მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
27 ივნისი 2017  16:48 ქართული შრიფტი


დალილა ბედიანიძე
ჩემს სულიერ მოძღვარს
"თუ ღმერთთან ერთად ხარ, ნებისმიერი ადგილზე გაქვს სახლ-კარი და სამშობლო, ღვთის გარეშე კი სახლიცა და მამულიც გადასახლება და ტყვეობაა." -
წმ.ტიხონ ზადონელი





Untitled Document

ჯვრის მონასტერი იერუსალიმში

შუა საუკუნეების ქართული რელიგიური და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი საზღვარგარეთ, პალესტინაში. დაარსა ქართველმა მოღვაწემ გიორგი პროხორე შავშელმა საქართველოს სამეფო კარის მხარდაჭერითა და დახმარებით XI ს. 30-50-იან წლებში. მდებარეობდა იერუსალიმის სამხრეთ-დასავლეთით (ახლა ქალაქის გაზრდის გამო მის ფარგლებში). გადმოცემით, მონასტრის ადგილას მოჭრილი ხისაგან გააკეთეს ჯვარი, რომელზეც თითქოს ქრისტე აცვეს. ჟვრის მონასტერი ქართულ სავანეთა აღიარებული ცენტრი გახდა. 1071 წ-ს იერუსალიმის აღებისას, მონასტერი დაარბიეს და ნაწილობრივ დაანგრიეს თურქ-სელჩუკებმა. XII ს-ში მეფე დავით აღმაშენებლის მხარდაჭერით აღადგინეს, განაახლეს და მოხატეს. ეგვიპტის სულთნის სალადინის (სალაჰ ად-დინი) მიერ იერუსალიმის დაპყრობის შემდეგ (1187წ) მონასტერი კვლავ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. თამარის მეფობის ხანაში (1184-1213წწ) არაერთხელ გაუწიეს დახმარება, ხოლო 1192წ-ს საგანგებო ელჩობა მიავლინეს მისი მატერიალური და უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. საქართველოს სამხ. – პოლიტ და ეკონ. პოტენცია მნიშვნელოვნად განაპირობებდა ჯვრის მონასტრის პრივილეგიების შენარჩუნებასა და მის შემდგომ დაწინაურებას. 1273წ-ს მეფე დავით VIII-ის მცდელობით იგი ქართველებს დაუბრუნდა. მონასტერი აღადგინეს და განაახლეს. 1400 წ-ს ჯვრის მონასტერი კვლავ დაარბიეს. XV ს-ში მონასტერს მატერიალური დახმარება გაუწიეს ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილმა და მზეჭაბუკ ათაბაგმა. მონასტერში აღმშენებლობითი საქმიანობა გააჩაღა სერაპიონ კუმურდოელმა. 1516 წ-დან მას შემდეგ, რაც პალესტინა ოსმალებმა დაიკავეს, მონასტერს ნაწილობნრივ შეეკვეცა უფლებები. XVII ს-ში ქართველთა ყურადღება ჯვრის მონასტრისადმი გაიზარდა. 40-იან წლებში აქ დიდი აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა (ნიკიფორე ირბახი). სამეგრელოს მთავრის ლევან II დადიანის მატერიალური დახმარებით შეაკეთა მთავარი ტაძარი. მოახატვინა კედლები, გუმბათი და სხვა., 1684 დავალიანებული მონასტერი დაიხსნა ქართლის მეფე გიორგი XI-მ. XVII ს-ის დასასრულს ჯვრის მონასტერი სხვა ქართულ სავანეებთან ერთად იერუსალიმის საპატრიარქოს დაექვემდებარა. 1855 წ. აქ ბერძნული სასულიერო სემინარია გაიხსნა, რომელიც 1908 წლამდე მოქმედებდა. ბერძნული სამღვდელოება ჩქმალავდა ჯვრის მონასტრის ქართულ კულტურასთან კავშირსა და ქართველთა მოღვაწეობის ფაქტებს, ფრესკები საგანგებოდ შეათეთრეს 1948-58 წწ-ში ისრაელის ჯარის ნაწილი იდგა მონასტრის ტერიტორიაზე.
1960 ჯვრის მონასტერში იმყოფებოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპედიცია.

ჯვრის მონასტერში დაარსებისთანავე გაიშალა ლიტერატურულ-საგანმანათლებლო მუშაობა, რომელიც ჯერ კიდევ გიორგი-პროხორემ წამოიწყო. აქ მოღვაწეობნენ მწიგნობრები და კალიგრაფები: მიქაელ დვალი, იოანე დვალი. შავი იოანე, გაბრიელ საყვარელი (XIს), მიქაელ გვირგენის ძე (XIIს). გადმოცემით, აქ  მოღვაწეობდა შოთა რუსთაველიც (მთავარ ტაძარში სვეტზე შემონახულია მისი ფრესკული პორტრეტი, XII-XIII სს. მიჯნ.). ჯვრის მონასტერში შეიქმნა უცნობ ავტორთა ჰაგიოგრაფიული თხზულებანი ,,პროხორეს ცხოვრება“, ,,ლუკას წამება“, ,,ნიკოლოზ დვალის მარტვილობა“ და სხვა. შედგა კრებულები, გამრავლდა ხელნაწერები.

ჯვრის მონასტერი მაღალი ზღუდით შემოვლებული ხუროთმოძღვრული კომპლექსია. ზღუდის შიგნით სამ და ოთხსართულიანი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებია. მთავარი ტაძრის გუმბათი ეყრდნობა ოთხ სვეტზე ამოყვანილ თაღებს.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 10126124 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ