მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
22 აგვისტო 2017  21:38 ქართული შრიფტი


ალექსანდრე ჭავჭავაძე
ისმინეთ, მსმენნო
"ღმერთი წრეა, რომლის ცენტრიც ყველგანაა, გარესაზღვარიკი - არსად." -
წმიდა იოანე დამასკელი





Untitled Document

 

დაფლვა მიცვალებულისა

 

ორ სოფელს შუა გზა მთის ძირში გადიოდა. მიდის ბიჭი და გული უჩვეულო სითბოთი ევსება. საიდანღაც ძაღლის ყმუილი ისმოდა. ცოტა ხანში ყვავ-ყორნებს ავისმომასწავებელი ჩხავილიც გაისმა. ზეცას ახედა. ბიჭმა გზა იცვალა და საძოვრებს ზემოთ აჰყვა. ხედავს კაცი აგდია მკვდარი. გვერდით დიდი, ბომბორა მეცხვარე ძაღლი ზის და საცოდავად ყმუის. უპატრონოდ მიმოფანტული ცხვრები კი გულისწამღებად ბღავის.
_ ალბათ გული გაუსკდა საწყალს. რა ვქნა, რა გზას ვეწიო, საიდან გავიგო, რომელ სოფელში ცხოვრობდა მწყემსი? სანამ პატრონს მოვძებნი, ფრინველი დაძიძგნის, ისედაც მოუსწრიათ ჩანისკარტება, თავის თავს ელაპარაკებოდა ბიჭი. ძაღლმა ყმუილი შეწყვიტა და ისე გულდასმით უსმენდა ბიჭს, თითქოს კითხვებზე პასუხის გაცემას აპირებსო. აქვე პატარა სამწყემსო ქოხი იდგა.
ბიჭი შიგ შევიდა, რკინის ძალაყინს მიაგნო, _ ეტყობა, ამის ჭირისუფალი მე უნდა ვიყოო, თქვა და დაიწყო მიწის თხრა.
ძაღლი ხან ბიჭს ულოკავდა ხელებს და ხან პატრონს სახეს. კარგა ღრმად გათხარა მიწა. მერე ლოცვები წაიკითხა. მიცვალებული გააპატიოსნა, სხეულს კი სამუდამო ბინა მიუჩინა.
ქოხში ერთი დოქი ღვინო იპოვა. კაცს ჭიქა წაუქცია, მერე აიღო კომბალი, მოუყარა თავი ცხვარს, აქეთ მიიხედა, იქით მოიხედა, მაგრამ ძაღლი ვერსად იპოვნა, სადღაც გამქრალიყო. დაეშვა მთიდან. გზაზე ორი კაცი შეხვდა.
_ საით გაგიწევიაო, _ ჰკითხა ერთმა.
_ მთის საძოვარზე მწყემსი მომკვდარა, დავმარხე და ფარა სოფელში მიმყავსო _ მიუგო ბიჭმა.
_ ჯერ ერთი, ეგ ფარა ამ სოფლის კი არა, იმ სოფლისაა, მეორეც, რას ჰქვია მომკვდარა და დამარხე. ძაღლი სადღააო? _ შეეკითხნენ.
_ ძაღლი სადღაც აქ იყო, თვალსა და ხელს შუა გამიქრა. ვეძებე და ვერსად მივაკვლიეო _ ალალად უთხრა ბიჭმა.
_ ვის ატყუებ შე უსინდისო, მწყემსაც შენ მოჰკლავდი და ძაღლსაც. სტაცეს ხელი ბიჭს და სულ სირბილ-სირბილით ჩაიყვანეს სოფელში.
_ გაგიჟდით ხალხნო, ღმერთი არა გწამთ, ჩემს ცხოვრებაში ბუზი არ მომიკლავს და კაცსა და ძაღლს მოვკლავდიო? _ თავს იმართლებდა ბიჭი.
სოფელში შესვლისთანავე ორივე კაცმა ერთად მორთო ყვირილი:

_ მეზობლებო გამოდით, მოგვხედეთ, მწყემსის მკვლელი დავიჭირეთო, _ გამოცვივდა ხალხი. ატყდა წივილ-კივილი. იმდენი ურტყეს ბიჭს, კინაღამ სული გააძვრეს.

მერე გამოჩნდა ერთი ღვთისნიერი, რომელმაც ხალხი დააშოშმინა და თქვა: გამთენისას მწყემსის შვილი დაბრუნდება ქალაქიდან და სამართალი იმან გაარჩიოსო. ამაღამ კი ბიჭი ხეზე მივაბათ რკინის ჯაჭვითო.
დაღამდა. ხეზე მიბმული ბიჭი ჰხედავს ბუმბერაზი მთიდან წმინდა გიორგის გუმბათიანი, საოცრად ლამაზი ეკლესია დაჰყურებს თავზე.
_ რა ახლოს ყოფილხარ? დაილოცოს შენი მადლი. რისთვის მომაბეს ასეთი განსაცდელი? ნუთუ ყვავ-ყორნების დასაჯიჯგნად უნდა დამეგდო იმ პატიოსანი კაცის სხეული? მერე როგორ მოვსულიყავი შენთან, როგორ მეთქვა, წმინდა გიორგი შემიწყალე _ თქვა. ვიცი, უნდა მოვითმინო ეს უსამართლობა. ჰოდა, მეც ვითმენ. უსასოოს, დაღლილ-დაქანცულს რული მოეკიდა. ძილ-ღვიძილში მყოფს, მოეჩვენა თითქოს ციდან ვარსკვლავი მოწყდა. გულზე სიმძიმე იგრძნო. _ ის ვარსკვლავი ალბათ მე დამეცაო, _ გაიფიქრა. უნდოდა მოეცილებინა ეს სიმძიმე, მაგრამ ძალაგამოცლილი ხელებს უაზროდ იქნევდა.
მერე ღრმად ჩაეძინა.
_ არა ძმებო, ამ კაცს არ მოუკლავს მამაჩემი. კარგად იცით, ბომბორა მე არ მიკარებდა ახლოს და მამაჩემის მკვლელს ჩაეხუტებოდა? _ ჩაესმა ჩაძინებულს.
ბიჭმა ამ სიტყვების გაგონებაზე თვალები გაახილა, თავს ოცამდე კაცი დასდგომოდა, გულზე სიმძიმეს ისევ გრძნობდა. თავი წამოსწია და ჰხედავს, ვეება, მეცხვარე ძაღლი მის გულმკერდზე გაწოლილიყო, გატრუნულიყო და მოთმინებით ელოდა მის გაღვიძებას.
_ დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა! მადლობა წმინდა გიორგი, _ ეკლესიისკენ აღმართა ხელები ბიჭმა. შენაც მადლობა, ჩემი სიმართლის მუნჯო მოწმევ, უთხრა ძაღლს და გულში ჩაიკრა ერთგული მეგობარი.
ერთი კვირა ბიჭი სოფლიდან არ გაუშვეს. ყველა ოჯახის სანუკვარი სტუმარი იყო. მერე სოფლიდან გააცილეს და პირობა ჩამოართვეს, უკანა გზაზე აუცილებლად გვინახულეო.
მთა, რომელზედაც წმინდა გიორგის ეკლესია იდგა, ხშირი ფოთლოვანი ტყით იყო დაფარული. საყდრისაკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეს, ჩუქურთმებიანი ღობით შემოვლებული ორსართულიანი სახლი იდგა. ეზოს, ოცამდე, ასწლიანი კაკლის ხე ჩრდილავდა. იქვე, პატარა ღელე ჩამოედინებოდა.
ბიჭი ეზო­ში შევიდა და წყალს დაეწაფა. მხარზე ხელის შეხება იგრძნო.
_ აქ შემოსვლა არ შეიძლება, ვინა ხარ შვილო? _ ჰკი­თხა უცნობმა მო­ხუცმა.
_ მეც არ ვიცი, ვინა ვარ და საიდან მო­ვდივარ.
_ ვისია ეს სახლ-კარი, ბა­ბუ? _ შეეკითხა ბიჭი.
_ ერთი თავადის. ამ სოფლიდან ქალაქამდე რაც ადგილ-მამულია, მას ეკუ­თვნოდა. ეშმაკის მონამორჩილი, წარმავალ წუთისოფელზე შეყვარებული და კაცთმოძულე კაცი იყო ცხონებული. მძიმე განსაცდელმა, რომელიც თავისი ნებით დაატეხა თავს, უფლისკენ მოაბრუნა. სულით და ხორცით მოინანია ცოდვები. ალბათ, აპატია უფალმა, რადგან ბოლოს, ხალხის უზომო სიყვარული და სითბო დაიმსახურა. რაც კი რამ ებადა, ეკლესიას შესწირა და გლახას დაურიგა. სიკვდილის წინ კი ანდერძი დატოვა: ამ სახლის პატრონი უფლის შეწევნით უსათუოდ დაბრუნდება და მიმიხედეთო. ჰოდა უვლის და პატრონობს სოფელი.
_ ქალიშვილი როდის გარდაეცვალა? _ იკითხა ბიჭმა.
_ იმ უბედური დღის შემდეგ, როცა თავადმა შვილიშვილი ძიძასთან ერთად გახიზნა სამშობლოდან, ქალს ამ სახლში ფეხი არ დაუდგამს, ეკლესიაში ცხოვრობს.
_ ცოცხალია? _ ძლივს ამოილუღლუღა ბიჭმა, მერე ადგილს მოსწყდა და მსწრაფლ საყდრისკენ გაეშურა.
თეთრწვერა მოძღვრის სახიდან მადლი იფრქვეოდა.
_ მშვიდობა შენს მობრძანებას შვილო, _ მიუალერსა მოხუცმა.
  ბიჭი ხელზე ეამბორა მას.
_ ვიცი, რისთვისაც მოხვედი. შენი განვლილი გზის ყოველი მისხალიც კარგად ვიცი. ბევრი ტანჯვა და დამცირება გამოიარე, მაგრამ როგორც ჭეშმარიტმა ქრისტიანმა, ყველაფერი მორჩილად დაითმინე. არც არის გასაკვირი. შენი გამზრდელი ძიძა, ხომ სულით ხორცამდე ქრისტიანი იყო.
ყველა სოფელში სიყვარულით გელიან. დედმამიშვილებიც შეიძინე, მეგობრებიც და გულის სატრფოც ამოირჩიე.

ჰხედავ, როგორ ყვავილობს სიყვარულის ყვავილი? ამ მოკლე გზაზე შენ სულიწმინდის მადლით აღივსე. ახლა კი წინ დიდი, გრძელი და უფრო მძიმე გზა გაქვს გასავლელი. ისე გევლოს, რომ ეს მადლი არ დაგეკარგოს. მუდამ იცოდე რომ უფლის სამსახურში იდგე.

ბიჭს გული შეუქანდა, დაღლილ-დაქანცულს ნეტავ კიდევ სად მიშვებენო და მორიდებით იკითხა:
_ მოძღვარო, საით მიდის ჩემი გზა?
_ ცის სასუფეველისაკენ, შვილო, _ მშვიდად მიუგო მოძღვარმა.
_ რა, ვკვდები მამაო?
_ უფალმა დაგიფაროს შვილო, ახლა ცოცხლდები. შენ, თავადის ერთადერთმა მემკვიდრემ, უნდა იტვირთო შენი ტვირთი. როგორც აქამდე იარე, იმ გზაზეც ისე გევლოს, გაჭირვებულისათვის ზურგი არასოდეს შეგექციოს.
 ბიჭი თვალების ცეცებით ეძებდა ტაძარში მყოფთა შორის სანუკვარ სახეს. წმინდა სამების ხატის წინ ლამაზი, შავებში ჩაცმული ქალი მდუმარედ იდგა და თავი დაეხარა.
ბიჭი მას მიუახლოვდა. ქალმა თავი ასწია და ცრემლიანი მზერა მიაპყრო მას
_ როგორი სითბოთი სავსე თვალები გქონია დედა _ აღმოხდა გულის სიღრმიდან. მერე სამების ხატის წინ დაემხო და ადიდა უფალი.
`სასოება ჩემდა მამა, შესავედრებელად ჩემდა ძე, მფარველ ჩემდა სული წმიდა, სამებაო წმიდაო, დიდება შენდა~.
თეთრ ცხენებშებმული, თეთრი ფაეტონი ყველა სოფელში ჩერდებოდა და ბიჭი სიყვარულის ყვავილებს უხვად ჰკრეფდა.
ტყის მცველის სახლის წინ ხალხის ტევა აღარ იყო.
ნეფე-დედოფალს ელოდებოდნენ. თუმცა სახლი სადღა ჩანდა?

სიყვარულის ყვავილებს ბაღნარად ექციათ იქაურობა.

 

 

 

ავტორი
მადონა ნატრიაშვილი

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 11587261 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ