მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
22 აგვისტო 2017  21:38 ქართული შრიფტი


ლადო ასათიანი
პაპიჩემის ლექსებიდან
"რა გავაკეთო, რომ უფალს ვაამოთ? - ჰკითხეს წმინდა ანტონი დიდს. მან უპასუხა: "სადაც არ უნდა იყო, ყოველთვის თვალწინ გყავდეს მამაზეციერი; რა საქმითაც არ უნდა დაკავდე, ნახე, იწონებს თუ არა ამას წმიდა წერილი." -





Untitled Document

დედმამიშვილობა

იყო და არა იყო რა. იყო ორი ძმა. ძმების სიყვარულის ამბავი არაკად დადიოდა სოფლიდან სოფელში. უერთმანეთოდ ლუკმას არ გატეხდნენ. ბრგე ახოვანმა ვაჟკაცებმა საქმეც კარგი იცოდნენ და მოლხენაც.

უფროსი ძმა ქვისმთლელი იყო, უმცროსი ხეზე მუშაობდა. ლოცავდა სოფელი მათ გამჩენ დედას და მათ მარჯვენას. მარჯვენა დედასაც სანაქებო ჰქონდა. ქალი არაჩვეულებრივად ქარგავდა. ყველა ოჯახის დღესასწაულზე ძვირფას საჩუქრებად ითვლებოდა მისი ნახელავი.

სოფლის ლამაზმანები შენატროდნენ ყმაწვილებს, თუმცა უფროსი ბიჭის არჩევანმა  ყველა გააოცა. "შეხედულებით არ ბრწყინავს, მაგრამ სული აქვს ლამაზიო," - ამბობდა ხოლმე დედამთილი რძალზე. ჰოდა, ამ ლამაზი სულის პატრონმა ოჯახიც ლამაზად ააწყო და ორი ქალიც აჩუქა უფალმა.

ხარობდა და ამაყობდა დედა შვილებით.

სოფლის შუაში კლდოვანი გორაკი იყო აღმართული. კლდის ნაპრალიდან იღებდა სათავეს დიდი, ბობოქარი მდინარე და გაღმა-გამოღმა ნაწილად ჰყოფდა მას.

მთის მეორე მხარეს, დაბლობში ტყიან, ჭაობიან ადგილზე საცალფეხე ბილიკი გადიოდა, რომელიც ერთმანეთს აერთებდა ორივე განაყოფს. გორაკის მოსწორებული ადგილიდან, სოფელს წმინდა ნინოს ქვით ნაგები ეკლესიის ნანგრევები დაჰყურებდა. უახლესი სალოცავი სოფლიდან ოც კილომეტრზე დაშორებული, კლდეში გამოკვეთილი ერთაწმინდის ეკლესია იყო.
ამ მხარეში სუსხიანი ზამთარი იცოდა. ჭირდა შორ გზაზე გამგზავრება. ღვთისმოსავმა ხალხმა გადაწყვიტა საყდარი აღედგინათ. ძმებიც სიხარულით ჩაერთვნენ უფლის სადიდებელ საქმეში.

ერთ დღეს უმცროსმა ძმამაც განაცხადა, - ცოლი მომყავსო. მისი რჩეული მდინარის გაღმა ცხოვრობდა. ულამაზესი, მდიდარი ოჯახის დედისერთა ქალი პატარძალობისათვის ემზადებოდა. გულით კეთილია, მაგრამ ხასიათი აქვს ჭირვეული და ენა მწარეო, - ჩამოიტანეს ამბავი მეზობლებმა.

დედამ რჩევა მისცა შვილს:
- შვილო, საკუთარი ბედ-იღბალი უპირველესად შენი გადასაწყვეტია, მაგრამ დედის რჩევა კეთილად შეგეწევა. დედისერთა ქალი დედმამიშვილურ სიყვარულს ვერასოდეს გაიგებს, არც მშობლებს დატოვებს და შენს ნატვრაში უნდა ამომხდეს სული. ენა გულისთქმას გადმოსცემს, ავი სიტყვის მთქმელს კი უფლის წყალობა არ ექნებაო.

ბიჭმა დაამშვიდა დედა:
- ნუ გეშინია, ყველაფერს ეშველება, ხასიათსაც გამოვუცვლი და მის მწარე ენასაც დავატკბობო.

გადაიხადეს ქორწილი. დედამ შვილებს თავისი ხელით, მძივებით მოქარგული, წმინდა ნინოს ჯვარი აჩუქა და დალოცა ოჯახი: - გფარავდეთ ამ ჯვრის მადლიო.
დედის წინათგრძნობა ასრულდა. გაჰყო დედამ ქონება, წაიღო უმცროსმა ძმამ თავისი წილი და გადავიდა ცოლის სახლში საცხოვრებლად. წლის თავზე ძეობაც იზეიმეს.
გავიდა დრო. ეკლესიის აღდგენა გაჭიანურდა. ხან ადიდებულ მდინარეს მიჰქონდა ხიდები და სოფელში მიმოსვლა თვეობით წყდებოდა, ხანაც უმცროსი ძმა ვერ იცლიდა.

ერთ დღეს დედამ იგრძნო სიკვდილის მოახლოვება, იხმო შვილები და უთხრა:

- გასაყოფი რაც მქონდა ისე გაგიყავით, რომ გული არც ერთს არ დაგწყვეტიათ. გახსოვდეთ:

- ყველაზე მეტად ვისაც უყვარდით, ეს მშობლებია. ყველაზე მეტად ვინც გიყვართ – შვილებია და ღმერთმა გიცოცხლოთ – ისინი, მაგრამ არის კიდევ ერთი ძლიერი გრძნობა ამ უდიდეს გრძნობებს შორის, - ეს დედმამიშვილური სიყვარულია.

ქალს სუნთქვა უჭირდა და ჩურჩულით, დამარცვლით ლაპარაკობდა:

- ჩვენი წინაპარი თურმე მეფე თამარის კარზე მსახურობდა. მისი ერთგული სამსახურისთვის მადლიერებით აღვსილმა მეფემ საჩუქრად აი, ეს ბეჭედი უბოძა.
ქალმა აკანკალებული ხელებით ცხვირსახოცში საგულდაგულოდ გახვეული ბეჭედი უბოძა.

- თაობიდან თაობას ეს ბეჭედი მზითვად გადაეცემოდა. ვისაც გაუჭირდებოდა, გაყიდვის უფლება ეძლეოდა. მე ღმერთმა ბიჭები მიწყალობა. გაჭირვება ბევრი მინახავს, მაგრამ რა იცით, ცხოვრება მძიმეა და თუ რომელიმეს დაგჭირდებათ, ბეჭედი ისე გაყიდეთ რომ ერთმანეთის ხინჯი გულში არ ჩაიდოთ.

ექვსი თვე ბეჭედი ერთის ოჯახში იყოს, მეორე ექვსი თვე - მეორის ოჯახში. ამით ერთმანეთსაც არ დაჰკარგავთ და მეც ხშირად მომიგონებთო, - თქვა და სული განუტევა.
შეასრულეს დედის ანდერძი შვილებმა. ყოველ ექვს თვეში იყო ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა, ერთმანეთის ჭირისა და ლხინის გაზიარება და სიყვარულის განმტკიცება.
გავიდა დრო. უფროსი ძმა ჰხარობდა თავის ცოლ-შვილში, არც უმცროსი უჩიოდა  ბედს. შვილი ქალაქში გაამგზავრა სასწავლებლად, ცოლის სურვილით ძველი სახლი დაანგრია და ახლის მშენებლობა წამოიწყო.

იმ ზამთარს საშინელი ყინვები დაიჭირა, დიდი თოვლიც მოვიდა. უმცროსმა ძმამ იავადმყოფა. გაზაფხულზე მდინარეები ადიდდა, წყალმა ხიდები წალეკა.
ბეჭედი ექვსი თვით უფროს ძმას ჰქონდა სახლში.
ერთ დღეს შეკაზმა ცხენი უმცროსის ცოლმა და ქმარს უთხრა:

- შენ ნაავადმყოფარი ხარ, მე ტყით გადავალ სოფელში და ბეჭედს წამოვიღებო.

წავიდა ქალი და თან ჰფიქრობს:

- ჩემს მაზლს ორი ქალიშვილი ჰყავს. გათხოვდებიან და ბედს ეწევიან. ჩემი შვილი მალე ცოლს მოიყვანს, სახლი კი დასამთავრებელი მაქვს. ამაზე მეტი ჩემს ცხოვრებაში რა უნდა გამიჭირდეს? ჰოდა, გავყიდი დედამთილის დანატოვებ ბეჭედს და სულს მოვითქვამო.

გაუხარდა კაცს რძლის სტუმრობა. ერთმანეთი მიიკითხ-მოიკითხეს. ძმის ავადმყოფობის ამბავმა, კაცი მეტად დაანაღვლიანა…

- ცოლ-შვილი სად გყავსო, - ჰკითხა ქალმა.
- ქალაქში გავუშვი საყიდლებზე და ერთ კვირაში დაბრუნდებიანო, - მიუგო მაზლმა.
ივახშმეს და ქალმა ბეჭედი მოიკითხა.

- ბეჭედი, ჩემო რძალო, გავყიდე. ძალიან გამიჭირდა. დიდთოვლობაზე ვეღარ გადმოვედი თქვენთან რომ შემეტყობინებინა, თანაც არ მინდოდა ძმას გული ტკენოდა ჩემი გასაჭირით.
- გაყიდეო? გადაირია ქალი. – რას ქვია გაყიდე. მაგის გაყიდვას მე ვაპირებდი და შენ როგორ დამასწარიო,- იყვირა გაანჩხლებულმა და ისედაც დაცარიელებულ სახლში რაც ხელში მოყვა, ყველაფერი იატაკზე დაანარცხა და დაამსხვრია.
მერე შეახტა ცხენს და უკან მოუხედავად მოჰკურცხლა.
ქმარი მოუთმენლად ელოდა ძმის ამბის გაგებას.
ქალი ისე აფთარივით შევარდა სახლში, კაცს კინაღამ გული გაუსკდა.

- ხომ მშვიდობაა? - იკითხა შეშინებულმა.
- მშვიდობაა? - შეუყვირა ქალმა. - აი, შენი დედმამიშვილი, კაცმა რომ გკითხოთ, ერთმანეთისათვის სულს არ დაიშურებთ. ბეჭედი კი შენს დაუკითხავად გაუყიდია იმ უნამუსოს.
- ბეჭედი გაუყიდიაო? - ამის გაგონებაზე შეშფოთდა კაცი.
- რაო, რა სთქვა, რა გამიჭირდა ასეთიო?
- რაში მაინტერესებს რა გაუჭირდა. ცოლ-შვილი კი გაუშვია საყიდლებზე ქალაქში. მზითევი უშველის მაგის მახინჯ შვილებს? - არ ცხრებოდა ქალი. მერე კედელზე დაბრძანებულ დედამთილის ნაჩუქარ წმინდა ნინოს ჯვარს გახედა და თქვა: ხვალვე წავალ სალოცავში, უფალს შესაწირს მივუტან და ხატზე გადავცემ მაგ უღმერთოებს.
- მუხლის ჩოქვით, ფორთხვით წადი. გგონია, რომ მრისხანებაში მყოფს, მოყვასის ავად მახსენებელს უფალი შეგისმენს? ნუთუ არ იცი, რომ "მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული", ჯერ ცოდვით დამძიმებული სული განიწმინდე და მერე შესაწირს ეგ მწარე ენაც ზედ დაადევი, ეგებ შენც გეშველოს და ჩვენცაო, - მიაძახა კაცმა, მყისვე კარები გამოიხურა, ცხენს მოახტა და ტყისკენ გააქანა.
- ვაი, შენს უბედურ ძმას, რა გაგიჭირდა ისეთი, რომ ჩემმა გულმა ვერ იგრძნო. ნუ გეშინია ძმაო, მოვდივარ და გვერდში ამოგიდგებიო, - ფიქრებით გულდამძიმებული თავისთავს ელაპარაკებოდა კაცი.
ცოლმა ქმრის წასვლის შემდეგაც ბევრი იყვირა, იტირა. ცოტა რომ დაწყნარდა, გონს მოეგო და შეშინებულმა გაიფიქრა:
- ვაი ჩემს თავს, ძმებმა ჩემი გულისათვის ერთმანეთს რამე არ დაუშავონო.
აისხა საჩქაროდ იარაღი, გულში ჩაიკრა დედამთილის ნაჩუქარი წმინდა ნინოს ჯვარი, შეახტა ცხენს და ქმარს დაედევნა.

* * *

რძალი რომ გაისტუმრა, უფროსი ძმა გვიან ჩაუკვირდა მის სიტყვებს. "ბეჭედი ჩვენ უნდა გაგვეყიდაო. ალბათ ჩემს ძმას რაღაც უჭირს, მე კი მიმალავენო", - გაიფიქრა, ისიც მოახტა ცხენს და გაუყვა გზას.
დაბინდდა. მიჰქრის უმცროსი ძმა და ცხენი სიბნელეში ძლივს იკვლევს გზას.
უცებ ცხენი ბილიკს აცდა, წაბორძიკდა, თავი ვერ შეიკავა, პირდაპირ ჭაობში გადაეშვა და ნელ-ნელა იწყო ჩაძირვა.
კაცი ცხენზე შედგა და მთელი ხმით დაიყვირა:
- მიშველეთ, თუ ხართ აქ ვინმე სულიერი.

ღამის სიჩუმეში უმცროსი ძმის შემაძრწუნებელ ყვირილზე უფროსმა ძმამ ცხენს დეზი ჰკრა, სვლას აუჩქარა.
მთვარის შუქით განათებულ ჭაობში ჩავარდნილი ძმა რომ დაინახა, მთელი ძალით დაეძგერა იქვე მდგარ ხეს, ფესვებიანად ამოგლიჯა და ძმისკენ გადააწვდინა.
- ნუ გეშინია ბიჭო, იქნებ ხეს ხელი ჩასჭიდო და ნელ-ნელა ჩემსკენ წამოწიო.
- ფეხები მოყინული მაქვს. ადგილიდან ვერ ვიძვრიო, - უპასუხა სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა ძმამ.
ბევრი ეცადა უფროსი ძმა ხის ნაპირზე ამოგდებას, მაგრამ ვერ შეძლო. გრძნობდა ძალა ეცლებოდა ხელებში, მერე ცალი ხელი ცხენის ლაგამს ჩაავლო, მოქაჩა და ხის ფესვებში ჩახლართა.
დრო გადიოდა, საშველი არ იყო.
- ვხედავ, სუნთქვა გიჭირს, გულმა არ გიმტყუნოს ბიჭო. მე ახლა ხელებს გავუშვებ ამ ხეს, ეტყობა ჩემი სავალი გზა აქ მთავრდება. შენი იმედი მაქვს, რომ ჩემ ცოლ-შვილს არაფერს მოაკლებ: - სევდიანად თქვა უმცროსმა ძმამ.
- მაგას ნუ იზამ ძმაო, ჩემი ხასიათი ხომ იცი, მეც თან გადმოგყვები და ორივეს დაგვექცევა ოჯახი. ცოტაც მოიცადე, კაცთმოყვარე უფალი არ გაგვწირავს, - გაამხნევა უფროსმა.

* * *

ამ დროს ცხენიდან ჩამომხტარი, სიბნელით შეშინებული ქალი ნელ-ნელა მიუყვებოდა ბილიკს.
- კარგი ძმაო, ცოტა დავისვენოთ, ღონეს მოვიკრებ - გარკვევით მოესმა ქალს ნაცნობი ხმა და ბუჩქებში დაიმალა.
- ჰო, დაისვენე და ძალაც მოგეცემა.
- ის მითხარი, რა გაგიჭირდა ასეთი, რომ ბეჭედი გაყიდე? როგორ არ შემატყობინე, ბიჭო შენი გასაჭირი, ბეჭედი კი არა სახლსაც გავყიდდი და ჩემს სიცოცხლესაც ზედ დავადებდი შენი გულისათვის.
- გეტყვი, მაგრამ ჯერ შენ ხელები მაგრად ჩასჭიდე მაგ ხეს - შეეხმიანა მეორე.

- იმ დღეს, შენი ბიჭი ქალაქში რომ მიდიოდა, გზად კლდე ჩამოექცა. ბევრი დაშავდა, ბიჭი ცოცხალ-მკვდარი მეორე დღეს დამტვრეული იპოვეს. მე შემატყობინეს. მაშინვე ქალაქს მივაშურეთ მე და ჩემმა ცოლ-შვილმა, არ გვინდოდა, თქვენ გაგეგოთ, დედამისი შეგვეცოდა.

"ეს რა მესმის, მიგიკვდეს დედა," - გულში მჯიღს ირტყამდა ბუჩქებში ჩამალული ქალი და სიმწრისაგან კბილებს მაგრად უჭერდა ენას.
- გავიტანე ყველაფერი სახლიდან და გავყიდე - გააგრძელა უფროსმა ძმამ, მაგრამ ვერ აუვედი ხარჯს. ბიჭის გადასარჩენად განა რაიმეს დავიშურებდი? თანაც ქალაქში სამი სულის შენახვა, ჰოდა გავყიდე ბეჭედი, ამაზე მეტი რაღა უნდა გამჭირვებოდა? ეგ არაფერი, მთავარია ბიჭი გადაგვირჩა.
უმცროსი ძმა ცრემლებში იხრჩობოდა.

ამ დროს ქალმა ორი მანათობელი წერტილი დალანდა. ხედავს მგელი მიპარვია ზურგიდან დაჩოქილ კაცს და ნახტომისთვის ემზადება. ქალმა იარაღისკენ წაიღო ხელი. მაგრამ მიხვდა, რომ გასროლას ვერ მოასწრებდა. რა ჰქნას, მგელი რომ უფროს ძმას დაეძგეროს, უმცროსი ჭაობში ჩაიხრჩობა და ორივე დაიღუპება. სიმწრისაგან კიდევ უფრო მაგრად დააჭირა ენას კბილები, პირში სისველე იგრძნო, ძლიერი ტკივილისაგან გონება წამით დაებინდა. მერე სწრაფად მოვიდა აზრზე და ენის მოგლეჯილი ნაწილი მგელს გადაუგდო. მგელი ადამიანის სისხლის სუნზე დაიძაბა და მერე სწრაფად დაეძგერა ხორცის ნაჭერს. ქალმა დრო იხელთა და იარაღი დაახალა ნადირს. ცხენი დაფრთხა. ყალყზე შედგა. ლაგამი დაიჭიმა და მასზე ჩახლართული ხის ფესვები ზემოთ აქაჩა. უფროსი ძმა შორს მოისროლა, უმცროსი კი მოწყვეტით დაეცა მიწაზე. ქალი ცხენს მოახტა და გაუჩინარდა.
დაბნეული ძმები ვერ მიმხვდარიყვნენ, რა მოხდა. თუმცა რაიმეს გარკვევის თავი ვის ჰქონდა. ერთმანეთს ჩაეხვივნენ, მოახტნენ ცხენებს და გაუყვნენ სახლისაკენ მიმავალ გზას.
იმ დღიდან ქალი აღარ გამოჩენილა. სად არ ეძებეს, მაგრამ მის გზაკვალს ვერსად მიაგნეს.

გავიდა დრო. იმ უბედურ დღეს, ჭაობის ცივმა წყალმა ერთი ფეხი დაუავადმყოფა კაცს და ამიტომ უჭირდა სიარული.
ცოლს რომ ვერსად მიაკვლია, გაყიდა თავის სახლ-კარი და შვილთან ერთად ისევ ძმის გვერდით დასახლდა. იმ დღიდან მის სახეზე ღიმილი არავის უნახავს.
გაზაფხულდა. ძმებმა დაიწყეს ეკლესიის აღდგენაზე მუშაობა. დღე და ღამეს ასწორებდნენ, მთელი სოფელი გვერდში ედგათ.
დადგა საყდრის კურთხევის დღე. დაიძრა ახლო-ახლო სოფლებიდან ქრისტიანები სალოცავდ წმინდა ნინოს ეკლესიისაკენ. შესაწირიც უხვად მოჰქონდათ: ხატები, ჯვრები, საეკლესიო ნივთები.
უფროსი ძმა სამრეკლოს წინ იდგა და გულმოკლული შესცქეროდა უმცროსი ძმის ნაღვლიან სახეს. მერე საყდრისკენ გაემართა სალოცავად.
წმინდა ნინოს ხატთან მუხლი მოიყარა და … რას ჰხედავს?
ხატის გვერდით ნინოწმინდის ჯვარი იყო დაბრძანებული, ცხონებული დედამისის ხელით მოქარგული. კარგად დააცქერდა, ხომ არ მეშლებაო. "თითქოს ის არის, მაგრამ ეს ლოცვა რომ არ იყო მასზე ამოქარგული არც სისხლის წვეთები შემიმჩნევია," - გაიფიქრა და ნაქარგი ლოცვა ხმამაღლა წაიკითხა: "შეგვიწყალე, ბრწყინვალეო ლამპარო, ბნელსა შინა დაშთომილთა სულთა ჩვენსა განმანათლებელო".
დაბნეულმა კაცმა თვალისცეცებით დაუწყო ძებნა მოძღვარს. დაინახა იგი, მიუახლოვდა და მორიდებით ჰკითხა:
- მამაო, ხომ არ იცით ვინ მოჰქარგა წმინდა ნინოს ჯვარი და ვინ შემოსწირა ეკლესიას?

- ეგ ცოდვილის სისხლის განბანილი ჯვარია. შვილო ორი დღის სავალზე მაცხოვრის ეკლესიაა. იქ ერთი მუნჯი მორჩილი მსახურობს. მეტად სათნო, ღვთისმოსავი და სიკეთით სავსე ქალია. ჯვარი ვისი ნახელავია არ ვიცი, ლოცვა კი თავისი ხელით ამოუქარგავს და მისივე თხოვნით შემოგვწირა დღეს მრევლმაო - მიუგო მოძღვარმა.

მეორე დღეს უფროსმა ძმამ, სთხოვა უმცროსს, მაცხოვრის ეკლესიაში წამყევი სალოცავადო.
ციცაბო კლდეზე მხოლოდ საცალფეხო ბილიკი ადიოდა. კაცებმა ცხენები სადგომში დატოვეს.
- ამ გზას მე როგორ ავივლიო? - დანაღვლიანდა ფეხმტკივანი უმცროსი ძმა.

მაშინ უფროსმა ხელში აიყვანა დევივით კაცი და სუნთქვა გახშირებული აუყვა ბილიკს.
ეკლესიის ეზოდან ლამაზი, თვალცრემლიანი ქალი გზას გადაჰყურებდა, მადლობას სწირავდა წმინდა ნინოს მისი ლოცვის შესმენისათვის და შენატროდა ყველას, ვისაც დედმამიშვილური გრძნობის განცდა მოჰმადლა უფალმა.

ძმებმა ბილიკი აათავეს. ეზოს შუაგულში ქალი იდგა და თავი მორჩილად დაეხარა. კაცმა ხელები ნელა დაუშვა ძირს. უმცროსი ძმა ქალს დააცქერდა, ერთხანს უყურა, მერე სახიდან ნაღველი, სევდა სადღაც გაუქრა და სიხარულით გაცისკროვნებულმა ისე გაიარა ქალსა და მის შორის საკმაოდ დიდი მანძილი, თითქოს ფეხი არასოდეს სტკენოდა.

ქანცგამოცლილი, ძმის სიხარულის ნატრული და სასწაულით გაოგნებული უფროსი ძმა მუხლებზე დაეცა და ზეცას შეჰღაღადა: "გმადლობ შენ, უფალო, მამაო მოწყალებისაო და ღმერთო ყოვლისა ნუგეშისცემისაო".

 

ავტორი
მადონა ნატრიაშვილი

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 11587261 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ