მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
26 ივნისი 2017  03:14 ქართული შრიფტი


საიათნოვა
ზოგ-ზოგი კაცი
"ჩვენი სული ღვთისგანაა და მხოლოდ ღმერთში შეუძლია ჰპოვოს მან დამშვიდება და ნეტარება" -





Untitled Document

სიყვარულის ყვავილი

სოფელს ტყე სამი მხრიდან რკალივით შემორტყმოდა.
ტყის შუაგულში დიდი მწვანე ველი გულაღმა გაწოლილიყო და მკლავები ფართედ გაეშალა. ერთი ხელით პატარა ღელეს ეფერებოდა, მეორეთი წმინდა ნიკოლოზის ეკლესიას.
ტყის პირას, სოფლის გასაყართან, ხის ქოხი იდგა.
ერთ დროს აქ ტყის მცველი ცხოვრობდა ცოლ-შვილით.
სოფელში ამბობდნენ კაცს, ცოლად თავადის ასული ჰყავდაო, რომელსაც თურმე ისე შეჰყვარებია კაცი, რომ მდიდრულ ცხოვრებაზე, მამის მიერ არჩეულ შესაფერის საქმროზე უარი უთქვამს და აქ, ამ პატარა ქოხში დასახლებულა, ბიჭიც შეძენიათ.
ერთხელ, სახლში დაბრუნებულ კაცს, ცოლ-შვილი აღარ დახვედრია. მთელი ცხოვრება ეძებდა უგზო-უკვლოდ დაკარგულებს და მათ ნატრულს ამოხდენია სული.
ალბათ, ნადირმა მოი­ტაცა დედა-შვილიო, - ამბობდნენ სოფელში.
ერთ მზიან დილას ქალაქიდან ამოსულმა მაღალმა, ლამაზმა ბიჭმა ქოხის კარები შეაღო და მზის სხივებს ნატრულმა კედლებმა გაიხარეს, მგონი პატრონი გამოგვ­იჩნდაო. მათ მართლაც პატრონი დაუბრუ­ნდათ. ბიჭი დასახლდა მამისეულ კარ-მიდამოში. თავი­სთვის, მარტო, უჩუმრად ცხოვრობდა. მალე კარგი სახლი ააშენა, შემოგარენი ააყვავა, საქონელი, ფრინველიც მოამრავლა. თუმცა ღობის გადმოღმა არავის არ უშვებდა და სალამსაც არავის აძლევდა. ისე იქცეოდა, თითქოს სოფელს რაღაცას ერჩისო. მისი კოპწია კარ-მიდამო ეკლესიიდან ხელისგულივით მოჩანდა.
დილა-საღამოს ბიჭი ეზოში მუხლმოყრილი, ეკლესიისკენ ხელაპყრობილი მხურვალედ ლოცულობდა.
ბიჭს სახლის წინ ულამაზესი ბაღი ჰქონდა გაშენებული. რა ყვავილს არ ნახავდა კაცის თვალი იქ.
ბაღის სანახავად ხალხი სხვა სოფლებიდანაც ჩამოდიოდა და შორიდან ტკბებოდა მისი სილამაზით.
ერთხელ ბიჭი, ალიონზე, ჩვეულებისამებრ ლოცულობდა და თან ღაპაღუპით ცვიოდა ცრემლები. ჰხედავდა, ბაღის ყველა ყვავილს თავი ჩაექინდრა, ზოგი მიწაზეც განრთხმულიყო.
ლოცვის შემდეგ ბიჭი მოეფერა ყვავილებს, მიუალერსა, მაგრამ მიხვდა, რომ მათ ვეღარაფერს უშველიდა. მან სახლის კარები გამოიხურა და ეკლესიისკენ გაემართა.
ეზოში მოძღვარი შემოეგება.
- გახმა ხომ, შვილო ყველა ყვავილი?
- აქედან დაინახეთ? - ჰკითხა გულმოკლულმა ბიჭმა.
- ჰო. იმასაც ვხედავ როგორ ლოცულობ ყოველ დილა-საღამოს. ისიც კი ვიცი, შესაწირსაც რომ უხვად ტოვებ საყდრის კარებთან. რატომ ეკლესიაში არ შემოდიხარ,  "ეკლესიასა შინა აკურთხევდით უფალსა"
- ხალხს ვერიდები მამაო. ცოდვილ სოფლისას არც ავს ვკითხულობ და არც კარგს. მეც ჩემი ყოფით არც არვის ვაწუხებ და არც არვის ვვნებ.
- შენი თავის გარდა, - ღიმილით უთხრა მღვდელმა. - ეგ ნათლობის ჯვარი, ყელზე რომ გკიდია, მე გიკურთხე, როცა მოგნათლე. იმ დღიდან ვლოცულობ შენზე და ვიცოდი ოდესმე მოხვიდოდი უფლის მადლით ჩემთან.
- სოფელს რას ერჩი, რა დაგიშავა? მამაშენმა კარგად იცოდა, რომ ეგ ცოდვა ადამიანმა ჩაიდინა. ადამიანმა, რომელსაც მან მხეცი უწოდა. თუმცა სოფელს კი არ განუდგა, პირიქით, უფრო დაუახლოვდა მას და დიდი ტკივილი უფლის და მათი წყალობით გადაიტანა.
ბიჭი გულისყურით უსმენდა. მერე ნუგეშის მოლოდინით დაეკითხა:
- მოძღვარო, თქვენ ეგებ ისიც იცით, რატომ დაჭკნენ ჩემი ყვავილები?
- ვიცი, როგორ არ ვიცი, - პირჯვარი გადაიწერა მოძღვარმა.
ამ მხარეში სანამ ბაღის გაშენებას დაიწყებს კაცი, ჯერ სიყვარულის ყვავილს თესავს. ის თუ გაიხარებს, მაშინ ბაღიც აყვავდება.
- სიყვარულის ყვავილი ხომ ვარდია? ჩემს ბაღში ვარდის თითქმის ყველა სახეობა ხარობდა - გაიკვირვა ბიჭმა.
- არა შვილო, ვარდი ეკლიანად უკარებაა. ამ ყვავილს კი ეკალი არა აქვს. თუ ნიადაგი ნოყიერია, მისი თესლი ადვილად ღვივდება, უხვად ყვავილობს და მოსაწყვეტადაც ადვილია, მაგრამ მისი თესლია ძნელად საშოვნი.
- სად შეიძლება ვიშოვო, მითხარით და დღესვე წავალო, - წამოიძახა ბიჭმა.
- ოოო… ეგ არც ისე იოლია, მისკენ მიმავალი გზა მეტად ძნელადსავალია, - მრავალმნიშვნელოვნად უპასუხა მოძღვარმა. ამ გზას ხომ ჰხედავ? ჩვენს სოფელს რომ გაივლი, ერთი დღის სავალი უდაბნო უნდა განვლო. მერე ხუთი პატარა სოფელი შეგხვდება. მეექვსე სოფელში მდელოს ზემო ნაწილში, კლდოვან გორაკზე, თლილი ქვით ნაშენები წმინდა გიორგის ტაძარი დგას, გარშემო ქვიტკირის გალავნით შემორტყმული. საყდრის წინამძღვარი თეთრწვერა, ღვთისმსახური მოხუცი მოძღვარია. მას მიმართე, სიყვარულის ყვავილის თესლს ის მოგცემს, დაგლოცავს და უკან მშვიდობით დაბრუნდები. წადი, გფარავდეს უფლის მადლი. ეს გზა ფეხით უნდა გაიარო და კარგად დაიმახსოვრე, გაჭირვებულს ზურგი არ აქციო, - დაარიგა მოძღვარმა, აკურთხა და პირჯვარი გადასახა. ბიჭმა სახლ-კარს გახედა.
- თვალი უკან ნუ გრჩება შვილო, ნუ გახდები მონა შენივე ხელით შექმნილის, საკუთარი სიამოვნებისთვის ბევრი გიშრომია. მარხვა, მოწყალების გაცემა, უფლისთვის სათნოა, მაგრამ სულიწმიდის მადლი დაგიკარგავს. წადი, ჩემი დარიგება შეასრულე და აქაურობა შენ რომ ტოვებ, იმაზე უკეთესად დაგხვდებაო.

სწავლება უმეცართა

გაუდგა ბიჭი მიმავალ გზას. თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ მხარეში დასახლდა და სოფელში ნამყოფიც არ იყო. სარჩო-სანოვაგეზე საპირისპირო გზით ყოველთვის ქალაქში ჩადიოდა. აუყვა ორღობეს. პირველივე მოსახლეს ოჯახიდან ქალის განწირული კივილი გაისმა.
- მიშველეეთ.
ბიჭი ჭიშკარს მივარდა, კარები ვერ გააღო. მერ რის ვაივაგლახით ღობეზე გადაძვრა და სახლში შევარდა. ჰხედავს ორი ახალგაზრდა ქალი ერთმანეთს თმებში ჩაფრენილან და უმოწყალო ცემა-ტყეპა აქვთ გაჩაღებული. საწოლზე მწოლიარე ხანდაზმული ქალი კი ცრემლად იღვრება. ბიჭი ქალების შუა ჩადგა და მოქიშპეები ძლივს დააცილა ერთმანეთს.
- დაწყნარდით და მითხარით, რამ განგარისხათ ასე? - იკითხა აქოშინებულმა.
ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ორივე ქალი ერთად აყაყანდა. ბიჭი ჯერ ერთს მოე­ფერა, მერე მეორეს, დაამშვიდა და სთხოვა წყნარად ეამბოთ თავიანთი გაჭი­რვების შესახებ.
- ჩვენ ორი დანი ვართ, - დაიწყო ერთმა. მამა ადრე გარდაგვეცვალა, დედამ დაგვზარდა. დედაჩვენს მთელი სოფელი იცნობს, გამრჯე, მშრომელი, კე­თი­ლი ქალია. ერთ დღეს დედა ხიდან ჩამოვარდა და ორივე ფეხი მოიტეხა. ლოგინად ჩავარდა საბრალო. მთელი ოჯახის სიმძიმე შვილებს დაგვაწვა. გაგვიჭირდა დედისა და ამოდენა სახლ-კარის მო­ვლა. გავწყდით წელში.
ერთი კვირის წინ დედამ შვილები მოგვიხმო და გვითხრა:
- ქონება სამ ნაწილად გაყავით. თითოეული თქვენთაგანი თავის წილს მიჰხედავს და შრომა გაგიადვილდებათ. ჩემი წილი კი იმას შეხვდება, ვინც მე მომივლისო.
ყველაფერი თანაბრად გავინაწილეთ. დედის მოვლაზე კი ვერ იქნა და ვერ მოვრიგდით.
ბიჭმა მარჯვენა ხელი გულთან მიიდო, იქვე ავადმყოფის საწოლთან დოქით მდგარი წყალი სულმოუთქმელად დაცალა და ქალებს მიუბრუნდა.
- ჯერ თითოეული თქვენგანის აზრი მაინტერესებს და მერე გეტყვით ჩემსასაო.
- უმცროს დაზე ოთხი წლით უფროსი ვარ, - ალაპარაკდა ერთი. რადგან დედამ ჩემს გაზრდაზე უფრო მეტი დრო დახარჯა, მე ვარ ვალდებული მას მოვუარო.
- ჩვენი ტრადიციების მიხედვით სახლ-კარი უმცროსს რჩება, - გააწყვეტინა სიტყვა მეორემ.
- ეგ თუ გაუთხოვარი დარჩა, რა ჩემი ბრალია? დედას მე უნდა მივხედო და მისი წილი ქონებაც მე დამრჩება, - არ ცხრებოდა უფროსი და.
სახლი და აივანი ნელ-ნელა ხალხით გაივსო.
- მე ცოდვილს ვინ მომცა უფლება სხვა განვიკითხოო, - თავისთვის ჩაილაპარაკა ბიჭმა. მერე ხელები წინ გაიწვდინა, ავადმყოფს მიუახლოვდა, დაიხარა და ის იყო ხელში უნდა აეყვანა, რომ ქალებმა ერთხმად შეჰყვირეს:
- რას შვრები, ხომ არ გაგიჟებულხარ? - და დედის სასთუმალთან მიცვივდნენ.
- მიმყავს, - მშვიდად უპასუხა ბიჭმა.
- სად? - იკითხეს გაოგნებულმა ქალებმა.
- თქვენ სახლ-კარს მიხედეთ, დედას კი სოფლის განაპირას რომ ტყის მცველის შვილი ცხოვრობს, იმას მივუყვან. ობლობაში გაზრდილი, დედის სითბოს ნატრული, სიამოვნებით, უანგაროდ მიხედავს მას. მადლობას ეტყვის უფალს, დავრდომილის მოვლის ღირსს თუ გახდის. მხურვალედ ილოცებს, რომ დიდხანს იცოცხლოს მან, ვისაც სახელად "დედა" ჰქვია.
ქალები საწოლზე პირქვე დაემხნენ და მწარედ აქვითინდნენ.
ბიჭი წამოდგა და სევდით დამძიმებულმა განაგრძო:
- რა დაგემართათ? - რამ გაგიქვავათ გული, რამ დაგავიწყათ უფლის მცნება:
პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა.
ავადმყოფ დედას ერთად მოუარეთ. ცხოვრება მძიმეა. მერწმუნეთ გაჭირვების ჟამს ბევრჯერ მოუხმობთ დასახმარებლად დედას, მაშინაც კი როცა ის ცოცხალი არ იქნება.
თუმცა დედა არ კვდება. ის მფარველ ანგელოზად გადაიქცევა, რომელიც მუდამ თავს დაგვტრიალებს, გვლოცავს და ცდილობს იმ გზით გვატაროს, უფლისაკენ მიმავალი გზა რომ ჰქვია.
ხალხი სულგანაბული უსმენდა. ბევრს თვალზე ცრემლიც მოერია.
- შენ თავად ვისი ხარ, შვილო? - ჰკითხა ავადმყოფმა, რომელსაც შვილების სინანულის ცრემლებით გულისპირი მთლად დასველებოდა.
- ტყის მცველის შვილი ვარ, - მორიდებით უთხრა ბიჭმა.
ამ სიტყვების გაგონებაზე ხალხი ახმაურდა. თითოეული მათგანი გულში იკრავდა ბიჭს.
სამი დღე სოფლიდან არ გამოუშვეს. ხან ერთ ოჯახში იშლებოდა სუფრა და ხან მეორეში ბიჭის მამის საპატივცემულოდ. იგონებდნენ კეთილ, სათნო კაცს და ლოცავდნენ მის სულს. ბიჭმა გადმოცემით იცოდა კარგი მამის შვილი რომ იყო. მაგრამ თუ შეიძლება ასე ჰყვარებოდა ყველას, ვერ წარმოედგინა.
ზეცას აჰხედა. ადიდა უფალი. მადლობა გადაუხადა მშობელს, რომელმაც წუთისოფელში დატოვებული სახელით სოფელს შეარიგა, მერე სითბოთი, სიყვარულით სავსე გულით და სანოვაგით დამძიმებული ხურჯინით დატოვა სოფელი. წინ ერთი დღის სავალი უდაბნო უნდა გაევლო.

 

ავტორი
მადონა ნატრიაშვილი

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 10117138 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ