მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
18 აგვისტო 2017  23:19 ქართული შრიფტი


ილია ჭავჭავაძე
ბაზალეთის ტბა
"მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს" -





Untitled Document

ანჩისხატი

VI საუკუნეში აგებული ანჩისხახის ეკლესია მდებარეობს თბილისის ძველ უბანში, მტკვრის მარჯვენა მხარეს. იგი “მოქცევაი ქართლისაის” ქრონიკაში მოხსენიებული “მარიამ წმიდაი ეკლესიაი” უნდა იყოს, რომელიც ვახტანგ გორგასლის ძის, დაჩი უჯარმელის მეფობის დროს აუგიათ. სამნავიანი ბაზილიკა თლილი ქვითაა ნაშენი (თავდაპირველი ფენა). კედლების ზედა ნაწილები და ყველა შიდა ბოძი აგურისაა (XVII ს. რესტავრაცია). ეკლესია თაღების საშუალებით ნავებად იყოფა. აფსიდა, ნავებს შორის ამოყვანილი ერთ-ერთი თაღედი და ღია ლუნეტები დასევლეთისა  და ჩრდილოეთის შესასვლელების თავზე ნავისებური ფორმისაა. თავდაპირველი სამი წყვილი ბოძისგან დღეს ორია შემორჩენილი.

“ანჩისხატი”ეკლესიას XVII საუკუნეში უწოდეს, როცა 1664 წელს, კლარჯეთში მაჰმადიან დამპყრობელთა დამკვიდრების შემდეგ, თბილისში ანჩის მონასტრიდან ჩამოიტანეს ქართული ოქრომქანდაკებლობის შედევრი, ბექა ოპიზარის მიერ მოჭედილი “მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი” (XII-XII სს.) და საპატრიარქოს საკათადედრო “ეკლესიასა ღვთისმშობლისასა”დაასვენეს.

1675 წელს დომენტი კათალიკოსმა აღადგინა ანჩისხატი და აქვე აგურის ორსართულიანი სამრეკლო ააგო. 1683 წელს ეკლესია ნიკოლოს კათალიკოსის თაოსნობით მოხატეს. აღა-მაჰმად-ხანის  შემოსევისას დაზიანებული ეკლესია XIX საუკუნის დასაწყისში აღადგინეს.  1814 წელს კი ხელმეორედ მოხატეს. იმავე საუკუნის 70-იან წლებში ეკლესიას ახალი გუმბათი დაადგეს და მრავალსართულიანი სამრეკლო მიუშენეს. 1958-1964 წლებში, სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარებისას, ეკლესიაში ნაგებობის უძველესი შრეები გამოჩნდა. ძეგლი ნაწილობრივ განთავისუფლდა გვიანდელი დანამატებისაგან: მოანგრიეს გუმბათი და სამრეკლო, მოიხსნა XIX საუკუნის შიდა კედლის მხატვრობის ნაწილი და ანჩისხატს დაახლოებით ისეთივე სახე დაუბრუნდა, როგორც XVII საუკუნეში ჰქონდა.

ერეკლე II-ის მეფობის დროს ანჩისხატთან დაარსდა აკადემია, რამაც სავანე კულტურულ-საგანმანათლებლო კერად აქცია. აქ გადაიწერა მრავალი ძველი ხელნაწერი, შეადგინეს ახალი ნუსხები, აღიზარდა სამეცნიერო-ლიტერატურული დარგის მოღვაწეები, განსაკუთრებით მესხიშვილთა ოჯახისა, რომელმაც არაერთი მწიგნობარი მისცა ქართულ კულტურას (ალექსი, დავითი, სოლომონი, ნიკოლოზი, გიორგი, ტარასი და სხვები).

იოანე ანჩელის მიერ ხოტბაშესხმული ,,გალობანი ანჩისხატისანი” და ბექა ოპიზარის მოჭედილი ,,მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი” არამარტო ანჩისხატის ეკლესიის, არამედ შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშებია.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 11519363 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ