მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
18 დეკემბერი 2017  11:57 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
არაგვს
"ღმერთი წრეა, რომლის ცენტრიც ყველგანაა, გარესაზღვარიკი - არსად." -
წმიდა იოანე დამასკელი





Untitled Document

 

ვინ არის სანტა კლაუსი?

 

შობა-ახალი წლის დადგომა ამერიკისა და ევროპის ქრისტიანულ ქვეყნებში სანტა კლაუსის სახელს უკავშირდება. მაგრამ ბევრმა არც კი იცის, თუ ვინ არის სინამდვილეში სანტა კლაუსი ან რატომ დამკვიდრდა იგი ამ სახით. 19 დეკემბერს ახალი სტილით მართლმადიდებელი ეკლესია დიდი სასწაულთმოქმედი წმიდანის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის _ წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღნიშნავს. იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული წმიდანია ქრისტიანულ სამყაროში. განსაკუთრებული თაყვანისცემა წმიდა ნიკოლაუსისა გერმანიაში _ VI საუკუნიდან, რომში კი _ VIII საუკუნიდან დამკვიდრდა. როგორც ცნობილია, წმიდა ნიკოლოზი, განსაკუთრებული ქველმოქმედებითა და მოწყალებით გამოირჩევა. მისი ცხოვრება სასწაულებითაა აღსავსე. ყველასთვის ცნობილია, მაგალითად, თუ როგორ გადაარჩინა წმიდა ნიკოლოზმა ქალაქი მირონლუკია შიმშილისაგან; როგორ დააცხრო ქარიშხალი ლოცვით და პალესტინაში მიმავალი გემი გარდაუვალი დაღუპვისაგან იხსნა; თუ როგორ გადაარჩინა წმიდა ნიკოლოზმა სიკვდილით დასჯას სამი მხედართმთავარი, რომლებსაც ბოროტმოქმედებმა ცილი დასწამეს.

დაბოლოს, საყოველთაოდ ცნობილია ერთი ეპიზოდი წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან. იმხანად წმიდა ნიკოლოზი ქალაქ პატრაში მღვდლად მსახურობდა. მან შეიტყო, რომ ერთ გაღატაკებულ კაცს, რომელსაც სამი ქალიშვილი ჰყავდა და მათი გამზითვება და დაქორწინება არ შეეძლო, _ განუზრახავს მათი საროსკიპოში გაგზავნა და ამ გზით გამდიდრება. ქალწულები ცრემლით ევედრებოდნენ უფალს გამოხსნას ამ საშინელი ხვედრისაგან. ღმერთმა მათ დასახმარებლად მღვდელი ნიკოლოზი გააგზავნა. სამგზის მივიდა მის სახლთან წმიდა ნიკოლოზი და ყოველ მისვლაზე კარის ზღურბლთან ოქროთი სავსე ქისა დატოვა. ასე შეძლო მამამ თავისი სამივე ქალიშვილის გამზითვება. ამგვარად იხსნა წმიდა ნიკოლოზმა სამი ქალწული და მათი მამა საშინელი განსაცდელისგან. სწორედ ამ ეპიზოდმა წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან განაპირობა სანტა კლაუსის დამკვიდრება დასავლურ ტრადიციაში. ასე, თანდათანობით, იქცა იგი დას. ევროპისა და ჩრ. ამერიკის შობა-ახალწლის სიმბოლოდ _ სანტა კლაუსად. შობა ღამეს, წმიდა ნიკოლოზის სასწაულის მოლოდინში, საჩუქრების დასატოვებლად საგანგებოდ წინდებს გამოფენენ ხოლმე. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში შობა ღამეს წინდებსა და ფეხსაცმელს ბუხართან ტოვებენ, რადგან სწამთ, რომ საკვამურიდან სახლში სანტა კლაუსი ან მისი თანაშემწე შემოაღწევს და წინდებსა და ფეხსაცმელში საჩუქრებს ჩააწყობს.

ბავშვების საშობაოდ დასაჩუქრების ტრადიცია გერმანიაში X საუკუნიდან იწყება. იმხანად სამონასტრო სკოლებში წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს "საეპისკოპოსო" თამაშობებს ატარებდნენ: ერთ-ერთი მოსწავლე მღვდელმთავრად იმოსებოდა და თავის თანატოლებს საჩუქრებს ურიგებდა. XVI-XVII საუკუნეებში ეს ტრადიცია გერმანიაში საბოლოოდ დამკვიდრდა. ახლა უკვე "წმიდა ნიკოლოზი" არა მარტო დადის სახლებში ზურგზე მოკიდებული საჩუქრებით სავეს ტომრით, არამედ იგი აუცილებლად ამოწმებს, იციან თუ არა ბავშვებმა კატეხიზმო და დაზეპირებული აქვთ თუ არა ლოცვები და მხოლოდ ამ "გამოცდის" შემდეგ ასაჩუქრებს მათ. წმიდა ნიკოლოზობის დღესასწაულისთვის ბავშვები გულმოდგინედ ლოცულობენ. საღამოს კი კართან ფეხსაცმელებს ტოვებენ და მათში დილით საჩუქრებს მოელიან. თუმცა დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით, პროტესტანტულ რეგიონებში, წმიდა ნიკოლოზის რელიგიური არსი თანდათანობით უკანა პლანზე გადავიდა; სანტა კლაუსის პერსონაჟმა სახეცვლილება განიცადა _ დღეს იგი უკვე მოიაზრება, როგორც ჯადოქარი სინრეკლაასი ან სანტა კლაუსი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეს პერსონაჟი თოვლის პაპად, ნოელემად ან ვაინახტსმანად ყოველთვის როდი აღიქმება.

XX საუკუნის 30-იანი წლებიდან სანტა კლაუსი საზოგადოებრივ ცნობიერებაში დამკვიდრდა, როგორც კომპანია კოკაკოლას სარეკლამო სახე. მას შემდეგ სანტა კლაუსის პერსონაჟი საბოლოოდ აღიქმება ცნობილ თოვლის პაპად. დამკვიდრდა ასევე "სანტას" ტრადიციული ფორმაც: წითელი თეთრბეწვმოყოლებული ხიფთანი, შარვალი და ქუდი. თუმცა წინა საუკუნეებში "საშობაო პაპა" სრულიად სხვაგვარად იყო შემოსილი და ჩიბუხსაც კი აბოლებდა. სწორედ ასეთი პერსონაჟი ფიგურირებს ცლემენტ მოორეს ლექსში "საშობაო პაპის სტუმრობა".

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, თანამედროვე ბავშვების ცნობიერებაში ამჟამინდელი სანტა კლაუსი არანაირად არ უკავშირდება წმიდა ნიკოლოზს.

 

 

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12597997 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ