მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
18 აგვისტო 2017  23:22 ქართული შრიფტი


ილია ჭავჭავაძე
(ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია)
"თუ ღმერთთან ერთად ხარ, ნებისმიერი ადგილზე გაქვს სახლ-კარი და სამშობლო, ღვთის გარეშე კი სახლიცა და მამულიც გადასახლება და ტყვეობაა." -
წმ.ტიხონ ზადონელი





Untitled Document


ბათუმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი

ბათუმში XIX საუკუნის სამოციან წლებში აშენებული წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, ამ უძველეს ქრისტიანულ კუთხეში თურქთა ბატონობის ბოლო ჟამის დადგომის მაუწყებელი აღმოჩნდა. ურთულეს პოლიტიკურ და რელიგიურ გარემოში, მართლაც, ღვთის წყალობა იყო ოტომანთა იმპერატორის თანხმობა მართლმადიდებლური ეკლესიის აშენებაზე. ცნობილია, რომ თურქის სულთანს ბათუმელთა დელეგაციამ იორდანე მეტაქსას ხელმძღვანელობით იუბილეზე საჩუქარი მიართვა, რის შემდეგაც თავის მოკრძალებულ სურვილზე თანხმობა მიიღო. ძნელი სათქმელია რა იყო ეს, პოლიტიკურად გააზრებული ნაბიჯი თუ უზენაესის ნების ქვეშეცნეულად დამორჩილება. ძვირფასი საჩუქრით მოხიბლული თურქ-პოლიტიკოსის მიერ  გაცემული ნებართვა იმ ტოტის მოჭრას ჰგავდა, რომელსაც თურქეთის იმპერია, ამ კუთხეში ეყრდნობოდა.

ნიშანდობლივია ისიც, რომ შემდგომ ეს ტაძარი კომუნისტური რეჟიმის უსასტიკეს წლებს გადაურჩა და ქალაქის სხვა დანგრეული, გაპარტახებული ეკლესიებისაგან განსხვავებით მხოლოდ 10-12 წლით დაიხურა. წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიამ საკუთარ თავზე აიღო გაღვიძებისთანავე ჩახშული ქრისტიანული სულის აღდგენა და შენარჩუნება.

წინა საუკუნის სამოციან წლებში ბათუმში, ბერძნების ქუჩაზე მდებარე მოქალაქე ეფრემიდის ეზოს ნაკვეთი სამშენებლო პოლიგონს დაემსგავსა. ტაძრის მშენებლობისათვის ქვები ტრაპეზუნდიდან ჩამოიტანეს. სწრაფი ტემპით დაწყებული მშენებლობა თურქეთის მთავრობამ შეაჩერა, რადგან იმ დროისათვის გრანდიოზულმა ქვის ნაგებობამ დამპყრობლებზე ციხე-სიმაგრის შთაბეჭდილება დატოვა. საბედნიეროდ, მშენებლობის პროცესი დიდი ხნით არ შეფერხებულა. თურქეთის მთავრობასთან შუამდგომლობა იკისრა  რუსეთის ვიცე კონსულმა ჯუდიჩმა, საგულისხმოა, რომ ჯუდიჩის დიდი ღვაწლზე მიანიშნებს ქართველი მეცნიერი დიმიტრი ბაქრაძე, ხოლო რუსი მოგზაური ა. ფრენკელი მას წმიდა ნიკოლოზის ტაძრის ერთადერთ მფარველად მოიხსენიებს.

წმიდა ნიკოლოზის ტაძრის მშენებლობა 1865 წელს დასრულდა, რასაც ეკლესიის ფასადის წარწერა გვაუწყებს, 1871 წლს ეკლესიაში პირველი ლოცვა აღევლინა. სამწუხაროდ, ვერ მოვიპოვეთ ცნობა იმის შესახებ, თუ ვინ აღასრულა პირველი ლიტურგია ახლადგახსნილ ტაძარში.

1878 წელს თურქეთისაგან განთავისუფლებულ ქალაქში რუსის ჯარის შემოსვლა წმიდა ნიკოლოზის ტაძრის ზარის საზეიმო ახმიანებამ აუწყა ბათუმის მცხოვრებთ. როგორც თვითმხილველები აღნიშნავენ. ახლადაშენებული ეკლესია იმ პერიოდის ბათუმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენდა. ”ეს ეკლესია კარგად არის აგებული. უმნიშვნელო გამონაკლისის გარდა, თითქმის მთელი შენობა ქვისაა. ინტერიერი კი ღარიბია და მის შეკეთებას გარკვეული ხარჯები სჭირდება” - წერს ა. ფრენკელი.

ტაძრის რემონტისათვის თანხის შეგროვება 1895 წელს დაიწყეს. დადებითად გადაწყდა მასზე სამრეკლოს მიშენების საკითხიც. 1894-1898 წლებში ეზო-მიდამო ეკლესიის საკუთრებაში გადავიდა, რის შემდეგაც ტაძრის ტერიტორიაზე ვაჟთა და ქალთა სკოლები გაიხსნა.
1898 წელს წმიდა ნიკოლოზის ტაძრის დაქვემდებარებაში შევიდა ‘ოროლისთავში მდებარე ქვით ნაშენი წმიდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესია.

მეოცე საუკუნის დასაწყისში კუნძულ ხიოსის ბერძნებმა ეკლესიას სამი დიდი ხატი შესწირეს - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, წმიდა ნოკოლოზისა და წმიდა გიორგის.
როგორც ვხედავთ, მეცხრამეტე საუკუნის 90_იანი წლები ჩვენს კუთხეში მართლმადიდებლობის აღზევებაზე ზრუნვით აღინიშნა. ამ პერიოდისათვის ბათუმის ოლქის საეკლესიო ცხოვრებას გურია_სამეგრელოს ეპისკოპოსი განაგებს.  ”კავკასიური კალენდრის” პერიოდული გამოცემა გვამცნობს, რომ 1890 წლიდან ბათუმის ოლქის მთავარი მღვდელი სიმონ ქიქოძეა, 1892 წლიდან კი მღვდელი ალექსანდრე რალცევიჩი, 1896 წელს წმიდა ნიკოლოზის სახ. ეკლესიის მღვდლად აკურთხეს კონსტანტინე ცანდეკოვი. 1901 წელს გურია_სამეგრელოს ეპისკოპოს გრიგოლის კურთხევით, ბათუმის ოლქის ბლაღოჩინი ხდება. 1907 წლიდან კი ეპისკოპოსის წარმომადგენელია ქალაქის მმართველობაში. მღვდელი კონსტანტინე 1917 წლის ჩათვლით წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში მოღვაწეობდა. აჭარის სახელმწიფო არქივის ფონდებში აღმოჩნდა მღვდელ კონსტანტინეს და მასთან ერთად მოღვაწე მღვდელ მიხეილ მანოსის ბიოგრაფიები.

ბათუმ_შემოქმედის ეპარქიის შექმნის შემდგომ, 1920_1935 წლებში, წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარში წირვა_ლოცვას აღავლენდნენ მიტროპოლიტი გიორგი (ალადაშვილი), ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე), ეპისკოპოსი ნესტორი ('უბანეიშვილი) და მიტროპოლიტი იოანე (მარგიშვილი). ეპისკოპოს დავითის დროს, 30_იან წლებში დაიხურა აღნიშნული ეკლესია. 1931 წლიდან აჭარის საბინაო მეურნეობის დადგენილების თანახმად, ეკლესიათა შენობები სახელმწიფო საკუთრება გახდა. 1941 წლის 11 თებერვალს, აჭარის სახკომსაბჭოსთან არსებული შესაბამისი კომისიის ბრძანების მიხედვით^ ბერძნული ეკლესიიდან მთელი რიგი საღვთისმსახურო ნივთები და წიგნები აჭარის სახელმწიფო მუზეუმს გადაეცა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბათუმელმა ქალბატონებმა - თამარ ნაკაშიძემ და ელიზავეტა კოტიდიმ, ეკლესიის გახსნის შესახებ მთავრობასთან შუამდგომლობა სთხოვეს უწმიდესსა და უნეტარესს, პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე). უმაღლესი მთავრობის თანხმობის შემდეგ, 1948 წელს, წმიდა ნიკოლოზის სახ, ტაძარში წირვა აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს_პატრიარქმა კალისტრატემ.

1935 წლიდან, 18 წლის მანძილზე ბათუმში ეპისკოპოსი არ ყოფილა. 1935 წლიდან, პატრიარქად აღსაყდრებამდე, ბათუმ_შემოქმედის ეპარქიას მიტროპოლიტი ეფრემი (სიდამონიძე) მართავდა. 1963 წელს კი კათოლიკოს_პატრიარქ ეფრემ მეორეს კურთხევით, წმ. ნიკოლოზის ტაძარში მსახურება დაიწყო მღვდელ_მონაზონმა ილიამ (შიოლაშვილი). შემდგომში უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს_პატრიარქი ილია მეორე ბათუმ_შემოქმედის ეპარქიაში 1967 წლამდე მოღვაწეობდა. წმ. ნიკოლოზის ტაძარში მსახურების დროს იგი იღუმენის, შემდგომ კი არქიმანდრიტის ხარისხში იქნა აყვანილი. 1963_1967 წლებში იგი ამ ეპარქიის გამგებელი გახლდათ.

1961 წელს წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში დაიწყო მოღვაწეობა არქიმანდრიტმა ხარიტონმა (ტუდოვში). იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ეკლესიის წინამძღვარი იყო.

სხვადასხვა დროს წმ. ნიკოლოზის ტაძარში მოღვაწეობდნენ%
1955_1964 წწ. --- დეკანოზი ვასილი (ტაბატაძე)
1956_1965 წწ. --- მღვდელი ალექსეი (სობჩუკი)
1967_1973 წწ. --- მღვდელი ინდისი (ნუცუბიძე)
1970_1987 წწ. --- მღვდელი გრიგოლი (სვანაძე)
1986_1988 წწ. --- მღვდელი დავითი (შიოლაშვილი) (ამჟამად ბათუმისა და ქობულეთის მთავარეპისკოპოსი)

1998 წელს, ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოს დიმიტრის (ამჟამად ბათუმისა და ქობულეთის მთავარეპისკოპოსი) ლოცვა_კურთხევით და ბატონ ზურა ჯაიანის თაოსნობითა და ფინანსური დახმარებით ჩატარდა ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები. შეკეთდა ტაძრის ექსტერიერი და კეთილმოეწყო ეზო.

1999 წელს, აწ განსვენებულ ბატონ ოლეგ გალოგრეს ფინანსური დახმარებითა და ბატონ ალექსანდრე ახვლედიანის ხელმძღვანელობით მოხდა ტაძრის ინტერიერის განახლება, ჩამოიყარა არსებული მოხატულობა და ბათქაში, ძველი, ხის კანკელის ნაცვლად დაიდგა ახალი, ვარდისფერი ტუფის ქვის კანკელი, დაიგო იატაკი გრანიტის ფილებით, გაფართოვდა და კეთილმოეწყყ'ო ტაძრის ეზო, ამჟამად მიმდინარეობს ტაძრის მოსახატი სამუშაოები.

 

 

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 11519363 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ