჭდების დაბნევა მოძღვრის ლოცვით.

ლიტურღიის აღსრულების შემდეგ მღვდელი დადგება საკურთხეველში, ხოლო სიძე-პატარძალი დადგებიან ანალოგიის წინ შუა ტაძარში. ქალი მარცხნივ, კაცი მარჯვნივ. წინდობა და ქორწინება უნდა მოხდეს ეკლესიაში მღვდლის მიერ და არა ნებისმიერ დროს, არამედ ლიტურღიის მოსმენის შემდეგ. მღვდელი სიძე-პატარძლის ბეჭდებს დასდებს წმიდა ტრაპეზზე. მამაკაცისა ჴ მარჯვნივ, ქალისას ჴ მარცხნივ. ბეჭდები არ იკურთხება მღვდლის მიერ საიდუმლო ლოცვით, არამედ დასდებს მათ მღვდელი წმიდა ტრაპეზზე და ასე იკურთხება. ბეჭედი სიძისა უნდა იყოს ვერცხლის, ხოლო ქალისა - ოქროსი. წინდობა იწყება საკურთხევლიდან წმიდა სახარებისა და ჯვრის გამოტანით და დაბრძანდება ანალოგიაზე.

მღვდელი სამჯერ განოსახავს ჯვარს ორივეს და მისცემს მათ ანთებულ სანთლებს და აკმევს ჯვრის სახით. ქორწინების დროს ანთებული სანთლები ყველა ხალხში გამოიყენება, როგორც ნიშანი მეუღლეობის სიყვარულისა, რათა ახალშეუღლებულნი ხედავდნენ რა ამ ანთებულ სანთლებს, შეინახონ არა მხოლოდ სიყვარული, არამედ მეუღლეობის კავშირი დაურღვევლად. მაგრამ გარდა მეუღლეობის ჩაუქრობელი სიყვარულისა და განუყოფელი კავშირისა ანთებული სანთლები ხელში აღნიშნავენ მათი ცხოვრების სიწმინდეს, რადგანაც უფალი ამბობს: “რამეთუ ყოველი, რომელი ბოროტსა იქმს, სძულს მას ნათელი და არა მოვალს ნათელსა, რაითა არა ემხილნენ საქმენი მისნი, ხოლო რომელი იქმან ჭეშმარიტებასა, მოვალს ნათლად, რათა ცხად იყვნენ საქმენი მისნი, რამეთუ ღმრთისა მიერ ქმნულნი არიან” (იოან. 3,20-21). სვიმეონ თესალონიკელი ამბობს: “წმიდა ეკლესია ქორწინების დროს ყველას არ აძლევს ხელში სანთელს, არამედ მხოლოდ ქალწულებს: რადგან ქალწულები შეხვდნენ მხოლოდ სიძეს კანდელებით, როგორც სახარებაშია. ასე რომ მეორედ ქორწინების დროს არ ეძლევათ სანთლები. ანთებული სანთლები მოასწავებენ სულიერ სიხარულს”.

მღვდელი შედის საკურთხეველში და აკმევს ჯვრის სახედ. ამბობს აის სახედ. ამბობს ასამაღლებელს: კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი... მშვიდობიანი კვერექსი, სადაც მღვდელი გამოითხოვს უფლისაგან ახალშეუღლებულთა ცხონებას, ღვთის წყალობას, სიყვარულს, მტკიცე რწმენას, შეუგინებელ საწოლს... შემდეგ მღვდელი წაიკითხავს წინდობის ორ ლოცვას, რომელშიც ძველ აღთქმიდან გაიხსენება და მაგალითად მოიყვანება მხოლოდ ისააკი და რებეკა. სვიმეონ თესალონიკელი ამას ასე გვიხსნის: ქალთაგან გაიხსენება მხოლოდ რებეკა, რადგანაც ისააკს ჰყავდა მხოლოდ ერთი ცოლი და მან მოიყვანა ის ცოლად თავისი გვარიდან კანონიერი წესითა და შეთანხმებით ცხოვრობდა მასთან. თვითონაც იყო ერთადერთი კანონიერი შვილი აბრაამისა.

ამის შემდეგ მღვდელი ბეჭდებს გაუკეთებს სიძესა და პატარძალს. მღვდელი სამჯერ გამოსახავს ჯვარს ქალს ბეჭდით მამაკაცის თავზე და იტყვის: დაიწინდვის მონა ღვთისა (სახელი) მხევალ ღვთისაზე (სახელი)...

ხოლო მამაკაცის ბეჭდით ქალის თავზე და იტყვის: დაიწინდვის მხევალი ღვთისა (სახელი) მონა ღვთისაზე (სახელი)...

ქალის ოქროს ბეჭედი მიეცემა ჯერ მამაკაცს, როგორც მომავალ ოჯახის თავს და წინამძღვარს, ხოლო ვერცხლისა ქალს, როგორც მამაკაცის თანამოაზრეს, დამხმარეს; ამის შემდეგ ხდება ბეჭდების გაცვლა. გაცვლა ნიშნავს (მამაკაცს მოხსნის და ქალს დააბნევს) ქალის სისუსტეებს მისცემს მამაკაცურ სულს და ამასთანავე მიახვედრებს ქალს, რომ ის უნდა იყოს მამაკაცის თანახმა ყველა საქმეში. სიმრგვალე, რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული, ძველთაგან მარადიულობის სიმბოლო იყო, ბეჭედი კი სიმბოლოა მარადიული სიყვარულისა. სანამ ბეჭედს თითზე მოირგებენ, მეფემ და პატარძალმა სამჯერ უნდა გაცვალონ ისინი, რაც სიმბოლურად ცხოვრების გაზიარებას ნიშნავს. ამის შემდეგ იკითხება ლოცვა და წინდობის წესი მთავრდება მრჩობლი კვერექსით.

ჯვრისწერის წესში ასახულია ოჯახური ცხოვრების ტრადიცია ეკლესიური გააზრების საფუძველზე. მამაკაცისა და ქალის განუყოფელი ცხოვრება წარმოადგენს მოღვაწეობის გზას, მუდმივი წვრთნისა და სწავლების გზას უფლის მცნებებისა. მისი მიზანია ჴ ღვთის დიდება ადამიანთა საქმეებში: ესრეთ ბრწყინავდნენ ნათელი თქვენნი წინაშე კაცთა, რათა იხილნეს საქმენი თქვენნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცასათა... (მთ. 5.16).

სიძე-პატარძალი დგება ანალოგიის წინ ანთებული სანთლებით, ხოლო მღვდელი საცეცხლურით ხელში კითხულობს 127 ფსალმუნს, თან იგალობება ჩასართავი: დიდება შენდა ღმერთო ჩვენო დიდება შენდა.

ფსალმუნის დამთავრების შემდეგ მღვდელი სიძე-პატარძალს უკითხავს სწავლა-მოძღვრებით სიტყვას, სადაც ახსნილია თუ რა არის მეუღლეობის საიდუმლო და როგორ უნდა იცხოვრონ მათ. შემდეგ მღვდელი კითხვებს უსვამს ჯერ სასიძოს: ირთავს თუ არა ის ამ ქალს? ამ კითხვას უსვამენ იმისათვის, რათა მან მიიღოს თავისი პასუხისმგებლობა ოჯახის შექმნისა. ქმარი არის ოჯახის თავი, ქალი მისი დამხმარე. შეჰყავს რა პატარძალი სახლში, მამაკაცმა უნდა გაითავისოს, რომ ის არამარტო ირთავს ამ ქალს, არამედ ის უნდა იყოს პასუხისმგებელი მისი სულის გადარჩენისათვის. ისმება აგრეთვე სხვადასხვა კითხვები ორივესათვის.

ეს კითხვები საჭიროა იმისათვის, რომ ეკლესია გახდეს მოწმე მათი ნებაყოფლობითი ცხოვრებისა, რომ შემდეგ არავინ თქვას, თითქოს ძალით დაიწერეს ჯვარიო.

ჯვრისწერა იწყება ასამაღლებელით: კურთხეულ არს მეუფება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. მშვიდობიან კვერექსში მღვდელი ითხოვს კურთხევას უფლისაგან. შემდეგ სამ ლოცვაში სასულიერო პირი თხოვს უფალს, რათა მან აკურთხოს ეხლანდელი ქორწინება, როგორც აკურთხა აბრაამი და სარა, ისააკი და რებეკა, იოსები და ასინეთი, მოსე და სეფორა, იოაკიმე და ანა, ზაქარია და ელისაბედი. ის თხოვს უფალს დაიცვას ახალშეუღლებულნი ისე როგორც ოდესღაც დაიცვა ნოე კიდობანში, იონა ვეშაპის მუცელში, სამი ყრმა ბაბილონელთა ცეცხლისაგან და მიანიჭოს მათ სიხარული. მღვდელი იგონებს ენუქს, ილიას და ორმოც მოწამეს. მღვდელი თხოვს უფალს როგორც მიანიჭა მათ ზეციური გვირგვინი, ისევე მიანიჭოს ამათაც. გაიხსენება მშობლებიც, რადგანაც მშობელთა ლოცვაც განამტკიცებს ოჯახს. თხოვს რომ მიანიჭოს მათ მშვიდობიანი ცხოვრება, ურთიერთ სიყვარული, ხანგრძლივი სიცოცხლე. თხოვს რათა განმრავლდნენ ისინი როგორც ნაძვი ლიბანისა.

დაამთავრებს რა ლოცვას, მღვდელი შეუდგება საიდუმლოს მთავარი მომენტის ჴ სამების სახელით ქორწინების კავშირის კურთხევას. იგი აიღებს გვირგვინს, აკურთხებს სიძეს შემდეგი სიტყვებით: ჯვარს იწერს მონა ღვთისა (სახელი) მხევალ ღვთისაზე (სახელი) სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ. და დაადგამს მას თავზე გვირგვინს. შემდეგ იმავე სახით ქალს და ამბობს სიტყვას: უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან დიდებითა და პატივითა გვირგვინოსან ჰყავ ესენი. ეს არის ცენტრალური მომენტი ჯვრისწერისა, როდესაც მეუღლეებზე გადმოდის მადლი სულისა წმიდისა. გვირგვინები ქალისა და მამაკაცის თავზე სიმბოლურად განასახიერებენ იესო ქრისტესა და ეკლესიის ქორწინებას. წმიდა იოანე ოქროპირი წერს: გვირგვინები დაედგმებათ მეუღლეებს თავზე გამარჯვების ნიშნად გონივრული ცხოვრებისათვის. ამით ნაჩვენებია, რომ მათ გაიმარჯვეს ვნებებზე ქორწინებამდე და ასეთები მივლენ ქორწინების საწოლთან. მათ გაიმარჯვეს ხორციელ გრძნობებზე. მაგრამ თუ ვიღაცამ შესცოდა და სძლია ხორციელმა გრძნობამ და დამარცხდა, რისთვის უნდა დაიდგას თავზე გვირგვინი? გვირგვინების დადგმით და მღვდლის სიტყვებით: “უფალო ღმერთო ჩვენო, დიდებითა და სიწმინდითა გვირგვინოსან ჰყავ ესენი” ჴ მტკიცდება ქორწინების საიდუმლო. ეკლესია აკურთხებს რა ქორწინებას, მორწმუნეებს წარმოადგენს ახალი ქრისტიანული ოჯახის დამფუძნებლებად ჴ მცირე ოჯახური ეკლესიისა და უჩვენებს მათ გზას ღვთიური სასუფევლისაკენ.

შემდეგ იკითხება სამოციქულო. ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში წმიდა პავლე მოციქული ქალისა და კაცის ქორწინებას ადარებს ქრისტეს და ეკლესიის კავშირს და მიუთითებს მეუღლეთა მთავარ მოვალეობებს. ცხოველი კავშირის გრძნობით ერთმანეთთან, ისინი ხვდებიან რომ “არიან ერთ ხორც” (დაბ. 2,24). მათ დაიწყეს ცხოვრება ქრისტეს სახელით და ქრისტე ჴ მათთან ერთადაა (მთ. 18,20). იოანეს სახარებაში ეკლესია მოუთხრობს ახალშეუღლებულებს კანას გალილეაში ქორწილის შესახებ, სადაც ქრისტემ წყალი ღვინოდ შესცვალა. სახარების შემდეგ წარმოითქმება მცირე მრჩობლი კვერექსი ჴ ვსთქვათ ყოველთა, რომლის შემდეგ მღვდელი კითხულობს ლოცვას და თხოვს უფალს დაიფაროს ისინი მშვიდობით და თანხმობით, დაიცვას უბიწოდ. შემდეგ წარმოითქმება მამაო ჩვენო. ღვინის მიღება სამჯერ ჴ ჯერ მამაკაცს, როგორც თავს, შემდეგ ქალს ჴ განასახიერებს ქრისტეს სასწაულს კანას გალილეაში. ღვინის მიღება ნიშნავს მეუღლეობის განუყოფელ კავშირს. ამიერიდან ქალსა და მამაკაცს საერთო ცხოვრება აქვთ. ერთი ბედი, ერთი აზრი, ერთი სურვილი, ერთი ხორცი... ღვინის შესმა სიმბოლოა იმისა, რომ მათ ჭირშიც და ლხინშიც საზიარო სასმისი უნდა ჰქონდეთ. შემდეგ მღვდელი შეაერთებს ქმრის მარჯვენა ხელს ქალის მარჯვენა ხელთან, ზედ დააფარებს ეპიტრახილს და მათ ზედ კი მის ხელს. ეს ნიშნავს, რომ სასულიერო პირის საშუალებით კაცი მიიღებს ქალს თვით ეკლესიისაგან.

უჭირავს რა თავისი ხელი ზემოდან სასულიერო პირი სამჯერ შემოუვლის ანალოგიას სამების საპატივცემულოდ. გარშემოვლა მუდმივობის ნიშანია. პირველ გარშემოვლაზე გუნდი გალობს: ისაია მხიარულ იყავ... ამ გალობაში განიდიდება ყოვლადწმიდა ქალწული, იმიტომ რომ ახალშექმნილი ოჯახის უპირველესი მფარველი არის დედა ღვთისა. მეორე გარშემოვლაზე იგალობება: წმიდანო მოწამენო... აქ განიდიდება წმიდა მოწამეები და ლოცვით მიმართავენ მათ, რომელთაც დაამარცხეს ვნებები და დაიდგეს გვირგვინი წამებისა. მესამე გარშემოვლაზე იგალობება: დიდება შენდა ღმერთო... მორწმუნეები ამ გალობის დროს გამოდიან მიწიერი აზრებიდან და ხედავენ თავიანთ მეუღლეობაში ღვთიური სიტყვის შეერთებას ადამიანთა მოდგმისადმი. ასევე ეკლესია ადგამს მათ თავზე ხრწნად გვირგვინებს და ამის მაგალითით უჩვენებს მათ რომ მიბაძონ წმიდა მოწამეებს, განდევნონ ყველა ბოროტება ცხოვრებიდან და გაიმარჯვონ, ბოლოს კი დაიდგან გვირგვინი უხრწნელებისა. ანალოგიის სამჯერ შემოვლის შემდეგ სიძე-პატარძალი დადგებიან თავის ადგილას და სასულიერო პირი მოხსნის გვირგვინს. ჯერ სიძეს, შემდეგ პატარძალს, მიმართავს თითოეულს შემდეგი სიტყვებით, სიძეს: განმრავლდინ... პატარძალს: განსდიდენ ვითარცა სარა... შემდეგ სასულიერო პირი კითხულობს ორ ლოცვას. პირველში ის თხოვს უფალს აკურთხოს სიძე-პატარძალი, რათა მათ უხრწნელი გვირგვინები დაიდგან სასუფეველში. მეორეში ის თხოვს ყოვლადწმიდა სამებას მიანიჭოს მეუღლეებს მრავალჟამიერი, მიწიერი და ზეციური მადლი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და ყოველთა წმიდათა ლოცვით.

ამის შემდეგ ხდება განტევება, რომელშიც მოიხსენება მოციქულთა სწორი კონსტანტინე და ელენე ჴ ქრისტიანობის გამავრცელებლები და დიდმოწამე პროკოპი, რომელიც ეწამა მე-4 საუკუნეში და რომელმაც ასწავლა თავის ახლობლებს რომ მხიარულითა და სიხარულით უნდა მიიღონ მოწამეობრივი სიკვდილი, როგორც ქორწინების დროს. ბოლოს ხდება მილოცვა და მთხვევა.

ძველად სიძე-პატარძალი შვიდ დღეს ატარებდნენ გვირგვინს. საერთოდ აღმოსავლეთის ეკლესიაში ყოველი საიდუმლო ან უდიდესი სულიერი ძღვენის მიღების შემდეგ შვიდი დღის განმავლობაში იხსენებდნენ ამ დღეს და ინახავდნენ თავს წმიდად. როგორც მაგ. ნათლისღებისა და მირონცხების შემდეგ თეთრ სამოსელს ატარებდნენ შვიდი დღის განმავლობაში; აღდგომის დღესასწაული გრძელდება შვიდი დღის განმავლობაში; ახლად კურთხეულ ტაძარში შვიდ დღეს განუწყვეტლად ასრულებდნენ ლიტურღიას. მონაზვნები აღკვეცის შემდეგ ვალდებულნი არიან შვიდი დღე და ღამე დასწრებოდნენ მსახურებას და სხვ.

ასე რომ არა ნაკლები მოკრძალება სჭირდება აგრეთვე ქორწინების საიდუმლოსაც. ამიტომაც ეკლესიამ დააწესა მეუღლეთათვის შვიდი დღე, რათა სულიერად განეხარათ. როგორც წმიდა ტობიამ ძვ. აღთქმაში იდღესასწაულა თავისი ქორწილი (ტობ. 11,18).

სასულიერო პირი კითხულობს ლოცვას და კურთხევას აძლევს მეუღლეებს. ის ლოცულობს რომ მათი კავშირი განმტკიცდეს და შენარჩუნდეს დიდხანს. აქ გაიხსენება ისევ მაცხოვრის სასწაული კანას გალილეაში და აღევლინება დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა.

მე-4 საუკუნემდე ლოცვებსა და ეკლესიის კურთხევას ჯვრისწერაზე არ ჰქონდა მკაცრი განსაზღვრული თანმიმდევრობა. ამ ლოცვათა შესრულება დამოკიდებული იყო ეპისკოპოსის ან პრესვიტერის შეხედულებაზე. მე-6 მე-7 საუკუნემდე წინდობის წესი ძლივს თუ გასცდებოდა ერთ რომელიმე მცირე ლოცვისაგან.

მე-9 მე-11 საუკუნემდე საეკლესიო წინდობა დამოკიდებული იყო მეუღლეთა ნება-სურვილზე და სრულდებოდა არა ტაძარში, არამედ სახლში, სადაც მოიწვევდნენ სასულიერო პირს. იმპერატორ ლევ ფილოსოფოსმა დაიწყო (მე-9 ს.) და ალექსი კომნენმა (11 ს.) დაამთავრა რეფორმა ჯვრისწერის სამოქალაქო კანონებზე. მათ დაადგინეს ყველასათვის აუცილებლად არამარტო ჯვრისწერა ეკლესიაში, არამედ წინდობაც.

ამ დროიდან გავრცელდა ჩვეულება აღესრულებინათ წინდობა ჯვრისწერასთან ერთად. ეს წესი საერთო პრაქტიკაში შემოვიდა 11-ე საუკუნეში, როგორც მოწმობს სვიმეონ თესალონიკელი.

აქვე უნდა აღინიშნოს რომ რამდენადაც აუცილებელია ჯვრისწერა ოჯახის ნორმალური აუცილებლობისათვის, იმდენად კარგადვე უნდა გვესმოდეს, რომ მარტო ჯვრისწერით არ მთავრდება ზრუნვა ოჯახური ბედნიერებისათვის. საჭიროა განუწყვეტელი ფიქრი, ზრუნვა ორივე მხრიდან საკუთარი სულისა და ოჯახური კავშირის სრულყოფისათვის. ჯვრისწერა არ არის მაგიური ქმედება ან ჯადოქრობა, რომლის შესრულებითაც ოჯახი უცებ გადაიქცევა სრულყოფილად, არამედ მხოლოდ გვირგვინია ამ სრულებისა და ისევე, როგორც ახალი აღთქმის სხვა ექვსი საიდუმლო, ჯვრისწერა შეიძლება დასასჯელად ექმნას მათ, ვინც მოვალეობის მოხდის თუ სხვა რამე მიზნით უღირსად მიიღებს ამ უდიდეს მადლს.

მეორედ ქორწინების შესახებ:

უძველესი ეკლესია მეორედ ქორწინებას განიხილავდა, როგორც ზნეობრივ არასრულყოფილებას და აღთქმის დარღვევას, რომელიც მისცა პირველ მეუღლეს. ამ მიზეზის გამო ის არ ამართლებდა მეორედ ქორწინების შესრულებას. მეორედ ქორწინება აკრძალული იყო აგრეთვე საეკლესიო მსახურებშიც, რადგანაც როგორც მოც. პავლე გვასწავლის: მღვდელი უნდა იყოს უბიწო, ერთი ცოლისა ქმარ (ტიტ. 1,6).

ეკლესია უარს ამბობდა მიეღო ყოველგვარი მონაწილეობა მეორედ ქორწინების აღსრულებაში და უკრძალავდა სასულიერო პირს მეორედ მექორწინის ქორწილში დასწრებას (ნეოკ. კრებ. მე-7 კან.). მით უმეტეს თეოდორე სტუდიელის სიტყვებით დაუშვებელი იყო სასულიერო პირის ჯვარი დაეწერა მეორედ.

წმიდა ნიკიფორე აღმსარებელი კონსტანტინეპოლის პატრიარქი (მე-9 ს.) ჯვრისწერის აღსრულების სამოქალაქო კანონის 135-ე კანონში ასე გვიხსნის: თუ ქვრივს უნდა მოიყვანოს ქვრივი, მაშინ მან უნდა გამართოს საქორწინო ტრაპეზი, დაუძახოს ათ მეზობელს და მათ წინაშე განაცხადოს: იცით ბატონებო და ძმებო, რომ მე მომყავს ცოლად ეს ქალი. მაგრამ ეს ქორწინება არ მიიღებს კურთხევას ეკლესიური წესების მიხედვით, არამედ ორივე მეუღლეს დაედება ეპიტიმია მეორედ ქორწინებისათვის.

მეორე და მესამე ქორწინებები განიხილებოდა უძველეს ეკლესიაში როგორც უძღების მკურნალობის წინააღმდეგ. მათი შემსრულებლებისაგან მოითხოვებოდა სინანულით თავდადება სინდისის განწმენდისათვის. ორჯერ დაქორწინებულნი განყენდებოდნენ ზიარებისაგან ერთი ან ორი წლით. მესამედ კი 3-5 წლით.

მაგრამ რადგანაც მეორედ დაქორწინება მაინც დაშვებული იყო მოციქულთაგან, მაგრამ მხოლოდ უფლის მიერ: ქალს თუ ქმარი მოუკვდა თავისუფალია, ვისაც უნდა იმას გაჰყვეს, მხოლოდ უფლის მიერ (1 კორ. 7-39), ამიტომაც ეკლესიას (თუმცა ის მეორე ქორწინებას ტოვებს ყოველგვარი კურთხევისაგან) არ შეეძლო არ ეღიარებინა მათ კავშირში საიდუმლოს ხასიათი მადლის იმ ზომიერებით, როგორც განკუთვნილია ყოველი ქრისტიანისათვის და მისი ქორწინებისათვის...

კანონის მკაცრი დაცვა, რომელიც არ უშვებდა არავითარ ეკლესიურ დღესასწაულს მეორედ ქორწინების აღსრულების დროს ჴ შეუძლებელი გახდა ლევ ფილოსოფოსის მიერ ნოველის გამოშვების შემდეგ, რომელმაც დაადგინა ეკლესიური კურთხევა ყოველგვარი ქორწინების კანონის აუცილებლობის პირობად.

ჯერ შემოვიდა ჩვეულებრივად ეკურთხებინათ მეორედ ქორწინებულნი გვირგვინის გარეშე ანუ მათ გვირგვინს თავზე არ ადგამდნენ, რაც არის სიმბოლო ქალწულებრივი სიწმინდისა და გრძნობაზე გამარჯვებისა. შემდეგ ეს წესი აღმოსავლეთში სულ გაქრა განსხვავება პირველ და მეორე ქორწინებაში.

მეორედ ქორწინება აღესრულება შედარებით ნაკლებ დღესასწაულობით, როგორც პირველი.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12144210 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ