მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
29 ივნისი 2017  03:22 ქართული შრიფტი


ანა კალანდაძე
* * *
და და მეგობარი მარხვისა არის ლოცვა -
/სულიერი მდელო/





Untitled Document

დოლის ყანა

დოლის ყანა მდებარეობს მდ. იმერხევის ხეობაში, მდინარის მარჯვენა მხარეს, სოფელში სახელწოდებით ჰამამლი. გიორგი მერჩულეს ცნობით, აქ ეკლესია აშენდა წმ. გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის დროს, ხოლო “დოლისყანა მონასტრად უკუნას ქმნა” ე.ი. მოგვიანებით დაარსდა.

როგორც ფასადზე განთავსებული სამშენებლო ნაწერები გვამცნობს, ეს ტაძარი მეფე სუმბატის მეფობის ხანაშია აშენებული, ე.ი. 954-958 წ.წ. შუა, რასაც ძეგლის სტილისტური ანალიზიც ადასტურებს. ვ. ბერიძე მიიჩნევს, რომ მეფე სუმბატის დროს გადაკეთდა ან ხელახლას აშენდა წმ. გრიგოლის დროინდელი ეკლესია. დღეს სამონასტრო მიწის ზემოთ აღარაფერი ჩანს. თავად ეკლესია კი კარგად არის დაცული, რაც იმითაა გამოწვეული, რომ აქ უკანასკნელ დრომდე მუსლიმანური სალიცავი-ჯამე იყო განთავსებული.

დოლისყანის ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობის ტაო-კლარჯეთში ფართოდ გავრცელებული ვარიანტია, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდითა და დამხმარე სათავსებით: დას-ით მას აქვს მინაშენი, ხოლო სამხრეთით- გალერეა; ორივე ძლიერ დანგრეულია, ჩრდილოეთით კი ეკლესიას ვიწრო, გრძელი სათავსო ედგმის. როგორ ჩანს, ყველა ეს სათავსო ეკლესიის თანადროულია. ეკლესია აგებულია ზერელედ, გათლილი ქვის კვადრებით, ხოლო კონსტრუქციული ნაწილები – კარი, სარკმელის წირთხლები და მთლიანად გუმბათი კარგად გათლილი ქვის კვადრებითაა მოპირკეთებული. გუმბათის ყელს, როგორც შიგნიდან ისე გარედან, 12-12 თაღისაგან შემკული თაღნარი ამკობს, რომლებიც ინტერიერში თითო, ხოლო ექსტერიერში შეწყვილებულ პილასტრებს ეყრდნობა.

დოლისყანის ფასადები გამოირჩევა სკულპტურული რელიეფის სიმრავლითა და მრავალფეროვნებით. მათგან გამორჩეულია სამხრეთი მკლავის სარკმელი, რომლის გასაფორმებლად ოსტატს თითქმის ყველა იმ დროს ცნობილი ხერხისა და საშუალებებისათვის მიუმართავს. კერძოდ, მოგრძო სარკმელს დაცილებით ადგას მკვეთრად წამოწეული თავსართი – მცენარეული ორნამენტით დაფარული სათაური, ხოლო თავად სარკმლის თავზე ორ ფასადზე ნახევარწრიულად გაშლილია ორსტრიქონიანი ლამაზი ასოთმთავრული წარწერა; “ქრისტე, ადიდე მეფე ჩვენი სუმბათ მზეგრძელობით” წარწერასა და თავსართს შორის სხვადასხვა ფერის ყვითლად და წითლად შეღებილი სოლოსებრი ქვებია რადიალურად განლაგებული – ხერხი, რომელიც ესოდენ პოპულარულია ტაო-კლარჯეთის სამშენებლო სკოლაში. თავად სარკმლის წირთხლები კარგად გათლილი ქვის კვადრებით არის გამოყვანილი და ზემო აღნიშნულ დეტალებთან ერთად ხაზს უსვამს სარკმლის გამორჩეულობას კედლის საერთო სიბტყეზე. სარკმლის შუა წელზე ორივე მხრივ წარწერებიანი ფიგურული რელიეფებია განლაგებული; მარცხნივ-მიქაელ მთავარანგელოზის ფეხზე მდგომი ფიგურაა, მარჯვნივ უფრო ფართო ფილაზე –გაბრიელ მთავარანგელოზი, მის წინ ნახევარფიგურა მედალიონში –გაბრიელ დეკანოზი, რელიეფების ოსტატი, ხოლო მათ ქვემოთ – ურო. მარცხნივ – ღია ფერის ქვაზე ამოკვეთილია ღვთისმშობლის მცირე ზომის ხატისებრი გამოსახულება. მარჯვნივ კი – ექვსქიმიანი ვარსკვლავი - დავითის ფარი. მთელი ამ სისტემის ზემოთ ჯვრის ორნამენტირებული გამოსახულება. ეკლესიის გუმბათის ჩრდილო-აღმოსავლეთ წახნაგზე მოთავსებულია მაღალი ფიგურული რელიეფი ქვითკირისა ეკლესიის მოდელით ხელში და შესაბამისი წარწერით: “ქრისტე ადიდენ მეფე ჩვენი სუმბათ”. ეკლესიის ფასადებზე არის სხვა რელიეფებიც. სამხრეთ კედელში ჩადგმული ფილა – მზის საათი 2003 წ. გაუჩინარდა.

დოლისყანის მთავარი ტაძარი შიგნით ბოლო დრომდე ორ სართულად გაყოფილი, პირველ სართულზე ხოჯას თივის საწყობი ჰქონდა. სწორედ აქ, საკურთხევლის ნახევარწრიულ კედელზე საკმაოდ კარგად არის შემონახული კედლის მხატვრობის I რეგისტრი მრავალი წარწერითურთ.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 10139011 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ